მკერდის კიბო განკურნებადია!


“კიბო სიტყვაა და არა წინადადება.”

John Diamond

sports-bra-for-cancer

დიახ, სამწუხაროდ არსებობს რაღაცე(ე)ბი, რასაც ვერ შევცვლით, არსებობს მოვლენები, როლებიც შეუქცევადია; არსებობს გზა, რომელიც მაინც უნდა გავიაროთ, მაგრამ ნამდვილად არ არსებობს განაჩენი, რომლის წინაააღმდეგ წასვლაც არ შეგვეძლება. დიახ, ჩვენს საუკუნეში კიბო განაჩენი უკვე აღარ გახლავთ! ის განკურნებადია, თუ კი დროზე შეძლებ მის დანახვას.

მაინც რა არის კიბო? ამის გაგებაში ეს ვიდეო დაგეხმარება:


როგორც ვიდეოში იყო ნახსენები, მკერდის კიბო ქალთა სიმსივნეების სიხშირის ხუთეულში საპატიო პირველ ადგილს იკავებს. აშშ- ს სტატისტიკით მთელი სიცოცხლის განმავლობაში ყოველი 8 ქალიდან 1 – ს მკერდის კიბოს დიაგნოზს უსვამენ.  ამ ქვეყნის მასშტაბით საშუალოდ ყოველ 3 წუთში მკერდის კიბოს 1 დიაგნოზი ისმება, ხოლო ყოველ 13 წუთში კი 1 ქალი კვდება ამ მიზეზით. ამ ფონზე კი თვით ამერიკის მოსახლეობის მხოლოდ ნახევარია ჩართული სკრინინგის პროგრამაში, რომელსაც უდიდესი მნიშვნელობა აქვს ამ დაავადების გამოვლენაში. თუმცა, აჯობებს, თავიდან დავიწყოთ…

რა არის და საიდან ჩნდება მკერდის კიბო?

მკერდის კიბო სარძევე ჯირკვლის უჯრედების უკონტროლო ზრდისა და გამრავლების შედეგია. უკვდავების იდეა ყოველთვის მიმზიდველი არ გახლავთ. სწორედ ასეთია კიბოს შემთხვევაც.

ჯანსაღ ორგანიზმში უჯრედები მუდმივად ახლდება და მრავლდება. ამ პროცესს სპეციალური გენები აკონტროლებენ, რომელთა მოვალეობაც დაავადებული და დაბერებული უჯრებების “შეცნობა” და მათი ახალი, ჯანსაღი ანალოგებით ჩანაცვლებაა. თუმცა  დროთა განმავლობაში ხდება ისეც, რომ გენების მუტაციის გამო ეს მექანიზმი მუშაობას წყვეტს, არაჯანსაღი უჯრედი კი აგრძელებს გამრავლებას და  დაავადებულ უჯრედთა ჯგუფი – სიმსივნე ყალიბდება.

თუმცა ეს ყველაფერი არ არის; წარმოქმნილი სიმსივნე შეიძლება 2 ტიპის: კეთილ და ავთვისებიანი იყოს. კეთილთვისებიანი სიმსივნე ძალიან ჰგავს სარძევე ჯირკვლის ნორმალურ ქსოვილს, ნელა იზრდება, არ იჭრება ჯანსაღ ქსოვილებში და არც მეტასტაზებს იძლევა განსხვავებით ავთვსებიანისაგან, რომელიც გაცილებით სწრაფად მზარდია და შეუძლია, ორგანიზმის სხვა სისტემებიც დააზიანოს.

როგორი შეიძლება იყოს მკერდის კიბო?

ამ ამბავში კარგად და თითქმის პროფესიონალურადაც რომ გავერკვეთ, პატარა ექსკურსი დაგვჭირდება სარძევე ჯირკვლისა და მკერდის ანატომიაში. სარძევე ჯირკვალში რამდენიმე ძირითადი ფუნქციური ერთეული გამოიყოფა; ესენია წილაკი და სადინარი, რომელთა გარშემოც ცხიმოვანი ქსოვილია განვითარებული (იხ. ფოტო). წილაკების ფუნქცია ძუძუთი კვების დროს რძის წარმოქმნაა, სადინრები კი მილების ფუნქციას ასრულებენ და რძე დვრილამდე მიაქვთ.

CDR734087-750პირველ რიგში გაითვალისწინეთ, რომ როცა ვახსენებთ მკერდის კიბოს, ვგულისხმობთ ავთვისებიან პროცესს, რომელიც განვითარების მიხედვით რამდენიმე სახეობის შეიძლება იყოს. ესენია:

  • კარცინომა in situ, ანუ კიბო, რომელიც მრავლდება სარძევე ჯირკვლის სადინარებში ან წილაკებში და იშვიათად იძლევა მეტასტაზებს ლიმფურ და სისხლის მიმოქცევის სისტემაში.
  • ინვაზიური, რომელიც შემოფარგლული არ ან აღარ გახლავთ, ჯანსაღ ქსოვილებში იჭრება და მეტასტაზირებს.

აი ასე გამოიყურება განსხვავება სადინრის კარცინომა in situ – სა და ინვაზიურ კარცინომას შორის:

dcis-vs-infiltr-w-logo1ამ განსხვავებას პრინციპული მნიშვნელობა აქვს მკურნალობისა და მისი შედეგის პროგნოზირებისათვის, რადგანაც in situ კარცინომა მეტ დროსაც  გვაძლევს ამისთვის და უკეთეს შედეგსაც, ინვაზიური კიბოს პროგნოზი კი სამწუხაროდ გაცილებით ცუდია.

ვის ემუქრება მკერდის კიბო?

მკერდის კიბოსგან დაზღვეულნი არავინ ვართ, თუმცა არსებობს გარკვეული რისკ – ფაქტორები, რომელთა გათვალისწინება ნამდვილად გამოგვადგება:

  • ასაკი:  მკერდის კიბო შედარებით იშვიათია 25 წლამდე ქალებში, თუ საქმე არ გვაქვს გენეტიკური ფაქტორებით განპირობებულ ოჯახურ შემთხვევებთან. შემთხვევათა 77% სწორედ პოსტმენოპაუზურ  პერიოდში, 50 წლის შემდეგ ვითარდება. დიაგნოსტიკის საშუალო ასაკი 61 წელია.
  • პირველი მენსტრუალური ციკლის (მენარქეს) ასაკი: აღმოჩნდა, რომ 11 წელზე უმცროს ასაკში პირველი მენსტრუაცია 20 % – ით ზრდის მომავალში სიმსივნის განვითარების რისკს.
  • ასაკი პირველი მშობიარობისას: 20 წელზე უმცროს ასაკში მშობიარობისას რისკი 50% – ით მცირეა, ვირე 35 წლის შემდეგ ნამშობიარებ ან არანამშობიარებ ქალებში.
  • მკერდის კიბოთი დაავადებული ნათესავები: ოჯახური ისტორია დაავადებულთა მხოლოდ 13 % -ში ვლინდება, თუმცა ოჯახური ისტორიის მქონე ქალთა 87% -ს უვითარდება მკერდის კიბო.
  • ბიოფსიები: მრავალჯერადად ჩატარებული ბიოფსიის შემდეგ სიმსივნის განვითარების რისკი იზრდება.
  • ესტროგენების მოქმედება: პოსტმენოპაუზურ პერიოდში ქალებში ჰორმონოთერაპია მცირედ ზრდის მკერდის კიბოს რისკს. რისკი იზრდება ესტროგენების და პროგესტერონის კომბინაციის გამოყენებისას.
  • რადიაცია: სამკურნალო თუ სხვა სახის დასხივება დიდი ოდენობით ზრდის სიმსივნის რისკს.
  • სიმსუქნე: 40 წლამდე ქალებში ეს რისკი დაბალია, თუმცა პოსტმენოპაუზურ პერიოდში მატულობს ცხიმოვნი ქსოვილის მიერ ესტროგენების ჭარბი სინთეზის გამო. რაც მეტია წონა, მით მეტია მკერდის კიბოთი დაავადების პროცენტი.
  • ეთნიკური წარმომავლობა: აღმოჩნდა, რომ მკერდის კიბო ლეტალური გამოსავლით ყველზე ხშირი აფროამერიკელ ქალებშია მიუხედავად იმისა, რომ მათთვის დასმული დიაგნოზების რაოდენობა თეთრკანიან მოსახლეობასთან შედარებით ნაკლებია.

