პირველი დახმარება მოხალისეებს


ძალიან ძნელია, იყო მომავალი ექიმი, რომელსაც ხელი ექავება ბლოგზე პოსტების საწერად. არსებობს ეთიკა, ამიტომაც უმეტეს შემთხვევაში ისტორიები, რომელსაც ვაწყდები, ამ გვერდებზე არ ხვდება. თუმცა არის გამონაკლისებიც, რომელთა  არდაწერა და, მით უმეტეს, არწაკითხვა დანაშაული უფროა, ვიდრე სხვა რამ. ამიტომაც გიყვებით ჩემი და ჩემი მეგობრების მოხალისეობასა და იმაზე, როგორია, იყო მედიცინის მუშაკი კატასტროფის ადგილებში.

13 ივნისი არასდროს არავის დაავიწყდება. ზოგადად, როცა თბილად, რბილად ხარ სახლში მოკალათებული და თან ისეთ ქალაქში ცხოვრობ, როგორიც თბილისია, სულაც არ ფიქრობ, რომ შეიძლება შენი სახლიდან 200 მეტრით დაშორებულმა ნაკადულმა დაგახრჩოს. ალბათ, მართალიც იქნები. ამის შესაძლებლობა მილიონიდან მხოლოდ 1-ია, თუმცა 13 ივნისს თბილისელებმა აღმოაჩინეს, რომ თურმე ასეთი ლატარიის მოგებაც შესაძლებელია და ყველაფერი, სრულიად ყველაფერი შეიძლება მოხდეს.

თუ რაიმე უიმედობის განცდა არსებობს, ყველაფერი გამოვცადე მეორე დილას. როცა ზიხარ და ფიქრობ, რომ არ შეგიძლია, დიდი მორები ზიდო, მასიურ საქმეში დაეხმარო ადამიანებს და არც საკმარისი ფინანსური სახსრები გაქვს, ამ ყველაფერში მიიღო მონაწილეობა… სხვა არაფერი დაგრჩენია. ასეთ დროს უნდა დაჯდე და დაფიქრდე, სხვა რა შეგიძლია.

დილიდან თითქმის ნახევარი საქართველო მშვიდად, წყნარად, ორგანიზებულად გაემართა სტიქიის ზონებისკენ. სწორედ საღამოს დაიბადა იდეა ჩემი კურსელისგან, პირველი დახმარება გაგვეწია იმ მოხალისეებისთვის, რომლებიც მუშაობდნენ ასეთ ადგილებში, რადგანაც სიცხისა და ბევრი წვეტიანი, ჟანგიანი ნივთის გამო ჭრილობებისა და სინკოპეების (aka. გულის წასვლები) არცთუ ცოტა შემთხვევა იყო, პარამედიკების საკმარისი ოდენობა კი, ცხადია, არა.

დამიჯერეთ, ამ ყველაფრის ორგანიზება შუაღამისას, პირველ საათზე არც ისე ადვილია. თუმცა მოვგროვდით, ფულიც შევკრიბეთ პირველადი დახმარების ატრიბუტებისთვის და ლექციების შემდეგ, ორშაბათ დილას, სხვადასხვა ადგილებზე გავნაწილდით.

ჩემგან, ალბათ, არ გესწავლებათ, რომ მზიურისა და სვანიძის ქუჩის უმეტეს ადგილას უკვე ტოტებით სავსე დიდი ორმოა. ძირითადად წვრილმანი ნაკაწრების, ჭრილობების დამუშავება გვიწევდა, თუმცა ასეთ ადგილებში მუშაობისას ასეთმა კანის დაზიანებამაც კი შეიძლება დიდი თავის ტკივილი გამოიწვიოს უყურადღებობის შემთხვევაში. ადგილზე კი ამის ფიქრის დრო, როცა კისრამდე ტალახში ხარ ჩაფლული, სულაც არ გაქვს. ყოველ “პაციენტთან” დამუშავება-შეხვევის პროცესში პატარა ლექციასაც ვატარებდით ტეტანუსის აცრის მნიშვნელობის შესახებ და უფრო ხალისიანთათვის იმის ახსნაც გვიწევდა, რომ გულში დაჭრას ვერ ვშველით.

