ის ალი და ის ნინო


“უდაბნოს ქარი სადაც წაგიყვანს”…

იცით, სამყაროში საზღვრები პირობითია. სადღაც მთავრდება ჩვენი ქვეყანა და იწყება ვიღაც სხვისი, სადღაც ვღაცის რელიგიას ჩვენი ენაცვლება…

საბოლოოდ კი ყველა ერთნი ვართ, ყველას ორი ფეხი, ორი თვალი, ორი ხელი გვაქვს … ერთ მიწაში ვიმარხებით ბოლოს ყველა.

ერთნაირი ამბიციებიც გვაწუხებს განსხვავებული ვარიაციებით… ასე ჩნდებიან ბუდიტები, ისლამის მიმდევრები, ქრისტიანები და სხვანი. ყველა ღმერთს სცემს თაყვანს, ყველა თავისებურად ლოცულობს, ცხოვრება კი დოგმებში ეფლობა….

ის ალი და ის ნინო, რომლებიც მე ამ წიგნში აღმოვაჩინე, ნამდვილად პიკანტური მაგალითი იყო. მაგალითი მარილიანი სიყვარულის, სიჯიუტის, კონტრასტისა.

ალი შორვანშირი და ნინო ყიფიანი, საკუთარ სამყაროებში მართლაც დაფასებულნი და კულტურულნი, ერთმანეთისთვის კი მართლაც შეუთავსებლად ველურები…

ალის და ნინოს სიყვარული რაღაც სხვანაირია. არაა ბანალური… აქ უძლურია ტრადიციები, აზრს კარგავს ყველაფერი და ამავე დროს სხვა მნიშვნელობას იძენს…

წიგნი საოცრად კარგად იკითხება… ტრადიციები მართლაც მშვენივრადაა აღწერილი და კონტრასტიც კარგადაა გამოყოფილი ალისა და ნინოს სამყაროს შორის.

ძნელი არაა, ჩაწვდე, როგრ განსხვავდება ალის უდაბნო და ნინოს მწვანე ტყეები…

იცით, როგორც კაცებს არ გესმით, რა ხდება ქალის თავში, ისევე არ გვესმის ხშირად ჩვენ, ქალებსაც, მამაკაცები როგორ აზროვნებენ… აქ კი, ამ წიგნში ალი პირველი პირია. გვიყვება ნინოზე, მათ ამბავზე და სითბოთი გავსებს, გაოცებს…

კავკასიური ქვაკუთხედი იქმნება ამ წიგნის ფურცლებზე.

დეტალებს არ მოვყვები. წაიკითხეთ, არ ინანებთ. დაინახეთ მთავარი და ნუ გამოეკიდებით ზოგ დეტალს, ნუ გექნებათ ბედნიერი ფინალის იმედი, თუმცა, ისიც საკითხავია, ვინ რას თვლის ბედნიერ ფინალად, ასე რომ…

გვჭირდება ცოცხალი წიგნები?


(ესე, რომელიც აქ არ უნდა ყოფილიყო)

სად ნახავთ წიგნზე უკეთეს ფრეგატს,
ყველა ქვეყანას რომ მოგატარებს,
ან პოეზიის ზღაპრული რაშის
სხვა ვინ მოგაწვდის ოქროს სადავეს?!
არ უჭირს ზღვა და ხმელეთის მოვლა
არც ღარიბ-ღატაკს თუ ქვეყნად გლახას –
რა იაფი და მუქთაა ეტლი,
ადამიანის სული რომ დაჰყავს!
ემილი დიკინსონი.

არსებობენ კი მკვდარი წიგნები? მე ლიტერატურას ისეთივე ცოცხალ მატერიად მივიჩნევ, ორგორც წყალს, მიწას,  პურს ჩვენი არსობისას…

წიგნი არ შეიძლება მკვდარი იყოს; მკვდრები ხომ არ ლაპარაკობენ! მით უმეტეს, ამდენს არ გვიყვებიან იმ უცხო ადგილებზე, რომლებიც, შესაძლოა, ვერც კი ვნახოთ!ეს ქაღალდის ეტლი მართლაც რომ იაფი და ყველაზე მოსახერხებელი საშუალებაა სამოგზაუროდ. არა მგონია, რამე ჯობდეს საყვარელ წიგნს,  რბილ, მოხერხებულ სავარძელს, კარგ სანათს და ფინჯან ცხელ ჩაის… მაშ ასე, ვთავსდებით მოხერხებულად ამ ქაღალდის საოცრებაში და მივდივართ ადგილიდან ფეხმოუცვლელად…

უცებ ვიგებთ, რომ, აი, მაგალითად, “ანა კარენინა” სულაც არ არის ისტორია ერთ სულელ ქალზე, რომელმაც სიცოცხლე მატარებლის რელსებზე დაასრულა ( ასე ამოვიკითხე ერთ-ერთ სტატიაში). ამ წიგნმა დაანახა ეპოქის ქალებს, რომ შეიძლება სხვანაირად იცხოვრო. შეიძლება ებრძოლო იმას, რაც გბოჭავს, თუმცა უნდა იყო მზად იმისთვის, რომ ვარდისფერი სამყაროს ნაცვლად სადღაც ფეხი დაგიცდება და მატარებლის რელსებზე თუ არა, მწარე ცხოვრების პირისპირ დარჩები. ესეც ადამიანური, უფრო ზუსტად ქალური უბედურებაა ბედნიერების ძიებაში….