როგორ შევნიშნოთ მკერდის კიბო ადრეულ სტადიაზე?

მკერდის კიბოს ადრეულ დიაგნოზს 40 % – ში უსვამენ სწორედ იმ  ქალებს, რომლებმაც თავად აღმოაჩინეს სიმსივნე! გახსოვდეთ, რაც უფრო ადრე აღმოაჩენთ მას, მით მეტია გამოჯანმრთელების ალბათობა!

symგარეგანი ნიშნები:

  • აუცილებლად დაიწყეთ ჩვეულებრივი დათვალიერებით: დაათვალიერეთ დვრილები, მათი ფორმა. ყურადღება მაიქციეთ ჩაბრუნებულ, გადასწორებლ დვრილებს, მათ გამკვრივებას, შეშუპებას და სისხლიან ან უსისხლო გამონადენს.
  • ყურადღება მიაქციეთ ძუძუს ფორმის შეცვლას, მუდმივ უსიამოვნო შეგრძნებას, კანის დანაოჭებას,ფერის ცვლილებას, მკერდის ქსოვილის სტრუქტურის შეცვლას, რომელსაც გრძნობთ შეხებით, ლიმფური კვანძების გადიდებას, ბეჭის ან იღლიის მიდამოს შესიებას.

თუმცა ადრეულ სტადიებზე ეს ცვლილებები ხშირად არც შეიმჩნევა. ამ პერიოდში სიმსივნის აღმოსაჩენად საუკეთესო და უნივერსალური საშუალება  თვითგასინჯვის პროცედურა, რომელიც საკმაოდ მარტივია და არც დიდ დროს წაგართმევთ. გასინჯვა შეგიძლიათ ჩაიტაროთ შხაპის მიღების დროსაც, თუმცა გაითვალისწინეთ, რომ თვითგასინჯვა რეკომენდებულია ჩატარდეს მენსტრუაციული ციკლის ერთსა და იმავე დღეს, მაგალითად მენსტრუაციის დაწყებიდან მე-5-ე, მე-6-ე დღეს, როდესაც სარძევე ჯირკვალი მოდუნებულ მდგომარეობაშია. ამ ვიდეოში დეტალურადაა ნაჩვენები თვითგასინჯვის პროცესი:

ნებისმიერი კვანძის, მტკივნეულობის ან ზემოთ ჩამოთვლილი ნიშნის აღმოჩენის შემთხვევაში ნუ დააყოვნებთ! სასწრაფოდ მიმართეთ ექიმს!

როგორ სვამენ მკერდის კიბოს დიაგნოზს?

თუ თქვენი მკურნალი ექიმი ეჭვს მკერდის სიმსივნეზე მიიტანს, აუცილებლად დაგინიშნავთ მამოგრაფიას. მამოგრაფია სარძევე ჯირკვლის ქსოვილის რენდგენოლოგიური გამოკვლევაა, რომელსაც შეუძლია, ჯანსაღ ქსოვლში ამოიცნოს შეცვლილი, სიმსივნური უჯრედები და მოგვცეს მათი გრაფიკული გამოსახულება. ეს მეთოდი მხოლოდ სავარაუდო დიაგნოზის დასადასტურებლად კი არა, მასობრივი სკრინინგისთვისაც გამოიყენება. ამ ვიდეოში დეტალურადაა აღწერილი პროცედურის მსვლელობა:


მამოგრაფიის შემდგომ, თუკი დადასტურდება სიმსივნის არსებობა, საჭირო იქნება ბიოფსია. ბიოფსიის ძირითადი არსი სიმსივნის ქსოვილიდან უჯრედების აღება, მათი გამოკვლევა და იმის დადგენაა, როგორი ტიპისაა სიმსივნე და რომელ სტადიასთან გვაქვს საქმე:

გამოკვლევებთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ: ბმული

რას ნიშნავს მკერდის კიბოს სტადიები?

ბიოფსია და სხვა გამოკვლევების შედეგები საშუალებას მოგვცემს, განვსაზღვროთ, რომელი სტადიის სიმსივნე აქვს ავადმყოფს. მკერდის კიბოს სტადია გვიჩვენებს სიმსივნის განვითარებისა და დიფერენციაციის ხარისხს და 4 მახასიათებლით განისაზღვრება:

  • სიმსივნის ზომით;
  • სიმსივნის გავრცელების არსებობით /ხარისხით;
  • სიმსივნის ლიმფურ კვანძებში გავრცელებით;
  • მეტასტაზირების არსებობითა და მისი ხარისხით.

ამ მაჩვენებლებით გამოიყოფა მკერდის კიბოს 5 სტადია.  რაც უფრო დაბალი სტადიისაა კიბო, მით კეთილსაიმედოა პროგნოზი პაციენტისთვის.

Screen-Shot-2012-09-27-at-9.59.51-AMდამატებითი ინფორმაცია მკერდის კიბოს სტადიებსა და დიფერენციაციაზე.

როგორ მკურნალობენ მკერდის კიბოს?

გამოკვლევების შემდგომ დღის წესრიგში დგება მკურნალობის საკითხიც. არსებობს მკურნალობის 3 ძირითადი მეთოდი:

  • ქირუგიული მკურნალობა: რაც თავის მხრივ მრავალფეროვანია და ითვალისწინებს მკერდის კიბის განვითარების სტადიებს ტიპსა და სხვა მონაცემებს.  ადრეული დიაგნოსტიკის საშუალებების გაჩენასთან ერთად ქირურგიული ჩარევის მასშტაბები შემცირებულია, მაგრამ რიგ შემთხვევებში საჭიროა – რადიკალური მასტექტომია, სარძევე ჯირკვლის სრული მოკვეთა ლიმფური კოლექტორების ჩათვლით (იღლიის, ბეჭქვეშა და ლავიწქვეშა არეების ლიმფური სისტემა). თუმცა ოპერაციის მასშტაბების შემცირება “მოდარაჯე” ლიმფური კვანძების შემოწმებითაა შესაძლებელი. შესაძლებლობის შემთხვევაში ლიმფური სადინრების ნაწილი შენარჩუნდება. მცირე წარმონაქმნის ან მისი განსაზღვრული მდებარეობის შემთხვევაში სარძევე ჯირკვლის ამპუტაცია არ ხდება და კეთდება ჯირკვლის შემანარჩუნებლი ოპერაცია.
  • მედიკამენტური მკურნალობა: უმეტესად სხვადსახვა ტიპის მედიკამენტთა კომბინაციებს, ანუ კომპლექსურ თერაპიას იყენებენ.
  • რადიაციული სხივური თერაპია, რომელიც დისტანციურ და ინტრაოპერაციულ სხივურ თერაპიას მოიცავს და რადიკალური შედეგის მისაღწევად საკმაოდ ეფექტურია მიუხედავად მრავლობითი გვერდითი ეფექტისა.

