რატომ ითვლება ყველა სამსახური


პირველი ხელფასი ფრიად სოლიდური მქონდა, მთელი 40 ლარის ოდენობით! არ ვიცი, რამდენ თქვენგანს უმუშავია ანიმატორად სტუდენტობის დროს, თუმცა მე ესეც გამოვცადე. მშვენიერი 31 დეკემბერი იყო, ბავშვებს ვართობდით საახალწლოდ მორთულ მარჯანიშვილზე. მე წილად ქაღალდის ფრანების კეთება მხვდა.

იმ ადამიანთა რიცხვს ვეკუთვნი, რომელნიც თვლიან, რომ ნებისმიერი სამუშაო “ითვლება”. ვერც ერთი ჩემი დამსაქმებელი იმას ვერ დამწამებს, რომ დაკისრებულ სამსახურეობრივ მოვალეობას უგულისყუროდ ვეკიდები, იქნება ეს სამედიცნო საქმიანობა, სოციალური მედია თუ ბავშვების გართობა და რეპეტიტორობა. ყველა საქმე, ადამიანის სიცოცხლე იქნება ეს თუ კარგი პოსტის მომზადება, ერთნაირად საპასუხისმგებლოა ჩემთვის.

რატომ?

aedf48bc6c6b753c1b1737ef1cf923cc

პირველ როგში მინდა გაგაფრთხილოთ, რომ ზარმაცი ადამიანი ვარ და ამის მიუხედავად ჩვეულებრივი სამსახუროფილიც (aka. workaholic). ამას როგორ ვახაერხებ, ზუსტად ნამდვილად არ ვიცი. სავარაუდოდ, ვერც ვერასდროს გავიგებ, თუმცა პროფესიული სარგებელი ამისგან ძალიან დიდი მაქვს, რადგანაც მედიცინა უკვე მეტწილად პრაქტიკაა, რაც კარგი ადამიანების მეშვეობით ნამდვილად არ მაკლია.

თუმცა, მედიცინამდე პირველად იყო სხვა ამბავი.

უმუშევარი სტუდენტობა

ვისაც ხელმომჭირნე სტუდენტობა გაუტარებია, ყველა გამიგებს, რაოდენ გულით სანატრელია ასეთ დროს სამსახური, რომელიც საშუალებას მოგცემს, ცოტა ფულიც გქონდეს ქსეროქსებისთვის და ლექციაზეც შეირბინო შიგადაშიგ. მეორე მხარეს კი დგანან ლექტორები, რომლებსაც სტიპენდიას თავის დროზე მარტო ლექციაზე სიარულში უხდიდნენ და ვერაფრით გაუგიათ, რატომ უნდა გააცდინო მათი ღვთაებრივი ლექცია სამსახურისთვის, რომელიც შენს სფეროსაც კი არ უკავშირდება. მახსოვს ერთხელ ზეპირ გამოცდაზე 58 ქულით შესული 51-ით გამოვედი იმის გამო, რომ კათედრის ხელმძღვანელის ლექციებზე ვაგვიანებდი და “ბატონმა” ირაკლიმაც თავისებური ვენდეტა შემისრულა. ამ დროს ღამით ფეიჯზე პოსტები მქონდა ხოლმე ჩასალაგებელი და დილით დროულად ვერ ვეტენებოდი ტრანსპორტში. But who cares! Shame, my friends, shame!

სოციალური მედია და მე

“ლენინი და მე”-სავით ჟღერს ეს ფრაზა, თუმცა სოციალურმა მედიამ და ბლოგინგმა უფრო დიდი სარგებელი და სიამოვნება მომიტანა, ვიდრე ბევრმა სხვა რამემ. ბლოგი სკოლიდან მქონდა, თუმცა ყველაზე მეტი და დიდი დრო სიამოვნებით ამ დარგში Pink.ge-სთან და @sweet-თან ერთად მაქვს გატარებული. სვითი დღემდე ჩემი კარგი მეგობარი და მუდმივი ინსპირაციაა. მოიუხედავად იმისა, რომ ამჟამად პინკისთვის არაფერს ვწერ, ერთ მზიან დღეს აუცილებლად დავუბრუნდები ვარდისფერ პლატფორმასაც. მანამდე კი თქვენც აგვედევნეთ.

How to work for free

უფასოდ პრაქტიკისთვის რესპუბლიკურში მუშაობა არასდროს მინანია. ნუ, თითქმის არასდროს. მართალია, ამ ყველაფერს წელიწადი შევალიე, თუმცა, სამაგიეროდ კარგი, ფაქტიურად, ფასდაუდებელი გამოცდილებაც მივიღე. მიუხედავად იმისა, რომ სულ მქონდა წვრილ-წვრილი ვებ-შემოსავალი, რესპუბლიკურს მაინც ენთუზიასტური სამსახური ერქვა. სამაგიეროდ ამ წელიწადმა სტაჟი და საუკეთესო მეგობრები დამიტოვა.

