გამოცდები სამედიცინოში N3


  “ვინც ჩვენთან ხმალამოღებული მოვა, მას ავტომატით ჩააძაღლებენ”.
კათედრების დევიზი

ეძღვნება თორნიკეს

თუ მიწიერ ჯოჯოხეთს ეძებთ და ჯერ ვერ მიაგენით, თუ გინდათ, რომ გამოსცადოთ ერთთვიანი უძილობა, დაღლილობა, ნერვული აშლილობა და დაკარგოთ ცხოვრების ხალისი, აიღეთ თქვენი საბუთები, შეიტანეთ სამედიცინოში და მესამე კურსის გამოცდებს დაელოდეთ.

ვერ მოგატყუებთ, რომ არ ვიცოდი, სად ვაბარებდი თავის დროზე. წინა წლის ბავშვებისაგანაც გაგონილი მქონდა, მესამე კურსი ყველაზე უარესიაო, მაგრამ, ხომ იცით, იმედი ბოლოს კვდება. მეც არ მეგონა, რომ მართლა ასეთი საშინელება იქნებოდა, როგორსაც მავანნი ჰყვებოდნენ, მაგრამ..

ხომ გაგიგით, სტუდენტი ბჭობდა და კათედრის გამგე სიცილით კვდებოდაო.

193780_3591892856150_1774169887_o
მესამე კურსის გამოცდების ცხრილი

სემესტრი მართლაც შრომატევადი გამოდგა. ყველა სტუდენტი იმედიანად რაღაცას მიანც სწავლობდა, მაგრამ  გამოცდებმა ისეთ დღეში ჩაგვყარა, არავის რომ არ ვუსურვებ.

9.01.2013

პირველი პათანატომია გვქონდა. კათერის ხელმძღვანელმა გაგვანაწილა აუდიტორიაში და ფოტოსესიაც მოგვიწყო, საღამოს კი კათედრის ფეისბუქის ფეიჯზეც ჩამოგვამწკრივა 🙂

ვის ჰყავს პათანატომიის კათედრა ჩვენისთანა 😀

აქ მთავარია, ჩათვლებზე გაგიმართლოს, თორემ გამოცდა მშვენიერი გამოდგა.

ფოტო ბატონი რამაზის ფოტოსესიიდან :)
ფოტო ბატონი რამაზის ფოტოსესიიდან
სადღაც მეც უნდა ვიყო 🙂

12.01 2013

შემდეგი პათფიზიოლოგია იყო. ზეპირი გამოცდები არ მიყვარს, არც ისეთი მდგრადი პიროვნება ვარ, გამომცდელის მზერას, ნერვიულობას და იმას გავუმკლავდე, რომ ვერაფერს ვიხსენებ. 2 დღეში როგორღაც გადავიკითხე მთელი მასალა, ბილეთიც კარგი შემხვდა და გამოცდამაც, საბოლოოდ, კარგად ჩაიარა. პათფიზიოლოგიის კათედრასთან პრეტენზიები ნამდვილად არ მაქვს, პედაგოგიც კარგი მყავდა. განსაკუთრებით სასწავლო  წიგნი მომწონს. ბევრი არ გვაქვს მომავალ ექიმებს ისეთი სახელმძღვანელო, რომელიც ადვილად, გასაგებად და თითქმის მხატვრული ლიტერატურასავით იკითხება.

17.01.2013

იმუნოლოგია. ოოო 😀

იცით, არსებობს რაღაცე(ე)ბი, რასაც ალბათ ვერასდროს გავიგებ, ვისწავლი და გამოვიყენებ. პირველი ქიმიაა, მეორე – კაცის შებმა. და აი, მესამე პუნქტიც გამომიჩნდა წელს, – იმუნოლოგია. კათედრის თეორიული სწავლების ხარისხზე ვერაფერს ვიტყვი, მაგრამ იმუნოს არსი მაინც არ მესმის არც მე და არც ჩემი კურსის უმრავლესობას. თანაც, ისეთი საოცარი საგამოცდო “ტესტები” გვქონდა, რომ მტერს… ინტერლეიკინები და ზემგრძნობელობა არ მოუშალოს ღმერთმა ჩიქოვანს, მე აღარ მინდა 😀 .
ისე, მე მაინც ვთვლი, რომ დეკანის კათედრა ასეთი არ უნდა იყოს და გამოცდის საკითხიც ცოტა სხვანაირად უნდა მოგვარდეს, ვიდრე ახლაა “მოგვარებული”.