როგორ დავიცვა თავი მკერდის კიბოსგან?

კიბოსთან გამკლავება ადვილი არ არის, უფრო მარტივი მისგან თავის დაცვაა. არსებობს ფაქტორები, რომლებიც გვეხმარებიან, შევამციროთ მკერდის კიბოს განვითარების რისკი მაშინაც კი, თუ ოჯახური წინასწარგანწყობა გვაქვს მის მიმართ:

  • მშობიარობა 30 წლამდე ამცირებს მკერდის კიბოთი დაავადების რისკს.
  • კვლევებმა აჩვენა, რომ რეგულარული სექსი მკერდის კიბოს განვითარების რისკს საგრძნობლად ამცირებს, რაც, სავარაუდოდ, ჰორმონების ოქსიტოცინისა და DHEA – ს (დეჰიდროეპიანდროსტერონის) დამსახურებაა. ბერძენ მეცნიერებს თუ დავუჯერებთ, ქალებში, რომლებსაც თვეში ერთხელ და მეტჯერ აქვთ სექსი, მკერდის კიბოს განვითარების პროცენტი ნაკლებია. სხვათა შორის, ასეთივე კლების სტატისტიკა ვრცელდება მამაკაცებზეც.
  • სიმსივნის განვითარების რისკს ამცირებს ლაქტაციაც. რაც დიდ ხანს გრძელდება ძუძუთი კვება, მით მეტად მცირდება მკერდის კიბოს განვითარების რისკი.7129255ebfa951653e5fbcb39c1cc42d
  • ფიზიკური დატვირთვა და ჯანსაღი საკვები საუკეთესო საშუალებაა ზედმეტი წონისაგან და შედეგად მკერდის კიბოსაგან თავის დასაცავად. Harvard Medical School – ის კვლევამ აჩვენა, რომ 12 – დან 22 წლამდე ქალები, რომლებიც 3 ან 4 საათს სირბილს (ან 13 საათს ფეხით სიარულს) უთმობენ კვირაში, 23 % – ით უფრო ნაკლებად არიან მიდრეკილნი მომავალში მკერდის კიბოს განვითარებისადმი.
  • თამბაქოსა და ალკოჰოლზე უარის თქმა არა მხოლოდ მკერდის სიმსივნის პრევენციისთვისაა სასარგებლო.
  • დალიე მწვანე ჩაი! ჩაი საუკეთესო ანტიოქსიდანტია და ზოგიერთი კვლევის თანახმად შეუძლია, ესტროგენის გამომუშავებაც შეაფერხოს.
  • გამოიკვილე შენი ოჯახის ისტორია: დამძიმებული გენეტიკა მკერდის კიბოს რისკს ერთი ორად ზრდის, თუმცა არსებობს სპეციალური გამოკვლევა, რომელსაც შეუძლია განსაზღვროს, ხართ თუ არა მკერდის კიბოს სპეციფიური BRCA1 და BRCA2 გენების მუტაციის მატარებელი. სამწუხაროდ ეს გამოკვლევა საკმაოდ ძვირადღირებული გახლავთ და ამის გამო მასობრივი სკრინინგისთვის არ გამოიყენება.
  • პროფილაქტიკური ქირურგია: გარდა სიმსივნის მკურნალობის ქირურგიული მეთოდისა, იმ პაციენტებში, ვისაც მკერდის კიბოს განვითარების რისკი ძალიან მაღალი აქვთ, კეთდება პროფილაქტიკური მასტექტომია (ჯანმრთელი სარძევე ჯირკვლის მოკვეთა). ბოლო დროის ყველაზე ცნობილი ადამიანი, ვინც მასტექტომიას პრევენციის მიზნით მიმართა, ანჯელინა ჯოლი გახლავთ, რომელსაც დატვირთული სამედიცინო გენეტიკის გამო მკერდის სიმსივნის რისკი 87% -ით ჰქონდა გაზრდილი.
  • თვითგასინჯვა და სკრინინგი ყველაზე დიდი აგურია მკერდის კიბოს პრევენციაში.   სამედიცინო რეკომენდაციების თანახმად  ყოველი 20 – დან  40  წლამდე ქალი მამოგრაფიას უნდა იტარებდეს ერთხელ მაინც ყოველ 3 წელიწადში. 40 წელს გადაცილებულ ქალებში მამოგრაფია წელიწადში ერთხელაა რეკომენდირებული. მიუხედავად იმისა, რომ მამოგრაფია სასიამოვნო და კომფორტული პროცედურა ნამდვილად არ გახლავთ, მისი დამსახურებით მილიონობით ქალს შეუნარჩნდა სიცოხლე, რადგანაც სიმსივნე საწყის სტადიაზე იქნა აღმოჩენილი.
  • უფასო სკრინინგის პროგრამა საქართველოში: თუ ხართ 40-დან 70 წლამდე ასაკის, საქართველოს მოქალაქე, ძუძუს კიბოს სკრინინგის სახელმწიფო პროგრამით თქვენ უფასოდ გეკუთვნით მამოლოგის კონსულტაცია, მამოგრაფია, ექოსკოპია (საჭიროების შემთხვევაში) და ციტოლოგია (საჭიროების შემთხვევაში). დამატებითი ინფრმაციისთვის ეწვიეთ ეროვნული  სკრინინ – ცენტრის ვებ გვერდს: http://www.gnsc.ge

P.S. დღეს მსოფლიოში 3 მილიონამდე ადამიანი ცხოვრობს, ვინც უკვე დაამარცხა მკერდის კიბო და კიდევ 5 მილიონი, რომელსაც უკვე 5 წელია, რაც ეს დიაგნოზი დაუსვეს. მკერდის კიბო მხოლოდ ვარდისფერი ბაფთა არ არის, მაგრამ მის შემდეგ ცხოვრება გრძელდება! სწორედ ამის ჩვენება სურდა ფოტოგრაფ David Jay -ს, რომელმაც სააშკარაოზე გამოიტანა და ფირზე აღბეჭდა იმ ქალების ნაიარევები და სიმამაცე, რომლებსაც მასტექტომია ჩაუტარდათ; მათ ეს შეძლეს და დაამარცხეს კიბო. შეძლებ შენც!

This slideshow requires JavaScript.

პოსტი წარმოადგენს კიბოს კვლევის ცენტრის საკონკურსო ნაშრომს თემაზე “კიბოს ხილვადობა”.