როგორ გავხდი მასწავლებელი

რეპეტიტორობის წვრილ-წვრილი მცდელობა მანამდეც მქონია, მაგრამ ყველაზე გრანდიოზული ჩემი, თომას, ქენდის და ჩიკოს ურთიერთობა გამოვიდა. წარმოიდგინეთ მარტივი სიტუაცია: მეოთხეკლასელი თომა, მე, თუთიყუში ჩიკო, რომელიც ჩემს თვზე ზის, მოგვიანებუთ შემომატებული ქენდი, რომელიც ფეხთანაა მოკალათებული და ელოდება, მუცელზე როდის მოვეფერები და პლანშეტი, სადაც Angry birds-ია ჩაწერილი. მე ის ტური უნდა გავიდე, რომელიც თომამ ვერ დახურა და ამასობაში შეთანხმებული ბარტერით მათემატიკაც იწერება. რა თქმა უნდა, ეს ამბავი ამ წუთამდე ნინოს, თომას დედას არ სცოდნია 😀 და ალბათ კითხვის დროს თომას ცოტა ალმაცერად უყურებს, მაგრამ იმედია, გვაპატიებს. ცხადია, ეს ისტორია სულ ასე მხიარული და მშიდი არ ყოფილა, ბევრი ომი გვაქვს მე და თომას გადატანილი, რომ ყველა დავალება სრულად მზად ყოფილიყო მეორე დილისთვის. მიუხედავად ყველაფრისა, მეც მიხაროდა ჩემი ყოჩაღი ბიჭი და მასაც უხაროდა ექიმი მასწავლებლის ყოლა. ვიმედოვნებ, რომ ჩემი წვლილიცაა იმაში, რომ თომა დღეს მარტო ასრულებს საშინაო დავალებას და კარგი ბიჭია. მართალია, ხშირად ვერ ვნახულობთ ერთმანეთს, მაგრამ მაინც გვიყვარს ერთმანეთი.

მე და მედიცინა

თომას არდადეგების მერე თავი ბლექველის კლინიკაში ამოვყავი. ეს იყო ერთადერთი იღბლიანი შემთხვევა, როცა სადღაც რეზიუმე გავგზავნე, ამიყვანეს და ფრიად გამიმართლა. დღემდე მახსოვს ჩემი და დამსაქმებლის პირველი დიალოგი და შეკითხვა, სად გირჩევნია მუშაობა, მიმღებში თუ რეანიმაციაშიო. მიუხედავად იმისა, რომ არ მინდოდა, რეანიმაცია ავირჩიე და არც არასდროს მინანია. ეს სწორედ ისეთი Intermission მომენტი იყო, როცა ჰოლივუდური მუსიკა უნდა უკრავდეს და ფონზე მტრედები დაფრინავდნენ. 😀
ამ ამბავს ხშირად გავარდნას ვეძახი ხოლმე იმის გამო, რომ ძალიან კარგი ხალხი გამაცნობინა, რომლებთანაც უკვე სხვა ადგილას, თუმცა დღემდე ბედნიერად ვმუშაობ და უამრავ რამესაც ვსწავლობ.

სამსახურზე სამედიცინო სფეროში ადრეც ვწერდი და იმაზე ვყვებოდი, რამდენად უნდა დააფასო სხვა ადამიანებისა და შენი შრომა. პრინციპში, ეს პოსტიც ამაზეა, რადგანაც ადვილი სამსახური არ არსებობს, თუმცა შრომა სასიცოცხლოდ საჭირო რამაა.

ზუსტად ამიტომაც, ეს არც თავის დროზე ყოფილა ადვილი და დღეს უფრო რთულია. კარგა ხანია, გადავწყვიტე, რომ ეს ყევლაფერი არასდროს გაადვილდება, რადგანაც ერთ კარს რომ სცდები, მეორე უფრო რთულსაკეტიანი გხვდება წინ. საკეტზე ცდა კი ბევრი არ გაქვს.

ჩვენი სფერო არ გამოირჩევა უკლებლივ ყველა ბედნიერი ფინალითა და ნაკლებსტრესული გარემოთი. რას იზამ, ცხოვრება ასეთია, განსაკუთრებით კი გადაბმულ 24 საათში. თუმცა ჩვენს გვიყვარს ერთმანეთი, დღესასწაულებს აღვნიშნავთ და დაბადების დღის სპურპრიზებსაც ვაწყობთ ხოლმე. აი, ასე გამოიყურება ჩვენი საყვარელი პაციენტისა და ლექტორის დაბადების დღე ჩვენთან. იმედია, მე და ბატონ ტემურს აგვისრულდება სურვილი და ნანატრ ყავას მალე დავლევთ მის კაბინეტში, კათედრაზე.

