პატარა ბაბუაწვერას სიზმარი


ეს არის იური რიბკას პატარა, ფილოსიფიური ზღაპარი
ბაბუაწერაზე, რომელმაც სული გაიღო სხვისი ბედნიერებისთვის.
მე გადავთარგმნე, დედანი ქვემოთ შეგიძლიათ
იხილოთ, პოსტებში.

ცხოვრობდა და იზრდებოდა მდელოზე პატარა ბაბუაწვერა; გულუბრყვილო და ახალგაზრდა, ყვითელი ფერის.
იღვიძებდა დილაობით, თმხიარულად უღიმოდა მზეს და მთრთოლვარე და გულშეკუმშული აკვირდებოდა მას მთელი დღე. მზე ჩადიოდა ჰორიზონტს იქით და ბაბუაწვერაც მშვიდად იძინებდა საკუთარ ფოთლებში გახვეული…
ღამ-ღამობით კი ესიზმრებოდა ყველაზე განსხვავებული და ფერადი სიზმრები: ერთში ის თეთრ ჩიტად გადაიქცეოდა და დაფრინავდა შორს მიწისგან, მეორეში კი გემის კაპიტანი იყო და თამამად დაცურავდა ოკეანეში. ყველაზე ხშირად ბაბუაწვერას ესიზმრებოდა სიზმრები, რომლებშიც ის ვიღაცას გადაარჩენდა ხოლმე.
ასეთი სიზმრების შემდეგ გაღვიძება_ ერთი სიამოვნებაა!
მაგრამ, აი, დაესიზმრა სიზმარი, რომელმაც იგი ააფორიაქა და გააბრაზა:
პატარა გოგონა მოწყენილი იჯდა და უცქერდა ბაბუაწვერების ზღვად ქცეულ მდელოს.
სიხარული არ იყო მის თვალებში; არ უღიმოდა იგი დილის მზეს, რომელსაც უხვად მიმოეფანტა თავისი სხივები მდელოზე.

გაბრაზებულს გაეღვიძა ბაბუაწვერას იმ დილით და ძალიან მოუნდა, მოწყენილ გოგონას დახმარებოდა.
საბედნიეროდ, ამ დროს ქარი დასეირნობდა მათ მდელოზე.
-მითხარი, ბრძენო ქარო, -გაუბედავად დაიწყო ბაბუაწვერამ,- სურვილები სრულდება?..
-სრულდება, უბრალოდ, საჭიროა, ძალიან მოინდომო!-ქარმა მოუსვენრად შემოუქროლა ბაბუაწვერას გარშემო.
-და თუ მე ჩავიფიქრებ, რომ ვიღაც სხვა ბედნიერი იყოს, ახდება?-სუნთქვაშეკრულმა იკითხა ბაბუაწვერამ.
-ახდება, თუმცა ეს ადვილი როდია,- ქარმა მაღლიდან გადმოხედა პატარას,-საჭიროა, რომ შენი სული ჩააქსოვო, ხანდახან კი მთლიანად შენი თავი უნდა გასწირო!!!
….რა თქმა უნდა, თუ შეძლებ,- დაუსტვინა დაუდეგარმა ქარმა და გაქროლდა, ბაბუაწვერა კი დიდ ხანს უყურებდა შორიდან…
-მე შევძლებ!!!- უკვე ჩაძინებისას წაიჩურჩულა ბაბუაწერამ.
დილით კი ბაბუაწვერა გაქრა: თითქოს არც იზრდებოდა მწვანე მინდორზე, თითქოს არ ეკითხებოდა ქარს რთულ კითხვებს…

პატარა გოგონა ტრიალებდა და ცეკვავდა ბაბუაწვერების ზღვაში ბედნიერების მელოდიაზე არაჩვეულებრივი ქოლგით, რომელიც შიგნიდან მწვანე, ხოლო გარედან ყვითელი იყო.
ისე ცეკვავდა, რომ დაუდეგარმა ქარმა ვერ მოითმინა და ჩაიხედა მის ქოლგაში… ჩაიხედა და ყველაფერს მიხვდა…
რადგანაც, ვიღაც რომ გავაბედნიეროთ, საჭიროა რა ცოტა და თანაც, რა ბევრი: ჩააქსოვო შენი სული, ხანდახან კი, შენი თავიც გაწირო…