ჩემი ორი ბებო


საწერად საინტერესო თემას როცა ეძებ, გარშემო კარგად უნდა მიმოიხედო. ასე დამემართა მეც: ერთხელაც თემატური დეფიციტისას სახლს თვალი მომავლე და 2 ყველაზე საინტერესო ადამიანი ვიპოვე პოსტის გმირად: ჩემი ორი ბებო.

ეს ენით აუწერელი მხიარულებაა: ჩემი 2 ბებია ერთად;

თუ იმას არ ჩავთვლით, რომ მუდმივად ერთმანეთზე ხალისობენ და იხოცებიან სიცილით, სხვა მხრივ იდეალურად ეწყობიან ერთმანეთს.

აი, მაგალითად, ამასწინად შევედი ოთახში და ისეთი ჩაბჟირებულები დამხვდნენ, სხვა ვერაფერი მოვიფიქრე და წყალი მოვუტანე; მიზეზი მარტივი და ბანალური: თამარამ მითხრა, მაყვალა დამეჯღანაო, მაყვალამ თქვა, თამარამ ხელით უზრდელობა მაჩვენა და იმიტომ დავეჭყანეო; თამარამ აბა რა გაჩვენე ხელითო; მაყვალამ აი ესო და აჩვენა ერთი ტკბილი ჟესტი. ამ ამბავს ჩაბჟირების მეორე ტალღა მოჰყვა, ამჯერად ჩემი მონაწილეობითაც… :იქ უნდა ყოფილიყავი:

2 კახელი ადამიანი ერთად უკვე კომედიაა; მით უმეტეს, ხანში შესული ადამიანები, რომლებსაც სხვა საქმე ფაქტიურად არ აქვთ და ცხოვრების საჭირბოროტო საკითხებზე მსჯელობით შემოიფარგლებიან: წყევლიან მთავრობას და წუწუნებენ პენსიის რაოდენობაზე… აი, მაყვალას ვეტერანობის ათი ლარი ჩამოაკლეს და 2 დღე წნევა ქონდა აწეული. პროფკავშირებში აპირებდა წასვლას და განცხადების დაწერას  :).

წელს ისე მოხდა, რომ ორივე ბებია ჩემს ოჯახში აღმოჩნდა; თამარა ბებო ზამთარს, როგორც წესი, ქალაქში ატარებს; აი მაყვალას კი ნოემბერში ფილტვების ანთება დაემართა და იძულებით აღმოჩნდა ჩვენი საძინებლის პატიმარი; ქალბატონმა მაყვალამ წარმატებით გადაიტანა ფილტვების ანთება 86 წლის ასაკში, ახლა კი სახლში მიიჩქარის და თან ბაღში საქმიანობის გეგმებს აწყობს;

როგორც მოგეხსენებათ, ზამთარი და გამათბობელთან შეკრებილი ოჯახი განუყოფელი ამბავია. ჰოდა, ეს ჩემი ბებიები სავარძლებში იყვნენ მოკალათებულნი: ერთი მარჯვნივ, ერთიც მარცხნივ და ფანჯრიდან უბანს აკონტროლებდნენ: ვინ ჩხუბობდა, ვინ რისთვის სად დადიოდა და ა.შ…

ერთხელაც თამარამ გამოაცხადა, სოფელში თუ არ წამიყვანთ, მეშვიდედან გადმოვხტებიო. როცა რბილად აღვნიშნეთ ოჯახში, მეორეზე ვცხოვრობთ და მეშვიდედან როგორ ხტებიო, ლოგიკურად განაცხადა, ავალ მეშვიდეზე მეზობელთან და ისე გადმოვხტები, სახლში შეშვებაზე ხომ არ მეტყვის უარსო.

საბედნიეროდ, სისრულეში არ მოუყვანია ჩანაფიქრი.

ისე, თამარას ერთი ძველი ხუმრობა აქვს: კაცების “იმით” სავსე ვაგონი რომ ჩამოდგეს, მე ისეთი უიღბლო ვარ, ხელს ჩავყოფ და ქალისა შემხვდებაო.

ერთხელაც ამ ხუმრობას ასეთი ამბავი მოაყოლა: ჩემ პერიოდში სამედიცინოში ერთ გოგოს კაცის მოჭრილი “ის” ჩაუგდეს ჯიბეში და ამ საწყალმაო (აქ თვალები უცრემლიანდება) ცხვირასხოცის ამოსაღებად რომ ჩაიყო ხელი და ეს ამოიღო, გული გაუსკდა და მოკვდა იქვეო 🙂 . ბოლოს დააყოლებს ხოლმე, რა ჯანდაბამ შეაშინა ნეტაო. ამ ისტორიის სიმართლის რა მოგახსენოთ, არ  ვიცი, მაგრამ მაყვალა მშვენივრად ხალისობდა ამ ამბავზე. მაყვალას ხალისი თამარას საბაბს აძლევდა, გეტყობა, ჭუჭუ გინდა მაყვალ შენო; ერთხელ ამ ხუმრობის გამო ისე გადასცდა მაყვალას ლუკმა, ძლივს მოვაბრუნეთ მაგრამ რათ გინდა … 🙂