ექიმის შრომას რომ კაციშვილი არ აფასებს მაინც, ამაზე ცალკე წიგნია დასაწერი, ერთი პოსტიც კი არ კმარა. თუმცა ეს სხვა დროს.

და ბოლოს

და რა უნდა ითქვას ბოლოს? ყევლა სამსახური რომ დასაფასებელია? რომ გჭირდება თუ არა ფული, საჭიროა იმუშავო იმის გამო, რომ საკუთარ თავს ბევრი ამ ასწავლო? იმის გამო, რომ ნახო, რა გემრიელია შენი გამომუშავებული 40 ლარი? რომ ნახო, რა მხიარული შეიძლება იყოს რეანიმაცია დილის 6 საათზე? თქვენი გადასაწყვეტია.

თუმცა მე, როგორც სამსახუროფილი (aka. workaholic-ი) მაინც გირჩევდით, მოეშვათ დედ-მამის, და-ძმისა და ბებია-ბაბუის კმაყოფაზე ცხოვრებას და ამის იმ ამბით გამართლებას მოეშვათ, რომ ბავშვი გყავთ, ქმარს ცხელ სადილს ევრ ახვედრებთ, სწავლას ვერ ასწრებთ, დამსაქმებელი არ მოგწონთ და გართობისთვის დრო არ გრჩებათ. გახსოვდეთ, რომ სოციალისტური გაცვეთილი ფრაზა “ადამიანი შრომამ შექმნაო”, ტყუილი არ გახლავთ.

მომავალ პოსტამდე.

როგორ დავტოვე სამსახური


როგორ და აი, ასე! თუმცა მანამდე ბევრი რამაა მოსაყოლი. მიუხედავად იმისა, რომ ათასნაირ სამსახურში მიმუშავია, დღეს მხოლოდ მედიცინაზე მოგიყვებით. ამ წუთას ეს და მხოლოდ და მხოლოდ ეს საკითხი წიკწიკებს ჩემს თავში.

იყო და არა იყო რა, იყო ერთი ღამის ცვლა საავადმყოფოს მიმღებ განყოფილებაში 2 წლის წინ, 28 დეკემბერს, სადაც სულ სულ პირველად ამოვყავი თავი. შთაბეჭდილებები? აი, ასეთი:

shifts
ემოცია :I’mFuckedUp:

ზოგიერთებს შეიძლება გახსოვთ კიდეც ამ პირველი მორიგეობებისადმი მიძღვნილი ბლოგ-პოსტი, სადაც ჩვეულ მიმღებისეულ არეულობაზე ვწერდი.

რა შეიცვალა ამის შემდეგ? ალბათ ის, რომ ასეთი სახე აღარ მაქვს ხოლმე (ხშირად) და უკვე მეორე სამუშაო ადგილი გამოვიცვალე. რესპუბლიკურ საავადმყოფოსთან ერთი წელი, ყველაზე კარგი გამოცდილება და საუკეთესო მეგობრები მაკავშირებენ. სამწუხაროდ, ნაწილს სამუშაო, მეორე ნაწილს კი მოახლოებუილი რეზიდენტურის გამოცდა გვიმწარებს სულს და ხშირად ვეღარ ვნახულობთ ერთურთს. თუმცა სიყვარულისა და ღიმილის გაცვლაში ეს ამბავი მაინც ვერ გვიშლის ხელს. რესპში (როგორც რესპუბლიკურს ვეძახით ხოლმე შინაურები) უხელფასოდ ვმორიგეობდი. და მიუხედავად იმისა, რომ ფინანსური სარგებელი არ მქონია, ძალიან, ძალიან დიდი პრაქტიკული გამოცდილება მივიღე, რის გამოც მადლობის მეტი ნამდვილად არაფერი მეთქმის.

10517177_652113748192669_662526318_n
თუ სასახურის გასახდელში არ დაგისვენია, რაა მამული

ძალიან ბევრია საავადმყოფო, სადაც თავისუფლად მოგცემენ საშუალებას, უხელფასო პრაქტიკანტად იმუშაო. ამ მეთოდში ბევრი დადებითი არსებობს: მეტწილად საშუალება გაქვს, გრაფიკი არეგულირო, მეტი პროცედურა ნახო, თუმცა დიდი მინუსი ისაა, რომ შენი, როგორც უხელფასო არსების პასუხისმგებლობის გრძნობა ნელნელა იკლებს. ასეა თუ ისე, ფინანსური ფაქტორი გაიძულებს, მეტი შრომისმოყვარეობითა და ყურადღებით მოეკიდო თუნდაც საყვარელ საქმეს და იმის შიში არ გაგიჩნდეს, რომ კარგავ ენთუზიაზმსა და პატივისცემას ისეთი რამეებისადმი, რისი კეთებაც მთელი ცხოვრება მოგიწევს. სწორედ ამიტომაც ძალიან მნიშვნელოვანია, ანაზღაურებადი (თუნდაც მინიმალური თანხის) პრაქტიკა გაიარო და მცირედი შემოსავალი საკუთარი საკვების საყიდლად მაინც გეყოს. სწორედ ამ ფაქტის გააზრებამ მაიძულა, დამეტოვებინა ჩემი კომფორტის არეალი და გამოვსულიყავი გარეთ.

