101 to yourself


როცა ყველა გეგმა, რომელიც გქონდა, უფსკრულისკენ მიექანება, სხვა რა დაგრჩენია ადამიანს, თუ არა ცივ ოთახში ჯდომა და წერა?

ძნელია იმის აღქმა, რომ ცხოვრება არაა ადვილი, როცა ჩვეულებრივი ადამიანი ხარ. სათქმელად ყველაფერი ადვილია, გასაკეთებლად წვნიანიც კი არაა მარტივი.

23 წლის რომ გავხდი, მაშინ ვფიქრობდი, რომ ჯერ კიდევ ბევრი დრო მქონდა. 24-ს რომ მივუკაკუნე, არც მაშინ მიფიქრია ბევრი. 25-მა კი ზედმეტად სწრაფად მომაკითხა საიმისოდ, რომ საპასუხოდ რაიმეს მოფიქრება მომეწსრო.

ასეა, პროფესიული გეგმები დიდი ურნისკენ მიფრინავს, სხვა ყველაფერი გაფუჭებული ნათურასავით ბჟუტავს, გარეთაც იშვიათი სიცივეა. ახალი ფეხსაცმელიც საყიდელია, ზოგიერთი მეგობარი აუცილებლად სანახავი, ზოგი კი მოსაკლავი და ისეთ ადგილას დასამარხია, ვერასდროს ვერავინ რომ მიაგნებს. რას ვაკეთებ ყოველივე ამის ნაცვლად?

მძინავს მთელი დღე, სამსახირში წასვლის წინა დღის anxiety ვერ მომიშორებია, ხანდახან მესინჯერს ვუყურებ და ეს უფრო მიდასტურებს იმას, რომ ბევრ, ძალიან ბევრ დროს ვკარგავ ისეთ რამეებზე, რაც საბოლოოდ მაინც უსარგებლო აღმოჩნდება.

tumblr_od5vy8yvs71shcqiqo1_1280
სახლი, რომელიც უნდა ავაშენო

რატომ ვიქცევი ასე? იმიტომ, რომ ასეთია ჩემი ხასიათი, ჩემი ნატურა. მიჩვეული ვარ, ვფლანგო დრო, ყველაზე დიდი კაპიტალი, რაც გამაჩნია. და უფრო უარესი, სხვაც მიჩვეულია ამ ჩემი რესურსის გამოყენებას. ესეც ჩემი ბრალია. მხოლოდ ჩემი და არა სხვების.

თეორია მეც ყოველთვის მიყვარდა. სამწუხაროდ, პრაქტიკულად არასდროს ვყოფილვარ ლამაზი, ჯანმრთელი, კარგი, წარმატებული, ნაზი, საყვარელი და ეს მხოლოდ იმიტომ, რომ თეორიების შეთხზვა მირჩევნია ყოველთვის, ყველაფერში. სამწუხაროდ, არც არავის გამოუდია თავი, ეს ყველაფერი შეეცვალა. არც არავინ მყოლია ახლოს ისეთი, რომელიც წამოვიდოდა და იტალიის პატარა ქალაქებს ნახავდა ჩემთან ერთად. ჰოდა, მეც მივცურავ ჩემთვის, რადგანაც წყალი მიყვარს.

პრინციპში, ცურვაც არ ვიცი, დინებას მივყვები. ესეც ერთ-ერთი ჩემი სირცხვილია, ცურვის, ველოსიპედის ტარებისა და სხვა რაღაცების არცოდნა.

რატომ ვაძლევ საკუთარ თავს ამდენის უფლებას, მეც არ ვიცი. მე ხომ ყოველთვის იმაზე მეტს მოვითხოვდი საკუთარი ხასიათის, ორგანიზმის, ჩვევებისგან, ვიდრე სხვები? რატომ, როდის, როგორ გამომეპარა ეს ყველაფერი? რატომ მივედი აქამდე?

25 სწორედ ის დროა, თუ გვიანი არა, ეს შეკითხვები რომ დასვა და პასუხი ეძებო.

