ჩემი ორი ბებო
საწერად საინტერესო თემას როცა ეძებ, გარშემო კარგად უნდა მიმოიხედო. ასე დამემართა მეც: ერთხელაც თემატური დეფიციტისას
სახლს თვალი მომავლე და 2 ყველაზე საინტერესო ადამიანი ვიპოვე პოსტის გმირად: ჩემი ორი ბებო.
ეს ენით აუწერელი მხიარულებაა: ჩემი 2 ბებია ერთად;
თუ იმას არ ჩავთვლით, რომ მუდმივად ერთმანეთზე ხალისობენ და იხოცებიან სიცილით, სხვა მხრივ იდეალურად ეწყობიან ერთმანეთს.
აი, მაგალითად, ამასწინად შევედი ოთახში და ისეთი ჩაბჟირებულები დამხვდნენ, სხვა ვერაფერი მოვიფიქრე და წყალი მოვუტანე; მიზეზი მარტივი და ბანალური: თამარამ მითხრა, მაყვალა დამეჯღანაო, მაყვალამ თქვა, თამარამ ხელით უზრდელობა მაჩვენა და იმიტომ დავეჭყანეო; თამარამ აბა რა გაჩვენე ხელითო; მაყვალამ აი ესო და აჩვენა ერთი ტკბილი ჟესტი. ამ ამბავს ჩაბჟირების მეორე ტალღა მოჰყვა, ამჯერად ჩემი მონაწილეობითაც… :იქ უნდა ყოფილიყავი:
2 კახელი ადამიანი ერთად უკვე კომედიაა; მით უმეტეს, ხანში შესული ადამიანები, რომლებსაც სხვა საქმე ფაქტიურად არ აქვთ და ცხოვრების საჭირბოროტო საკითხებზე მსჯელობით შემოიფარგლებიან: წყევლიან მთავრობას და წუწუნებენ პენსიის რაოდენობაზე… აი, მაყვალას ვეტერანობის ათი ლარი ჩამოაკლეს და 2 დღე წნევა ქონდა აწეული. პროფკავშირებში აპირებდა წასვლას და განცხადების დაწერას
.
წელს ისე მოხდა, რომ ორივე ბებია ჩემს ოჯახში აღმოჩნდა; თამარა ბებო ზამთარს, როგორც წესი, ქალაქში ატარებს; აი მაყვალას კი ნოემბერში ფილტვების ანთება დაემართა და იძულებით აღმოჩნდა ჩვენი საძინებლის პატიმარი; ქალბატონმა მაყვალამ წარმატებით გადაიტანა ფილტვების ანთება 86 წლის ასაკში, ახლა კი სახლში მიიჩქარის და თან ბაღში საქმიანობის გეგმებს აწყობს;
როგორც მოგეხსენებათ, ზამთარი და გამათბობელთან შეკრებილი ოჯახი განუყოფელი ამბავია. ჰოდა, ეს ჩემი ბებიები სავარძლებში იყვნენ მოკალათებულნი: ერთი მარჯვნივ, ერთიც მარცხნივ და ფანჯრიდან უბანს აკონტროლებდნენ: ვინ ჩხუბობდა, ვინ რისთვის სად დადიოდა და ა.შ…
ერთხელაც თამარამ გამოაცხადა, სოფელში თუ არ წამიყვანთ, მეშვიდედან გადმოვხტებიო. როცა რბილად აღვნიშნეთ ოჯახში, მეორეზე ვცხოვრობთ და მეშვიდედან როგორ ხტებიო, ლოგიკურად განაცხადა, ავალ მეშვიდეზე მეზობელთან და ისე გადმოვხტები, სახლში შეშვებაზე ხომ არ მეტყვის უარსო.
საბედნიეროდ, სისრულეში არ მოუყვანია ჩანაფიქრი.
ისე, თამარას ერთი ძველი ხუმრობა აქვს: კაცების “იმით” სავსე ვაგონი რომ ჩამოდგეს, მე ისეთი უიღბლო ვარ, ხელს ჩავყოფ და ქალისა შემხვდებაო.
