როგორ დავტოვე სამსახური


როგორ და აი, ასე! თუმცა მანამდე ბევრი რამაა მოსაყოლი. მიუხედავად იმისა, რომ ათასნაირ სამსახურში მიმუშავია, დღეს მხოლოდ მედიცინაზე მოგიყვებით. ამ წუთას ეს და მხოლოდ და მხოლოდ ეს საკითხი წიკწიკებს ჩემს თავში.

იყო და არა იყო რა, იყო ერთი ღამის ცვლა საავადმყოფოს მიმღებ განყოფილებაში 2 წლის წინ, 28 დეკემბერს, სადაც სულ სულ პირველად ამოვყავი თავი. შთაბეჭდილებები? აი, ასეთი:

shifts
ემოცია :I’mFuckedUp:

ზოგიერთებს შეიძლება გახსოვთ კიდეც ამ პირველი მორიგეობებისადმი მიძღვნილი ბლოგ-პოსტი, სადაც ჩვეულ მიმღებისეულ არეულობაზე ვწერდი.

რა შეიცვალა ამის შემდეგ? ალბათ ის, რომ ასეთი სახე აღარ მაქვს ხოლმე (ხშირად) და უკვე მეორე სამუშაო ადგილი გამოვიცვალე. რესპუბლიკურ საავადმყოფოსთან ერთი წელი, ყველაზე კარგი გამოცდილება და საუკეთესო მეგობრები მაკავშირებენ. სამწუხაროდ, ნაწილს სამუშაო, მეორე ნაწილს კი მოახლოებუილი რეზიდენტურის გამოცდა გვიმწარებს სულს და ხშირად ვეღარ ვნახულობთ ერთურთს. თუმცა სიყვარულისა და ღიმილის გაცვლაში ეს ამბავი მაინც ვერ გვიშლის ხელს. რესპში (როგორც რესპუბლიკურს ვეძახით ხოლმე შინაურები) უხელფასოდ ვმორიგეობდი. და მიუხედავად იმისა, რომ ფინანსური სარგებელი არ მქონია, ძალიან, ძალიან დიდი პრაქტიკული გამოცდილება მივიღე, რის გამოც მადლობის მეტი ნამდვილად არაფერი მეთქმის.

10517177_652113748192669_662526318_n
თუ სასახურის გასახდელში არ დაგისვენია, რაა მამული

ძალიან ბევრია საავადმყოფო, სადაც თავისუფლად მოგცემენ საშუალებას, უხელფასო პრაქტიკანტად იმუშაო. ამ მეთოდში ბევრი დადებითი არსებობს: მეტწილად საშუალება გაქვს, გრაფიკი არეგულირო, მეტი პროცედურა ნახო, თუმცა დიდი მინუსი ისაა, რომ შენი, როგორც უხელფასო არსების პასუხისმგებლობის გრძნობა ნელნელა იკლებს. ასეა თუ ისე, ფინანსური ფაქტორი გაიძულებს, მეტი შრომისმოყვარეობითა და ყურადღებით მოეკიდო თუნდაც საყვარელ საქმეს და იმის შიში არ გაგიჩნდეს, რომ კარგავ ენთუზიაზმსა და პატივისცემას ისეთი რამეებისადმი, რისი კეთებაც მთელი ცხოვრება მოგიწევს. სწორედ ამიტომაც ძალიან მნიშვნელოვანია, ანაზღაურებადი (თუნდაც მინიმალური თანხის) პრაქტიკა გაიარო და მცირედი შემოსავალი საკუთარი საკვების საყიდლად მაინც გეყოს. სწორედ ამ ფაქტის გააზრებამ მაიძულა, დამეტოვებინა ჩემი კომფორტის არეალი და გამოვსულიყავი გარეთ.

ამის მერე იყო სხვა სამსახური და ჩავარდნის რამდენიმე თვე, თუმცა ცოდვა გამხელილი სჯობს, გადაღლილიც ვიყავი და ასე ვარჩიე. ნამდვილი ხელოვნებაა, ღამე გაათიო სამსახურში და დილით ლექციაზე არ ჩამოგეძინოს. მე კი ამ ნიჭს მხოლოდ სულ ცოტა ხნის წინ დავეუფლე, ასე რომ 😀

წელს, სადღაც ივნისის ბოლოს გადავწყვიტე, რომ უკვე საკმარისი იყო, რომ უკვე მჭირდებოდა შესაბამისი სამსახური, სადაც ვიმუშავებდი და ანაზღაურებც მექნებოდა, ამიტომაც საძიებო საიტებს მივაშურე და შედეგმაც არ დააყოვნა: თავი ელიზაბეტ ბლექველის კლინიკის რეანიმაციულ (და ხანდახან მიმღებ) განყოფილებაში  ამოვყავი ექთნის თანაშემწედ.

