10 რამ, რაც დაგეხმარება, უკეთესი გახდე


არასდროს გააბრაზოთ ბლოგერი. ერთ დღესაც შეიძლება, მისი პოსტის გმირი გახდეთ.

Quote-girlpower

ოდესღაც ყველას, განსაკუთრებით კი გოგონებს გვასწავლიდნენ, კარგად მოვქცეულიყავით, ზედმეტად ხმა არ ამოგვეღო, თეფში კარგად მოგვეპრიალებინა… არის რაღაცე(ე)ბი, რასაც ყველა დედა, ყველა ბებია უჩიჩინებს ბავშვს. თუმცა, ეს განათლება საბოლოოდ საკმარისი და/ან სწორი არ არის ხოლმე. რატომ? იმიტომ, რომ არსებობს მოვლენები, რომლებსაც თავით უნდა შეასკდე მანამ, სანამ რაიმე რეალურს ისწავლი. თუმცა, ამას ბოლომდე სწავლასაც ვერ დაუძახებ, ეს უფრო თეზისებია, რომელსაც აცნობიერებ და ან იღებ, ან არა. აი, ასეთია ჩემი სია:

1. ძალიანაც კარგია, იყო გოგო.

ჰო! აი, რატომაა ცუდი? სანამ გავაგრძელებთ იმის თქმას ბიჭებისთვის, რომ გოგოსავით ნუ ტირის, გოგოსავით ნუ იქცევა, მანამდე შევცდებით ყოველთვის. დაფიქრდით და მიხვდებით, რომ ძალიან, ძალიან, ძალიან კარგია, როცა გოგო ხარ და როცა შენი ცხოვრება გაცილებით უფრო ემოციური და კრეატიულია, ვიდრე კაცების. ხედავთ ამაში რაიმე ცუდს? ჰოდა, ჩასძახეთ თქვენს შინაგან მეს და აუცილებლად ნახეთ ვიდეო!

2. სრულიად ჩვეულებრივი ამბავია, მენსტრუაცია გქონდეს

11040254_10202859988060915_210281946_n

Breaking: ყველა მდედრს, დაახლოებით 11-დან 50 წლამდე, მენსტრუაცია აქვს! არ უნდა ერქვას ამას “სტუმარი”, “თვის ბოლო”, “მომივიდა”, “ის მაქვს”, “უკან შემომხედე, რამე ხომ არ მაქვს”, “მუცელი მტკივა” ფრაზა შესაბამისი მზერით და ა.შ. ხალხნო! რომ არა მენსტრუაციული ციკლი, დღეს მე აქ ვერაფერს დავწერდი და არც წამკითხველი მეყოლებოდა. მენსტრუაცია სამარცხვინო და, მით უმეტეს, სასაცილო თემა არ გახლავთ. კიდევ უფრო უარესი, თუ ეს მამაკაცების მხრიდან ხდება. So, let’s menstruate fabulously, because we can!

3. გამოხატე შენი აზრი!

ნუ მოიხდი ბოდიშს ყოველთვის, ნუ ინერვულებ მთელ საათს, სანამ ამ ბოდიშსაც იტყოდე, ნუ ივლი უფროსის, დედამთილის, მეზობლის კართან მთელი დღე, ნუ დაელოდები უკეთეს შესაძლებლობას! გაქვს აზრი, რომელიც უნდა მოისმინონ? ღრმად ჩაისუნთქე და თქვი! თუ ეს ჯერ კიდევ არ გაგიკეთებია, წინ დიდი სიამოვნება გელის. გახსოვდეს, საკუთარი აზრის გამოთქმა საბოდიშო და სამარცხვინო არ არის მაშინაც კი (მომიტევონ კონსერვატორებმა), თუკი გოგო ხარ და თან მენსტრუაცია გაქვს.

123

4. არ მოითმინო შეურაცხყოფა!

არავის აქვს უფლება, უმიზეზოდ, თუნდაც ხუმრობით დააყენოს ეჭვქვეშ შენი ცოდნა და კომპეტენცია, “კაი ქალობა”, “კაი ბიჭის დობა”, ბოზობა, რელიგიურობა თუ კარგი ცოლობა. საქმე ის კი არაა, რამდენად მოხერხებულადაა მოწოდებული აღნიშნული შეურაცხყოფა. მთავარი ამბავი ისაა, რომ შენ არ ხარ ვალდებული, ეს აიტანო. სრულიად თავისუფლად შეგიძლია, ადგე და ასეთ ადამიანს თავაზიანად მოუწოდო, უკანალი დააყენოს და ისიამოვნო ამ ამბით.