ერთხელაც ამ ხუმრობას ასეთი ამბავი მოაყოლა: ჩემ პერიოდში სამედიცინოში ერთ გოგოს კაცის მოჭრილი “ის” ჩაუგდეს ჯიბეში და ამ საწყალმაო (აქ თვალები უცრემლიანდება) ცხვირასხოცის ამოსაღებად რომ ჩაიყო ხელი და ეს ამოიღო, გული გაუსკდა და მოკვდა იქვეო
. ბოლოს დააყოლებს ხოლმე, რა ჯანდაბამ შეაშინა ნეტაო. ამ ისტორიის სიმართლის რა მოგახსენოთ, არ ვიცი, მაგრამ მაყვალა მშვენივრად ხალისობდა ამ ამბავზე. მაყვალას ხალისი თამარას საბაბს აძლევდა, გეტყობა, ჭუჭუ გინდა მაყვალ შენო; ერთხელ ამ ხუმრობის გამო ისე გადასცდა მაყვალას ლუკმა, ძლივს მოვაბრუნეთ მაგრამ რათ გინდა …
ორივე ბებო ქვრივია. თამარა უკვე 40 წელია, დაქვრივდა; შვილები მარტომ დაზარდა, დააბინავა; აი მაყვალას კი 20 წელი შეუსრულდა წელს, რაც ვახტანგი პაპა აღარაა. არც ერთის ქმარი მომკვდარა ბუნებრივი სიკვდილით. ილო პაპა მოიწამლა, ვახტანგი ავარიაში დაიღუპა. ხოდა, როცა ქმრების მოგონებაზე მიდგება საქმე, დაატირებენ ხოლმე თითო-თითოს ორივე… აი დატირებას კი ქორწილების ამბები მოსდევს
მაყვალას უყვარს იმის მოყოლა, როგორ დახარჯა თავისი მოგროვილი 500 მანეთი, როგორ არაფერი არ დახვდა დედამთილის სახლში და როგორ გადაისხა საქორწილო კაბაზე წითელი ღვინო. ამ ზამთარს ამბობდა, სახლში რომ მივალ, ლაქის ამოყვანის ახალი რეცეპტი წავიკითხე და უნდა ვცადო იმ კაბაზეო. დიახ, საქორწილო კაბაც სადღაც შენახული აქვს
აი თმარა კი სულ იმ მაჭანკლის წყევლაშია, ვინც პაპაჩემი გაურიგა, მერე მამამთილის წყევლაზე გადადის, სულ სულძაღლს ეძახის ხოლმე
.
მერე თავის ბავშვობაზე გადადის და ხალისით ყვება, როგორ აგინა დედამისს, პირველად რომ დათვრა ხაშმური საფერავით; მერე როგორ გადმოაგდეს ერთხელაც პატარა ძმა აივნიდან ბებიაჩემმა და მისმა დებმა სუფრამობმული, პარაშუტის ინსპირაციით… ბებიაჩემის ძმა საბედნიეროდ გადაურჩა ამ მცირემანძილიან ფრენას და დღესაც ცოცხალია; სხვათა შორის ფეხებზე საოცარი წარწერაც აქვს ცოლის პატივსაცემად: “ლენა {ცოლია} ფეხები დამბანე!”
არა, ასეთ რამეს მხოლოდ კახეთში, მხოლოდ ხაშმში და მხოლოდ ჯილუა პაპას ფეზებზე თუ ნახავთ, სხვაგან ვერსად;
სხვათა შორის, ბებიას კარგად ახსოვს, მამამისი რომ მიდიოდა ომში. ხშირად ყვება იმას, კიბეებზე როგორ ჩადიოდა მამა ფრონტზე მიმავალი…
მერე სტუდენტობის ამბებსაც იხსენებს ხოლმე თამარა: როგორ დაუხიეს ერთ დღეს სპორტულები ყველა ბიჭს, როგორ ხალისობდნენ…
ამას წინად, სტუდენტობის დაქალმაც კი დაურეკა ბებიას;
ყოველდღიურობაც არანაკლები ხალისით გვაქვს სავსე ოჯახში: საახალწლოდ, მახსოვს 28 დეკემბერი იყო, მსჯელობდნენ სრული სერიოზულობით, ეს თვე 30-ითაა თუ 31-ო.
მერე წელიწადის დროებზე და თვეებზე გადავიდნენ; მაყვალამ რომ უთხრა დედაჩემს, ნოემბერი, დეკემბერი, იანვარი და თებერვალი ზამთრის თვეებიაო, ძლივს გადავაფიქრებინე ნევროპათოლოგის გამოძახება. რას იზამ, როცა ცივა ზამთარია, აბა რა არის
.
