მარიამი


2 საათის წინ, ტრანსპორტში მჯდომმა უნებურად გავიფიქრე, რომ დღევანდელი დღე ძალიან ბედნიერი გამოდგებოდა. აი, ხომ გამოგიცდიათ უცნაური გრძნობა, როცა ზუსტად იცი, რომ ყველაფერი კარგად რომ იქნება? ყველაფერი ასე აგიხდეთ, მეგობრებო. ზუსტად ასე!

10 წუთის წინ 9 თვის ნანატრ ზარს ვუპასუხე, ყურმილის მეორე მხრიდან კი ნამდვილმა სუპერგოგომ, უკვე 2 შვილის დედამ მეორე ბაჭიას დაბადების ამბავი მამცნო. ადრეც ვწერდი და ახლაც გავიმეორებ: ნამდვილი სიხარული ისაა, სხვისი 3 კილო და 700 გრამიც რომ გიხარია!

მე და მარიამმა ერთმანეთი პირველად ალბათ სკოლაში ვნახეთ, პირველ კლასში. მახსოვს, გამხდარი, შავთმიანი გოგო იყო. თავიდან არ გვიმეგობრია. ცოდვა გამხელილი სჯობს და, არც მახსოვს, როგორი ურთიერთობა გვქონდა სადღაც მერვე კლასამდე. ის კი მახსოვს, რომ ერთ დღესაც მესამე რიგიდან პირველისკენ გავიხედე, მეორე მერხზე მჯდომი ეს გოგო დავინახე და მკვიდრად გავდაწყვიტე, რომ მარიამი ამიერიდან ჩემი მარიამი გახდებოდა.

სკოლის მერე დიდ ხანს ვბოდიალობდით ხოლმე პარკში, მყუდრო, ვიწრო ქუჩებში და ყვითელ ფოთლებს ვაგროვებდით. იდუმალას ქუჩაზე ახლაც დგას მწვანე ღობეში ჩამალული უცნაური ყვავილის მქონე ხე, რომელსაც ხშირად შევყურებდით ხოლმე ქვევიდან ჰერბარიუმით გატაცებულნი.

ბევრი რამ გამოვიარეთ მას მერე, გავიზარდეთ, პრიორიტეტები შეგვეცვალა, აღარც ჰერბარიუმს ვაგროვებთ გარდა გასაკუთრებული შემთხვევებისა. თუმცა მთავარი ყველაფრის მიუხედავად უცვლელი  დარჩა: ისევ გვიყვარს ერთმანეთი და დღეს ხეებს კი არა, მარიამის გულს, ჩემს ნათლულს შევყურებთ ხოლმე მანეჟში მოგორიალეს. ტექნიკურად 4ნი

თუმცა ყველაზე სასაცილოდ მაინც ის მახსოვს, მარიამის ქორწილის წინა ღამეს როგორ ვაკეთებდით მარიამის თმის სამაგრს ჩვენი ხელით სიძისგან ნათხოვარი წებოთი. რამდენიმე ასეთი მოგონებაც უნდა გქონდეს ადამიანს.

ძალიან უცნაურია, როდესაც ორ უცხო ადამიანს საერთო არამატერიალური საკუთრება აქვს. ეს ფენომენი დღემდე ამოუხსნელია ჩემთვის. მიუხედავად ამისა, ყოველდიური გრძნობები და სიყვარული მუდმივად გროვდება ჩვენს გულებში, როგორც ძველ ფორტეპიანოს ედება ხოლმე სქელი და მბზინავი მტვრის ფენა.

მარიამი ყოველთვის ჩემზე ძლიერი გოგო იყო. მე ვერასდროს გავბედავდი, სულ მემუშავა, 20 წლისას ჩემი ცხოვრების სიყვარული მეპოვნა, 21-სას ოქროსკულულა კუპიდონივით ბიჭი მყოლოდა, 23-ისას კი ყველაზე ლამაზი გოგო გამეჩინა ამ ქვეყნად. მე მშიშარა ვარ, მარიამი კი მამაცია.

მუხედავად იმისა, რომ სიკვდილზე მეტად იმის მეშინია, რომ იდესმე შეიძლება მეც მქონდეს ოჯახი, მარიამი ჩემთვის იმის იდეალი და მიზანია, რომ ქალს შეუძლია, ჰქონდეს ყველაფერი: საყვარელი სამუშაო, მეორე ნახევარი და ორი ანგელოზი; შენი გუნდი, რომელიც სულ შენთან იქნება.

