გვეძღვნება ნაციონალებს, მე, ილიას, მარიამსა და თამუნას
შარშანდელ პოსტში დაგპირდით, დაკლებულ 16 კილოგრამზე მოგიყვებით მეთქი. მაგრამ ქართველი ბლოგერი რისი ბლოგერია, პოსტის დაწერა რამდენიმე თვით არ დააგვიანდეს. ჰოდა, ჩემდა გასახარად, ამ დროში ჩემი 16 კილოგრამი 30-იც გახდა, before/after ფოტოც ვაღირსე ჩემს თავს და მინდა, თქვენც გაგიზიაროთ.

თქვენი ნებართვით ამბავს ცოტა შორიდან დავიწყებ.
გამხდარი არ ვყოფილვარ არასდროს. რაც ადრინდელი ჩემი თავი მახსოვს, თვითშეფასება მარიანის ღრმულზე ღრმად მქონდა დაწეული, ლოყები კიდევ – დალურჯებული ნაჩქმეტებისგან. არ ვიცი რა ფენომენია ეს, პუტკუნა ბავშვების დაჩქმეტა…
მოკლედ, როგორც იყო, გავიზარდე, მოვედი გონივრულ ასაკამდე და ერთ დღესაც მოვხვდი, რომ აზრი არ ჰქონდა წონაზე ნერვიულობას, რადგან ცხიმის რაოდენობა არ განსაზღვრავს ადამიანს. ამით ბევრი რამ დამთავრდა და უფრო მეტი დაიწყო. მიუხედავად იმისა, რომ საკუთარი წონა დიდად არ მადარდებდა და თვითშეფასებასთან დაკავშირებული პრობლემებიც დავძლიე, მაინც არასდროს მიხაროდა plus size ადამიანად ყოფნა. არც ერთმა ზედმეტწონიანმა ადამიანმა არ მოგატყუოთ, რომ არ უნდა, გამხდარი იყოს. ყველას აქვს გულის მტვრიან კუთხეში ადგილი, სადაც ის სხვანაირია, გამხდარი, ლამაზი, 90/60/90-ზე…
გგონიათ, შეუძლებელია? არა, თუმცა იმდენი წინააღმდეგობაა ამ 90/60/90-მდე, რომ აი, უბრალოდ, გვეზარება… რადგან გაცილებით ადვილია, ტელევიზორის წინ ნაყინის დიდი ვედროთი მოიკალათო და იოცნებო პრინცებსა და საკუთარ იდეალურ პარამეტრებზე, ვიდრე ადგე და პრესები აკეთო…
რამდენიმე წელი არ ავწონილვარ. ბოლოს 5 წლის წინ სასწორმა რომ 100 კგ მიჩვენა, მაშინ გადავწყვიტე, მსგავს ხელსაწყოებს ახლოს არ გავკარებოდი…
ამასობაში სკოლაც დავამთავრე, უნივერსიტეტის მეორე კურსიც და SummerJob-ის მეშვეობით 400 ლარიც გამოვიმუშავე. კარგა ხანს ვფოქრობდი, რა ჯანდაბა მექნა ამ ფულისთვის. რაც ძალიან მინდოდა, იმაში არ მყოფნიდა, თაჯმაჰალის ნახვასაც არ ყოფნიდა აშკარად…
ერთ ღამეგათეულ დილასაც, მორიგეობის შემდეგ, კარდიოლოგიურში მე და ჩემმა მეწყვილემ “ეული” სასწორი შევნიშნეთ. Why not მეთქი და ავიწონე…
სიმართლე გითხრათ, სულ არაა საუკეთესო გრძნობა, როცა სასწორი 122 კგ-ს გიჩვენებს…
რამდენიმე დღის შემდეგ, ჩემს მეგობარზე, მარიამზე ვეუბნებოდი სხვა მეგობარს, ეგ ილიას თუ შეურიგდება, 50 კილოს დავიკლებ მეთქი. ისე აგიხდათ ყევლაფერი, როგორც მარიამი შეურიგდა ილიას და მეც ყულფში თავგაყოფილი აღმოვჩნდი 😀 .
ამ ყველაფერს დაემატა უკვე დიდი ხნის პრობლემები: ქოშინი მესამე სართულის ზემოთ კიბეზე ასვლისას, ფეხების ტკივილი, ზედმეტი ოფლიანობა (მართლა საშინელ დისკომფორტს ქმნის :/), ტანსაცმლის დეფიციტი, გაოცებული სახეები და კიდევ ბევრი წვრილმანი…
ჰოდა, როგორც კი აგვისტო ჩამთავრდა და ნანატრი ხელფასიც ჩაირიცხა, სიტყვის ასასრულებლად და ენდოკრინოლოგთან ვიზიტისთვის მოვემზადე.