მოკლედ, ასეთი მხიარული ზამთარი მქონდა ბებოებთან ერთად. თამარას გაფანტული სკლეროზი და მაყვალას იუმორისტული მოდგომა ამ საკითხის მიმართ ძალიან გვახალისებდა; საჭირბოროტო სალაპარაკო თემები იგივე იყო, ისტორიებიც იგივე, თამარა ბებოს კი ისევ ძველბურად აინტერესებდა ყველაფერი “ახალი”…
ახალზე გამახსენდა, 2 თვე უხაროდა ყოველდღე ჩემი სამედიცინოში ჩაბარების ამბავი…
მართალია, რომ ამბობენ, სკლეროზის დადებითი მხარე ისაა, რომ სულ ახალ ამბებს იგებ ყოველ დღე, მთავარია, სათვალე ან თავსაფარი არ დაკარგო…
აი ასე ცხოვრობს ჩემი ორი ბებო: ორივე ერთნაირად გეჩხუბება, როცა სიცივეში ფეხზე არ გაცვია; დუეტში გიყვირიან “ნასკები ამაიცვი შვილო, მუცელ აიტკიებ და რა უნდა ქნა მერეო”, “წელი გიჩანს”, “მკერდი მაღეღილი გაქ, მასე გარეთ არ გახვიდე”-ო და ასე, მაგრამ ორივე ძალიან საყვარელია. დარწმუნებული ვარ, არავის გეყოლებათ ისეთი საყვარელი ბებოები, როგორც მე მყავს. ალბათ, თქვენებიც კარგები იქნებიან, მაგრამ ჩემები თავისებურად განსაკუთრებულები არიან საკუთარი ისტორიებით…
ვერც ერთი წაიკითხავს ამ პუბლიკაციას, მაგრამ მაინც დავწერ: მიყვარხართ, მიყვარხართ ძალიან…
P.S. თქვენც დაწერეთ თქვენს ბებიებზე, ბაბუებზე…
SHERLOCK
როგორი იქნებოდა შერლოკ ჰოლმსი, 21-ე საუკუნეში რომ ეცხოვრა?
ზუსტად ასეთი!
ვისაც ჯერ კიდევ არ გინდახავთ შერლოკი, დამიჯერეთ, BBC-მ საუკეთესო დეტექტივის ნამდვილად საუკეთესო ეკრანიზაცია შექმნა.
დრამატული, მოულოდნელი, საინტერესო, ჩამთრევი სერიალი ყველაზე სიმპატიური, ჭკვიანი და საყვარელი მთავარი გმირით…
ფაქტიურად კინო-ჰეროინი!
მოქმედების ადგილი უცვლელია: ლონდონი, ბეიკერსტრიტის 221 B.
სიმართლე თუ გინდათ, ასეთი სიამოვნება კარგა ხანია წიგნის ეკრანიზაციისგან, მით უმეტეს სერიალისგან არ მიმიღია. ადრენალინის და ენდორფინების მარაგი იმდენი მაქვს უკვე, მომავალ წლამდე მეყოფა, მერე მესამე სეზონიც წამოგვეწევა…
ხარისხი ყველაფერში იგრძნობა: სცენარი, რომელიც ოპტიმალურადაა მორგებული 21-ე საუკუნეს, რეჟისურა, მონტაჟი, მსახიობები…
თითო სერია დაახლოებით საათნახევრიანია. ჯერ სულ 2 სეზონია გამოსული. სეზონში 3 სერიაა;
შერლოკი და მორიარტი მართლაც შეუდარებელნი არიან. იმდენი კარგი და საოცარი სცენის მოწმე გავხდი ამ სერიალის გადამკიდე, ემოციებს ვერ ვიოკებ
.
დეტალებს აღარ მოვყვები, ვისაც არ გინახავთ, შთაბეჭდილებას არ გაგიფუჭებთ. ^^
ახლა კი შერლოკომანებისთვის მკვლელი კითხვა:
როდის გამოვა მესამე სეზონი?
