მე და პარფიუმერი


“Изобретательство весьма подозрительно, поскольку оно всегда означает нарушение правил.”

წელიწადზე მეტი მხატვრულ ლიტერატურას აი, რომ იტყვიან, გემრიელად არ ჩავჯდომივარ. არ ვიცი გადაღლილობამ, პირველმა კურსმა, მოუცლელობამ თუ უბრალოდ უსურვილობამ დაახლოებით ამდენ ხანს მომწყვიტა წიგნს. დავიწყე მარტინ იდენი, მოვისროლე, დავიწყე დორიან გრეი, გული შემიღონდა და ისიც მოვისროლე, დონ კიხოტი ერთი გვერდი წავიკითხე, მაგრამ შედეგი_ნული! ერთმა ჩემმა მეგობარმა ისიც კი მითხრა,ადამიანი რაღაც ეტაპზე გარკვეული მიმართულებით განვითარებას წყვეტსო… ცოტა არ იყოს და, შემეშინდა. ყოველთვის მიყვარდა ლიტერატურა და აქტიური მკითხველიც ვიყავი. საბედნიეროდ, ჩემ შემთხვევაში, მისი თეზისი არ გამართლდა. მე კი კიდევ ერთხელ გავიხსენე, რას ნიშნავს, როცა ერთდროულად გინდა, წიგნი მალე ჩაიკითხო და თან არ გემეტება დასამთავრებლად 🙂

თუმცა ლიტერატურისკენ შემობრუნებას ცვლილებების გარეშე არ ჩაუვლია. დავიწყე რუსულად კითხვა როგორც რუსული ლიტერატურის, ასევე უცხოური, რუსულად თარგმნილი ნაწარმოებებისაც და, დამერწმუნეთ, ქართული თარგმანები მათ უმრავლესობასთან, უბრალოდ სასაცილოა 🙂 . ეს ის  შემთხვევაა, როცა ხარისხს გრძნობ ყოველ სიტყვაში, მაგრამ ამაზე სხვა დროს.

პირველი ამ წესს დაქვემდებარებული წიგნი პატრიკ ზიუსკინდის “პარფიუმერი, ერთი მკვლელის ისტორია” იყო. მე ამ წიგნმა კითხვის სურვილი დამიბრუნა. მართალია უმრავლესობა მცენარის სახელი ვერ გავიგე, მაგრამ, საერთო ჯამში ძალიან საინტერესო წიგნი აღმოჩნდა. ეს არის ისტორია ყველაზე უცნაურ, ყველაზე ნიჭიერ და შავი სულის პატრონ ადამიანზე. ჟან-ბატისტ გრენუი პარიზის ყველაზე მყრალ ადგილას იბადება. იგი გადაწყვეტს, იცოცხლოს, მის სასიცოცხლო ძალებს ეს გადაწყვეტილება უბრუნებს. იგი აღიქვამს ყველანაირ, თვით წარმოუდგენელ არომატსაც კი და სათუთად ინახავს გონებაში.

ჟან-ბატისტი ცხოვრობდა ადამიანებში, მათ გარეშეც, საკუთარ სამყაროში და ეძებდა. რას? თავადაც არ იცოდა რას, სანამ პარიზის  ერთ ბნელ ქუჩაზე არ გადაეყარა მას. არომატმა, რომელსაც ახალგაზრდა, ჟღალთმიანი, უჩვეულო სილამაზის გოგონა ასხივებდა, იგი სრულიად მოაჯადოვა და დაჩრდილა ყველაფერი სხვა. ჟან-ბატისტი კლავს გოგონას, მის არომატს კი ითვისებს და სათუთად ინახავს გონებაში. მისთვის ადამიანი არაფრითაა იმ ყვავილზე მეტი, რომლისგანაც არომატს იპარავენ. თუმცა ეს მისთვის არაა საკმარისი. მხოლოდ ფანტაზია და არაფერი ხელშესახები აღარ აკმაყოფილებს. მხოლოდ ამ ღვთაებრივ არომატთან არა… იგი იწყებს პარფიუმერული საქმის შესწავლას მოხუც, გაკოტრების პირას მყოფ პარფიუმერთან და საკუთარი უნარის წყალობით ამდიდრებს მას. თუმცა მისი ინტერესი ფული არ არის. მას მხოლოდ იმის სწავლა სურს, როგორ შეძლოს არარსებულის გონებიდან რეალობაში გადმოტანა. 4 წლის შემდეგ იგი მიდის პარფიუმერისგან და მთელი 7 წელი ხალხისგან ყველაზე მოშორებულ ადგილას ცხოვრობს საკუთარ გამოგონილ იმპერიაში. მას ეზიზღება ადამიანების სუნი, ის გაურბის მას. ბოლოს მის იმპერიაში ნგრევა იწყება. სწორედ მაშინ, როცა ჟან ბატისტი ჟღალთმიანი გოგონას არომატით თვრება, მას თავზე ექცევა ყველაფერი. იგი იგუდება საკუთარ არარსებულ, არარსებულად ამაზრზენ  სუნში. სხეულის იმ არომატში, რომელიც მას არასდროს ჰქონია.

ჟან-ბატისტი წარმოსახვითი იმპერიიდან გარბის  და საბოლოოდ გრასში, პარფიუმერიის მექაში ჩადის, სადაც ისევ გრძნობს ძველ, დიდ ხანს ნაძიებ არომატს… ის ელოდება, როდის ამოხეთქავს ჯეროვნად ეს სუნი გოგონაში. მას არ უნახავს ლაურა, თუმცა, ზუსტად იცის, ზუსტად გრძნობს მისი ჟღალი თმის არომატს….

Continue reading