7 არასამუშაო თვეში დაკლებული 30 კილოგრამი


გვეძღვნება ნაციონალებს, მე, ილიას, მარიამსა და თამუნას

შარშანდელ პოსტში დაგპირდით, დაკლებულ 16 კილოგრამზე მოგიყვებით მეთქი. მაგრამ ქართველი ბლოგერი რისი ბლოგერია, პოსტის დაწერა რამდენიმე თვით არ დააგვიანდეს. ჰოდა, ჩემდა გასახარად, ამ დროში ჩემი 16 კილოგრამი 30-იც გახდა, before/after ფოტოც ვაღირსე ჩემს თავს და მინდა, თქვენც გაგიზიაროთ.

მოკლედ, ასე გამოვიყურებოდი 2012 წლის 31 მაისს. ვინაიდან და რადგანაც, ფოტოების გადაღება დიდად არ მეხალისებოდა გასაგები მიზეზების გამო, სხვა დიეტის წინა ფოტო არ მაქვს.

525885_2903475006134_2127608279_n
დიეტამდე 3 თვით ადრე

თქვენი ნებართვით ამბავს ცოტა შორიდან დავიწყებ.

გამხდარი არ ვყოფილვარ არასდროს. რაც ადრინდელი ჩემი თავი მახსოვს, თვითშეფასება მარიანის ღრმულზე ღრმად მქონდა დაწეული, ლოყები კიდევ – დალურჯებული ნაჩქმეტებისგან. არ ვიცი რა ფენომენია ეს, პუტკუნა ბავშვების დაჩქმეტა…

მოკლედ, როგორც იყო, გავიზარდე, მოვედი გონივრულ ასაკამდე და ერთ დღესაც მოვხვდი, რომ აზრი არ ჰქონდა წონაზე ნერვიულობას, რადგან ცხიმის რაოდენობა არ განსაზღვრავს ადამიანს. ამით ბევრი რამ დამთავრდა და უფრო მეტი დაიწყო. მიუხედავად იმისა, რომ საკუთარი წონა დიდად არ მადარდებდა და თვითშეფასებასთან დაკავშირებული პრობლემებიც დავძლიე, მაინც არასდროს მიხაროდა plus size ადამიანად ყოფნა. არც ერთმა ზედმეტწონიანმა ადამიანმა არ მოგატყუოთ, რომ არ უნდა, გამხდარი იყოს. ყველას აქვს გულის მტვრიან კუთხეში ადგილი, სადაც ის სხვანაირია, გამხდარი, ლამაზი, 90/60/90-ზე…

გგონიათ, შეუძლებელია? არა, თუმცა იმდენი წინააღმდეგობაა ამ 90/60/90-მდე, რომ აი, უბრალოდ, გვეზარება… რადგან გაცილებით ადვილია, ტელევიზორის წინ ნაყინის დიდი ვედროთი მოიკალათო და იოცნებო პრინცებსა და საკუთარ იდეალურ პარამეტრებზე, ვიდრე ადგე და პრესები აკეთო…

რამდენიმე წელი არ ავწონილვარ. ბოლოს 5 წლის წინ სასწორმა რომ 100 კგ მიჩვენა, მაშინ გადავწყვიტე, მსგავს ხელსაწყოებს ახლოს არ გავკარებოდი…

ამასობაში სკოლაც დავამთავრე, უნივერსიტეტის მეორე კურსიც და SummerJob-ის მეშვეობით 400 ლარიც გამოვიმუშავე. კარგა ხანს ვფოქრობდი, რა ჯანდაბა მექნა ამ ფულისთვის. რაც ძალიან მინდოდა, იმაში არ მყოფნიდა, თაჯმაჰალის ნახვასაც არ ყოფნიდა აშკარად…

ერთ ღამეგათეულ დილასაც, მორიგეობის შემდეგ, კარდიოლოგიურში მე და ჩემმა მეწყვილემ “ეული” სასწორი შევნიშნეთ. Why not მეთქი და ავიწონე…

სიმართლე გითხრათ, სულ არაა საუკეთესო გრძნობა, როცა სასწორი 122 კგ-ს გიჩვენებს…

რამდენიმე დღის შემდეგ, ჩემს მეგობარზე, მარიამზე ვეუბნებოდი სხვა მეგობარს, ეგ ილიას თუ შეურიგდება, 50 კილოს დავიკლებ მეთქი. ისე აგიხდათ ყევლაფერი, როგორც მარიამი შეურიგდა ილიას და მეც ყულფში თავგაყოფილი აღმოვჩნდი 😀 .

ამ ყველაფერს დაემატა უკვე დიდი ხნის პრობლემები: ქოშინი მესამე სართულის ზემოთ კიბეზე ასვლისას, ფეხების ტკივილი, ზედმეტი ოფლიანობა (მართლა საშინელ დისკომფორტს ქმნის :/), ტანსაცმლის დეფიციტი, გაოცებული სახეები და კიდევ ბევრი წვრილმანი…

ჰოდა, როგორც კი აგვისტო ჩამთავრდა და ნანატრი ხელფასიც ჩაირიცხა, სიტყვის ასასრულებლად და ენდოკრინოლოგთან ვიზიტისთვის მოვემზადე.

ჩემი პოლიკლინიკის ექიმს მოწინავე პიონერივით პირველ სექტემბერს მივაკითხე და ანალიზებიც გავიკეთე. შედეგად აღმოჩნდა, რომ ქოლესტერინი გაორმაგებული, შაქრის დონე სისხლში- შემცირებული, ფარისებრი ჯირკვლის ფუნქცია კი დაქვეითებული მქონდა. ადამიანურ ენაზე თუ ვიტყვით, დიაბეტი, გულსისხლძარღვთა სისტემის პრობლემები და სხვა ბევრი თავის ტკივილი მემუქრებოდა სულ რამდენიმე წლის პერსპექტივაში.

აქვე ჩემი ანალიზების კალკულაციასაც შემოგთავაზებთ: ვიზიტი, რომელშიც შაქრის გაზომვაც შედის- 10 ლარი, ქოლესტერინის გაზომვა – 10 ლარი, HOMA ინდექსები -40 ლარი და TSH- 15 ლარი.
ჯამში 75 ლარად “ნანატრი” დიეტაც ჩამახუტა ნინო ექიმმა და წამლების მსუყე სიაც. ნაცმოძრაობის გადახდილი ხელფასი კი ჩემზე კარგად, ალბათ, არ გამოუყენებია არავის 😀

ვიცი, ბევრი თქვენგანი ამ სიის გულისთვის კითხულობს პოსტს. ჰოდა, აი ისიც. ასე გამოიყურებოდა ჩემი სამომავლო სამოქმედო გეგმა, ჩემი დიეტა:

ესე იგი:
კვება დღეში 4-ჯერ: 8-12-16-20 სთ.
პური 1 ნაჭერი ჭამაზე, შავი ან რუხი. (იფქლის პური ყველას ჯობია). ჯამში 200 გრამი. ჭადიც შეიძლება.
კარტოფილი, წიწიბურა, მაკარონი, მოშუშული კომბოსტო, გოგრა უპუროდ  ან პურის მაგივრად სხვა საკვებთან.
ღომი არ შეიძლება, არც ლუდი.
ხორცი უნდა იყოს მენიუში კვირაში 3-ჯერ მაინც: საქონლის, თევზის, ქათმის თეთრი ხორცი 200 გრამი, მოხარშული. თევზს მე, პირადად, ვერ ვჭამ მოხარშულს და ვწვავ 🙂
რძის პროდუქტები: რძე 300 მლ, მაწონი-იოგურტი 0.5 ლ, ყველი ნაკლებცხიმიანი 70 გრამი, ხაჭო 200 გრამი, არაჭანი 5-10 გრამი. ყველა ეს დაბალცხიმიანი.
ცხიმი: მცემარეული ზეთი 15-20 გრამი, კარაქი 5-10 გრ. ‘კარაქში’ შედის მდნარი ყველი, მაიონეზი, ზეთის ხილი, ნიგვზები, იოგურტის ცხიმის პროცენტი, ნიგვზები.
კვერცხი 1-2 ცალი ყოველდღე არა ოღონდ.
ბოსტნეული 800 გრამამდე დღეში.
ხილი 500-700 გრამი.
უნდა შეზღუდო ყურძენი, კარალიოკი, ხურმა, ანანასი, თუთა, ლეღვი, ბროწეული, ბანანი, ანანასი, ფინიკი, ქიშმიში. კენკრა უშაქროდ.
მჟავე ღვინო, შამპანიური, კონიაკი იშვიათად.
მინერალური სასმელები წყლის მაგივრად შეიძება, განსაკუთრებით მაშინ, მარილსაც თუ მოუკლებ.
100 გ შავი პური 80 გრამს უდრს თეთრ პურს და ჭადს, 90 გ რუხ პურს, 220 გრამ კარტოფილს, 55 გ მაკარონს (ამიტომ არ ვჭამ საერთოდ 🙂 ).
100 გ ხორცი = 3 კვერცხს, 120 გრ თევზს, 80 გრამ ყველს, 110 გრამ ხაჭოს 🙂

ამ სიის მიხედვით   თვითონ ვადგენ მენიუს, რომელ დღეს რა მირჩევნია ან მიხერხდება.

მოკლედ, კიდევ 100 ლარამდე დავაბანდე დიეტური პროდუქტების მარაგისთვის (არაა ეს აუცილებელი, მაგრამ სანამ ფული მქონდა, ჩემს თავზე ვიზრუნე ) და შევუდექი საქმეს.
Face_anatomy_superficial

დიეტაში პირველი დღეები რთულია. ახალ რეჟიმს ეჩვევი, უნდა გადაეჩვიო ტკბილეულისკენ ხელის გაწვდენას, ღამე ჭამას, ფასტ ფუდის გარეშე ცხოვრებას. თუმცა, ნელ-ნელა ფორმაში მოდიხარ, დღის რეჟიმს ალაგებ. იმ დროს გშივდება, როცა ჭამა გიწევს და არც ისე ცუდ ხასიათზე ხარ, როგორც ელოდი…

აქვე მინდა შეგახსენოთ, რომ თვითნებურად არც ერთი დიეტის გამოყენება არ შეიძლება, რადგან ბევრი ინდივიდუალური მახასიათებელი არსებობს, რაც ამ ჩამონათვალშია გასათვალისწინებელი. მაგალითად, თუ TSH მომატებული გაქვთ (რაც საკმაოდ ხშირია ზედმეტი წონის არსებობისას), თვითნებურ დიეტას წამლის გარეშე არ ექნება შედეგი, სულ რომ შიმშილით მოილათ თავი. შეიძლება პირიქით დაგემართოთ და მოიმატოთ წონაში… ასე რომ, ყველაფერს  ის სჯობს, დასაწყისისთვის გარკვეული ხარჯი გაიღოთ ანალიზებისა და ვიზიტისათვის, რომ მშვიდად შეუდგეთ წონის კლებისა და სიჯანსაღისკენ მიმავალ გრძელ გზას. სურვილის შემთხვევაში მომწერეთ და ჩემი ექიმის კოორდინატებსაც მოგაწვდით, თუ რა თქმა უნდა, აფრიკამდე მოსვლა არ დაგეზარებათ 😀

არ ვიცი, მე მაქვს რკინის ნებისყოფა თუ მართლა არაა დიეტაზე ჯდომა ძნელი, მაგრამ მე არ გამჭირვებია. სულ 2 პრობლემა მქონდა: თავბრუსხვევა და მახსოვრობის გაუარესება პირველ 2 თვეში, რაც, სავარაუდოდ, შაქრის მთლიანად ამოღების ბრალი იყო რაციონიდან. აი 2 თვის თავზე კი სასურველი და სანატრელი შედეგიც მივიღე: სასწორმა 15 კილოგრამით ნაკლები მიჩვენა…

Face_anatomy_superficial

დამიჯერეთ, ამ გრძნობისთვის ყველაფერი ღირს.

ამის შემდეგ კლების ტემპი შენელდა, ერთი პერიოდი შეჩერდა კიდეც, საბოლოოდ კიდევ 5 თვე დამჭრდა დანარჩენი 14 კილოგრამის დასაკლებად. თუმცა წვალება შედეგად ნამდვილად ღირს. ყევლაზე კარგად კი ამას სასწორზე კი არა, საკუთარი გარდერობის დალაგებისას და დიდი ხნის უნახავი ნაცნობების სახეზე არჩევ 😀

საქმე საწუწუნოდ არ მაქვს. მას შემდეგ, რაც სამედიცინოს ეზოში ვიჯექი ჩემი მრგვალი კონტეინერით და წიწიბურას ვჭამდი, აღარ მანერვიულებს დისკომფორტი და სხვისგან არც იმ არგუმენტს ვიღებ, რომ ჭამას ვერ ახერხებენ ვერსად. ვერ ასწრებ საჭმლის კეთებას და წაღებას? იყიდე იოგურტი და დალიე, ან 2 ვაშლი და 1 ნაჭერი შავი პურიც გიშველის 🙂 . ისე, თუ გაინტერესებთ, ჩემი რჩეული ჩუდოს იოგურტია. ყველაზე გემრიელია ქართულ ბაზარზე.

მოკლედ, ისევ ვაგრძელებ დიეტას. ძალიან მინდა, 70 კილო გავხდე. იმედია, დიეტის 1 წლის თავზე ასეც იქნება, თუ არა და, დრო მაინც გადის და სექტემბერში თუ არა, ნოემბერში მივაღწევ სასურველ წონას… თუმცა, ჯერ ჩემს თავს ბოლომდე ვერ ვაჯობე და ინტენსიური ვარჯიში არ დამიწყია. ხოლოდ პრესები და ისიც თებევლიდან. არადა, ვარჯიშით შედეგი ორმაგი იქნბოდა და არც კანის მოშვების პრობლემა მექნებოდა. ასე რომ, თუ რამეს დააპირებთ, ესეც გაითვალისწინეთ.

ბონუსად გიტოვებთ ფოტოს ჩემი და თქვენი მოტივაციისთვის.  რაც ეს before/after-ი Facebook-ზე გამოვაქვეყნე 2 დღის წინ, უკვე სრულიად უცხო ადამიანებისგან ვიღებ მოლოცვებს და რჩევების თხოვნას. 😀 ჰოდა,  იმაზე კარგი რა იქნება, ჩემი შედეგი ვინმესთვის კარგი მოტივატორი თუ გახდება.

