როგორ გავხდი დონორი


არის რაღაცე(ე)ბი, რისი გაღებაც მართლა ფასეული გახლავთ. სწორედ ასეთ ფასეულობათა რიგში შედის სისხლიც, რომელსაც სრულიად უანგაროდ აბარებ სხვისთვის. სიმართლე გითხრათ, დიდი ხანია მინდოდა, დონორი გავმხდარიყავი. ჰო, ვიცი, შეიძლება არაფერია იმაში განსაკუთრებული, რომ 407 მილილიტრ სისხლს აძლევ სხვას, თუმცა ამან მართლა შეიძლება, ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინოს. ამიტომაცაა ეს მნიშვნელოვანი.

ჰოდა, sms-მა დილით რომ მაუწყა, სამედიცინო უნივერსიტეტში დღეს ლეიკემიით დაავადებულ ბავშვთათვის სისხლი შეგიძლიათ, ჩააბაროთო, ღვთიურ ნიშნად მივიღე და დონორობისთვისაც მოვემზადე 😀 .

განსაკუთრებული არაფერია საჭირო: მთავარია, ფაქტიურად ჯანმრთელი იყოთ, ციკლი არ გქონდეთ (ცხადია, ეს პუნქტი ქალებს ეხებათ), არ იყოთ რაიმე ქრონიკული ინფექციური დაავადების (აივი, C ჰეპატიტი და ა.შ) მატარებელი და არ იღებდეთ გარკვეული სახის პრეპარატებს. ადგილზე მისულმა მოკლე კითხვარი შევავსე ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ. პროცედურამდე წნევაც გამიზომეს და სხვათა შორის სისხლის ჯგუფი და რეზუსიც განმისაზღვრეს. ჰოდა, მთელი ცხოვრება მეორე დადებითი რომ მეგონა ჩემი თავი, პირველი დადებითი ჯგუფი მქონია :D.

სისხლის ჩასაბარებლად გაშოტილი მე
სისხლის ჩასაბარებლად გაშოტილი მე

რადგანაც პირველად ვაბარებდი სისხლს, საპატიო ტახტიც დამითმეს. ჩხვლეტა მტკივნეული არ გახლავთ, თვითონ პროცესიც არაფრით გამორჩეული არაა, ერთი ეგაა, ბოლოსკენ ხელი ცოტათი დამიბუჟდა. როგორც ამიხსნეს, უანგარო დონორისაგან მიღებული სისხლის რაოდენობის ტანდარტი 400 მილილიტრი გახლავთ, თუმცა თუ შეგატყობენ, რომ ვერ იტანთ დანაკარგს, დროზე-ადრეც წყვეტენ პროცედურას.

მე ყველაფერი წარმატებით გადავიტანე, არც თავბრუ დამხვევია. რამდენიმე წუთი გამაჩერეს, მერე ცნობა მომცეს, რომ ნამდვილად ჩავაბარე სისხლი და შოკოლადის მსუყე ფილაც მოაყოლეს, რომლის ნაწილიც იქვე წამციცლა საუკეთესო მეგობარმა 😀

ნანემსარი ცოტათი მტკივა და წნევაც აშკარად დაბალი მაქვს, მაგრამ ისეთი ნამდვილად არაფერი მჭირს, რომ 3 დღეში ვერ აინაზღაუროს ჩემმა ჯანსაღმა ძვლის ტვინის ქსოვილმა და დონორობაზე უარის თქმად ღირდეს.

აი, ასე გავხდი დონორი. თქვენ ჩაგიბარებიათ სისხლი?

ER ანუ ზუსტად ისე, როგორც კინოში


ან უფრო უარეასად, მაგრამ ამაზე ქვემოთ.

ცოდვა გამხელილი სჯობს და თავის დროზე მეც სამედიცინო თემატიკის სერიალებმა შემაცდინა. მახსოვს, პატარა რომ ვიყავი, როგორი სიამოვნებით ვუყურებდი ხოლმე ER-ს და სულ მინდოდა, დღესასწაულები  ზუსტად ასე, სამსახურში გამეტარებინა ექიმი როსივით. ეს სურვილი გასაკუთრებით მახსოვს, რადგანაც სახლში გატარებული ყოველი ახალი წელი და დაბადების დღე მეზიზღებოდა ხოლმე. მერე ცოტა გავიზარდე, Doctor House წამომეწია და მეც მივხვდი, რომ Ugly ადამიანების ადგილი სწორედაც ასეთ სამუშაოზეა, სადაც არც პირადი ცხოვრებისთვის გრჩება დრო და არც სხვა არაფრისთვის.

ჰოდა, ბევრი რომ არ გავაგრძელო, ასე, ცოტათი გაუცნობიერებლად აღმოჩნდა ჩემი საბუთები სამედიცინოს სტუდენტთა სიაში. საბოლოოდ ყველაფერზე უარის თქმა არც ისეთი ადვილი აღმოჩნდა, როგორც ერთი შეხედვით ჩანდა, მაგრამ მეოთხე კურსამდე “სხვა დროისთვის” გადადებულმა მორიგეობის ღამეებმა შემახსენა თავი და მეც რესპუბლიკური საავადმყოფოს ER -ის ობსერვაციას მივაკითხე.