ბოლო რამდენიმე დღე მეგობრებთან ერთად სვანიძის ქუჩაზე გავატარე. მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი ადამიანის თვალში არც ისე კომპეტენტურნი ვართ ამ საქმისათვის, მაინც დავდიოდით ბევრს, ვარიგებდით ნიღბებსა და რესპირატორებს, ყველა მსურველს ვთავაზობდით პირველ დახმარებას, ვუცვლიდით ღიმილს, მათთან ერთად ვიცინოდით, კოჭებამდე, მუხლამდე ტალახში ვტოპავდით, ცივ წყალსა და საკვებს ვუნაწილებდით ერთმანეთს…

11535714_1458251051141791_5570288342947653367_n
ფოტო: გოგა ჩანადირი
 უცნაური ფენომენია, როგორ შეიძლება, ტრაგედიამ ასე ერთად შეკრას ხალხი. როცა ყველაფერს ეჩვევი, მარტო ხუმრობა და ღიმილი გრჩება, რომელსაც გულუხვად ცვლი ადამიანებთან. ცვლი იმიტომ, რომ ცხოვრება მოკლეა, ხვალინდელი დღის დადგომა კი არასდროსაა აქსიომა.

ამ დღეების განმავლობაში ძალიან ბევრი საინტერესო ადამიანი, კარგი ბიჭი და გოგო ვნახეთ, გავიცანით. ბევრი თავდაუზოგავად მშრომელი ადამიანი ვნახეთ. ყველას შევთავაზეთ დახმარება, რამდენიც შეგვეძლო, როგორც შეგვეძლო. ამის დასტური თუნდაც ეს ბოლო ფოტოა, რომელზეც რაც კი რაიმე ომი ყოფილა ბოლო 30 წლის განმავლობაში, ყველაში რომ ნამყოფები არიან, ის ვეტერანებია აღბეჭდილი. ბევრი გვაცინეს, აქეთ გვასწავლეს რაღაცე(ე)ბი, ცოტათი ჩვენც მივეხმარეთ და ბოლოს ეს ყველაფერი ამ დიდი ფოტოთი დასრულდა.

10402461_430079060505362_3022946076307132428_n
ჩვენ და ვეტერანთა კავშირის წევრები

მიუხედავად იმისა, რომ ბევრი არავინ დაგვხმარებია ამ საქმეში, MyMaika.ge-მ სიმბოლური თანხის დაზარალებულთა ფინდში გადარიცხვის სანაცვლოდ აი, ასეთი სტიკერები გვაჩუქა. დიდი მადლობა მათ ამისთვის. თქვენ არც კი იცით, როგორ დაგვეხმარა ეს საჩუქარი!

11638058_1067070466653639_1739271275_n
MyMaika.ge-ს ძალიან, ძალიან სასარგებლო საჩუქარი!

თუმცა, მარტო ჩვენ არ ვყოფილვართ. იყო კიდევ უამრავი ადამიანი, სტუდენტი ჩვენი და სხვა სამედიცინო უნივერსიტეტებიდან, ვინც არც ფოტოობიექივში მოხვედრილა და არც სატელევიზიო კადრებში, თუმცა ისინიც უანგაროდ, დიდი ხალისით ეხმარებოდნენ ამ ადამიანებს სტიქიის ყველა წერტილში ტრავმების, გაფუჭებული ფეხსაცმელების, ლექციების, ჩათვლებისა და გამოცდების გაცდენის ფასად. მათ ნაწილს არ ვიცნობ, თუმცა უკვებლივ ყველა სიყვარულისა და მადლიერების ღირსია. ეს პოსტიც უმეტესად ამ ბავშვების საქმიანობასა და თავდადებას ეძღვნება. ასეთ დროს ყველაზე კარგი საქმე ისა, რომლის კეთებაც ნამდვილად შეგიძლიათ. ყველას ძალიან დიდი მადლობა ამისთვის!

მიუხედავად იმისა, რომ ზურგი ჯერ კიდევ დალურჯებული მაქვს მძიმე ჩანთის გამო, ფეხის გული – ჩალურჯებული, მხრები კი დამწვარი, უზომოდ კმაყოფილი ვარ. თუნდაც იმიტომ, რომ ერთად ვიყავით, ვაკეთებდით საყვარელ საქმეს მარტონი, თითქმის ცარიელი ხელებით, დიდი მონდომებით და ბევრი მადლიერი ადამიანის სახეს ვხედავდით.

ჩვენ ხომ ყველაზე კომპეტენტური ხალხი ვართ არაკომპეტენტურთა შორის!

This slideshow requires JavaScript.