მიუხედავად იმისა, რომ ბლექველში (ასე ვეძახით აქაურობას შინაურები) მხოლოდ 4 თვე გავატარე, საკმაოდ ბევრს ვმუშაობდი. ანაზღაურება გასაოცარი არა, თუმცა სტუდენტისთვის ასე თუ ისე საკმარისი მქონდა და მეც ჩემს საქმეს მშვიდად და აუღელვებლად ვაკეთებდი. იცით, როცა ისეთი სამუშაო გაქვს, როგორიც ჩვენია, ყველანი ერთი ოჯახივით ხდებით, ფაქტიურად ერთად ცხოვრობთ. და როცა კარგ ადამიანებთან ერთად გიწევს შრომა, შენი საქმე ერთი-ორად მსუბუქდება. ჰოდა, მეც ბედნიერი ვარ გითხრათ, რომ ამ ადგილის სახით კიდევ ბევრი კარგი მეგობარი და ახალი ოჯახი შევიძინე.

თუმცა, ასე იყო თუ ისე, გუშინ ბოლო გადარეული მორიგეობა მქონდა რეანიმაციაში. დღეიდან ბლექველის თანამშრომელი აღარ ვარ. დიდი ხნის წინ მივეცი ჩემს თავს პირობა, რომ დავაფასებდი და შევაფასებდი საკუთარ შესაძლებლობებს, შრომას და პატივს ვცემდი სურვილებს, რომელიც სადმე უკეთესისკენ წამიყვანდა. სწორედ ამ ფინანსურ და შრომით კრიტერიუმებში ვერ გავუგეთ მე და ჩვენმა ადმინისტრაციამ, სწორედ ამიტომაც ახალი კონტრაქტი არ გავაფორმე, დავწერე ცხოვრებაში პირველი განცხადება სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ და წამოვედი.

როგორც აღმოჩნდა, წამოსვლა ძნელი არ ყოფილა. უფრო რთული კარგი ადამიანების დატოვება გახდა. ამ კლინიკამ ბევრი რამ მომცა და მასწავლა, რისთვისაც ნამდვილად ვარ მადლიერი. ბოლოს და ბოლოს პირველი კარადის გასაღებიც ხომ აქ მომცეს :D.

თუმცა ყოველთვის უნდა გქონდეს უკეთესის იმედი. უკეთესთან ერთად მე ახლა თავისუფალი საფიქრალი და საძილე დროც მაქვს.

რა შემიძლია გითხრათ ყოველივე ამის შემდეგ? მხოლოდ ის, რომ დააფასეთ საკუთარი შრომა, საკუთარი ჯანმრთელობა და სურვილები. გახსოვდეთ, როგორც თქვენ აღიქვამთ და პატივს სცემთ საკუთარ თავს, ისევე აღგიქვამენ სხვებიც. ასე, რომ დასხედით და კარგად დაფიქრდით,  გაბედნიერებთ თქვენი სამუშაო, ოჯახი ან ურთიერთობები? არა? მაშინ თქვენ უკვე იცით, რა უნდა გააკეთოთ.

კარგად იყავით. მორიგ სამსახურამდე.

როცა სიკვდილი მარცხი არ არის


დღეს არც თუ ისე დიდი ჰოსპიტალის არცთუ ისე დიდ მიმღებ განყოფილებაში ვმუშაობ. მორიგე ვარ. უკვე თითქმის 2 თვეა, დღეგამოშვებით ვმორიგეობ ასე და გადავიღალე. ახლა დილის 2 საათი და 48 წუთია. ეთიკა მოითხოვს, არ დასახელდეს ადგილი და მოქმედი გმირები, არ გამოიხატოს პირადი გრძნობანი და არ მოიყოლოს ყველაზე კარგი მოსაყოლი ამბები. რაღაც, უფრო სწორად, უმეტესობა რეგისტრატურის კარს მიღმა უნდა დარჩეს.