ჩემი პოლიკლინიკის ექიმს მოწინავე პიონერივით პირველ სექტემბერს მივაკითხე და ანალიზებიც გავიკეთე. შედეგად აღმოჩნდა, რომ ქოლესტერინი გაორმაგებული, შაქრის დონე სისხლში- შემცირებული, ფარისებრი ჯირკვლის ფუნქცია კი დაქვეითებული მქონდა. ადამიანურ ენაზე თუ ვიტყვით, დიაბეტი, გულსისხლძარღვთა სისტემის პრობლემები და სხვა ბევრი თავის ტკივილი მემუქრებოდა სულ რამდენიმე წლის პერსპექტივაში.
აქვე ჩემი ანალიზების კალკულაციასაც შემოგთავაზებთ: ვიზიტი, რომელშიც შაქრის გაზომვაც შედის- 10 ლარი, ქოლესტერინის გაზომვა – 10 ლარი, HOMA ინდექსები -40 ლარი და TSH- 15 ლარი.
ჯამში 75 ლარად “ნანატრი” დიეტაც ჩამახუტა ნინო ექიმმა და წამლების მსუყე სიაც. ნაცმოძრაობის გადახდილი ხელფასი კი ჩემზე კარგად, ალბათ, არ გამოუყენებია არავის 😀
ვიცი, ბევრი თქვენგანი ამ სიის გულისთვის კითხულობს პოსტს. ჰოდა, აი ისიც. ასე გამოიყურებოდა ჩემი სამომავლო სამოქმედო გეგმა, ჩემი დიეტა:
ესე იგი:
კვება დღეში 4-ჯერ: 8-12-16-20 სთ.
პური 1 ნაჭერი ჭამაზე, შავი ან რუხი. (იფქლის პური ყველას ჯობია). ჯამში 200 გრამი. ჭადიც შეიძლება.
კარტოფილი, წიწიბურა, მაკარონი, მოშუშული კომბოსტო, გოგრა უპუროდ ან პურის მაგივრად სხვა საკვებთან.
ღომი არ შეიძლება, არც ლუდი.
ხორცი უნდა იყოს მენიუში კვირაში 3-ჯერ მაინც: საქონლის, თევზის, ქათმის თეთრი ხორცი 200 გრამი, მოხარშული. თევზს მე, პირადად, ვერ ვჭამ მოხარშულს და ვწვავ 🙂
რძის პროდუქტები: რძე 300 მლ, მაწონი-იოგურტი 0.5 ლ, ყველი ნაკლებცხიმიანი 70 გრამი, ხაჭო 200 გრამი, არაჭანი 5-10 გრამი. ყველა ეს დაბალცხიმიანი.
ცხიმი: მცემარეული ზეთი 15-20 გრამი, კარაქი 5-10 გრ. ‘კარაქში’ შედის მდნარი ყველი, მაიონეზი, ზეთის ხილი, ნიგვზები, იოგურტის ცხიმის პროცენტი, ნიგვზები.
კვერცხი 1-2 ცალი ყოველდღე არა ოღონდ.
ბოსტნეული 800 გრამამდე დღეში.
ხილი 500-700 გრამი.
უნდა შეზღუდო ყურძენი, კარალიოკი, ხურმა, ანანასი, თუთა, ლეღვი, ბროწეული, ბანანი, ანანასი, ფინიკი, ქიშმიში. კენკრა უშაქროდ.
მჟავე ღვინო, შამპანიური, კონიაკი იშვიათად.
მინერალური სასმელები წყლის მაგივრად შეიძება, განსაკუთრებით მაშინ, მარილსაც თუ მოუკლებ.
100 გ შავი პური 80 გრამს უდრს თეთრ პურს და ჭადს, 90 გ რუხ პურს, 220 გრამ კარტოფილს, 55 გ მაკარონს (ამიტომ არ ვჭამ საერთოდ 🙂 ).
100 გ ხორცი = 3 კვერცხს, 120 გრ თევზს, 80 გრამ ყველს, 110 გრამ ხაჭოს 🙂
ამ სიის მიხედვით თვითონ ვადგენ მენიუს, რომელ დღეს რა მირჩევნია ან მიხერხდება.
მოკლედ, კიდევ 100 ლარამდე დავაბანდე დიეტური პროდუქტების მარაგისთვის (არაა ეს აუცილებელი, მაგრამ სანამ ფული მქონდა, ჩემს თავზე ვიზრუნე ) და შევუდექი საქმეს.
