2 საათის წინ, ტრანსპორტში მჯდომმა უნებურად გავიფიქრე, რომ დღევანდელი დღე ძალიან ბედნიერი გამოდგებოდა. აი, ხომ გამოგიცდიათ უცნაური გრძნობა, როცა ზუსტად იცი, რომ ყველაფერი კარგად რომ იქნება? ყველაფერი ასე აგიხდეთ, მეგობრებო. ზუსტად ასე!
10 წუთის წინ 9 თვის ნანატრ ზარს ვუპასუხე, ყურმილის მეორე მხრიდან კი ნამდვილმა სუპერგოგომ, უკვე 2 შვილის დედამ მეორე ბაჭიას დაბადების ამბავი მამცნო. ადრეც ვწერდი და ახლაც გავიმეორებ: ნამდვილი სიხარული ისაა, სხვისი 3 კილო და 700 გრამიც რომ გიხარია!
მე და მარიამმა ერთმანეთი პირველად ალბათ სკოლაში ვნახეთ, პირველ კლასში. მახსოვს, გამხდარი, შავთმიანი გოგო იყო. თავიდან არ გვიმეგობრია. ცოდვა გამხელილი სჯობს და, არც მახსოვს, როგორი ურთიერთობა გვქონდა სადღაც მერვე კლასამდე. ის კი მახსოვს, რომ ერთ დღესაც მესამე რიგიდან პირველისკენ გავიხედე, მეორე მერხზე მჯდომი ეს გოგო დავინახე და მკვიდრად გავდაწყვიტე, რომ მარიამი ამიერიდან ჩემი მარიამი გახდებოდა.
სკოლის მერე დიდ ხანს ვბოდიალობდით ხოლმე პარკში, მყუდრო, ვიწრო ქუჩებში და ყვითელ ფოთლებს ვაგროვებდით. იდუმალას ქუჩაზე ახლაც დგას მწვანე ღობეში ჩამალული უცნაური ყვავილის მქონე ხე, რომელსაც ხშირად შევყურებდით ხოლმე ქვევიდან ჰერბარიუმით გატაცებულნი.
ბევრი რამ გამოვიარეთ მას მერე, გავიზარდეთ, პრიორიტეტები შეგვეცვალა, აღარც ჰერბარიუმს ვაგროვებთ გარდა გასაკუთრებული შემთხვევებისა. თუმცა მთავარი ყველაფრის მიუხედავად უცვლელი დარჩა: ისევ გვიყვარს ერთმანეთი და დღეს ხეებს კი არა, მარიამის გულს, ჩემს ნათლულს შევყურებთ ხოლმე მანეჟში მოგორიალეს.
თუმცა ყველაზე სასაცილოდ მაინც ის მახსოვს, მარიამის ქორწილის წინა ღამეს როგორ ვაკეთებდით მარიამის თმის სამაგრს ჩვენი ხელით სიძისგან ნათხოვარი წებოთი. რამდენიმე ასეთი მოგონებაც უნდა გქონდეს ადამიანს.
ძალიან უცნაურია, როდესაც ორ უცხო ადამიანს საერთო არამატერიალური საკუთრება აქვს. ეს ფენომენი დღემდე ამოუხსნელია ჩემთვის. მიუხედავად ამისა, ყოველდიური გრძნობები და სიყვარული მუდმივად გროვდება ჩვენს გულებში, როგორც ძველ ფორტეპიანოს ედება ხოლმე სქელი და მბზინავი მტვრის ფენა.
მარიამი ყოველთვის ჩემზე ძლიერი გოგო იყო. მე ვერასდროს გავბედავდი, სულ მემუშავა, 20 წლისას ჩემი ცხოვრების სიყვარული მეპოვნა, 21-სას ოქროსკულულა კუპიდონივით ბიჭი მყოლოდა, 23-ისას კი ყველაზე ლამაზი გოგო გამეჩინა ამ ქვეყნად. მე მშიშარა ვარ, მარიამი კი მამაცია.
მუხედავად იმისა, რომ სიკვდილზე მეტად იმის მეშინია, რომ იდესმე შეიძლება მეც მქონდეს ოჯახი, მარიამი ჩემთვის იმის იდეალი და მიზანია, რომ ქალს შეუძლია, ჰქონდეს ყველაფერი: საყვარელი სამუშაო, მეორე ნახევარი და ორი ანგელოზი; შენი გუნდი, რომელიც სულ შენთან იქნება.
აი დღესაც, სადღაც სამშობიაროში 3 კილო და 700 გრამიანი ვარდისფერი ბამბის ქულა ზუზუნებს, ახალ და ცივ სამყაროს ეჩვევა და მარიამიც დაღლილია. მე კი შორიდან მიყვარს ისინი. თუმცა, სივრცეს პირობითია ზუსტად ისევე, როგორც სიყვარული. მე ხომ სადღაც ზუსტად მაშინ ვიფიქრე, რომ ყველაფერი კარგად იქნებოდა, როცა პატარა ელენიკო მოევლინა დედამიწას.
სიყვარულს ყველა სივრცის დაძლევა შეუძლია. განსაკუთრებით თუ ეს სიყვარული სუპერგოგოებს ეკუთვნით. ზუსტად ისეთებს, როგორიც მარიამია.