3c41a867ec5e1ad4410210bc27addd16

სულ მაინტერესებდა, რა ხდება კულისებში. არა, მარტო თეატრის კულისებში კი არა, მეტროს გვირაბებში, ტელეგადაცემების უკან, საავადმყოფოებში… და აი, დღეს მე თავად ვარ ეს კარისუკანა მედპერსონალი. ერთი შეხედვით, პრივილეგირებული ვარ: შემიძლია ვნახო ადამიანები, რომლებსაც გარეთ ახლობლების არმია საათობით ელის. ჩემი სამუშაოა, ხელი მიმიწვდებოდეს მათ ყველაზე დიდ განძთან – სიცოცხლესთან, მოვუარო მათ, ვუყურო ამ ადამიანების სიკვდილსა თუ გამოჯანმრთელებას…

სიკვდილს, დიახ, სიკვდილს. რაც თავი სამედიცინო სფეროში ამოვყავი, ეს თემა ჯერ მტკივნეული იყო იმდენად, რომ დღემდე მახსოვს პირველი ჩემს თვალწინ გარდაცვლილი პაციენტის გვარი, მერე ზედმეტად ფილოსოფიური გახდა ეს ყველაფერი,  შენდეგ რაღაცნაირად ცივი და ბოლოს, ერთ დღესაც აღმოვაჩინე, რომ ეს ამბავი სადღაც ჩემ იქით, მეზობელი სოფლის მდინარესავით მიედინება. მე სიკვდილს თითქმის ყოველ დღე ვხედავ. ვხედავ ადამიანებს, რომელნიც ცოცხლები არიან, მაგრამ უკვე მკვდრები. ისეთი ადამიანები, რომლებსაც უკვე იცნობ, რადგან თვეობით უვლი, ესაუბრები ათას სისულელეზე, ეუბნები, რომ ყველფერი კარგადაა…

ამ დროს ეს ადამიანები კვდებიან. კვდებიან მარტივად, ჩვეულებრივად, მშვიდად ან დიდი ფორიაქით. თუმცა, საბოლოოდ, ყველაფერი მთავრდება. ყველა გული ჩერდება, რამდენად კარგი და დიდიც უნდა იყოს მისი მფლობელი.

ბევრი კითხულობს, რას გრძნობს ამ დროს ექიმი?

ექიმი ვერფერს იგრძნობს გარდა იმ გარდაუვლობისა, რომ თავადაც მოკვდება. რომ ოდესმე მოკვდება ყველა, ვინც ექიმს უყვარს, ვისაც ის იცნობს. ეს ადამიანები დაგვტოვებენ სრულიად ჩვეულებრივ, ისეთ დროსა და მომავალში, რომლის განჭვრეტაც ჩვენ არ შეგვიძლია.

თითქოს ძნელი ჩანს. ამ დროს ეს აზრი ერთადერთი (და ალბათ სწორიც) გამოსავალია. ჩვენ ბევრს ვსწავლობთ. გვასწავლიან ანატომიას, გვეუბნებიან, რომ მედიცინა ფარმაკოლოგიაზე, დიაგნოსტიკაზე, ქირირგიაზე დგას. ამ დროს კი არავის ახსოვს სულ სულ მარტივი და ყველაზე საჭირო რამის სწავლება: როგორ შევხვდეთ ადამიანის სიკვდილს, მის გარდაცვალებას.

შეიძლება, ეს ყველაზე სწორია, შესაძლბელია, ყველაზე მცდარიც. მაგრამ მთავარი ისაა, რომ სიკვდილი არ არის წაგება. ის სიცოცხლის ლოგიკური დასასრულია.

აბა რატომ მუშაობს ექიმი ამდენს, თუკი ადამიანი მაინც კვდება? ალბათ, იმიტომ, რომ მასაც სურს, მეტი დრო ჰქონდეს იმ ადამიანებთან, ვინც უყვარს, თუმცა ისიც შეუძლია, სხვა ადამიანებსაც აჩუქოს საათები, დღეები, წლები საყვარელ ადამიანებთან ყოფნისთვის. კაცმა არ იცის, სად მთვრდება ამ დროს უმაღლესი ეგოიზმი და იწყება შიში იმისა, რომ შენც მოკვდები; ისე მოკვდები, როგორც შენი ნალოლიავები პაციენტების უმეტესობა კვდება, რომ მერე გაცივდები, ვიღაც მოგხედავს, ვიღაც შენს ახლობელს დაურეკავს ღამის 4 საათზე და ამ ამბავს დანანებით ეტყვის…

კაცმა არ იცის, მეგობრებო, კაცმა არ იცის…

თუ ვინმეს ღრმად მოუნდება ამ თემას ჩასწვდეს, მშვენიერი პუბლიკაცია შეგიძლიათ ნახოთ TED-ზე, მე კი ამავე ბმულზე დაწერილ ერთ ბოლო ჭეშმარიტებას მოგაშველებთ: სიკვდილი მარცხი არ არის, ეს ნორმალურია. სწორედ ასეთია სამყაროს ბუნებრივი წყობა.

დაე, ვიყოთ ბედნიერნი, სანამ გვაქვს დრო.