პირველი ხელფასი ფრიად სოლიდური მქონდა, მთელი 40 ლარის ოდენობით! არ ვიცი, რამდენ თქვენგანს უმუშავია ანიმატორად სტუდენტობის დროს, თუმცა მე ესეც გამოვცადე. მშვენიერი 31 დეკემბერი იყო, ბავშვებს ვართობდით საახალწლოდ მორთულ მარჯანიშვილზე. მე წილად ქაღალდის ფრანების კეთება მხვდა.
იმ ადამიანთა რიცხვს ვეკუთვნი, რომელნიც თვლიან, რომ ნებისმიერი სამუშაო “ითვლება”. ვერც ერთი ჩემი დამსაქმებელი იმას ვერ დამწამებს, რომ დაკისრებულ სამსახურეობრივ მოვალეობას უგულისყუროდ ვეკიდები, იქნება ეს სამედიცნო საქმიანობა, სოციალური მედია თუ ბავშვების გართობა და რეპეტიტორობა. ყველა საქმე, ადამიანის სიცოცხლე იქნება ეს თუ კარგი პოსტის მომზადება, ერთნაირად საპასუხისმგებლოა ჩემთვის.
რატომ?
პირველ როგში მინდა გაგაფრთხილოთ, რომ ზარმაცი ადამიანი ვარ და ამის მიუხედავად ჩვეულებრივი სამსახუროფილიც (aka. workaholic). ამას როგორ ვახაერხებ, ზუსტად ნამდვილად არ ვიცი. სავარაუდოდ, ვერც ვერასდროს გავიგებ, თუმცა პროფესიული სარგებელი ამისგან ძალიან დიდი მაქვს, რადგანაც მედიცინა უკვე მეტწილად პრაქტიკაა, რაც კარგი ადამიანების მეშვეობით ნამდვილად არ მაკლია.
თუმცა, მედიცინამდე პირველად იყო სხვა ამბავი.
უმუშევარი სტუდენტობა
ვისაც ხელმომჭირნე სტუდენტობა გაუტარებია, ყველა გამიგებს, რაოდენ გულით სანატრელია ასეთ დროს სამსახური, რომელიც საშუალებას მოგცემს, ცოტა ფულიც გქონდეს ქსეროქსებისთვის და ლექციაზეც შეირბინო შიგადაშიგ. მეორე მხარეს კი დგანან ლექტორები, რომლებსაც სტიპენდიას თავის დროზე მარტო ლექციაზე სიარულში უხდიდნენ და ვერაფრით გაუგიათ, რატომ უნდა გააცდინო მათი ღვთაებრივი ლექცია სამსახურისთვის, რომელიც შენს სფეროსაც კი არ უკავშირდება. მახსოვს ერთხელ ზეპირ გამოცდაზე 58 ქულით შესული 51-ით გამოვედი იმის გამო, რომ კათედრის ხელმძღვანელის ლექციებზე ვაგვიანებდი და “ბატონმა” ირაკლიმაც თავისებური ვენდეტა შემისრულა. ამ დროს ღამით ფეიჯზე პოსტები მქონდა ხოლმე ჩასალაგებელი და დილით დროულად ვერ ვეტენებოდი ტრანსპორტში. But who cares! Shame, my friends, shame!
სოციალური მედია და მე
“ლენინი და მე”-სავით ჟღერს ეს ფრაზა, თუმცა სოციალურმა მედიამ და ბლოგინგმა უფრო დიდი სარგებელი და სიამოვნება მომიტანა, ვიდრე ბევრმა სხვა რამემ. ბლოგი სკოლიდან მქონდა, თუმცა ყველაზე მეტი და დიდი დრო სიამოვნებით ამ დარგში Pink.ge-სთან და @sweet-თან ერთად მაქვს გატარებული. სვითი დღემდე ჩემი კარგი მეგობარი და მუდმივი ინსპირაციაა. მოიუხედავად იმისა, რომ ამჟამად პინკისთვის არაფერს ვწერ, ერთ მზიან დღეს აუცილებლად დავუბრუნდები ვარდისფერ პლატფორმასაც. მანამდე კი თქვენც აგვედევნეთ.
How to work for free
უფასოდ პრაქტიკისთვის რესპუბლიკურში მუშაობა არასდროს მინანია. ნუ, თითქმის არასდროს. მართალია, ამ ყველაფერს წელიწადი შევალიე, თუმცა, სამაგიეროდ კარგი, ფაქტიურად, ფასდაუდებელი გამოცდილებაც მივიღე. მიუხედავად იმისა, რომ სულ მქონდა წვრილ-წვრილი ვებ-შემოსავალი, რესპუბლიკურს მაინც ენთუზიასტური სამსახური ერქვა. სამაგიეროდ ამ წელიწადმა სტაჟი და საუკეთესო მეგობრები დამიტოვა.
