My Blueberry Nights


ამ ბოლო ხანებში კარგი ფილმების ნაკლებობას განვიცდი. არა, მართლა. აი, ვუყურებ ახალ ფილმებს და ყველაფერი იმდენად, იმდენად ერთფეროვანი და წინასწარ ადვილად გამოსაცნობია, ყურების ხალისიც კი მეკარგება…

კომერციამ ჩაყლაპა მგონი საინტერესო ფილმები, არ ვიცი. ისიც არ ვიცი, მარტო ვარ, თუ ასეთ დანაკლისს სხვაც გრძნობთ ვინმე…

მოკლედ, შემთხვევით თუ გადავაწყდები ხოლმე კარგ ფილმს და გადავწყვიტე, თუ ასეთს მივაგნებ, გაგიზიაროთ ხოლმე.

ჰოდა, აი ისიც. სიმართლე გითხრათ, არ ვიცი, სწორად როგორ გადაითარგმნება “My Blueberry Nights”: ჩემი იასამნისფერი ღამეები? ჰო, ალბათ. პრინციპში, არც აქვს არსებითი მნიშვნელობა. უცნაური ფილმია, აი რაღაცნაირი. ყველას, ალბათ, არც მოეწონება ზუსტად ისე, როგორც კენკრიანი კექსი არ უყვართ ხოლმე. თუმცა, გემოვნებაზეა დამოკიდებული…tumblr_mp7gq5M9Oe1rpqcyco1_500

ეს არის ბარის, ბარის პატრონის, გასაღებებისა და ერთი გოგონას ისტორია, რომელსაც ერთ – ერთი გასაღები ეკუთვნის… რა შუაშია აქ ნაყინიანი და კენკრიანი  კექსი, თავად ნახეთ. ეს უკვე თქვენი იასამნისფერი ღამე იქნება და არა ჩემი.

რაც მართალია, მართალია: მსახიობების შემადგენლობა იმედს ნამდვილად არ გაგიცრუებთ: ნორა ჯონსი,  ჯუდ ლოუ, ნატალი პორტმანი…

ესეც მუსიკა ფილმიდან. ცხადია, თავად ნორას შესრულებით:

ესეც ფილმის ბმულები: filmix.net    imovies.ge

თუ ყურებას გადაწყვეტთ, კარგს იზამთ. შემდეგ პოსტამდე 🙂

SHERLOCK


როგორი იქნებოდა შერლოკ ჰოლმსი, 21-ე საუკუნეში რომ ეცხოვრა?

ზუსტად ასეთი!

ვისაც ჯერ კიდევ არ გინდახავთ შერლოკი, დამიჯერეთ, BBC-მ საუკეთესო დეტექტივის ნამდვილად საუკეთესო ეკრანიზაცია შექმნა.

დრამატული, მოულოდნელი, საინტერესო, ჩამთრევი სერიალი ყველაზე სიმპატიური, ჭკვიანი და საყვარელი მთავარი გმირით…

ფაქტიურად კინო-ჰეროინი!

მოქმედების ადგილი უცვლელია: ლონდონი, ბეიკერსტრიტის 221 B.

სიმართლე თუ გინდათ, ასეთი სიამოვნება კარგა ხანია წიგნის ეკრანიზაციისგან, მით უმეტეს სერიალისგან არ მიმიღია. ადრენალინის და ენდორფინების მარაგი იმდენი მაქვს უკვე, მომავალ წლამდე მეყოფა, მერე მესამე სეზონიც წამოგვეწევა…

ხარისხი ყველაფერში იგრძნობა: სცენარი, რომელიც ოპტიმალურადაა მორგებული 21-ე საუკუნეს, რეჟისურა,  მონტაჟი, მსახიობები…

თითო სერია დაახლოებით საათნახევრიანია. ჯერ სულ 2 სეზონია გამოსული. სეზონში 3 სერიაა;

შერლოკი და მორიარტი მართლაც შეუდარებელნი არიან. იმდენი კარგი და საოცარი სცენის მოწმე გავხდი ამ სერიალის გადამკიდე, ემოციებს ვერ ვიოკებ 😀 .