ცხადია, პასუხი ქუჩაში არ დევს, ყველაფერი შენს თავშია. That’s the clue.  ჩვენ, ყველას გვჭირდება დიდი მოგზაურობა საკუთარ თავში ღრმად, ფრთხილად, ყურადღებით. ადრე თუ გვიან, ვისთვის როგორ, მაგრამ საჭირო დიალოგი საკუთარ მესთან.

არ არსებობს გზა, რომელსაც არ აქვს ბოლო, არ არსებობს დრო, რომელიც არ გავა.

სამწუხოაროდ, როგორც ბუდა ამბობდა დიდი ხნის წინ, მთელი უბედურება სწორედ ისაა, როცა გვგონია, რომ დრო გვაქვს.

Advertisements

რატომ ითვლება ყველა სამსახური


პირველი ხელფასი ფრიად სოლიდური მქონდა, მთელი 40 ლარის ოდენობით! არ ვიცი, რამდენ თქვენგანს უმუშავია ანიმატორად სტუდენტობის დროს, თუმცა მე ესეც გამოვცადე. მშვენიერი 31 დეკემბერი იყო, ბავშვებს ვართობდით საახალწლოდ მორთულ მარჯანიშვილზე. მე წილად ქაღალდის ფრანების კეთება მხვდა.

იმ ადამიანთა რიცხვს ვეკუთვნი, რომელნიც თვლიან, რომ ნებისმიერი სამუშაო “ითვლება”. ვერც ერთი ჩემი დამსაქმებელი იმას ვერ დამწამებს, რომ დაკისრებულ სამსახურეობრივ მოვალეობას უგულისყუროდ ვეკიდები, იქნება ეს სამედიცნო საქმიანობა, სოციალური მედია თუ ბავშვების გართობა და რეპეტიტორობა. ყველა საქმე, ადამიანის სიცოცხლე იქნება ეს თუ კარგი პოსტის მომზადება, ერთნაირად საპასუხისმგებლოა ჩემთვის.

რატომ?

aedf48bc6c6b753c1b1737ef1cf923cc

პირველ როგში მინდა გაგაფრთხილოთ, რომ ზარმაცი ადამიანი ვარ და ამის მიუხედავად ჩვეულებრივი სამსახუროფილიც (aka. workaholic). ამას როგორ ვახაერხებ, ზუსტად ნამდვილად არ ვიცი. სავარაუდოდ, ვერც ვერასდროს გავიგებ, თუმცა პროფესიული სარგებელი ამისგან ძალიან დიდი მაქვს, რადგანაც მედიცინა უკვე მეტწილად პრაქტიკაა, რაც კარგი ადამიანების მეშვეობით ნამდვილად არ მაკლია.

თუმცა, მედიცინამდე პირველად იყო სხვა ამბავი.

უმუშევარი სტუდენტობა

ვისაც ხელმომჭირნე სტუდენტობა გაუტარებია, ყველა გამიგებს, რაოდენ გულით სანატრელია ასეთ დროს სამსახური, რომელიც საშუალებას მოგცემს, ცოტა ფულიც გქონდეს ქსეროქსებისთვის და ლექციაზეც შეირბინო შიგადაშიგ. მეორე მხარეს კი დგანან ლექტორები, რომლებსაც სტიპენდიას თავის დროზე მარტო ლექციაზე სიარულში უხდიდნენ და ვერაფრით გაუგიათ, რატომ უნდა გააცდინო მათი ღვთაებრივი ლექცია სამსახურისთვის, რომელიც შენს სფეროსაც კი არ უკავშირდება. მახსოვს ერთხელ ზეპირ გამოცდაზე 58 ქულით შესული 51-ით გამოვედი იმის გამო, რომ კათედრის ხელმძღვანელის ლექციებზე ვაგვიანებდი და “ბატონმა” ირაკლიმაც თავისებური ვენდეტა შემისრულა. ამ დროს ღამით ფეიჯზე პოსტები მქონდა ხოლმე ჩასალაგებელი და დილით დროულად ვერ ვეტენებოდი ტრანსპორტში. But who cares! Shame, my friends, shame!