არ არის ჯერ გადაწყვეტილი ამბავი. თუ ხმებს, ჭორებს, პროდიუსერების თვითებს დავუჯერებთ, მინიმუმ 1 წელი მოგვიწევს დაცდა, სანამ Serlock-ის მესამე სეზონს ვიხილავდეთ; სავარაუდოდ 2013 წლის იანვრამდე ან მეტი
.
თანაც ბენედიქტ კამბერბეტჩი (შერლოკი) Star Trek-ის გადაღებებზეა, მარტინ ფრიმენი (ვატსონი) კი ჰობიტში ბილბოს როლს თამაშობს….
თუმცა ისიც ცნობილია, რომ ის სცენები უკვე მზადაა, სადაც შერლოკმა საკუთარი სიკვდილი დაგეგმა. ეს კი იმის გარანტიას მაინც იძლევა, რომ მესამე სეზონი ნამდვილად იხილავს მზის სინათლეს.
მინდა გულწრფელად გითხრათ, რომ წარმოდგენა არ მაქვს, როგორ დავიცდი 1 წელიწადს, იმიტომ, რომ კინოორგაზმის მსუყე ლუკმის შემდგომ ლომკასთან გამკლავება მომიწევს; თანაც ჩემი სისუსტე შავგვრემანი, პალტოიანი, სიმპატიური მამაკაცებია, მით უმეტეს, ჭკვიანი კაცები…
P.S.¹ კარგი კადრები:
This slideshow requires JavaScript.
ღია წერილი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის თვითმმართველობას
ცხვრისტყავა მგელი, ანუ რატომ არის თვითმმართველობის ფოტო Fake :)
ძალიან ცდილობენ საკუთარი თავის ‘გაპრავებას’, მაგრამ ამასაც ხომ ცოდნა უნდა : ) მოგეხსენებათ, რომ დღეს, 14 მარტს, უნივერსიტეტის მე-3 კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე (ადგილმდებარეობის შესახებ დეტალურ ინფორმაციას არ ვფლობ) ინციდენტი მოხდა და 2 ადამიანი, მათი თქმით, თვითმმართველობის წევრებმა სცემეს.
ამის შემდეგ თვითმმართველობის Facebook გვერდზე ასეთი ინფორმაცია გამოქვეყნდა:
დღეს საღამოს 10:30 წუთზე, ტელეკომპანია კავკასიის ეთერში გადაცემა ცხელი ხაზის სტუმარი არის სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტი დაჩი გუბაძე…
ისე, როგორც წერილებში ვხედავ…
მთელი ღამის განმავლობაში მთელს მსოფლიოში ინტერნეტში 40 მილიონი ადამიანი დაძვრება. არ ვიცი, ამ 40 მილიონიდან რამდენი ესაუბრება ჩვენ ორის გარდა ერთმანეთს. რა მნიშვნელობა აქვს.
ისე მაინც ვერავინ დაწერს, როგორც ჩვენ ვწერთ ერთმანეთს.
ამბობენ, რომ წერილების საუკუნე გავიდა. მე სწორედ ამ უწერილობის ხანაში ვიპოვე მეორე ადამიანი, ვისაც ამის არ სჯერა…
ჩვენ არ გვჯერა და ვწერთ. ვწერთ ყველაფერზე, ყველაზე, ყველგან… ერთად ვკამათობთ, ვჩხუბობთ, ვიბუტებით, ვრიგდებით…
ხელები ხშირად თავისით გაგვირბის. სიმბოლოები ისე უცებ იკრიფება მოციმციმე ეკრანზე, ვერც ვასწრებთ გააზრებას და უკვე ვეკითხებით ერთმანეთს როგორ ხარო. და მართლაც, რა მნიშვნელობა აქვს, სად იქნება ადრესატი, 2 ქუჩის იქით, სხვა ქვეყანაში, სხვა კონტინენტზე თუ თუნდაც, ჩემივე ოთახის კედლის უკან?