Ribbet collage
6 თვისა და 2 კვირის შედეგი
15.03.2013

ისე კი, ვისაც დეტა და წინოს დაკლება გჭირდებათ, ერთ რჩევას კიდევ მოგცემთ: ჯერ საკუთარი თავები შეიყვარეთ ისეთები, როგორებიც ხართ, შეეშვით საკუთარი სხეულის სიძულვილს და მხოლოდ ამის მერე დაიწყეთ ზედმეტისგან გათავისუფლება. წონა ადამიანს არ განსაზღვრავს და plus size-ად ყოფნის დროსაც შეიძლება იყო ბედნიერი, თუ მოისურვებ!

მომავალი 22 კილოს დაკლების ამბებსაც დავწერ ახალ პოსტებში, დაელოდეთ.
წარმატება მისურვეთ 🙂

გამოცდები სამედიცინოში N3


  “ვინც ჩვენთან ხმალამოღებული მოვა, მას ავტომატით ჩააძაღლებენ”.
კათედრების დევიზი

ეძღვნება თორნიკეს

თუ მიწიერ ჯოჯოხეთს ეძებთ და ჯერ ვერ მიაგენით, თუ გინდათ, რომ გამოსცადოთ ერთთვიანი უძილობა, დაღლილობა, ნერვული აშლილობა და დაკარგოთ ცხოვრების ხალისი, აიღეთ თქვენი საბუთები, შეიტანეთ სამედიცინოში და მესამე კურსის გამოცდებს დაელოდეთ.

ვერ მოგატყუებთ, რომ არ ვიცოდი, სად ვაბარებდი თავის დროზე. წინა წლის ბავშვებისაგანაც გაგონილი მქონდა, მესამე კურსი ყველაზე უარესიაო, მაგრამ, ხომ იცით, იმედი ბოლოს კვდება. მეც არ მეგონა, რომ მართლა ასეთი საშინელება იქნებოდა, როგორსაც მავანნი ჰყვებოდნენ, მაგრამ..

ხომ გაგიგით, სტუდენტი ბჭობდა და კათედრის გამგე სიცილით კვდებოდაო.

193780_3591892856150_1774169887_o
მესამე კურსის გამოცდების ცხრილი

სემესტრი მართლაც შრომატევადი გამოდგა. ყველა სტუდენტი იმედიანად რაღაცას მიანც სწავლობდა, მაგრამ  გამოცდებმა ისეთ დღეში ჩაგვყარა, არავის რომ არ ვუსურვებ.

9.01.2013

პირველი პათანატომია გვქონდა. კათერის ხელმძღვანელმა გაგვანაწილა აუდიტორიაში და ფოტოსესიაც მოგვიწყო, საღამოს კი კათედრის ფეისბუქის ფეიჯზეც ჩამოგვამწკრივა 🙂

ვის ჰყავს პათანატომიის კათედრა ჩვენისთანა 😀

აქ მთავარია, ჩათვლებზე გაგიმართლოს, თორემ გამოცდა მშვენიერი გამოდგა.

ფოტო ბატონი რამაზის ფოტოსესიიდან :)
ფოტო ბატონი რამაზის ფოტოსესიიდან
სადღაც მეც უნდა ვიყო 🙂

12.01 2013

შემდეგი პათფიზიოლოგია იყო. ზეპირი გამოცდები არ მიყვარს, არც ისეთი მდგრადი პიროვნება ვარ, გამომცდელის მზერას, ნერვიულობას და იმას გავუმკლავდე, რომ ვერაფერს ვიხსენებ. 2 დღეში როგორღაც გადავიკითხე მთელი მასალა, ბილეთიც კარგი შემხვდა და გამოცდამაც, საბოლოოდ, კარგად ჩაიარა. პათფიზიოლოგიის კათედრასთან პრეტენზიები ნამდვილად არ მაქვს, პედაგოგიც კარგი მყავდა. განსაკუთრებით სასწავლო  წიგნი მომწონს. ბევრი არ გვაქვს მომავალ ექიმებს ისეთი სახელმძღვანელო, რომელიც ადვილად, გასაგებად და თითქმის მხატვრული ლიტერატურასავით იკითხება.

17.01.2013

იმუნოლოგია. ოოო 😀

იცით, არსებობს რაღაცე(ე)ბი, რასაც ალბათ ვერასდროს გავიგებ, ვისწავლი და გამოვიყენებ. პირველი ქიმიაა, მეორე – კაცის შებმა. და აი, მესამე პუნქტიც გამომიჩნდა წელს, – იმუნოლოგია. კათედრის თეორიული სწავლების ხარისხზე ვერაფერს ვიტყვი, მაგრამ იმუნოს არსი მაინც არ მესმის არც მე და არც ჩემი კურსის უმრავლესობას. თანაც, ისეთი საოცარი საგამოცდო “ტესტები” გვქონდა, რომ მტერს… ინტერლეიკინები და ზემგრძნობელობა არ მოუშალოს ღმერთმა ჩიქოვანს, მე აღარ მინდა 😀 .
ისე, მე მაინც ვთვლი, რომ დეკანის კათედრა ასეთი არ უნდა იყოს და გამოცდის საკითხიც ცოტა სხვანაირად უნდა მოგვარდეს, ვიდრე ახლაა “მოგვარებული”.

21.01.2013

ჩემი დაბადების დღე და ფარმაკოლოგიის გამოცდა ისე დაემთხვა და მოუხდა ერთმანეთს, როგორც კარაქიანი პური და ჩაი. იმასაც თუ დავამატებ, რომ ჩაის არასდროს ვატან კარაქიან პურს, მიხვდებით, რა განწყობით ავდექი დილით და წავედი გამოცდაზე. საბოლოო ჯამში, გამოცდა კი ჩავაბრე, მაგრამ ფარმაკოლოგიის ცოდნით ნამდვილად ვერ დავიკვეხნით მთელი მესამე კურსი. ამ კათედრაზე ერთადერთი, ვინც ფარმაკოლოგია იცის და გვასწავლის რამეს, კათედრის ხელმძღვანელია. მაგრამ მიუხედავად ბატონი ნიკოსადმი დიდი პატივისცემისა და სიყვარულისა, მე ჯერ ვერ ვნახე პედაგოგი, რომელიც წიგნში თითის გაყოლების გარეშე მეტყვის რაღაცას, თან სწორს და აქეთ მე არ დამიძახებს დებილს.

24.01.3012

ტოპანატომია უპრობლემოდ ჩავაბარე. ნიშანდობლივი და საინტერესო არ მახსენდება არაფერი ამ გამოცდასთან დაკავშირებით. საგანი დავხურე, კათედრაზეც, მე პირადად, არ მქონია პრობლემები.