დეტალებს აღარ მოვყვები, ვისაც არ გინახავთ, შთაბეჭდილებას არ გაგიფუჭებთ. ^^

ახლა კი შერლოკომანებისთვის მკვლელი კითხვა:

როდის გამოვა მესამე სეზონი?

არ არის ჯერ გადაწყვეტილი ამბავი. თუ ხმებს, ჭორებს, პროდიუსერების თვითებს დავუჯერებთ, მინიმუმ 1 წელი მოგვიწევს დაცდა, სანამ Serlock-ის მესამე სეზონს ვიხილავდეთ; სავარაუდოდ 2013 წლის იანვრამდე ან მეტი 😦 .

თანაც ბენედიქტ კამბერბეტჩი (შერლოკი) Star Trek-ის გადაღებებზეა, მარტინ ფრიმენი (ვატსონი) კი ჰობიტში ბილბოს როლს თამაშობს….

თუმცა ისიც ცნობილია, რომ ის სცენები უკვე მზადაა, სადაც შერლოკმა საკუთარი სიკვდილი დაგეგმა. ეს კი იმის გარანტიას მაინც იძლევა, რომ მესამე სეზონი ნამდვილად იხილავს მზის სინათლეს.

მინდა გულწრფელად გითხრათ, რომ წარმოდგენა არ მაქვს, როგორ დავიცდი 1 წელიწადს, იმიტომ, რომ კინოორგაზმის მსუყე ლუკმის შემდგომ ლომკასთან გამკლავება მომიწევს; თანაც ჩემი სისუსტე შავგვრემანი, პალტოიანი, სიმპატიური მამაკაცებია, მით უმეტეს, ჭკვიანი კაცები…

Sherlock / gol.ge

P.S.¹ კარგი კადრები:

This slideshow requires JavaScript.

P.S.²  შერლოკ, ბავშვი მინდა შენგან.

მე და პარფიუმერი


“Изобретательство весьма подозрительно, поскольку оно всегда означает нарушение правил.”

წელიწადზე მეტი მხატვრულ ლიტერატურას აი, რომ იტყვიან, გემრიელად არ ჩავჯდომივარ. არ ვიცი გადაღლილობამ, პირველმა კურსმა, მოუცლელობამ თუ უბრალოდ უსურვილობამ დაახლოებით ამდენ ხანს მომწყვიტა წიგნს. დავიწყე მარტინ იდენი, მოვისროლე, დავიწყე დორიან გრეი, გული შემიღონდა და ისიც მოვისროლე, დონ კიხოტი ერთი გვერდი წავიკითხე, მაგრამ შედეგი_ნული! ერთმა ჩემმა მეგობარმა ისიც კი მითხრა,ადამიანი რაღაც ეტაპზე გარკვეული მიმართულებით განვითარებას წყვეტსო… ცოტა არ იყოს და, შემეშინდა. ყოველთვის მიყვარდა ლიტერატურა და აქტიური მკითხველიც ვიყავი. საბედნიეროდ, ჩემ შემთხვევაში, მისი თეზისი არ გამართლდა. მე კი კიდევ ერთხელ გავიხსენე, რას ნიშნავს, როცა ერთდროულად გინდა, წიგნი მალე ჩაიკითხო და თან არ გემეტება დასამთავრებლად 🙂

თუმცა ლიტერატურისკენ შემობრუნებას ცვლილებების გარეშე არ ჩაუვლია. დავიწყე რუსულად კითხვა როგორც რუსული ლიტერატურის, ასევე უცხოური, რუსულად თარგმნილი ნაწარმოებებისაც და, დამერწმუნეთ, ქართული თარგმანები მათ უმრავლესობასთან, უბრალოდ სასაცილოა 🙂 . ეს ის  შემთხვევაა, როცა ხარისხს გრძნობ ყოველ სიტყვაში, მაგრამ ამაზე სხვა დროს.