მე არ ვიცი, ის სად ცხოვრობს, არ ვიცი, როგორია. მთელი ამ ამბის ხუმრობაც ხომ სწორედ ამაშია. არ ვიცნობ, მაგრამ ვიცი, რა უყვარს, რას კითხოლობს, როგორ, უფრო სწორედ, რატომ ცხოვრობს…
მე მგონია, რომ ეს ყველაფერი სხვაზე უკეთესად ვიცი, იმ სხვებზე უკეთესად, რომლებსაც ის ყოველ დღე ხვდება, რომლებთანაც ის მეგობრობს…
ჩვენ, ხანდახან, ერთმანეთის დღიურებს ვემსგავსებით: იმ დღიურებს, სადაც ყველაზე დიდ საიდუმლოებს წერენ; იმ დღიურებს, რომელიც არავინ უნდა წაიკითხოს…
ჩვენ აკრძალულ წესებს ვარღვევთ, საზღვრებს ვშლით და ვწერთ… ვწერთ მხოლოდ იმიტომ, რომ ვიცით, მეორე მხარე წაიკითხავს ამას, გაგიგებს და საიდუმლოს შეინახავს…
ხშირად ვეუბნებით ერთმანეთს, რომ თვალებში ყურება ცხოვრებაშიც არ გამოდის ისე, როგორც აქ, ასეთი წერილებით. ეს ის შემთხვევაა, როცა სხვა თვალით იყურები, გულის და ხელის თვალებით…
შეხვედრა არ გიცდიათო?- მკითხავთ ალბათ. -არა. საკუთარი ცოცხალი პირადი დღიურების გადაკითხვას ჯერაც ვერ ვახერხებთ… ალბათ, არც არასდროს წავიკითხავთ. ეს ხომ ის წერილებია, რომელიც მხოლოდ ერთელ უნდა წაიკითხო და შემდეგ დაწვა…
ალბათ, სასაცილო იქნებოდა, ის ჩემივე ახლობელი, მეზობელი, ან ისეთი ადამიანი რომ აღმოჩნდეს, რომელიც არასდროს, არასდროს დამინახავს ისე, როგორც წერილებში ვხედავდი…
ესეც შარადის ახსნაა.
სიტყვებს თავისი ძალა აქვთ, სხვა ყველა დანარჩენ არსებობას – თავისი…
და, რა მნიშვნელობა აქვს, რომ არ მინახავს; ხომ ვიცნობ.
ყველაზე უკეთ…
ყველაზე ახლოს…
გულთან… გულში…
ჩემი 2011
საერთო ჯამში, მშვენიერი წელი მქონდა: პირველი კურსი დავხურე, წონა არ დამიკლია, დღეს პირველი სამუშაო დღე მქონდა
ახალ წლამდე 3 საათზე ნაკლებია დარჩენილი;
გილოცავთ ყველას ვისაც გეხალისებათ და არგეხალისებათ. ბედნიერ წელს გისურვებთ.
საკურა
გარდაცვალება…
ოღონდ შენი…
მხოლოდ ჩემში…
ამ ცივი ზამთრის წინ…
ალუბლების წვიმაც არ იქნება. საკურა ნოემბერში არ ყვავის. ჩუმად მოგიწევს ჩემგან წასვლა.
კარებსაც ვერ გაიჯახუნებ; ვერც გულის ბზარებს; ჩემ გულს ბზარები არ აქვს.
მე არ მაქვს გული, შენთვის აღარ მაქვს.
საკურას ყვავილობა სხვისთვის იქნება. სხვა გაზაფხულზე, სხვა გულებში…
თეთრი ყვავილი ვერ დაათოვებს შენ თმას.
ვერ იცოცხლებს შენში ჩემი გაზაფხული.
ბოლო საგზლად კი ალუბალს გატან სხვაგან საზრდელად…
ისევ თავიდან.
სხვაში…
სხვასთან…
გოგონა დრაკონიანი ტრაქტორით.
“საშუალოდ, სტატისტიკური ქალი….”
ბავშვები იზრდებიან; ჩვენ პიტერ პენის ბედის გარდა არავისზე არაფერი ვიცით: ის ნამდვილად არ გაზრდილა, მაგრამ რა დაემართათ ჩვენი ბავშვობის საყვარელ პერსონაჟებს ბოლო გვერდის შემდეგ?
თუ მხედველობაში მივიღებთ ფაქტს, რომ ჩვენი რეალობა მათი ლიტერატურა შეიძლება იყოს, გაზრდილი პეპისთვის ჩვენ, შეიძლება, უსიამოვნო და უვარგისი წიგნებიც კი აღმოვჩენილიყავით. აი მე კი დიდი პეპი ნამდვილად მომეწონა. არა, მოწონება სხვა გრძნობაა. ლიზბეთმა ჩამითრია, როგორც კატა ითრევს თაგვს.