დიეტაში პირველი დღეები რთულია. ახალ რეჟიმს ეჩვევი, უნდა გადაეჩვიო ტკბილეულისკენ ხელის გაწვდენას, ღამე ჭამას, ფასტ ფუდის გარეშე ცხოვრებას. თუმცა, ნელ-ნელა ფორმაში მოდიხარ, დღის რეჟიმს ალაგებ. იმ დროს გშივდება, როცა ჭამა გიწევს და არც ისე ცუდ ხასიათზე ხარ, როგორც ელოდი…
აქვე მინდა შეგახსენოთ, რომ თვითნებურად არც ერთი დიეტის გამოყენება არ შეიძლება, რადგან ბევრი ინდივიდუალური მახასიათებელი არსებობს, რაც ამ ჩამონათვალშია გასათვალისწინებელი. მაგალითად, თუ TSH მომატებული გაქვთ (რაც საკმაოდ ხშირია ზედმეტი წონის არსებობისას), თვითნებურ დიეტას წამლის გარეშე არ ექნება შედეგი, სულ რომ შიმშილით მოილათ თავი. შეიძლება პირიქით დაგემართოთ და მოიმატოთ წონაში… ასე რომ, ყველაფერს ის სჯობს, დასაწყისისთვის გარკვეული ხარჯი გაიღოთ ანალიზებისა და ვიზიტისათვის, რომ მშვიდად შეუდგეთ წონის კლებისა და სიჯანსაღისკენ მიმავალ გრძელ გზას. სურვილის შემთხვევაში მომწერეთ და ჩემი ექიმის კოორდინატებსაც მოგაწვდით, თუ რა თქმა უნდა, აფრიკამდე მოსვლა არ დაგეზარებათ 😀
არ ვიცი, მე მაქვს რკინის ნებისყოფა თუ მართლა არაა დიეტაზე ჯდომა ძნელი, მაგრამ მე არ გამჭირვებია. სულ 2 პრობლემა მქონდა: თავბრუსხვევა და მახსოვრობის გაუარესება პირველ 2 თვეში, რაც, სავარაუდოდ, შაქრის მთლიანად ამოღების ბრალი იყო რაციონიდან. აი 2 თვის თავზე კი სასურველი და სანატრელი შედეგიც მივიღე: სასწორმა 15 კილოგრამით ნაკლები მიჩვენა…
დამიჯერეთ, ამ გრძნობისთვის ყველაფერი ღირს.
ამის შემდეგ კლების ტემპი შენელდა, ერთი პერიოდი შეჩერდა კიდეც, საბოლოოდ კიდევ 5 თვე დამჭრდა დანარჩენი 14 კილოგრამის დასაკლებად. თუმცა წვალება შედეგად ნამდვილად ღირს. ყევლაზე კარგად კი ამას სასწორზე კი არა, საკუთარი გარდერობის დალაგებისას და დიდი ხნის უნახავი ნაცნობების სახეზე არჩევ 😀
საქმე საწუწუნოდ არ მაქვს. მას შემდეგ, რაც სამედიცინოს ეზოში ვიჯექი ჩემი მრგვალი კონტეინერით და წიწიბურას ვჭამდი, აღარ მანერვიულებს დისკომფორტი და სხვისგან არც იმ არგუმენტს ვიღებ, რომ ჭამას ვერ ახერხებენ ვერსად. ვერ ასწრებ საჭმლის კეთებას და წაღებას? იყიდე იოგურტი და დალიე, ან 2 ვაშლი და 1 ნაჭერი შავი პურიც გიშველის 🙂 . ისე, თუ გაინტერესებთ, ჩემი რჩეული ჩუდოს იოგურტია. ყველაზე გემრიელია ქართულ ბაზარზე.
მოკლედ, ისევ ვაგრძელებ დიეტას. ძალიან მინდა, 70 კილო გავხდე. იმედია, დიეტის 1 წლის თავზე ასეც იქნება, თუ არა და, დრო მაინც გადის და სექტემბერში თუ არა, ნოემბერში მივაღწევ სასურველ წონას… თუმცა, ჯერ ჩემს თავს ბოლომდე ვერ ვაჯობე და ინტენსიური ვარჯიში არ დამიწყია. ხოლოდ პრესები და ისიც თებევლიდან. არადა, ვარჯიშით შედეგი ორმაგი იქნბოდა და არც კანის მოშვების პრობლემა მექნებოდა. ასე რომ, თუ რამეს დააპირებთ, ესეც გაითვალისწინეთ.
ბონუსად გიტოვებთ ფოტოს ჩემი და თქვენი მოტივაციისთვის. რაც ეს before/after-ი Facebook-ზე გამოვაქვეყნე 2 დღის წინ, უკვე სრულიად უცხო ადამიანებისგან ვიღებ მოლოცვებს და რჩევების თხოვნას. 😀 ჰოდა, იმაზე კარგი რა იქნება, ჩემი შედეგი ვინმესთვის კარგი მოტივატორი თუ გახდება.

15.03.2013
ისე კი, ვისაც დეტა და წინოს დაკლება გჭირდებათ, ერთ რჩევას კიდევ მოგცემთ: ჯერ საკუთარი თავები შეიყვარეთ ისეთები, როგორებიც ხართ, შეეშვით საკუთარი სხეულის სიძულვილს და მხოლოდ ამის მერე დაიწყეთ ზედმეტისგან გათავისუფლება. წონა ადამიანს არ განსაზღვრავს და plus size-ად ყოფნის დროსაც შეიძლება იყო ბედნიერი, თუ მოისურვებ!
მომავალი 22 კილოს დაკლების ამბებსაც დავწერ ახალ პოსტებში, დაელოდეთ.
წარმატება მისურვეთ 🙂