სოციალური მედია და მე

“ლენინი და მე”-სავით ჟღერს ეს ფრაზა, თუმცა სოციალურმა მედიამ და ბლოგინგმა უფრო დიდი სარგებელი და სიამოვნება მომიტანა, ვიდრე ბევრმა სხვა რამემ. ბლოგი სკოლიდან მქონდა, თუმცა ყველაზე მეტი და დიდი დრო სიამოვნებით ამ დარგში Pink.ge-სთან და @sweet-თან ერთად მაქვს გატარებული. სვითი დღემდე ჩემი კარგი მეგობარი და მუდმივი ინსპირაციაა. მოიუხედავად იმისა, რომ ამჟამად პინკისთვის არაფერს ვწერ, ერთ მზიან დღეს აუცილებლად დავუბრუნდები ვარდისფერ პლატფორმასაც. მანამდე კი თქვენც აგვედევნეთ.

How to work for free

უფასოდ პრაქტიკისთვის რესპუბლიკურში მუშაობა არასდროს მინანია. ნუ, თითქმის არასდროს. მართალია, ამ ყველაფერს წელიწადი შევალიე, თუმცა, სამაგიეროდ კარგი, ფაქტიურად, ფასდაუდებელი გამოცდილებაც მივიღე. მიუხედავად იმისა, რომ სულ მქონდა წვრილ-წვრილი ვებ-შემოსავალი, რესპუბლიკურს მაინც ენთუზიასტური სამსახური ერქვა. სამაგიეროდ ამ წელიწადმა სტაჟი და საუკეთესო მეგობრები დამიტოვა.

როგორ გავხდი მასწავლებელი

რეპეტიტორობის წვრილ-წვრილი მცდელობა მანამდეც მქონია, მაგრამ ყველაზე გრანდიოზული ჩემი, თომას, ქენდის და ჩიკოს ურთიერთობა გამოვიდა. წარმოიდგინეთ მარტივი სიტუაცია: მეოთხეკლასელი თომა, მე, თუთიყუში ჩიკო, რომელიც ჩემს თვზე ზის, მოგვიანებუთ შემომატებული ქენდი, რომელიც ფეხთანაა მოკალათებული და ელოდება, მუცელზე როდის მოვეფერები და პლანშეტი, სადაც Angry birds-ია ჩაწერილი. მე ის ტური უნდა გავიდე, რომელიც თომამ ვერ დახურა და ამასობაში შეთანხმებული ბარტერით მათემატიკაც იწერება. რა თქმა უნდა, ეს ამბავი ამ წუთამდე ნინოს, თომას დედას არ სცოდნია 😀 და ალბათ კითხვის დროს თომას ცოტა ალმაცერად უყურებს, მაგრამ იმედია, გვაპატიებს. ცხადია, ეს ისტორია სულ ასე მხიარული და მშიდი არ ყოფილა, ბევრი ომი გვაქვს მე და თომას გადატანილი, რომ ყველა დავალება სრულად მზად ყოფილიყო მეორე დილისთვის. მიუხედავად ყველაფრისა, მეც მიხაროდა ჩემი ყოჩაღი ბიჭი და მასაც უხაროდა ექიმი მასწავლებლის ყოლა. ვიმედოვნებ, რომ ჩემი წვლილიცაა იმაში, რომ თომა დღეს მარტო ასრულებს საშინაო დავალებას და კარგი ბიჭია. მართალია, ხშირად ვერ ვნახულობთ ერთმანეთს, მაგრამ მაინც გვიყვარს ერთმანეთი.