მეც თავით გადავეშვი სკანდინავიურ ნისლიან დეტექტივში.
სიუჟეტი რაღაც ბევრმაგია. ერთი დიდი ისტორიის გარშემო კიდევ იმდენი ჩონჩხია კარადაში…
თუმცა მთავარი თემა ვანგერების ოჯახური დინასტია კი არა ქალთმოძულე კაცები არიან: როგორი შეიძლება იყოს ადამიანი, ვისაც არ შეუძლია შინაგანი ფემინიზაციისა და სადომაზოხისტური პირველყოფილი ვნებების დათრგუნვა… და შინაგანი მხეცი გამოდის სანადიროდ; სანადიროდ უფრო სუსტ არსებაზე, რადგანაც თავადაც სუსტია…
ლიზბეთზე ძლიერი ქალი არც ცხოვრებაში შემხვედრია და არც ლიტერატურაში. მისი მოთმინება მაოცებს, მართლა პირდაღებულს მტოვებს. იყურო წინ, როცა შეუძლებელია წინ გახედვა… ეს მართლაც ფენომენია.
დეტექტივი ჩახლართულია მართლაც მოულოდნელი განვითარებით. ვერ ვიტყვი, რომ ფინალი იყო მოულოდნელი, მაგრამ თავად განვითრება ნამდვილად მშვენიერი არჩევანი იყო ავტორისგან.
ეს დეტექტივი იმ ადამიანებზეა, რომლებიც ბავშვობის წყევლისგან თავისუფლდებიან ჩვენ თვალში და ის ემართებათ, რასაც ათიოდე წლის წინ ვერც კი წარმოვიდგენდით… კალე-ციხეში, პეპი-ჰაკერობასა და უნარშეზღუდულობის წნეხში…
ძლიერ ქალებსაც აქვთ სისუსტეები; ლიზბეთს იმედს უცრუებენ.
რა მაინტერესებს, იცით?
წიგნის მეორე ნაწილი კაცთმოძულე ქალებზე ხომ არ იქნება? გაიხედავს კი ლიზბეთი წინ ისევ?
P.s. იცით, აღარც კი ვაპირებდი ამის დაწერას. სტიგ ლარსონის “გოგონა დრაკონის ტატუთი”-ს კითხვა კარგა ხნის წინ დავასრულე და ყველაზე ძალიან, რაც ბოლოში მინდოდა, ტრილოგიის დანარჩენი ნაწილების დათრევაა, თანაც სასწარფოდ. ასე, რომ, მე თქვენს ადგილას წიგნის მაღაზიისკენ მოვძუძგავდი. ეს წიგნი თქვენთვისაა.
როგორ მოვკლათ ყოფილი
ალბათ ნებისმიერი ჩვენგანი აღმოჩენილა მიტოვებულ მდგომარეობაში. ყველა მდედრი თავისებურად ვებრძვით ამ ამბავს: ვიჭრით და ვიღებავთ თმას, ვეძებთ ახალ “გასართობს”, დეპრესიულ კვირებს ვაწყობთ ბევრი ტირილით და უფრო ბევრი ყოფილის და მისი ახალი შეყვარებულის ფოტოთი. მერე დიდ ხანს ვფიქრობთ, რა აქვს იმ ჩათლაშკას ისეთი, რაც არ გვაქვს ჩვენ. ცხადია, დასკვნა ვერ გამოგვაქვს, რადგან, როგორც წესი, ჩვენ ვჯობივართ ხოლმე იმ პრასტიტუტკას.
ამით კმაყოფილები კი ვასკვნით, რომ “ის” მეტის ღირსია, რომ მოხოხდება თავისი ფეხით, დაკოცნის ჩვენ ნაფეხურებს და ა.შ.
ბოლო მოსაზრება, როგორც წესი ამართლებს, მაგრამ ძალიან გვიან.
მე, პირადად, ბლოგის დიზაინს ვერჩი ხოლმე
. ამასთან ერთად, ჩემი “საყვარელი” გასართობია ახალი ხერხების გამოგონება, თუ როგორ მოვკლა ყოფილი. ცხადია, სიკვდილი სულ ცოტა, დრამატული და მტკივნეული უნდა იყოს.