29.01.2013

პრობლემები და მთავარი პანიკა 29 რიცხვისა და პროპედევტიკის გამოცდის მოახლოებასთან ერთად გაჩნდა. ცუდად რომ მქონდა საქმე, მაშინ მივხვდი, რამდენჯერმე ზედიზედ ისტერიული სიცილი რომ ამიტყდა და გამოცდის დღეს, დილით, გულმა რომ დამიწყო ჩხვლეტა. ეს საგანი ოსკის სისტემით ბარდება, რაც 8 ოთახიანი გამოცდა სხვადასხვა გამომცდელებით და საკითხებით. ჯამში დაახლოებით ისეთი სიტუაციაა, როგორიც ფორტი ბოიარდის თამაშისას, ოღონდ აქ უფრო მეტი ოთახია გველებითა და ობობებით სავსე 🙂
ოთახში შედიხარ და 5 წუთი გაქვს იმის გადმოსაფრქვევად ან გასაკეთებლად, რაც იცი ან არ იცი… მოკლედ, ფრიად სასაცილო სიტუაციაა, სატირალი რომ არ იყოს… საბოლოო ჯამში არც ეს გამოცდა აღმოჩნდა ჩაუბარებელი, მაგრამ ჩემი ნერვები შეიწირა სანაცვლოდ 🙂

ჰო, მინდა აღვნიშნო, რომ საშინელი წიგნით გვასწავლეს, ეს კი ცალკე ისტორიაა…

1.02.2013

მიკრობიოლოგია… რნმ და დნმ ვირუსების ოჯახები და გვარები ნამდვილად გაგიმწარებთ ცხოვრებას, მაგრამ არ მოკვდებით, ამასაც გადაიტანთ. საერთო ჯამში ბევრი ტესტი გვქონდა, მაგრამ დავძლიეთ 🙂 . როცა პროპედევტიკა ჩაბარებული გაქვს, მიკროზე წუწუნი ნამდვილად არც ღირს და ცოტათი უნამუსობაცაა. 😀

4.02.2013

4 თებერვალი: დეკემბერ-იანვრის სანატრელი თარიღი. როცა ბოლო გამოცდა ქირურგია გაქვს, სადაც არავინ იჭრება ამ სიტყვების პირდაპირი მნიშვნელობით, სანერვიულოც ნაკლებია… ასე რომ, სიმღერით ჩავაბარე ქირურგია და იმედი მაქვს, მეორე სემესტრშიც მექნება გივი კორკელიას ხილვის ბედნერება კვირაში ერთხელ და ცოტა პოზიტივით დატვირთვა…

აბა რა გითხრათ. პოსტად ადვილად იკითხება, მაგრამ  იმდენად დიდი შრომა დამჭირდა ყველა საგნის ჩასაბარებლად, რომ ცოტა მეუცნაურება, ასე ერთ პოსტში რომ მოვაქციე.

იმის შემდეგ, რაც მთელი იანვარი გავათენე, ცოტათი კი შემერყა იმის იმედი და სურვილი, ექიმი ვიყო, მაგრამ, მეორე მხრივ, ასეთი ბარიერები იმის შეგრძნებასაც გიჩენს, რომ მეტი შეგიძლია და უფრო მეტი გაქვს საკუთარი თავისგან მოსათხოვი. განსაკუთრებით მაშინ, როცა ისეთი მეგობრები გყავს,  სკაიპით ღამის თენება რომ არ ეზარებათ შენთან ერთად და გამხნევება თუ არა, ცოტა გამოფხიზლება და ნერვების მოშლა მაინც გამოსდით 😀 …

ჩემი არდადეგები ბოლოსკენ მიდის და მიუხედავად იმისა, რომ დასვენება არ მეყო, უნდა ვაღიარო, ცოტა მომწყინდა სამედიცინო ლიტერატურის გარეშე…

იმედია, მეორე სემესტრის გამოცდებამდეც მივაღწევ და იქიდანაც მოგართმევთ პოსტს.  მომავალ შეხვედრამდე.

.

გამოცდები სამედიცინოში N 2


ჩემს ადგილზე….

რას გააკეთებდა სხვა, ჩემს ადგილზე რომ იყოს?

ალბათ გაუხარდებოდა ყველა გამოცდის ჩაბარება და დაისვენებდა.

სამედიცინოს გამოცდები მართლაც ძალას გაცლის. ალბათ სხვაგან არსად არაა ამდენი უაზრო, არასაჭირო კათედრა, სწერვა ლექტორები და ძიძგილაობა lvl 99999…

მაშ ასე: ბიოქიმიის კათედრაზე უმეტესად ცხოვრება ეზარებათ. მარგველანის ხალხი ალბათ გამიგებს, რას ნიშნავს რეპლიკა “ამას ჩემი მეზობელი პიანისტკაც გაიგებდა…”.  და მერე იწყება საწყალი ნახშირბადისა და წყალბადის იონების სევდიანი ისტორია, რომელიც რაღაცით გავს სიზიფეს ამბავს. აი ქალბატონ ზოიას რაც შეეხება, მთელი სემესტრი დებილი ვეგონე მგონი. ისე, თბილი ქალია ძალიან.
ტოპანატომია: აქ ჯანდიერი ელის ხალხს სკალპელებით და მომჭერებით ხელში და ვაი მას, ვინც სკალპელსა და კოხერის მომჭერს ვერ გაარჩევს 🙂  მე თუ მკითხავთ, ტოპი საკმაოდ რთული საგანია, მით უმეტეს, თუ საბაზისო ანატომია არ იცი კარგად, მაგრამ თუ ქირურგობა გინდა, ესეც უნდა დაძლიო. მე მინდა საჯაროდ განვაცხადო, რომ არ მინდა, ქირურგი ვიყო და არ მომინდება არასდროს. 🙂მიკრობიოლოგია: აქ თვალს მოგჭრით გონოკოკები, სტაფილოკოკები, “მიკროსკოპთა სიმრავლე” … პედაგოგი კარგი შემხვდა წელს, ვერაფერს ვიტყვი, ზედმეტი პრობლემებიც არავის შექმნია ამ კათედრაზე, როგორც ვიცი…

ფიზიოლოგია: ჩემი საყვარელი საგანია. ქალბატონი ირინას, კათედრის გამგის ლექციებს არ სჯობს არაფერი. თუმცა აქ თუ არ იშრომე, ისე არაფერი გამოვა :). ფრიად საჭირო საგანია, ასე რომ თუ პირველკურსელი ხარ, მიაქციე ყურადღება ფიზიოს :).

ესეც ბელასა და მისი წითელი პომადისადმი მიძღვნილი რეჯი
ესეც ბელასა და მისი წითელი პომადისადმი მიძღვნილი რეჯი

ბიოეთიკა: ოოო, ეს თქვენი თვალით უნდა ნახოთ. თუ თქვენ აქამდე ბელა მამულაშვილზე არაფერი გაგიგიათ, ბედნიერი ადამინი ბრძანდებით. ბელა ალფა და ომეგაა ბიოეთიკის დარგში მთელს საქართველოში. ერთადერთი სპეციალისტი და მონოპოლისტი. ქალი, რომელსაც სტუდენტის აზრი ფეხებზე ჰკიდია და სტუდენტიც დაიკიდებდა მისას, ასეთი უხეში, უტაქტო და უაზრო გამოვლინებები რომ არ აწუხებდეს ბიოეთიკის მეცნიერებათა დოქტორს. თუ დამიჯერებთ, ამ საგანმა უფრო მეტი პრობლემა შეუქმნა სტუდენტებს, ვიდრე ფიზიომ, ტოპმა და ბიოქიმიამ ერთად… და საერთოდაც, ქალბატონ ბელას ეთიკის ნორმების გადახედვა და საკუთარი წიგნის კაი გემოზე დარედაქტირება არ აწყენდა. საგანიც გაცილებით საინტერესო იქნებოდა, ბელა პრიორიტეტებს თუ გადახედავს…

საოჯახო მედიცინა საერთოდ რისთვის არსებობს სამედიცინოში, ამიხსენით ვინმემ, თუ იცით….