მე და მედიცინა

თომას არდადეგების მერე თავი ბლექველის კლინიკაში ამოვყავი. ეს იყო ერთადერთი იღბლიანი შემთხვევა, როცა სადღაც რეზიუმე გავგზავნე, ამიყვანეს და ფრიად გამიმართლა. დღემდე მახსოვს ჩემი და დამსაქმებლის პირველი დიალოგი და შეკითხვა, სად გირჩევნია მუშაობა, მიმღებში თუ რეანიმაციაშიო. მიუხედავად იმისა, რომ არ მინდოდა, რეანიმაცია ავირჩიე და არც არასდროს მინანია. ეს სწორედ ისეთი Intermission მომენტი იყო, როცა ჰოლივუდური მუსიკა უნდა უკრავდეს და ფონზე მტრედები დაფრინავდნენ. 😀
ამ ამბავს ხშირად გავარდნას ვეძახი ხოლმე იმის გამო, რომ ძალიან კარგი ხალხი გამაცნობინა, რომლებთანაც უკვე სხვა ადგილას, თუმცა დღემდე ბედნიერად ვმუშაობ და უამრავ რამესაც ვსწავლობ.

სამსახურზე სამედიცინო სფეროში ადრეც ვწერდი და იმაზე ვყვებოდი, რამდენად უნდა დააფასო სხვა ადამიანებისა და შენი შრომა. პრინციპში, ეს პოსტიც ამაზეა, რადგანაც ადვილი სამსახური არ არსებობს, თუმცა შრომა სასიცოცხლოდ საჭირო რამაა.

ზუსტად ამიტომაც, ეს არც თავის დროზე ყოფილა ადვილი და დღეს უფრო რთულია. კარგა ხანია, გადავწყვიტე, რომ ეს ყევლაფერი არასდროს გაადვილდება, რადგანაც ერთ კარს რომ სცდები, მეორე უფრო რთულსაკეტიანი გხვდება წინ. საკეტზე ცდა კი ბევრი არ გაქვს.

ჩვენი სფერო არ გამოირჩევა უკლებლივ ყველა ბედნიერი ფინალითა და ნაკლებსტრესული გარემოთი. რას იზამ, ცხოვრება ასეთია, განსაკუთრებით კი გადაბმულ 24 საათში. თუმცა ჩვენს გვიყვარს ერთმანეთი, დღესასწაულებს აღვნიშნავთ და დაბადების დღის სპურპრიზებსაც ვაწყობთ ხოლმე. აი, ასე გამოიყურება ჩვენი საყვარელი პაციენტისა და ლექტორის დაბადების დღე ჩვენთან. იმედია, მე და ბატონ ტემურს აგვისრულდება სურვილი და ნანატრ ყავას მალე დავლევთ მის კაბინეტში, კათედრაზე.

ექიმის შრომას რომ კაციშვილი არ აფასებს მაინც, ამაზე ცალკე წიგნია დასაწერი, ერთი პოსტიც კი არ კმარა. თუმცა ეს სხვა დროს.

და ბოლოს

და რა უნდა ითქვას ბოლოს? ყევლა სამსახური რომ დასაფასებელია? რომ გჭირდება თუ არა ფული, საჭიროა იმუშავო იმის გამო, რომ საკუთარ თავს ბევრი ამ ასწავლო? იმის გამო, რომ ნახო, რა გემრიელია შენი გამომუშავებული 40 ლარი? რომ ნახო, რა მხიარული შეიძლება იყოს რეანიმაცია დილის 6 საათზე? თქვენი გადასაწყვეტია.

თუმცა მე, როგორც სამსახუროფილი (aka. workaholic-ი) მაინც გირჩევდით, მოეშვათ დედ-მამის, და-ძმისა და ბებია-ბაბუის კმაყოფაზე ცხოვრებას და ამის იმ ამბით გამართლებას მოეშვათ, რომ ბავშვი გყავთ, ქმარს ცხელ სადილს ევრ ახვედრებთ, სწავლას ვერ ასწრებთ, დამსაქმებელი არ მოგწონთ და გართობისთვის დრო არ გრჩებათ. გახსოვდეთ, რომ სოციალისტური გაცვეთილი ფრაზა “ადამიანი შრომამ შექმნაო”, ტყუილი არ გახლავთ.

მომავალ პოსტამდე.