ორივე ბებო ქვრივია. თამარა უკვე 40 წელია, დაქვრივდა; შვილები მარტომ დაზარდა, დააბინავა; აი მაყვალას კი 20 წელი შეუსრულდა წელს, რაც ვახტანგი პაპა აღარაა. არც ერთის ქმარი მომკვდარა ბუნებრივი სიკვდილით. ილო პაპა მოიწამლა, ვახტანგი ავარიაში დაიღუპა. ხოდა, როცა ქმრების მოგონებაზე მიდგება საქმე, დაატირებენ ხოლმე თითო-თითოს ორივე… აი დატირებას კი ქორწილების ამბები მოსდევს 🙂

მაყვალას უყვარს იმის მოყოლა, როგორ დახარჯა თავისი მოგროვილი 500 მანეთი, როგორ არაფერი არ დახვდა დედამთილის სახლში და როგორ გადაისხა საქორწილო კაბაზე წითელი ღვინო. ამ ზამთარს ამბობდა, სახლში რომ მივალ, ლაქის  ამოყვანის ახალი რეცეპტი წავიკითხე და უნდა ვცადო იმ კაბაზეო. დიახ, საქორწილო კაბაც სადღაც შენახული აქვს 🙂

აი თმარა კი სულ იმ მაჭანკლის წყევლაშია, ვინც პაპაჩემი გაურიგა, მერე მამამთილის წყევლაზე გადადის, სულ სულძაღლს ეძახის ხოლმე 🙂 .

მერე თავის ბავშვობაზე გადადის და ხალისით ყვება, როგორ აგინა დედამისს, პირველად რომ დათვრა ხაშმური საფერავით; მერე როგორ გადმოაგდეს ერთხელაც პატარა ძმა აივნიდან ბებიაჩემმა და მისმა დებმა სუფრამობმული, პარაშუტის ინსპირაციით… ბებიაჩემის ძმა საბედნიეროდ გადაურჩა ამ მცირემანძილიან ფრენას და დღესაც ცოცხალია; სხვათა შორის ფეხებზე საოცარი წარწერაც აქვს ცოლის პატივსაცემად: “ლენა {ცოლია} ფეხები დამბანე!” 😀 არა, ასეთ რამეს მხოლოდ კახეთში, მხოლოდ ხაშმში და მხოლოდ ჯილუა პაპას ფეზებზე თუ ნახავთ, სხვაგან ვერსად;

სხვათა შორის, ბებიას კარგად ახსოვს, მამამისი რომ მიდიოდა ომში. ხშირად ყვება იმას, კიბეებზე როგორ ჩადიოდა მამა ფრონტზე მიმავალი…

მერე სტუდენტობის ამბებსაც იხსენებს ხოლმე თამარა: როგორ დაუხიეს ერთ დღეს სპორტულები ყველა ბიჭს, როგორ ხალისობდნენ…

ამას წინად, სტუდენტობის დაქალმაც კი დაურეკა ბებიას;

ყოველდღიურობაც არანაკლები ხალისით გვაქვს სავსე ოჯახში: საახალწლოდ, მახსოვს 28 დეკემბერი იყო, მსჯელობდნენ სრული სერიოზულობით, ეს თვე 30-ითაა თუ 31-ო.

მერე წელიწადის დროებზე და თვეებზე გადავიდნენ; მაყვალამ რომ უთხრა დედაჩემს, ნოემბერი, დეკემბერი, იანვარი და თებერვალი ზამთრის თვეებიაო, ძლივს გადავაფიქრებინე ნევროპათოლოგის გამოძახება. რას იზამ, როცა ცივა ზამთარია, აბა რა არის 🙂 .

მოკლედ, ასეთი მხიარული ზამთარი მქონდა ბებოებთან ერთად. თამარას სკლეროზი და მაყვალას იუმორისტული მოდგომა ამ საკითხის მიმართ ძალიან გვახალისებდა; საჭირბოროტო სალაპარაკო თემები იგივე იყო, ისტორიებიც იგივე, თამარა ბებოს კი ისევ ძველბურად აინტერესებდა ყველაფერი “ახალი”…

ახალზე გამახსენდა, 2 თვე უხაროდა ყოველდღე ჩემი სამედიცინოში ჩაბარების ამბავი…

მართალია, რომ ამბობენ, სკლეროზის დადებითი მხარე ისაა, რომ სულ ახალ ამბებს იგებ ყოველ დღე, მთავარია, სათვალე ან თავსაფარი არ დაკარგო… 🙂

აი ასე ცხოვრობს ჩემი ორი ბებო: ორივე ერთნაირად გეჩხუბება, როცა სიცივეში ფეხზე არ გაცვია; დუეტში გიყვირიან “ნასკები ამაიცვი შვილო, მუცელ აიტკიებ და რა უნდა ქნა მერეო”, “წელი გიჩანს”, “მკერდი მაღეღილი გაქ, მასე გარეთ არ გახვიდე”-ო და ასე, მაგრამ ორივე ძალიან საყვარელია. დარწმუნებული ვარ, არავის გეყოლებათ ისეთი საყვარელი ბებოები, როგორც მე მყავს. ალბათ, თქვენებიც კარგები იქნებიან, მაგრამ ჩემები თავისებურად განსაკუთრებულები არიან საკუთარი ისტორიებით…

ვერც ერთი წაიკითხავს ამ პუბლიკაციას, მაგრამ მაინც დავწერ: მიყვარხართ, მიყვარხართ ძალიან…

P.S. თქვენც დაწერეთ თქვენს ბებიებზე, ბაბუებზე…