პირველი მორიგეობა 28 დეკემბერს ღამით  გვიწევდა. ფეხი არ მქონდა შედგმული ობსერვაციაში, რომ საომარი პოლიგონივით აქტიურ ადგილში გადავეშვი ცხვირით. გარშემომყოფთაც დრო არ დაუკარგავთ, ნემსები მომაჩეჩეს და აბა დავაი, ანალიზი წაიღე ლაბორატორიაშიო, მითხრეს.

თქვენ ვერც კი წარმოგიდგენიათ, რამდენი სიშტერე შეიძლება გააკეთოს ახალმა და უცოდინარმა პრაქტიკანტმა. ახლა დავფიქრდი და ისევ ER-ის გმირი, რეზიდენტი კარტერი და მისი მუდმივი საცოდაობა გამახსენდა. რაღაცით ძალიან წააგავს ჩემს ამბავს. 😀

tumblr_mybgr6uVup1qighn9o1_500

ისე კი, რომ არა ჩემი მეგობარი მარიამი, ვისი ძალისხმევითაც გელაშვილის ცვლაში ამოვყავი თავი, ცუდად იქნებოდა ჩემი საქმე, თანაც არაერთხელ.

წუხელ 5 ქსეროქსი რომ გადავიღე შეცდომით და წაღმა და უკუღმა მხარე ძლივს დავამთხვიე, მაშინ მივხვდი, რომ სხვა გზა არაა, საკუთარ შეცდომებზე უნდა ისწავლო.

ეჰ. სწავლის პროცესი ყოველთვის რთულია, განსაკუთრებით მაშინ, თუ თავიდანვე პრაქტიკულად ითვისებ ყველაფერს. იქ კი, სადაც  სისწრაფე ძალიან მნიშვნელოვანია, წვრილმანების ასახსნელად დრო არავის აქვს… ჰოდა, აი ასე დავიკარგე რამდენიმეჯერ პაციენტიან – ბორბლებიანი სავარძლიანად და პალატების მაგივრად ეხოს კაბინეტში ამოვყავი თავი. მერე ვეღარ ვიპოვნე ლაბორატორია და ერთი გზიდან წასული მეორე გზით ძლივს დავბრუნდი უკან ობსერვაციაში. ბოლოს ძლივს ვისწავლე, რომ  სტრაიკერი საავადმყოფოს საწოლია, ჩიხებს მულტიპროფილური განყოფილების პალატებს ეძახიან, ტრიაჟი ის ადგილია, სადაც ოპერატორი ზის, შესახვევი იგივე საპროცედუროა, მე-11 კი საძილე და საჭმელი ადგილი გახლავთ…

პირველი მორიგეობა მძიმე, მაგრამ საბოლოოდ ძალანაც მხიარული აღმოჩნდა. რამდენიმე მძინარე ადამიანი გაიბინტა, გაისკოჩა და ახლა რეზინის ხელთათმანების ნაძვის ხეც გვაქვს შოკის დარბაზში.

აი დღეს დილით მესამე მორიგეობიდან მოვედი, ლოგინში ჩავეშვი და საღამომდე არც კი გავნძრეულვარ. სიმართლე თუ გინდათ, ძალიან ძნელი და დამღლელი აღმოჩნდა ეს ყველაფერი. არა, იმიტომ არა, რომ მეზარება ან რაიმე მსგავსი, არა. უბრალოდ ეს საქმე მართლა ბევრ დროს, ენერგიასა და დაუფასებელ შრომას მოითხოვს, ესაა და ეს.

თუმცა მე მაინც კმაყოფილი ვარ. არაფერი შეედრება იმ შეგრძნებას, სულ პირველად ვენიდან რომ იღებ სისხლს, პირველივე ცდაზე საჭირო ადგილას მოხვდები და ბოლომდე გააკეთებ საქმეს იმის მიუხედავად, რომ შენი პაციენტი, პირობითად გოჩა, სასტიკადაა მთვრალი და ხელებს იქნევს.

იმედია, მომავალი წლის ამ დროს იმაზე აღარ მომიწევს მარჩიელობა, სისტემის სტოპ-კოკი რომელი მხრიდან იკეტება და ყველაფერი კარგად იქნება. სხვა რა გზაა. სწორედ მომავალი წლის შემაჯამებელ პოსტში მოვყვები, როგორი წითელი ვიყავი პირველ დღეს და რა სასტიკად მეშინოდა ვენის კათეტერის ამოღების. 😀

წარმატება მისურვეთ, ამჯერად ეს მართლაც მჭირდება.

გამოცდები სამედიცინოში N 2


ჩემს ადგილზე….

რას გააკეთებდა სხვა, ჩემს ადგილზე რომ იყოს?

ალბათ გაუხარდებოდა ყველა გამოცდის ჩაბარება და დაისვენებდა.