About breakdowns and ect.


 Van Gogh, Irises, May 1889. Oil on canvas

Van Gogh, Irises, May 1889. Oil on canvas

შეგიმჩნევიათ, როგორი ლურჯი და ყვითელია ერთდროულად ვან გოგის ნახატები? ოკეანესავით ლურჯი და მზესავით ყვითელი ფერი ერთმანეთში ბრუნავს, ირევა, იზილება, ანათებს, ყვირის, ყავილებად იქცევა…

ვან გოგი იმიტომ ტრიალებს ახლა ჩემს თავში, რომ სხვა დანარჩენი წაიღოს, მაგრამ ვერ ერევა.

რეალურად ყველაფერი არც ისე კარგადაა, როგორც ჩანს. ხანდახან მგონია, რომ ანჰედონიის “მსხვერპლი” ვარ. ეს სიტყვა ძალიან მომწონს ამ ბოლო ხანებში. ზოგერითი დღე მართლაც ასეთი მაქვს: სრულიად არაფერი რომ მანიჭებს სიამოვნებას, ისეთი.

სამაგიეროდ, ვან გოგი ისეთივე მანათობლად ყვითელი და ლურჯია, თუმცა მე ვეღარ ვგრძნობ.

რატომ breakdown-ი? იმიტომ, რომ ის ენერგია, რომელიც ჩემგან მიდის, არასდროს ბრუნდება უკან. ადამიანები ცხოვრობენ, სულიერად მდიდრდებიან, იზრდებიან ამ რესურსზე, სამაგიეროდ კი ერთ ნამცეცსაც არ აბრუნებენ. კი მე ვცარიელდები, ვნაცრისფერდები, ვიღლები. აი, აქ კი მოდის ანჰედონია, შედეგი იმისა, რომ მარტო ვარ, რომ სასიამოვნო აღარფერია, ლამაზი ლურჯი ქუდების, 6 წელიწადად რომ დამიჯდა, იმ ქუდების ცაში ასროლაც კი. ზუსტად ისეთი ლურჯისა, ვან გოგმა რომ იცოდა ხოლმე.

და მაინც, მარტო ვინსენტი რჩება ხოლმე ჩემთან, როცა სხვა არავინ ბრუნდება, გამოსაშვების ლურჯი მანტიის ფერშიც კი, რომელიც მაინც აღარაა სასიამოვნო.

ალბათ, ეს ანჰედონიაც გაივლის. ლურჯი და ყვითელიც ისევ გაცოცხლება, აელვარდება. სამაგიეროდ კი დარჩება სიცარიელე სულის ნამცეცებში. ისეთი წვრილი ფორები დარჩება, რომელიც ერთხელაც ვეღარ დამიცავს. ერთხელაც, ალბათ, არაფრის სურვილი გააძევებს ვინსენტს და სითბოს ჩემი თავიდან.

მე კი არ მინდა, ვინსენტის გარეშე ვცხოვრობდე.

როდის? როდემდე?

Who knows.

 

 

 

 

მარიამი


2 საათის წინ, ტრანსპორტში მჯდომმა უნებურად გავიფიქრე, რომ დღევანდელი დღე ძალიან ბედნიერი გამოდგებოდა. აი, ხომ გამოგიცდიათ უცნაური გრძნობა, როცა ზუსტად იცი, რომ ყველაფერი კარგად რომ იქნება? ყველაფერი ასე აგიხდეთ, მეგობრებო. ზუსტად ასე!

10 წუთის წინ 9 თვის ნანატრ ზარს ვუპასუხე, ყურმილის მეორე მხრიდან კი ნამდვილმა სუპერგოგომ, უკვე 2 შვილის დედამ მეორე ბაჭიას დაბადების ამბავი მამცნო. ადრეც ვწერდი და ახლაც გავიმეორებ: ნამდვილი სიხარული ისაა, სხვისი 3 კილო და 700 გრამიც რომ გიხარია!