როგორ გავხდი მასწავლებელი
რეპეტიტორობის წვრილ-წვრილი მცდელობა მანამდეც მქონია, მაგრამ ყველაზე გრანდიოზული ჩემი, თომას, ქენდის და ჩიკოს ურთიერთობა გამოვიდა. წარმოიდგინეთ მარტივი სიტუაცია: მეოთხეკლასელი თომა, მე, თუთიყუში ჩიკო, რომელიც ჩემს თვზე ზის, მოგვიანებუთ შემომატებული ქენდი, რომელიც ფეხთანაა მოკალათებული და ელოდება, მუცელზე როდის მოვეფერები და პლანშეტი, სადაც Angry birds-ია ჩაწერილი. მე ის ტური უნდა გავიდე, რომელიც თომამ ვერ დახურა და ამასობაში შეთანხმებული ბარტერით მათემატიკაც იწერება. რა თქმა უნდა, ეს ამბავი ამ წუთამდე ნინოს, თომას დედას არ სცოდნია 😀 და ალბათ კითხვის დროს თომას ცოტა ალმაცერად უყურებს, მაგრამ იმედია, გვაპატიებს. ცხადია, ეს ისტორია სულ ასე მხიარული და მშიდი არ ყოფილა, ბევრი ომი გვაქვს მე და თომას გადატანილი, რომ ყველა დავალება სრულად მზად ყოფილიყო მეორე დილისთვის. მიუხედავად ყველაფრისა, მეც მიხაროდა ჩემი ყოჩაღი ბიჭი და მასაც უხაროდა ექიმი მასწავლებლის ყოლა. ვიმედოვნებ, რომ ჩემი წვლილიცაა იმაში, რომ თომა დღეს მარტო ასრულებს საშინაო დავალებას და კარგი ბიჭია. მართალია, ხშირად ვერ ვნახულობთ ერთმანეთს, მაგრამ მაინც გვიყვარს ერთმანეთი.
მე და მედიცინა
თომას არდადეგების მერე თავი ბლექველის კლინიკაში ამოვყავი. ეს იყო ერთადერთი იღბლიანი შემთხვევა, როცა სადღაც რეზიუმე გავგზავნე, ამიყვანეს და ფრიად გამიმართლა. დღემდე მახსოვს ჩემი და დამსაქმებლის პირველი დიალოგი და შეკითხვა, სად გირჩევნია მუშაობა, მიმღებში თუ რეანიმაციაშიო. მიუხედავად იმისა, რომ არ მინდოდა, რეანიმაცია ავირჩიე და არც არასდროს მინანია. ეს სწორედ ისეთი Intermission მომენტი იყო, როცა ჰოლივუდური მუსიკა უნდა უკრავდეს და ფონზე მტრედები დაფრინავდნენ. 😀
ამ ამბავს ხშირად გავარდნას ვეძახი ხოლმე იმის გამო, რომ ძალიან კარგი ხალხი გამაცნობინა, რომლებთანაც უკვე სხვა ადგილას, თუმცა დღემდე ბედნიერად ვმუშაობ და უამრავ რამესაც ვსწავლობ.
სამსახურზე სამედიცინო სფეროში ადრეც ვწერდი და იმაზე ვყვებოდი, რამდენად უნდა დააფასო სხვა ადამიანებისა და შენი შრომა. პრინციპში, ეს პოსტიც ამაზეა, რადგანაც ადვილი სამსახური არ არსებობს, თუმცა შრომა სასიცოცხლოდ საჭირო რამაა.
ზუსტად ამიტომაც, ეს არც თავის დროზე ყოფილა ადვილი და დღეს უფრო რთულია. კარგა ხანია, გადავწყვიტე, რომ ეს ყევლაფერი არასდროს გაადვილდება, რადგანაც ერთ კარს რომ სცდები, მეორე უფრო რთულსაკეტიანი გხვდება წინ. საკეტზე ცდა კი ბევრი არ გაქვს.
ჩვენი სფერო არ გამოირჩევა უკლებლივ ყველა ბედნიერი ფინალითა და ნაკლებსტრესული გარემოთი. რას იზამ, ცხოვრება ასეთია, განსაკუთრებით კი გადაბმულ 24 საათში. თუმცა ჩვენს გვიყვარს ერთმანეთი, დღესასწაულებს აღვნიშნავთ და დაბადების დღის სპურპრიზებსაც ვაწყობთ ხოლმე. აი, ასე გამოიყურება ჩვენი საყვარელი პაციენტისა და ლექტორის დაბადების დღე ჩვენთან. იმედია, მე და ბატონ ტემურს აგვისრულდება სურვილი და ნანატრ ყავას მალე დავლევთ მის კაბინეტში, კათედრაზე.
ექიმის შრომას რომ კაციშვილი არ აფასებს მაინც, ამაზე ცალკე წიგნია დასაწერი, ერთი პოსტიც კი არ კმარა. თუმცა ეს სხვა დროს.
და ბოლოს
და რა უნდა ითქვას ბოლოს? ყევლა სამსახური რომ დასაფასებელია? რომ გჭირდება თუ არა ფული, საჭიროა იმუშავო იმის გამო, რომ საკუთარ თავს ბევრი ამ ასწავლო? იმის გამო, რომ ნახო, რა გემრიელია შენი გამომუშავებული 40 ლარი? რომ ნახო, რა მხიარული შეიძლება იყოს რეანიმაცია დილის 6 საათზე? თქვენი გადასაწყვეტია.
თუმცა მე, როგორც სამსახუროფილი (aka. workaholic-ი) მაინც გირჩევდით, მოეშვათ დედ-მამის, და-ძმისა და ბებია-ბაბუის კმაყოფაზე ცხოვრებას და ამის იმ ამბით გამართლებას მოეშვათ, რომ ბავშვი გყავთ, ქმარს ცხელ სადილს ევრ ახვედრებთ, სწავლას ვერ ასწრებთ, დამსაქმებელი არ მოგწონთ და გართობისთვის დრო არ გრჩებათ. გახსოვდეთ, რომ სოციალისტური გაცვეთილი ფრაზა “ადამიანი შრომამ შექმნაო”, ტყუილი არ გახლავთ.
მომავალ პოსტამდე.