მთელი ღამის განმავლობაში მთელს მსოფლიოში ინტერნეტში 40 მილიონი ადამიანი დაძვრება. არ ვიცი, ამ 40 მილიონიდან რამდენი ესაუბრება ჩვენ ორის გარდა ერთმანეთს. რა მნიშვნელობა აქვს.
ისე მაინც ვერავინ დაწერს, როგორც ჩვენ ვწერთ ერთმანეთს.
ამბობენ, რომ წერილების საუკუნე გავიდა. მე სწორედ ამ უწერილობის ხანაში ვიპოვე მეორე ადამიანი, ვისაც ამის არ სჯერა…
ჩვენ არ გვჯერა და ვწერთ. ვწერთ ყველაფერზე, ყველაზე, ყველგან… ერთად ვკამათობთ, ვჩხუბობთ, ვიბუტებით, ვრიგდებით…
ხელები ხშირად თავისით გაგვირბის. სიმბოლოები ისე უცებ იკრიფება მოციმციმე ეკრანზე, ვერც ვასწრებთ გააზრებას და უკვე ვეკითხებით ერთმანეთს როგორ ხარო. და მართლაც, რა მნიშვნელობა აქვს, სად იქნება ადრესატი, 2 ქუჩის იქით, სხვა ქვეყანაში, სხვა კონტინენტზე თუ თუნდაც, ჩემივე ოთახის კედლის უკან?
მე არ ვიცი, ის სად ცხოვრობს, არ ვიცი, როგორია. მთელი ამ ამბის ხუმრობაც ხომ სწორედ ამაშია. არ ვიცნობ, მაგრამ ვიცი, რა უყვარს, რას კითხოლობს, როგორ, უფრო სწორედ, რატომ ცხოვრობს…
მე მგონია, რომ ეს ყველაფერი სხვაზე უკეთესად ვიცი, იმ სხვებზე უკეთესად, რომლებსაც ის ყოველ დღე ხვდება, რომლებთანაც ის მეგობრობს…
ჩვენ, ხანდახან, ერთმანეთის დღიურებს ვემსგავსებით: იმ დღიურებს, სადაც ყველაზე დიდ საიდუმლოებს წერენ; იმ დღიურებს, რომელიც არავინ უნდა წაიკითხოს…
ჩვენ აკრძალულ წესებს ვარღვევთ, საზღვრებს ვშლით და ვწერთ… ვწერთ მხოლოდ იმიტომ, რომ ვიცით, მეორე მხარე წაიკითხავს ამას, გაგიგებს და საიდუმლოს შეინახავს…
ხშირად ვეუბნებით ერთმანეთს, რომ თვალებში ყურება ცხოვრებაშიც არ გამოდის ისე, როგორც აქ, ასეთი წერილებით. ეს ის შემთხვევაა, როცა სხვა თვალით იყურები, გულის და ხელის თვალებით…
შეხვედრა არ გიცდიათო?- მკითხავთ ალბათ. -არა. საკუთარი ცოცხალი პირადი დღიურების გადაკითხვას ჯერაც ვერ ვახერხებთ… ალბათ, არც არასდროს წავიკითხავთ. ეს ხომ ის წერილებია, რომელიც მხოლოდ ერთელ უნდა წაიკითხო და შემდეგ დაწვა…
ალბათ, სასაცილო იქნებოდა, ის ჩემივე ახლობელი, მეზობელი, ან ისეთი ადამიანი რომ აღმოჩნდეს, რომელიც არასდროს, არასდროს დამინახავს ისე, როგორც წერილებში ვხედავდი…
ესეც შარადის ახსნაა.
სიტყვებს თავისი ძალა აქვთ, სხვა ყველა დანარჩენ არსებობას – თავისი…
და, რა მნიშვნელობა აქვს, რომ არ მინახავს; ხომ ვიცნობ.
ყველაზე უკეთ…
ყველაზე ახლოს…
გულთან… გულში…