მე და მარიამმა ერთმანეთი პირველად ალბათ სკოლაში ვნახეთ, პირველ კლასში. მახსოვს, გამხდარი, შავთმიანი გოგო იყო. თავიდან არ გვიმეგობრია. ცოდვა გამხელილი სჯობს და, არც მახსოვს, როგორი ურთიერთობა გვქონდა სადღაც მერვე კლასამდე. ის კი მახსოვს, რომ ერთ დღესაც მესამე რიგიდან პირველისკენ გავიხედე, მეორე მერხზე მჯდომი ეს გოგო დავინახე და მკვიდრად გავდაწყვიტე, რომ მარიამი ამიერიდან ჩემი მარიამი გახდებოდა.

სკოლის მერე დიდ ხანს ვბოდიალობდით ხოლმე პარკში, მყუდრო, ვიწრო ქუჩებში და ყვითელ ფოთლებს ვაგროვებდით. იდუმალას ქუჩაზე ახლაც დგას მწვანე ღობეში ჩამალული უცნაური ყვავილის მქონე ხე, რომელსაც ხშირად შევყურებდით ხოლმე ქვევიდან ჰერბარიუმით გატაცებულნი.

ბევრი რამ გამოვიარეთ მას მერე, გავიზარდეთ, პრიორიტეტები შეგვეცვალა, აღარც ჰერბარიუმს ვაგროვებთ გარდა გასაკუთრებული შემთხვევებისა. თუმცა მთავარი ყველაფრის მიუხედავად უცვლელი  დარჩა: ისევ გვიყვარს ერთმანეთი და დღეს ხეებს კი არა, მარიამის გულს, ჩემს ნათლულს შევყურებთ ხოლმე მანეჟში მოგორიალეს. ტექნიკურად 4ნი

თუმცა ყველაზე სასაცილოდ მაინც ის მახსოვს, მარიამის ქორწილის წინა ღამეს როგორ ვაკეთებდით მარიამის თმის სამაგრს ჩვენი ხელით სიძისგან ნათხოვარი წებოთი. რამდენიმე ასეთი მოგონებაც უნდა გქონდეს ადამიანს.

ძალიან უცნაურია, როდესაც ორ უცხო ადამიანს საერთო არამატერიალური საკუთრება აქვს. ეს ფენომენი დღემდე ამოუხსნელია ჩემთვის. მიუხედავად ამისა, ყოველდიური გრძნობები და სიყვარული მუდმივად გროვდება ჩვენს გულებში, როგორც ძველ ფორტეპიანოს ედება ხოლმე სქელი და მბზინავი მტვრის ფენა.

მარიამი ყოველთვის ჩემზე ძლიერი გოგო იყო. მე ვერასდროს გავბედავდი, სულ მემუშავა, 20 წლისას ჩემი ცხოვრების სიყვარული მეპოვნა, 21-სას ოქროსკულულა კუპიდონივით ბიჭი მყოლოდა, 23-ისას კი ყველაზე ლამაზი გოგო გამეჩინა ამ ქვეყნად. მე მშიშარა ვარ, მარიამი კი მამაცია.

მუხედავად იმისა, რომ სიკვდილზე მეტად იმის მეშინია, რომ იდესმე შეიძლება მეც მქონდეს ოჯახი, მარიამი ჩემთვის იმის იდეალი და მიზანია, რომ ქალს შეუძლია, ჰქონდეს ყველაფერი: საყვარელი სამუშაო, მეორე ნახევარი და ორი ანგელოზი; შენი გუნდი, რომელიც სულ შენთან იქნება.

აი დღესაც, სადღაც სამშობიაროში 3 კილო და 700 გრამიანი ვარდისფერი ბამბის ქულა ზუზუნებს, ახალ და ცივ  სამყაროს ეჩვევა და მარიამიც დაღლილია. მე კი შორიდან მიყვარს ისინი. თუმცა, სივრცეს პირობითია ზუსტად ისევე, როგორც სიყვარული. მე ხომ სადღაც ზუსტად მაშინ ვიფიქრე, რომ ყველაფერი კარგად იქნებოდა, როცა პატარა ელენიკო მოევლინა დედამიწას.