აი დღესაც, სადღაც სამშობიაროში 3 კილო და 700 გრამიანი ვარდისფერი ბამბის ქულა ზუზუნებს, ახალ და ცივ  სამყაროს ეჩვევა და მარიამიც დაღლილია. მე კი შორიდან მიყვარს ისინი. თუმცა, სივრცეს პირობითია ზუსტად ისევე, როგორც სიყვარული. მე ხომ სადღაც ზუსტად მაშინ ვიფიქრე, რომ ყველაფერი კარგად იქნებოდა, როცა პატარა ელენიკო მოევლინა დედამიწას.

სიყვარულს ყველა სივრცის დაძლევა შეუძლია. განსაკუთრებით თუ ეს სიყვარული სუპერგოგოებს ეკუთვნით. ზუსტად ისეთებს, როგორიც მარიამია.

 

ჩემი 24


24 წელი უცნაური თარიღია. ეს რიცხვი არც ოცდახუთია, მეოთხედი საუკუნე რომ დაუძახო და იამაყო და არც 23, რომ ჯერ კიდევ ახალგაზრდად ჩათვალო თავი. 24 წელი ის დროა, როცა ხვდები, რომ  არც იქითა ხარ და არც აქეთ. დრო, როცა იაზრებ, რომ უკვე გაიზარდე.

დღეს ბევრი უცნაურობა მოხდა.

დაბადების დღს ღამეს ჭეშმარიტი მედიკივით სამსახურში შევხვდი წამლებით ხელში და უცებ ერთბაშად ვიგრძენი, რომ აქაც ვუყვარვარ ხალხს. ისინი მაფასებენ იმდენად, რომ სიურპრიზიც მომიწყვეს ისე, რომ მე, ბატმა, ვერც გავიგე და გემრიელი შოკოლადის ტორტითაც გამანებივრეს.

დღეს დილით კი ქუჩაში ჩემს ხელში მოკვდა სრულიად უცხო ადამიანი. მიუხედავად იმისა, რომ მისი გადარჩენა სრულიად კვალიფიციურად ვცადეთ, მაინც არაფერი გამოვდა ამ საქმიდან. ეს იყო პირველი ქუჩის CPR, რომელიც, სამწუხაროდ, წარუმატებელი აღმოჩნდა.

tumblr_o1bisr5jZ41tvtrqdo1_500

მიუხედავად იმისა, რომ ზოგადი ფონი ამწუთს ძალიან არასახარბიელო მაქვს, მეგობრებს მაინც არ მივუტოვებივარ. თითქმის ყველა მესტუმრა მორიგეობით, ვისაც როგორ და როდის შეეძლო. ჩემი პაწია ნათლულიც მოგორდა დღეს და საპატიოდ დაიკავა ნათლიას დაბადების დღის პირველი სტუმრის სტატუსი.

დღეს სტუმრად მოვიდა ნათლიაც, რომელიც საუკუნეა, აღარ მინახავს და ჩამოვიდა საზღავრგარეთიდან ჩემი მეგობარი, რომლის გამოჩენასაც ყველაზე ნაკლებად ველოდებოდი ჩემს მისაღებ ოთახში.

ჩემი მეგობრების დანარჩენმა ნაწილმა საღამოს ორგანიზება ჩაიბარა, დანარჩენებმა კი იმაზე იზრუნეს, რომ ამ სეზონზე ახალი ტანსაცმლის ყიდვა არ დამჭირდეს, კარგად გამოვიყურებოდე, არაფხიზელი ვიყო პერიოდულად და კარგი სუნიც ამდიოდეს ბანაობის შემდეგ.

დღევანდელმა ძალიან, ძალიან არაორდინალურმა დაბადების დღემ დამარწუნა იმაში, რომ არასდროს უნდა თქვა, ამაზე უარესი რა დამემართებაო და ყოველთვის უნდა გჯეროდეს უცნაური და კეთილი მოულოდნელობებისა. კიდევ ყოველთვის უნდა გახსოვდეს, რომ ცხოვრება მოკლეა და მატერიალური ფასეულობები კიდევ ძალიანაც გამოუსადეგარი, რადგან როცა კვდები თან არაფერი მიგაქვს, ხანდახან საკუთარი სულიც კი.

კაცობრიობას ბედნიერებისთვის სხვა ადამიანები და ერთმანეთის სიყვარული სჭირდება, ესაა და ეს.

ბევრ ბედნიერ მომავალ დაბადების დღეს გისურვებთ.

რით განვსხვავდებით მე და შენ?


“ყველა ადამიანი იბადება თავისუფალი და თანასწორი თავისი ღირსებითა და უფლებებით. მათ მინიჭებული აქვთ გონება და სინდისი და ერთმანეთის მიმართ უნდა იქცეოდნენ ძმობის სულისკვეთებით.”

“ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია”;
მუხლი 1.
1948 წლის 10 დეკემბერი

როგორ ფიქრობ, რით განვსხვავდებით მე და შენ?

მე ჯანმრთელი, “ჩვეულებრივი” ადამიანი ვარ; ორი ხელი მაქვს, ორი ფეხი, ორი თვალი ( თუმცა 1 უვარგისია თითქმის 😀 ), ყურები, ცხვირი, ტუჩები. შენც ასე ხარ.

მე ვსწავლობ. ყოველ დილით ზოზინით ვიძღვიძებ, ჯაჯღანით ვთიშავ მაღვიძარას, ვჯდები ტრანსპორტში და უნივერსიტეტში მივდივარ. ვსწავლობ. შენც ალბათ ასე იქცევი.

იქნებ ერთ სახლში ვცხოვრობთ, ერთად ვმუშაობთ, ვსწავლობთ, ვმგზავრობთ, ყოველ დღე ვხვდებით ერთმანეთს.

მე ჩემი ინტერესები და ჰობი მაქვს. სერიალები  და წიგნები მიყვარს. შენც ხომ გაქვს შენი მიკროსამყარო!

მე ბიჭები მომწონს. შენც, თუმცა სულ არაა აუცილებელი, შენც გოგო იყო და ეს ნორმალურია. ჩვენ ხომ ორივეს გვაქვს სიყვარულის უნარი. დამიჯერე, მთავარი მხოლოდ ესაა!

დედამიწზე 6 მილიარდი ადამიანი ცხოვრობს და ყველა განსხვავებულია ერთმანეთისგან. შენ ისევე, როგორც მე განსაკუთრებული ხარ საკუთარი სამყაროთი, მეგობრებით, ინტერესებით, ურთიერთობებით, ყველაფრით. თუ შენი გენდერული იდენტობა განსხვავდება საზოგადოებაში მიღებული სტერეოტიპისაგან, მერე რა? შენ უფლება გაქვს, იცხოვრო თავისუფლად, ყოველგვარი ვალდებულებებისა და სტიგმის გარეშე. ნორმიდან გადახრა კი ყოველთვის ცუდი ნუ გგონია.

ერნესტო ჩეგევარა წერდა, რომ რევოლუცია პირველ რიგში ჩვენს გულებში უნდა მოხდეს. ყველას ჩვენი წილი სამყარო გვაბარია. არასდროს შეგეშინდეს და შეგრცხვეს იმის, თუ ვინ ხარ. შეცვალე სამყარო შენ გარშემო და და ის უკეთესი გახდება, თუ უფრო მეტნი იქნებით ადამიანები, რომლებიც მოვლენებს აღიქვამენ სწორად და პერსპექტივაში. ისეთები, რომლებიც სხვაში ჯერ მეგობარს და მეორე ადამიანს ხედავენ და მერე სქესს, სოციალურ სტატუსსა თუ რაიმე სტიგმას.

ვიცი, შენი ცხოვრება არ იქნება ადვილი. არ იქნება იმიტომ, რომ ჯერ კიდევ ძალიან ბევრია ადამიანი, რომელიც არასდროს დაფიქრებულა საერთოდ არაფერზე; რომელიც ვერასდროს მიხვდება შენს განსაკუთრებულობას, ვერ ან არ დაინახავს შენში ადამიანს და ფერად სამყაროს, რადგანაც არ უნდა, თვალებთან მიტანილი ხელის მოცილება…

თუმცა მე აუცილებლად დაგეხმარები! გულღიად მიგიღებ, გიმკურნალებ, დავიცავ შენს ცხოვრებას უცხო თვალისაგან. მე ვასწავლი ჩემს მეგობრებს, კოლეგებს, ოჯახის წევრებს, შვილს, სამყაროს ჩემ გარშემო, რომ პატივი გცეს შენ, შენს პირად ცხივრებას. ავუხსნი, რომ შენთან მეგობრობა რაიმეს ღალატი კი არა, ჩვეულებრივი ამბავია და რომ კარგი მეგობარი გაცილებით მეტი ღირს, ვიდრე სხვა რაიმე სტერეოტიპი და ფასეულობა…

სტიგმებს ჩვენვე ვქმნით ჩვენი მოქმედებითა თუ უმოქმედობით. ჩვენი საუკუნე კი ნამდვილად არაა ის დრო და ადგილი, სადაც შენ უნდა იჩაგრებოდე სიყვარულისთვის. მე მინდა შენთან მეგობრობა. შენ?


971181_650597071633160_1162328483_n
www.studentsclub.ge

1380505_704629529566757_625834266_n 1391996_704629586233418_1196885450_n