პირველი ამ წესს დაქვემდებარებული წიგნი პატრიკ ზიუსკინდის “პარფიუმერი, ერთი მკვლელის ისტორია” იყო. მე ამ წიგნმა კითხვის სურვილი დამიბრუნა. მართალია უმრავლესობა მცენარის სახელი ვერ გავიგე, მაგრამ, საერთო ჯამში ძალიან საინტერესო წიგნი აღმოჩნდა. ეს არის ისტორია ყველაზე უცნაურ, ყველაზე ნიჭიერ და შავი სულის პატრონ ადამიანზე. ჟან-ბატისტ გრენუი პარიზის ყველაზე მყრალ ადგილას იბადება. იგი გადაწყვეტს, იცოცხლოს, მის სასიცოცხლო ძალებს ეს გადაწყვეტილება უბრუნებს. იგი აღიქვამს ყველანაირ, თვით წარმოუდგენელ არომატსაც კი და სათუთად ინახავს გონებაში.

ჟან-ბატისტი ცხოვრობდა ადამიანებში, მათ გარეშეც, საკუთარ სამყაროში და ეძებდა. რას? თავადაც არ იცოდა რას, სანამ პარიზის  ერთ ბნელ ქუჩაზე არ გადაეყარა მას. არომატმა, რომელსაც ახალგაზრდა, ჟღალთმიანი, უჩვეულო სილამაზის გოგონა ასხივებდა, იგი სრულიად მოაჯადოვა და დაჩრდილა ყველაფერი სხვა. ჟან-ბატისტი კლავს გოგონას, მის არომატს კი ითვისებს და სათუთად ინახავს გონებაში. მისთვის ადამიანი არაფრითაა იმ ყვავილზე მეტი, რომლისგანაც არომატს იპარავენ. თუმცა ეს მისთვის არაა საკმარისი. მხოლოდ ფანტაზია და არაფერი ხელშესახები აღარ აკმაყოფილებს. მხოლოდ ამ ღვთაებრივ არომატთან არა… იგი იწყებს პარფიუმერული საქმის შესწავლას მოხუც, გაკოტრების პირას მყოფ პარფიუმერთან და საკუთარი უნარის წყალობით ამდიდრებს მას. თუმცა მისი ინტერესი ფული არ არის. მას მხოლოდ იმის სწავლა სურს, როგორ შეძლოს არარსებულის გონებიდან რეალობაში გადმოტანა. 4 წლის შემდეგ იგი მიდის პარფიუმერისგან და მთელი 7 წელი ხალხისგან ყველაზე მოშორებულ ადგილას ცხოვრობს საკუთარ გამოგონილ იმპერიაში. მას ეზიზღება ადამიანების სუნი, ის გაურბის მას. ბოლოს მის იმპერიაში ნგრევა იწყება. სწორედ მაშინ, როცა ჟან ბატისტი ჟღალთმიანი გოგონას არომატით თვრება, მას თავზე ექცევა ყველაფერი. იგი იგუდება საკუთარ არარსებულ, არარსებულად ამაზრზენ  სუნში. სხეულის იმ არომატში, რომელიც მას არასდროს ჰქონია.

ჟან-ბატისტი წარმოსახვითი იმპერიიდან გარბის  და საბოლოოდ გრასში, პარფიუმერიის მექაში ჩადის, სადაც ისევ გრძნობს ძველ, დიდ ხანს ნაძიებ არომატს… ის ელოდება, როდის ამოხეთქავს ჯეროვნად ეს სუნი გოგონაში. მას არ უნახავს ლაურა, თუმცა, ზუსტად იცის, ზუსტად გრძნობს მისი ჟღალი თმის არომატს….

Continue reading