სიყვარულს ყველა სივრცის დაძლევა შეუძლია. განსაკუთრებით თუ ეს სიყვარული სუპერგოგოებს ეკუთვნით. ზუსტად ისეთებს, როგორიც მარიამია.

 

ჩემი 24


24 წელი უცნაური თარიღია. ეს რიცხვი არც ოცდახუთია, მეოთხედი საუკუნე რომ დაუძახო და იამაყო და არც 23, რომ ჯერ კიდევ ახალგაზრდად ჩათვალო თავი. 24 წელი ის დროა, როცა ხვდები, რომ  არც იქითა ხარ და არც აქეთ. დრო, როცა იაზრებ, რომ უკვე გაიზარდე.

დღეს ბევრი უცნაურობა მოხდა.

დაბადების დღს ღამეს ჭეშმარიტი მედიკივით სამსახურში შევხვდი წამლებით ხელში და უცებ ერთბაშად ვიგრძენი, რომ აქაც ვუყვარვარ ხალხს. ისინი მაფასებენ იმდენად, რომ სიურპრიზიც მომიწყვეს ისე, რომ მე, ბატმა, ვერც გავიგე და გემრიელი შოკოლადის ტორტითაც გამანებივრეს.

დღეს დილით კი ქუჩაში ჩემს ხელში მოკვდა სრულიად უცხო ადამიანი. მიუხედავად იმისა, რომ მისი გადარჩენა სრულიად კვალიფიციურად ვცადეთ, მაინც არაფერი გამოვდა ამ საქმიდან. ეს იყო პირველი ქუჩის CPR, რომელიც, სამწუხაროდ, წარუმატებელი აღმოჩნდა.

tumblr_o1bisr5jZ41tvtrqdo1_500

მიუხედავად იმისა, რომ ზოგადი ფონი ამწუთს ძალიან არასახარბიელო მაქვს, მეგობრებს მაინც არ მივუტოვებივარ. თითქმის ყველა მესტუმრა მორიგეობით, ვისაც როგორ და როდის შეეძლო. ჩემი პაწია ნათლულიც მოგორდა დღეს და საპატიოდ დაიკავა ნათლიას დაბადების დღის პირველი სტუმრის სტატუსი.

დღეს სტუმრად მოვიდა ნათლიაც, რომელიც საუკუნეა, აღარ მინახავს და ჩამოვიდა საზღავრგარეთიდან ჩემი მეგობარი, რომლის გამოჩენასაც ყველაზე ნაკლებად ველოდებოდი ჩემს მისაღებ ოთახში.

ჩემი მეგობრების დანარჩენმა ნაწილმა საღამოს ორგანიზება ჩაიბარა, დანარჩენებმა კი იმაზე იზრუნეს, რომ ამ სეზონზე ახალი ტანსაცმლის ყიდვა არ დამჭირდეს, კარგად გამოვიყურებოდე, არაფხიზელი ვიყო პერიოდულად და კარგი სუნიც ამდიოდეს ბანაობის შემდეგ.

დღევანდელმა ძალიან, ძალიან არაორდინალურმა დაბადების დღემ დამარწუნა იმაში, რომ არასდროს უნდა თქვა, ამაზე უარესი რა დამემართებაო და ყოველთვის უნდა გჯეროდეს უცნაური და კეთილი მოულოდნელობებისა. კიდევ ყოველთვის უნდა გახსოვდეს, რომ ცხოვრება მოკლეა და მატერიალური ფასეულობები კიდევ ძალიანაც გამოუსადეგარი, რადგან როცა კვდები თან არაფერი მიგაქვს, ხანდახან საკუთარი სულიც კი.

კაცობრიობას ბედნიერებისთვის სხვა ადამიანები და ერთმანეთის სიყვარული სჭირდება, ესაა და ეს.

ბევრ ბედნიერ მომავალ დაბადების დღეს გისურვებთ.