სამედიცინოს გამოცდები მართლაც ძალას გაცლის. ალბათ სხვაგან არსად არაა ამდენი უაზრო, არასაჭირო კათედრა, სწერვა ლექტორები და ძიძგილაობა lvl 99999…

მაშ ასე: ბიოქიმიის კათედრაზე უმეტესად ცხოვრება ეზარებათ. მარგველანის ხალხი ალბათ გამიგებს, რას ნიშნავს რეპლიკა “ამას ჩემი მეზობელი პიანისტკაც გაიგებდა…”.  და მერე იწყება საწყალი ნახშირბადისა და წყალბადის იონების სევდიანი ისტორია, რომელიც რაღაცით გავს სიზიფეს ამბავს. აი ქალბატონ ზოიას რაც შეეხება, მთელი სემესტრი დებილი ვეგონე მგონი. ისე, თბილი ქალია ძალიან.
ტოპანატომია: აქ ჯანდიერი ელის ხალხს სკალპელებით და მომჭერებით ხელში და ვაი მას, ვინც სკალპელსა და კოხერის მომჭერს ვერ გაარჩევს 🙂  მე თუ მკითხავთ, ტოპი საკმაოდ რთული საგანია, მით უმეტეს, თუ საბაზისო ანატომია არ იცი კარგად, მაგრამ თუ ქირურგობა გინდა, ესეც უნდა დაძლიო. მე მინდა საჯაროდ განვაცხადო, რომ არ მინდა, ქირურგი ვიყო და არ მომინდება არასდროს. 🙂მიკრობიოლოგია: აქ თვალს მოგჭრით გონოკოკები, სტაფილოკოკები, “მიკროსკოპთა სიმრავლე” … პედაგოგი კარგი შემხვდა წელს, ვერაფერს ვიტყვი, ზედმეტი პრობლემებიც არავის შექმნია ამ კათედრაზე, როგორც ვიცი…

ფიზიოლოგია: ჩემი საყვარელი საგანია. ქალბატონი ირინას, კათედრის გამგის ლექციებს არ სჯობს არაფერი. თუმცა აქ თუ არ იშრომე, ისე არაფერი გამოვა :). ფრიად საჭირო საგანია, ასე რომ თუ პირველკურსელი ხარ, მიაქციე ყურადღება ფიზიოს :).

ესეც ბელასა და მისი წითელი პომადისადმი მიძღვნილი რეჯი
ესეც ბელასა და მისი წითელი პომადისადმი მიძღვნილი რეჯი

ბიოეთიკა: ოოო, ეს თქვენი თვალით უნდა ნახოთ. თუ თქვენ აქამდე ბელა მამულაშვილზე არაფერი გაგიგიათ, ბედნიერი ადამინი ბრძანდებით. ბელა ალფა და ომეგაა ბიოეთიკის დარგში მთელს საქართველოში. ერთადერთი სპეციალისტი და მონოპოლისტი. ქალი, რომელსაც სტუდენტის აზრი ფეხებზე ჰკიდია და სტუდენტიც დაიკიდებდა მისას, ასეთი უხეში, უტაქტო და უაზრო გამოვლინებები რომ არ აწუხებდეს ბიოეთიკის მეცნიერებათა დოქტორს. თუ დამიჯერებთ, ამ საგანმა უფრო მეტი პრობლემა შეუქმნა სტუდენტებს, ვიდრე ფიზიომ, ტოპმა და ბიოქიმიამ ერთად… და საერთოდაც, ქალბატონ ბელას ეთიკის ნორმების გადახედვა და საკუთარი წიგნის კაი გემოზე დარედაქტირება არ აწყენდა. საგანიც გაცილებით საინტერესო იქნებოდა, ბელა პრიორიტეტებს თუ გადახედავს…

საოჯახო მედიცინა საერთოდ რისთვის არსებობს სამედიცინოში, ამიხსენით ვინმემ, თუ იცით….

საგანგებო: ოო აქ არ მოიწყენთ: ატომური ბომბები, ქიმიური იარაღი და რაც მთავარია, პირველი დახმარება და ბატონი კობა :))) ადამიანი ხოხმა 🙂 მთელ ჯგუფს დედლები გვეძახა წელს, ამისთანა ბიჭები ვის დაუთმეთ ჯგუფშიო.  🙂 .

ბატონი კობას აზრით, საქმე კეთდება 2 წესით: მთვრალი მაიმუნის და კაცური. თუ ნახვევი ცუდადაა დადებული, ესე იგი აქ მთვრალი მაიმუნია გარეული და ხარვეზი სასწრაფოდ უნდა აღმოიფხვრას. 🙂 კობამ გვასწავლა ნახვევის დადება, ყბის გახსნა, გულის მასაჟი და ბევრი საჭირო რამ, თან 2 ლექცია იმდენი გვაცინა, რომ მელატონინის საკმარისი დოზაც გამოგვაყოლა 🙂

როგორც იქნა, ჩავამთავრე მეორე კურსი და მიხაროდეს, თუ მეწყინოს, ვეღარ ვიგებ. იმდენად საშინელი მესამე კურსი მელოდება, ალბათ მოვკვდები, მაგრამ იქიდანაც ვეცდები, მოგიყვეთ ხოლმე ახალი ამბები 🙂 .

შემდეგ პოსტამდე 🙂