5. შენი ცხოვრება არავის ეხება!

არ აქვს მნიშვნელობა, რას ამბობს შენი მეზობელი ნათელა და ბებიაშენის განაყოფი ბიძაშვილი დიდი ბაბუის მამინაცვლის მხრიდან, ლუიზა დეიდა დედაშენთან ყავაზე. შენ, კარგი თუ ცუდი, შენი ცხოვრება გაქვს, რომელშიც ლუიზას აწ უკვე დანაოჭებულ ცხვირს არაფერი ესაქმება. შეეგუე ამ ამბავს და შეეგუებიან სხვებიც.

6. ხანდახან მეგობრები ყველაზე დიდი თავის ტკივილია

ჰო, თითქოს ეს სოციუმის მონაპოვარი, მეგობარი, ცხოვრებას უნდა აადვილებდეს. მაგრამ ისეც ხდება, როცა ჩვენ ამ ადამიანებს ვჭირდებით, როცა სხვა გზა არაა იმის გარდა, რომ მოვიდნენ და ჩვენს მხარზე იქვითინონ. ხანდახან ჩვენ მათი პრობლემაც უნდა მოვაგვაროთ, გავუგოთ. ამისთვის მოთმინება დაგვჭირდება მკითხველნო. დიდი მოთმინება და სიყვარული, რომელიც აუცილებლად უნდა გაუზიარო შენს მეგობარს მოუხედავად სიმაღლისა, წონისა, ყოფილი ბიჭების ოდენობისა თუ დახარჯული ნერვებისა.

7. რელიგია არ არის მნიშვნელოვანი

თუ ღმერთს ესაუბრები, ის ალაჰის სახელითაც მოგისმენს და ისესოს სახითაც. დროა, გაიგო, რომ რეალურად არანაირი მნიშვნელობა აქვს, როგორია რიტუალი. მნიშვნელობა იმაშია, გვწამს თუ არა საერთოდ რამე. არ უნდა ვიყოთ ბრმანი და აღარ უნდა ვცხოვრობდეთ იმ სამყაროში, სადაც მენსტრუაცია ჯერ კიდევ უწმინდურობის ნიშანია, სადაც ჯერ კიდევ კამათობენ და იხოცებიან რელიგიის გამო, სადაც რელიგია მკვლელობას გაამართლებს. ოდესმე იმ შეგნებამდე უნდა მივიდეთ, რომ ჯერ არის ადამიანი და მის შემდეგ არსებობს ყოველნაირი აღმსარებლობა და შეხედულებები, რომლებიც, შეიძლება, არც კი იყოს სწორი.

8.  ძალიან ძნელია, ბავშვი იყო.

არსებობენ ბავშვები, რომლებიც არასდროს ინატრებენ, დაუბრუნდნენ ამ დროს. ვინ, ვინ და ყველა მშობელმა თავად იცის ამის მიზეზი. ამიტომაც კეთილი ინებეთ და აჩუქეთ ბავშვებს ისეთი ბავშვობა, რომელიც მათ კარგ ადამიანებად აქცევს.

9. შეიყვარე შენი თავი და სხეული, რომელშიც ცხოვრობ

ჯერ კიდევ არ არსებობს მეთოდი, რომლითაც შენს სხეულს სხვისაში გაცვლი. ჯერ კიდევ შეუძლებელია, შენ იმაზე მეტად შეგიყვაროს სხვამ, ვიდრე ეს თავად შეგიძლია. პატივი ეცი საკუთარ პიროვნებას, შეიყვარე შენი ცხვირის გამრუდებული ძგიდე, საძულველი ცელულიტები, სტრიები, ჭარბი წონა, თვალისა და თმის ფერი და მხოლოდ ამის შემდეგ იზრუნე სულისა და სხეულის სრულყოფაზე.

10. ურთიერთობები და ოჯახი არაა თვითრეალიზაციის ერთადერთი გზა

ძნელია, გქონდეს სხვა აზრი როცა გასწავლიან, რომ შენი მოვალეობა ოჯახის შექმნაა. როცა ამ დროს შენ შეგიძლია, კარგი ლიდერი იყო, გქონდეს სრულიად ბედნიერი ცხოვრება და თან მარტო იყო. ზოგჯერ ბედნიერება სულაც არ არის ბავშვი, ხე და სახლი. ზოგჯერ ბედნიერება სხვა ოთახშია.