თანაც ეს მეთოდი გარკვეული ფსიქოლოგიური ტრეინინგია ორმაგი სიამოვნებით: თან გსიამოვნებს და თან ციხეშიც არ ხვდები
ფანტაზიის შესავსებად შემოგთავაზებთ რამდენიმე ხერხს:
მაშ ასე: ერთ-ერთი პირველი, რაც მახსენდება, სკალპელის და საძილე არტერიების “მეგობრობაა”. ეს, ჩემ შემთხვევაში, უფრო პროფესიულია, ვიდრე ფართოდ გავრცელებული. იქნება ბევრი სისხლი და ნაკლები სიამოვნება, რადგანაც მსხვერპლი მომენტალურად კვდება, აგონიის 20 წამი კი არც ერთ ნორმალურად გულნატკენ მდედრს არ ეყოფა.
შემდეგი: ჩემი ფავორიტი ინკვიზიცია. მათ ფანტაზიას, როგორც ყოველთვის, არ აქვს საზღვარი: ბორბლები, ნიღბები და ბევრი, ბეევრი წვეტიანიი და სასტიკი ნივთი, რომელიც თქვენ ყოფილს ასწავლის, ვის უნდა გაუტეხოს გული და ვის_არა.
კიდევ ერთი ფავორიტი ძველი ჩინური მეთოდი,-ბამბუკზე დასმა გახლავთ. ადამიანს სვამდნენ ბამბუკის პატარა ღეროზე. ცნობისთვის, ეს მცენარე ღამეში 2 მეტრამდე იზრდება. ნუ დამაწერინებთ ამ 1 ღამეში მიმდინარე პროცესებს. ამას ფანტაზიისთვის გიტოვებთ. იმაში კი ნამდვილად დარწმუნებულნი იყავით, რომ ეს გრძელი ღამე მას არასდროს დაავიწყდება.
ოკეანე კია ლამაზი, მაგრამ მის სიღრმეებში იმდენი საშიში არსება ცხოვრობს…. მაგალითად ერთი ეული ზვიგენი, რომელიც გაგიჟდება, ისე მოეწონება თქვენი ყოფილის ჩიჩია. არიან მედუზებიც, რომლებიც სალაპარაკოდ ნამდვილად არ გაგიხდიან ერთი-ორ სასიკვდილო წასუსხვას…
ზოოპარკი. ეს ერთი შეხედვით უწყინარი ადგილია იმდენი შესაძლებლობებიიით…
ყოველთვის მოიძებნება მშიერი ლომი, დათვი ან მგელი, რომელიც არ გაწყენენინებთ ნამდვილად .
ერთი ჩვეულებრივი აგური, რომელიც მაღლიდან ვარდება და მას ეცემა. აწწწ
უი, საწამლავები! ბეევრი, ფერად და ლაამაზ სითხეში მოქცეული სასიკვდილო სითხე თუ ფხვნილი საქმეს აშკარად გაგიადვილებთ. მთავარია, ყავის ჭიქები არ აგერიოთ, მოწამვლას რომ დააპირებთ. გველის, ტარანტულის საწოლში შეცურებაც არ იქნება ურიგო.
თოკი კისერზე, მჭრელი დანა გულში….
მოკლედ, არჩევანი ზედმეტად ფართოა: ოთხში ამოღებიდან მისი შიშველი ფოტოების ქალაქში გაკვრის ჩათვლით. მთვარია, თქვენ იყოთ ნასიამოვნები.
აბა თქვენ იცით, მოიშველიეთ ფანტაზია და დატკბით მრაფალფეროვანი სიუჟეტებით: მაგალითდ, როგორ უშვებთ ხელს მეასე საეთულზე გადმოკიდებულ თქვენ ყოფილს ღიმილით, როგორ ჭყლეტთ მანქანით, როგორ უგრეხთ კისერს და ა.შ;
ისიამოვნეთ, მაგრამ ნუ დაგავიწყდებათ, “ის” ცოცხალი უფრო კარგად მოხოხდება, ვიდრე მკვდარი. ასე, რომ აცოცხლეთ რეალობაში და ისიამოვნეთ ხვალინდელი ქათმით.
აბა მდედრებო და არამხოლოდ, ბოროტად ნასიამოვნებ სიზმრებს და უფრო ბოროტად ნასიამოვნებ დღეს გისურვებთ.