21.01.2013

ჩემი დაბადების დღე და ფარმაკოლოგიის გამოცდა ისე დაემთხვა და მოუხდა ერთმანეთს, როგორც კარაქიანი პური და ჩაი. იმასაც თუ დავამატებ, რომ ჩაის არასდროს ვატან კარაქიან პურს, მიხვდებით, რა განწყობით ავდექი დილით და წავედი გამოცდაზე. საბოლოო ჯამში, გამოცდა კი ჩავაბრე, მაგრამ ფარმაკოლოგიის ცოდნით ნამდვილად ვერ დავიკვეხნით მთელი მესამე კურსი. ამ კათედრაზე ერთადერთი, ვინც ფარმაკოლოგია იცის და გვასწავლის რამეს, კათედრის ხელმძღვანელია. მაგრამ მიუხედავად ბატონი ნიკოსადმი დიდი პატივისცემისა და სიყვარულისა, მე ჯერ ვერ ვნახე პედაგოგი, რომელიც წიგნში თითის გაყოლების გარეშე მეტყვის რაღაცას, თან სწორს და აქეთ მე არ დამიძახებს დებილს.

24.01.3012

ტოპანატომია უპრობლემოდ ჩავაბარე. ნიშანდობლივი და საინტერესო არ მახსენდება არაფერი ამ გამოცდასთან დაკავშირებით. საგანი დავხურე, კათედრაზეც, მე პირადად, არ მქონია პრობლემები.

29.01.2013

პრობლემები და მთავარი პანიკა 29 რიცხვისა და პროპედევტიკის გამოცდის მოახლოებასთან ერთად გაჩნდა. ცუდად რომ მქონდა საქმე, მაშინ მივხვდი, რამდენჯერმე ზედიზედ ისტერიული სიცილი რომ ამიტყდა და გამოცდის დღეს, დილით, გულმა რომ დამიწყო ჩხვლეტა. ეს საგანი ოსკის სისტემით ბარდება, რაც 8 ოთახიანი გამოცდა სხვადასხვა გამომცდელებით და საკითხებით. ჯამში დაახლოებით ისეთი სიტუაციაა, როგორიც ფორტი ბოიარდის თამაშისას, ოღონდ აქ უფრო მეტი ოთახია გველებითა და ობობებით სავსე 🙂
ოთახში შედიხარ და 5 წუთი გაქვს იმის გადმოსაფრქვევად ან გასაკეთებლად, რაც იცი ან არ იცი… მოკლედ, ფრიად სასაცილო სიტუაციაა, სატირალი რომ არ იყოს… საბოლოო ჯამში არც ეს გამოცდა აღმოჩნდა ჩაუბარებელი, მაგრამ ჩემი ნერვები შეიწირა სანაცვლოდ 🙂

ჰო, მინდა აღვნიშნო, რომ საშინელი წიგნით გვასწავლეს, ეს კი ცალკე ისტორიაა…

1.02.2013

მიკრობიოლოგია… რნმ და დნმ ვირუსების ოჯახები და გვარები ნამდვილად გაგიმწარებთ ცხოვრებას, მაგრამ არ მოკვდებით, ამასაც გადაიტანთ. საერთო ჯამში ბევრი ტესტი გვქონდა, მაგრამ დავძლიეთ 🙂 . როცა პროპედევტიკა ჩაბარებული გაქვს, მიკროზე წუწუნი ნამდვილად არც ღირს და ცოტათი უნამუსობაცაა. 😀

4.02.2013

4 თებერვალი: დეკემბერ-იანვრის სანატრელი თარიღი. როცა ბოლო გამოცდა ქირურგია გაქვს, სადაც არავინ იჭრება ამ სიტყვების პირდაპირი მნიშვნელობით, სანერვიულოც ნაკლებია… ასე რომ, სიმღერით ჩავაბარე ქირურგია და იმედი მაქვს, მეორე სემესტრშიც მექნება გივი კორკელიას ხილვის ბედნერება კვირაში ერთხელ და ცოტა პოზიტივით დატვირთვა…

აბა რა გითხრათ. პოსტად ადვილად იკითხება, მაგრამ  იმდენად დიდი შრომა დამჭირდა ყველა საგნის ჩასაბარებლად, რომ ცოტა მეუცნაურება, ასე ერთ პოსტში რომ მოვაქციე.

იმის შემდეგ, რაც მთელი იანვარი გავათენე, ცოტათი კი შემერყა იმის იმედი და სურვილი, ექიმი ვიყო, მაგრამ, მეორე მხრივ, ასეთი ბარიერები იმის შეგრძნებასაც გიჩენს, რომ მეტი შეგიძლია და უფრო მეტი გაქვს საკუთარი თავისგან მოსათხოვი. განსაკუთრებით მაშინ, როცა ისეთი მეგობრები გყავს,  სკაიპით ღამის თენება რომ არ ეზარებათ შენთან ერთად და გამხნევება თუ არა, ცოტა გამოფხიზლება და ნერვების მოშლა მაინც გამოსდით 😀 …

ჩემი არდადეგები ბოლოსკენ მიდის და მიუხედავად იმისა, რომ დასვენება არ მეყო, უნდა ვაღიარო, ცოტა მომწყინდა სამედიცინო ლიტერატურის გარეშე…

იმედია, მეორე სემესტრის გამოცდებამდეც მივაღწევ და იქიდანაც მოგართმევთ პოსტს.  მომავალ შეხვედრამდე.

.