შეიძლება ეს 10 პუნქტი ცოტათი ეგოისტური, ცხელ გულზე დაწერილი და შენთვის სულაც მიუღებელია. ნუ მოგერიდება და თამამად გამიზიარე შენი მოსაზრება კომენტარებში. არ დაგავიწყდეს, ძალიანაც კარგია, იყო გოგონა და უფრო კარგია, იყო თავისუფალი ადამიანი. 

შეხვედრამდე.

ისე, როგორც წერილებში ვხედავ…


მთელი ღამის განმავლობაში მთელს მსოფლიოში ინტერნეტში 40 მილიონი ადამიანი დაძვრება. არ ვიცი, ამ 40 მილიონიდან რამდენი ესაუბრება ჩვენ ორის გარდა ერთმანეთს. რა მნიშვნელობა აქვს.

ისე მაინც ვერავინ დაწერს, როგორც ჩვენ ვწერთ ერთმანეთს.

ამბობენ, რომ წერილების საუკუნე გავიდა. მე სწორედ ამ უწერილობის ხანაში ვიპოვე მეორე ადამიანი, ვისაც ამის არ სჯერა…

ჩვენ არ გვჯერა და ვწერთ. ვწერთ ყველაფერზე, ყველაზე, ყველგან… ერთად ვკამათობთ, ვჩხუბობთ, ვიბუტებით, ვრიგდებით…

ხელები ხშირად თავისით გაგვირბის. სიმბოლოები ისე უცებ იკრიფება მოციმციმე ეკრანზე, ვერც ვასწრებთ გააზრებას და უკვე ვეკითხებით ერთმანეთს როგორ ხარო. და მართლაც, რა მნიშვნელობა აქვს, სად იქნება ადრესატი, 2 ქუჩის იქით, სხვა ქვეყანაში, სხვა კონტინენტზე თუ თუნდაც, ჩემივე ოთახის კედლის უკან?

მე არ ვიცი, ის სად ცხოვრობს, არ ვიცი, როგორია. მთელი ამ ამბის ხუმრობაც ხომ სწორედ ამაშია. არ ვიცნობ, მაგრამ ვიცი, რა უყვარს, რას კითხოლობს, როგორ, უფრო სწორედ, რატომ ცხოვრობს…

მე მგონია, რომ ეს ყველაფერი სხვაზე უკეთესად ვიცი, იმ სხვებზე უკეთესად, რომლებსაც ის ყოველ დღე ხვდება, რომლებთანაც ის მეგობრობს…

ჩვენ, ხანდახან, ერთმანეთის დღიურებს ვემსგავსებით: იმ დღიურებს, სადაც ყველაზე დიდ საიდუმლოებს წერენ; იმ დღიურებს, რომელიც არავინ უნდა წაიკითხოს…

ჩვენ აკრძალულ წესებს ვარღვევთ, საზღვრებს ვშლით და ვწერთ… ვწერთ მხოლოდ იმიტომ, რომ ვიცით, მეორე მხარე წაიკითხავს ამას, გაგიგებს და საიდუმლოს შეინახავს…

ხშირად ვეუბნებით ერთმანეთს, რომ თვალებში ყურება ცხოვრებაშიც არ გამოდის ისე, როგორც აქ, ასეთი წერილებით. ეს ის შემთხვევაა, როცა სხვა თვალით იყურები, გულის და ხელის თვალებით…

შეხვედრა არ გიცდიათო?- მკითხავთ ალბათ. -არა. საკუთარი ცოცხალი პირადი დღიურების გადაკითხვას ჯერაც ვერ ვახერხებთ… ალბათ, არც არასდროს წავიკითხავთ. ეს ხომ ის წერილებია, რომელიც მხოლოდ ერთელ უნდა წაიკითხო და შემდეგ დაწვა…

ალბათ, სასაცილო იქნებოდა, ის ჩემივე ახლობელი, მეზობელი, ან ისეთი ადამიანი რომ აღმოჩნდეს, რომელიც არასდროს, არასდროს დამინახავს ისე, როგორც წერილებში ვხედავდი…

ესეც შარადის ახსნაა.

სიტყვებს თავისი ძალა აქვთ, სხვა ყველა დანარჩენ არსებობას – თავისი…

და, რა მნიშვნელობა აქვს, რომ არ მინახავს; ხომ ვიცნობ.

ყველაზე უკეთ…

ყველაზე ახლოს…

გულთან… გულში…