ამის მერე იყო სხვა სამსახური და ჩავარდნის რამდენიმე თვე, თუმცა ცოდვა გამხელილი სჯობს, გადაღლილიც ვიყავი და ასე ვარჩიე. ნამდვილი ხელოვნებაა, ღამე გაათიო სამსახურში და დილით ლექციაზე არ ჩამოგეძინოს. მე კი ამ ნიჭს მხოლოდ სულ ცოტა ხნის წინ დავეუფლე, ასე რომ 😀

წელს, სადღაც ივნისის ბოლოს გადავწყვიტე, რომ უკვე საკმარისი იყო, რომ უკვე მჭირდებოდა შესაბამისი სამსახური, სადაც ვიმუშავებდი და ანაზღაურებც მექნებოდა, ამიტომაც საძიებო საიტებს მივაშურე და შედეგმაც არ დააყოვნა: თავი ელიზაბეტ ბლექველის კლინიკის რეანიმაციულ (და ხანდახან მიმღებ) განყოფილებაში  ამოვყავი ექთნის თანაშემწედ.

მიუხედავად იმისა, რომ ბლექველში (ასე ვეძახით აქაურობას შინაურები) მხოლოდ 4 თვე გავატარე, საკმაოდ ბევრს ვმუშაობდი. ანაზღაურება გასაოცარი არა, თუმცა სტუდენტისთვის ასე თუ ისე საკმარისი მქონდა და მეც ჩემს საქმეს მშვიდად და აუღელვებლად ვაკეთებდი. იცით, როცა ისეთი სამუშაო გაქვს, როგორიც ჩვენია, ყველანი ერთი ოჯახივით ხდებით, ფაქტიურად ერთად ცხოვრობთ. და როცა კარგ ადამიანებთან ერთად გიწევს შრომა, შენი საქმე ერთი-ორად მსუბუქდება. ჰოდა, მეც ბედნიერი ვარ გითხრათ, რომ ამ ადგილის სახით კიდევ ბევრი კარგი მეგობარი და ახალი ოჯახი შევიძინე.

თუმცა, ასე იყო თუ ისე, გუშინ ბოლო გადარეული მორიგეობა მქონდა რეანიმაციაში. დღეიდან ბლექველის თანამშრომელი აღარ ვარ. დიდი ხნის წინ მივეცი ჩემს თავს პირობა, რომ დავაფასებდი და შევაფასებდი საკუთარ შესაძლებლობებს, შრომას და პატივს ვცემდი სურვილებს, რომელიც სადმე უკეთესისკენ წამიყვანდა. სწორედ ამ ფინანსურ და შრომით კრიტერიუმებში ვერ გავუგეთ მე და ჩვენმა ადმინისტრაციამ, სწორედ ამიტომაც ახალი კონტრაქტი არ გავაფორმე, დავწერე ცხოვრებაში პირველი განცხადება სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ და წამოვედი.

როგორც აღმოჩნდა, წამოსვლა ძნელი არ ყოფილა. უფრო რთული კარგი ადამიანების დატოვება გახდა. ამ კლინიკამ ბევრი რამ მომცა და მასწავლა, რისთვისაც ნამდვილად ვარ მადლიერი. ბოლოს და ბოლოს პირველი კარადის გასაღებიც ხომ აქ მომცეს :D.

თუმცა ყოველთვის უნდა გქონდეს უკეთესის იმედი. უკეთესთან ერთად მე ახლა თავისუფალი საფიქრალი და საძილე დროც მაქვს.

რა შემიძლია გითხრათ ყოველივე ამის შემდეგ? მხოლოდ ის, რომ დააფასეთ საკუთარი შრომა, საკუთარი ჯანმრთელობა და სურვილები. გახსოვდეთ, როგორც თქვენ აღიქვამთ და პატივს სცემთ საკუთარ თავს, ისევე აღგიქვამენ სხვებიც. ასე, რომ დასხედით და კარგად დაფიქრდით,  გაბედნიერებთ თქვენი სამუშაო, ოჯახი ან ურთიერთობები? არა? მაშინ თქვენ უკვე იცით, რა უნდა გააკეთოთ.

კარგად იყავით. მორიგ სამსახურამდე.