გამარჯობა, მე მსუქანი ვარ


ადოს პოსტმა ჩამაგონა და გამომხრა.

ზოგადად სიტყვა “მსუქანი” ძალიან არ მიყვარს და ყოველთვის შეურაცხყოფად აღვიქვამ ნებისმიერ ასპექტში (ამიტომ მაპატიეთ  ამდენჯერ ხსენება). თუმცა ეს ბევრს არაფერს წყვეტს. ხალხის დაბრეცილ აზროვნებას ჩემი ვერც მომატებული კილოგრამები გამოასწორებს და ვერც დაკლებული.

შენ ბებიაქალი ხარ და ხელში 4,5 კგ-იანი ახალშობილი გიჭირავს. ამბობ, რომ გოლიათია. მე ამაზე ვერ გპასუხობ, რადგან ლაპარაკი არ ვიცი.

შენ მეზობლის ქალი ხარ, მიყურებ და როოგრი ბუთხუზაა, რას აჭმევთო, კითხულობ. ფიქრობ, რომ მსუქანი ვარ და ყავის სმას აგრძელებ. მე ისევ არაფერს გპასუხობ, რადგან დედამ მასწავლა, უფროსებს არ ვეუზრდელო.

შენ ეზოს ლაწირაკი და მაკარონფეხება ბავშვი ხარ. შენ მეძახი, რომ მსუქანა ვერ და გარბიხარ. მე მოგდევ და მერე დედაშენი მირჩევს საქმეს შენი გატეხილი ცხვირის გამო .

შენ ჩემი პირველი მასწავლებელი ხარ. შენც ხშირად აღნიშნავ, რამხელა ვარ სიყვარულნარევი ხმით. მე არაფერს ვამბობ, მაგრამ მამახსოვრდება.

შენ ისევ ჩემი კლასელი ხარ. მსუქნის დაძახებით არ კმაყოფილდები და უფრო შორს მიდიხარ ეპითეტებში. მე ისევ საცემად მოგდევ.  ვერ გეწევი, მაგრამ მამახსოვრდება.

ეს მე ვარ. მე კომპლექსებში ვიძირები.

ეს კიდევ მე ვარ. ვიაზრებ, რომ ჩემი იარაღი ენაა. კომპლექსებს ვებრძვი.

შენ ჩემი მეგობარი ხარ. წუწუნებ, რომ გასივდი, არადა, ცხოვრებაში 45 კგ-ს არასდროს აცდენილხარ. მე უცბად თავში მომდის აზრი, ნეტა მე როგორ აღმიქვამ და მეცინება.

შენ შენ ჩემი ფიზიკის მასწავლებელი ხარ, მერე ფიზიკის ლექტორი, ბიოლოგიის ლექტორი და ყოველდღე მთავაზობ ახალ-ახალ დიეტებს. მე  ლაპარაკში გყვები და გპირდები, რომ თავს მოვიკლავ და დავიცავ დიეტას. ოთახიდან გამოსულს მეცინება.

შენ ანატომიის ლექტორი ხარ და საგამოცდოდ გაძეძგილ აუდიტორიაში უმიზეზოდ მეძახი მსუქანას. მე ვფიქრობ, ნეტავ როგორ მიიღე ექიმი პროფესორის წოდება და გაცეცხლებას ვიოკებ.

შენ უბრალო გამვლელი ხარ. მიყურებ და ფიქრობ, რომ ძროხა ვარ. ხანდისხან, ხმამაღლა ამბობ კიდეც. მე აღარ ვბრაზდები, ვფიქრობ, რომ ძროხა ძალიანაც საყვარელი ცხოველია.

შენ ისევ ჩემი მეგობარი ხარ. მეუბები, რომ ასეთი უფრო საყვარელი ვარ და არაა საჭირო, გავხდე. მეორე წუთში საკუთარ მომატებულ 100 გრამზე წუწუნებ. მე ისევ მეცინება.

თქვენ ჩემი მეგობრები ხართ. მე თვითონ ვხუმრობ ჩემ წონაზე. თქვენ მყვებით. აზრად არ მოგდით, რომ მწყინს.

შენ სარკე ხარ. ხანდახან მატყუებ, მაგრამ უმეტესად სიმართლეს მეუბნები. ამიტომაც მიყვარხარ.

შენ დაწესებულების უფროსი ხარ. სამსახურში არ მიღებ დიპლომების დასტისა და მიღწევების მიუხედავად. მიზეზად არასაკმარის გამოცდილებას ასახელებ. იქვე ასაქმებ გრძელფეხება ქათამს. მე ისევ ვიცინი.

…………………………………………….

შენ ჩემი თავი ხარ.  თუ არ ხარ, სულ ადვილად შეიძლება გახდე ასეთი. ამის გაფიქრებაზე შიში გღრღნის. მე შენთვის ცოცხალი მაგალითი ვარ იმისა, როგორი არ უნდა გახდე.

მე კი ბედნიერი ვარ, რადგანაც შენ ისეთი ხარ, როგორიც ყველა, მე კი – განსაკუთრებული: განსაკუთრებულად მსუქანი, განსხვავებულად ბედნიერი. მე იმიტომ არავის ვეყვარები, რომ კარგი ფეხები და მოდელის პარამეტრები მაქვს. შენ ამას ვერ გამოცდი.

მე შენ არ გგავარ.