მე შაშკინს
ბაატონო დიმიტრი (შინაურულად ძიმა
),
სკოლა დიდად არასდროს მყვარებია. დღევანდელი გადმოსახედიდან ეს უფრო კარგად ჩანს, ვიდრე თავის დროზე უნდა გამოჩენილიყო. დილით ადგომაზე რომ არაფერი ვთქვათ, იქ მყოფი ადამიანების უმრავლესობა და სწავლების მეთოდები მაღიზიანებდა: სნობიზმის აურა მახრჩობდა, განვითარების პერსპექტივა კი არ მქონდა. პრინციპში, ამას ახლა არსებითი მნიშვნელობა არ აქვს.
რამდენიც არ უნდა ვისაუბროთ განათლების რეფორმაზე, ჩვენი სკოლები მაინც სავალალო მდოგმარეობაშია (სავალალო უადგილო სიტყვაა
), მაგრამ იმიტომ არა, რომ თაობები დადებილდა, ეს არაა ობიექტური მიზეზი. მე მგონი პირიქითაა, თაობები დაგვიჭკვიანდა, სისტემა კი ამას ვერაფრით ეწევა…
ლიტერატურა ყოველთვის მიყვარდა. ოღონდ არა სასკოლო. ლიტერატურის გაკვეთილებს მარტო თემების ხათირთ ვერწრებოდი, ეს იყო ერთადერთი სფერო, სადაც საკუთარი აზრის გამოხატვა შემეძლო და ცხოვრება მეკიდა ფეხზე. დანარჩენი: შაბლონი, დოგმა! ვინ სცემა შუშანიკი, რატომ იყო აბო გმირი, რა აწუხებდა კლდიაშვილს, მოთხრობებს რომ წერდა და ასე შემდეგ. შედეგი? კლდიაშვილი აბიტურიენტობის პერიოდშიც კი აღარ წამიკითხავს, ისე ევრ ვიტანდი, ლორთქიფანიძესაც იგივე ბედი ეწია და ბევრ სხვასაც…
მე მაინც მგონია, რომ ლიტერატურის სწავლებაში მთავარი შეცდომა სწავლებაშია. ლიტერატურა კი არ უნდა ისწავლებოდეს, უნდა იკითხებოდეს ნებაყოფლობითად, ირჩეოდეს სათანადოდ, დოგმების გარეშე. ეს ის სფეროა, სადაც იძულებას ზიანი უფრო მოაქვს, ვიდრე სიკეთე. ბოლომდე კი ვერავინ გაიგო დღეს, რომ საზეპიროები მოთხობებიდან და ნიშნის გულისთვის მოყოლოლი შინაარსი არაფერს არ გვაძლევს, უფუნქციოა…
მხატვრული ლიტერატურა ასე კარგავს თავის ნამდვილ აზრს, იყოს იდეოლოგიური; შედეგად პატრიოტიზმი მართლაც ყელში ამომსვლელი, გმირობა კი გაცვეთილი გვრჩება… ჩვენ კი ისტორიაში მარტო გმირები კი არა, მოღალატე წუპაკებიც ბლომად გვყავდა და ჩვეულებრივი ადამიანებიც, და, საერთოდაც, ჩვენი ისტორიითა და ლიტერატურით არ შემოიფარგლება სამყარო! არსებობს მსოფლიო კლასიკა, სხვა ბევრი ისტორია, რაც შეიძლებოდა, უფრო მოწონებოდათ ბავშვებს…
ისე, რაც მართალია, მართალია; წაკითხვა ვისაც უნდა, მაინც ყველაფერს წაიკითხავს, მაგრამ აუცილებელი ხომ არ არის, თავიდანვე მძიმე და, და ხანდახან არასწორად შერჩეულმა საკითხავმა ვიღაცას ლიტერატურაზე გული აუცრუოს?
ხოდა, ბატონო დიმიტრი (შინაურულად ძიმა), უბრალოდ, უკეთესი იქნებოდა, მერხის მაგივრად მოსახერხებელი სავარძელი და იმის ხეირიანად გარჩევა, რასაც ძალით გვიტენიდნენ თავში, სხვა არაფერი.
კარგი იქნებოდა ასეთი “გაკვეთილები”, კვირაში ერთხელ მაინც.











