ER ანუ ზუსტად ისე, როგორც კინოში


ან უფრო უარეასად, მაგრამ ამაზე ქვემოთ.

ცოდვა გამხელილი სჯობს და თავის დროზე მეც სამედიცინო თემატიკის სერიალებმა შემაცდინა. მახსოვს, პატარა რომ ვიყავი, როგორი სიამოვნებით ვუყურებდი ხოლმე ER-ს და სულ მინდოდა, დღესასწაულები  ზუსტად ასე, სამსახურში გამეტარებინა ექიმი როსივით. ეს სურვილი გასაკუთრებით მახსოვს, რადგანაც სახლში გატარებული ყოველი ახალი წელი და დაბადების დღე მეზიზღებოდა ხოლმე. მერე ცოტა გავიზარდე, Doctor House წამომეწია და მეც მივხვდი, რომ Ugly ადამიანების ადგილი სწორედაც ასეთ სამუშაოზეა, სადაც არც პირადი ცხოვრებისთვის გრჩება დრო და არც სხვა არაფრისთვის.

ჰოდა, ბევრი რომ არ გავაგრძელო, ასე, ცოტათი გაუცნობიერებლად აღმოჩნდა ჩემი საბუთები სამედიცინოს სტუდენტთა სიაში. საბოლოოდ ყველაფერზე უარის თქმა არც ისეთი ადვილი აღმოჩნდა, როგორც ერთი შეხედვით ჩანდა, მაგრამ მეოთხე კურსამდე “სხვა დროისთვის” გადადებულმა მორიგეობის ღამეებმა შემახსენა თავი და მეც რესპუბლიკური საავადმყოფოს ER -ის ობსერვაციას მივაკითხე.

პირველი მორიგეობა 28 დეკემბერს ღამით  გვიწევდა. ფეხი არ მქონდა შედგმული ობსერვაციაში, რომ საომარი პოლიგონივით აქტიურ ადგილში გადავეშვი ცხვირით. გარშემომყოფთაც დრო არ დაუკარგავთ, ნემსები მომაჩეჩეს და აბა დავაი, ანალიზი წაიღე ლაბორატორიაშიო, მითხრეს.

თქვენ ვერც კი წარმოგიდგენიათ, რამდენი სიშტერე შეიძლება გააკეთოს ახალმა და უცოდინარმა პრაქტიკანტმა. ახლა დავფიქრდი და ისევ ER-ის გმირი, რეზიდენტი კარტერი და მისი მუდმივი საცოდაობა გამახსენდა. რაღაცით ძალიან წააგავს ჩემს ამბავს. 😀

tumblr_mybgr6uVup1qighn9o1_500

ისე კი, რომ არა ჩემი მეგობარი მარიამი, ვისი ძალისხმევითაც გელაშვილის ცვლაში ამოვყავი თავი, ცუდად იქნებოდა ჩემი საქმე, თანაც არაერთხელ.

წუხელ 5 ქსეროქსი რომ გადავიღე შეცდომით და წაღმა და უკუღმა მხარე ძლივს დავამთხვიე, მაშინ მივხვდი, რომ სხვა გზა არაა, საკუთარ შეცდომებზე უნდა ისწავლო.

ეჰ. სწავლის პროცესი ყოველთვის რთულია, განსაკუთრებით მაშინ, თუ თავიდანვე პრაქტიკულად ითვისებ ყველაფერს. იქ კი, სადაც  სისწრაფე ძალიან მნიშვნელოვანია, წვრილმანების ასახსნელად დრო არავის აქვს… ჰოდა, აი ასე დავიკარგე რამდენიმეჯერ პაციენტიან – ბორბლებიანი სავარძლიანად და პალატების მაგივრად ეხოს კაბინეტში ამოვყავი თავი. მერე ვეღარ ვიპოვნე ლაბორატორია და ერთი გზიდან წასული მეორე გზით ძლივს დავბრუნდი უკან ობსერვაციაში. ბოლოს ძლივს ვისწავლე, რომ  სტრაიკერი საავადმყოფოს საწოლია, ჩიხებს მულტიპროფილური განყოფილების პალატებს ეძახიან, ტრიაჟი ის ადგილია, სადაც ოპერატორი ზის, შესახვევი იგივე საპროცედუროა, მე-11 კი საძილე და საჭმელი ადგილი გახლავთ…

პირველი მორიგეობა მძიმე, მაგრამ საბოლოოდ ძალანაც მხიარული აღმოჩნდა. რამდენიმე მძინარე ადამიანი გაიბინტა, გაისკოჩა და ახლა რეზინის ხელთათმანების ნაძვის ხეც გვაქვს შოკის დარბაზში.

აი დღეს დილით მესამე მორიგეობიდან მოვედი, ლოგინში ჩავეშვი და საღამომდე არც კი გავნძრეულვარ. სიმართლე თუ გინდათ, ძალიან ძნელი და დამღლელი აღმოჩნდა ეს ყველაფერი. არა, იმიტომ არა, რომ მეზარება ან რაიმე მსგავსი, არა. უბრალოდ ეს საქმე მართლა ბევრ დროს, ენერგიასა და დაუფასებელ შრომას მოითხოვს, ესაა და ეს.

თუმცა მე მაინც კმაყოფილი ვარ. არაფერი შეედრება იმ შეგრძნებას, სულ პირველად ვენიდან რომ იღებ სისხლს, პირველივე ცდაზე საჭირო ადგილას მოხვდები და ბოლომდე გააკეთებ საქმეს იმის მიუხედავად, რომ შენი პაციენტი, პირობითად გოჩა, სასტიკადაა მთვრალი და ხელებს იქნევს.

იმედია, მომავალი წლის ამ დროს იმაზე აღარ მომიწევს მარჩიელობა, სისტემის სტოპ-კოკი რომელი მხრიდან იკეტება და ყველაფერი კარგად იქნება. სხვა რა გზაა. სწორედ მომავალი წლის შემაჯამებელ პოსტში მოვყვები, როგორი წითელი ვიყავი პირველ დღეს და რა სასტიკად მეშინოდა ვენის კათეტერის ამოღების. 😀

წარმატება მისურვეთ, ამჯერად ეს მართლაც მჭირდება.