საგანგებო: ოო აქ არ მოიწყენთ: ატომური ბომბები, ქიმიური იარაღი და რაც მთავარია, პირველი დახმარება და ბატონი კობა :))) ადამიანი ხოხმა 🙂 მთელ ჯგუფს დედლები გვეძახა წელს, ამისთანა ბიჭები ვის დაუთმეთ ჯგუფშიო.  🙂 .

ბატონი კობას აზრით, საქმე კეთდება 2 წესით: მთვრალი მაიმუნის და კაცური. თუ ნახვევი ცუდადაა დადებული, ესე იგი აქ მთვრალი მაიმუნია გარეული და ხარვეზი სასწრაფოდ უნდა აღმოიფხვრას. 🙂 კობამ გვასწავლა ნახვევის დადება, ყბის გახსნა, გულის მასაჟი და ბევრი საჭირო რამ, თან 2 ლექცია იმდენი გვაცინა, რომ მელატონინის საკმარისი დოზაც გამოგვაყოლა 🙂

როგორც იქნა, ჩავამთავრე მეორე კურსი და მიხაროდეს, თუ მეწყინოს, ვეღარ ვიგებ. იმდენად საშინელი მესამე კურსი მელოდება, ალბათ მოვკვდები, მაგრამ იქიდანაც ვეცდები, მოგიყვეთ ხოლმე ახალი ამბები 🙂 .

შემდეგ პოსტამდე 🙂

გამარჯობა, მე მსუქანი ვარ


ადოს პოსტმა ჩამაგონა და გამომხრა.

ზოგადად სიტყვა “მსუქანი” ძალიან არ მიყვარს და ყოველთვის შეურაცხყოფად აღვიქვამ ნებისმიერ ასპექტში (ამიტომ მაპატიეთ  ამდენჯერ ხსენება). თუმცა ეს ბევრს არაფერს წყვეტს. ხალხის დაბრეცილ აზროვნებას ჩემი ვერც მომატებული კილოგრამები გამოასწორებს და ვერც დაკლებული.

შენ ბებიაქალი ხარ და ხელში 4,5 კგ-იანი ახალშობილი გიჭირავს. ამბობ, რომ გოლიათია. მე ამაზე ვერ გპასუხობ, რადგან ლაპარაკი არ ვიცი.

შენ მეზობლის ქალი ხარ, მიყურებ და როოგრი ბუთხუზაა, რას აჭმევთო, კითხულობ. ფიქრობ, რომ მსუქანი ვარ და ყავის სმას აგრძელებ. მე ისევ არაფერს გპასუხობ, რადგან დედამ მასწავლა, უფროსებს არ ვეუზრდელო.

შენ ეზოს ლაწირაკი და მაკარონფეხება ბავშვი ხარ. შენ მეძახი, რომ მსუქანა ვერ და გარბიხარ. მე მოგდევ და მერე დედაშენი მირჩევს საქმეს შენი გატეხილი ცხვირის გამო .

შენ ჩემი პირველი მასწავლებელი ხარ. შენც ხშირად აღნიშნავ, რამხელა ვარ სიყვარულნარევი ხმით. მე არაფერს ვამბობ, მაგრამ მამახსოვრდება.

შენ ისევ ჩემი კლასელი ხარ. მსუქნის დაძახებით არ კმაყოფილდები და უფრო შორს მიდიხარ ეპითეტებში. მე ისევ საცემად მოგდევ.  ვერ გეწევი, მაგრამ მამახსოვრდება.

ეს მე ვარ. მე კომპლექსებში ვიძირები.

ეს კიდევ მე ვარ. ვიაზრებ, რომ ჩემი იარაღი ენაა. კომპლექსებს ვებრძვი.

შენ ჩემი მეგობარი ხარ. წუწუნებ, რომ გასივდი, არადა, ცხოვრებაში 45 კგ-ს არასდროს აცდენილხარ. მე უცბად თავში მომდის აზრი, ნეტა მე როგორ აღმიქვამ და მეცინება.

შენ შენ ჩემი ფიზიკის მასწავლებელი ხარ, მერე ფიზიკის ლექტორი, ბიოლოგიის ლექტორი და ყოველდღე მთავაზობ ახალ-ახალ დიეტებს. მე  ლაპარაკში გყვები და გპირდები, რომ თავს მოვიკლავ და დავიცავ დიეტას. ოთახიდან გამოსულს მეცინება.

შენ ანატომიის ლექტორი ხარ და საგამოცდოდ გაძეძგილ აუდიტორიაში უმიზეზოდ მეძახი მსუქანას. მე ვფიქრობ, ნეტავ როგორ მიიღე ექიმი პროფესორის წოდება და გაცეცხლებას ვიოკებ.

შენ უბრალო გამვლელი ხარ. მიყურებ და ფიქრობ, რომ ძროხა ვარ. ხანდისხან, ხმამაღლა ამბობ კიდეც. მე აღარ ვბრაზდები, ვფიქრობ, რომ ძროხა ძალიანაც საყვარელი ცხოველია.

შენ ისევ ჩემი მეგობარი ხარ. მეუბები, რომ ასეთი უფრო საყვარელი ვარ და არაა საჭირო, გავხდე. მეორე წუთში საკუთარ მომატებულ 100 გრამზე წუწუნებ. მე ისევ მეცინება.

თქვენ ჩემი მეგობრები ხართ. მე თვითონ ვხუმრობ ჩემ წონაზე. თქვენ მყვებით. აზრად არ მოგდით, რომ მწყინს.

შენ სარკე ხარ. ხანდახან მატყუებ, მაგრამ უმეტესად სიმართლეს მეუბნები. ამიტომაც მიყვარხარ.

შენ დაწესებულების უფროსი ხარ. სამსახურში არ მიღებ დიპლომების დასტისა და მიღწევების მიუხედავად. მიზეზად არასაკმარის გამოცდილებას ასახელებ. იქვე ასაქმებ გრძელფეხება ქათამს. მე ისევ ვიცინი.

…………………………………………….

შენ ჩემი თავი ხარ.  თუ არ ხარ, სულ ადვილად შეიძლება გახდე ასეთი. ამის გაფიქრებაზე შიში გღრღნის. მე შენთვის ცოცხალი მაგალითი ვარ იმისა, როგორი არ უნდა გახდე.

მე კი ბედნიერი ვარ, რადგანაც შენ ისეთი ხარ, როგორიც ყველა, მე კი – განსაკუთრებული: განსაკუთრებულად მსუქანი, განსხვავებულად ბედნიერი. მე იმიტომ არავის ვეყვარები, რომ კარგი ფეხები და მოდელის პარამეტრები მაქვს. შენ ამას ვერ გამოცდი.

მე შენ არ გგავარ.