თუმცა რატომ მხოლოდ ანა კარენინა. თომას მორის “უტოპიას” დაუდია სათავე სოციალიზმის იდეებისთვის, ანნა ფრანკი გვიამბობს მსოფლიოს მეოცე საუკუნის ყველაზე დიდი ბოროტების შესახებ… ზღაპრები გვასწავლის, რომ სამი გზიდან, რომელიც ჩვენს წინაა, სამივეს ბოლოში მოვკვდებით, თუმცა ერთგან უაზროდ, მეორეგან აზრიანად, მესამეგან კი გმირულად; და ჩვენც, მესამეს არჩევა გვიყვარდა ბავშვობაში, ახლა კი ვჭოჭმანობთ… ველოდით პრინცებს, გვიყვარდა მისტერ როჩესტერი, ქარიშხლიან უღელტეხილებში ვიკარგებოდით… ბოლოს, ისიც ვისწავლეთ, რომ გამოვისყიდით ჩვენ ყველა ცოდვას, როგორც ბუენდიების ოჯახმა გამოისყიდა იგი მარტოობის 100 წელიწადით და აღვიგვებით პირისაგან მიწისა; რომ მოვა დღე, როგორც ბიბლია გვასწავლის, გაცხადდება ყოველი და რომ  “ამაოებაა ყოველივე და ამაოთა”… ჩვენ დავინახავთ მზეს, ჩვენ მოვძებნით კატას ბნელ ოთახში მაშინაც კი, როცა იგი იქ არ იმყოფება, დავუსხლტებით აფთრებს, თვით სატანასაც კი ვეწვევით ბალზე და მუხლს გავუწოდებთ მის სტუმრებს სამთხვევად, ამოვიკითხავთ, რომ თურმე ხელნაწერები არ იწვის და რომ ფაუსტმა სული სიყვარულისთვის გაყიდა. თურმე ფაუსტზე ადრე ამ სიყვარულზე პლატონი წერდა თავის “ნადიმში” … ჰამლეტი, დანიის პრინცი კი  მოკვდება ჩვენ წინ განწირული და ღალატით იმედწართმეული; ოთხი მუშკეტერი, რომლებსაც რატომღაც სამი დაარქვა დიუმამ, კვლავ იბრძოლებს მხარდამხარ და მოუწამლავს კარდინალ რიშელიეს, ყველაზე პატივსაცემ მტერს სიცოცხლეს… გაცოცხლდება ზაფხულის უცნაური ღამის სიზმარი და აიძულებს ჯულიეტას, გაჰყვეს რომეოს მარადიულ სამყაროში…

ბოლოს კი აღმოვაჩენთ, რომ გვისწავლია, როგორ ვიბრძოლოთ საკუთარი ბედნიერებისთვის, როგორ გვიყვარდეს სიგიჟემდე, გვიწამია ღმერთის, რადგანაც ეშმაკიც არსებობს, გვიწამია თავისუფალი სამყაროსი, ჯოჯოხეთისა და სამოთხისა, მეგობრობისა და ღალატისა, იმისა, რომ ჩვენი გზა სადღაც დამთავრდება და რადგან არ ვიცით, როდის მოხდება ეს, უნდა ვეცადოთ, შაგრენის ტყავივით არ ჩაგვადნეს ხელში ის… და ეს მხოლოდ რამოდენიმე წიგნია, მხოლოდ რამოდენიმე. წინ კი მთელი ზღვაა, უცხო ადგილების და ადამიანების მთელი ოკიანე…

ადამიანებს ჭირდებათ წიგნები. ჩვენ გვჭირდება ისინი, რადგან დავინახოთ, ვინ ვართ, ვინ ვიქნებით და ვინ შეიძლება ვიყოთ. ცუდი წგნები კი, დამერწმუნეთ, არ არსებობს. ლიტერატურა ხომ არ არის მხოლოდ სასიამოვნოდ გატარებული დრო. ის კვალს ტოვებს ჩვენში, ჩვენს მოაზროვნე ნაწილში, რომელსაც სული დაარქვეს საუკუნეთა წინ…

რაღაა ჩვენი სული ყოველივე ამის შეცნობის გარეშე? მხოლოდ წიგნის ყდაა, სადაც სახელის მეტი არაფერი წერია…