ის ალი და ის ნინო


“უდაბნოს ქარი სადაც წაგიყვანს”…

იცით, სამყაროში საზღვრები პირობითია. სადღაც მთავრდება ჩვენი ქვეყანა და იწყება ვიღაც სხვისი, სადღაც ვღაცის რელიგიას ჩვენი ენაცვლება…

საბოლოოდ კი ყველა ერთნი ვართ, ყველას ორი ფეხი, ორი თვალი, ორი ხელი გვაქვს … ერთ მიწაში ვიმარხებით ბოლოს ყველა.

ერთნაირი ამბიციებიც გვაწუხებს განსხვავებული ვარიაციებით… ასე ჩნდებიან ბუდიტები, ისლამის მიმდევრები, ქრისტიანები და სხვანი. ყველა ღმერთს სცემს თაყვანს, ყველა თავისებურად ლოცულობს, ცხოვრება კი დოგმებში ეფლობა….

ის ალი და ის ნინო, რომლებიც მე ამ წიგნში აღმოვაჩინე, ნამდვილად პიკანტური მაგალითი იყო. მაგალითი მარილიანი სიყვარულის, სიჯიუტის, კონტრასტისა.

ალი შორვანშირი და ნინო ყიფიანი, საკუთარ სამყაროებში მართლაც დაფასებულნი და კულტურულნი, ერთმანეთისთვის კი მართლაც შეუთავსებლად ველურები…

ალის და ნინოს სიყვარული რაღაც სხვანაირია. არაა ბანალური… აქ უძლურია ტრადიციები, აზრს კარგავს ყველაფერი და ამავე დროს სხვა მნიშვნელობას იძენს…

წიგნი საოცრად კარგად იკითხება… ტრადიციები მართლაც მშვენივრადაა აღწერილი და კონტრასტიც კარგადაა გამოყოფილი ალისა და ნინოს სამყაროს შორის.

ძნელი არაა, ჩაწვდე, როგრ განსხვავდება ალის უდაბნო და ნინოს მწვანე ტყეები…

იცით, როგორც კაცებს არ გესმით, რა ხდება ქალის თავში, ისევე არ გვესმის ხშირად ჩვენ, ქალებსაც, მამაკაცები როგორ აზროვნებენ… აქ კი, ამ წიგნში ალი პირველი პირია. გვიყვება ნინოზე, მათ ამბავზე და სითბოთი გავსებს, გაოცებს…

კავკასიური ქვაკუთხედი იქმნება ამ წიგნის ფურცლებზე.

დეტალებს არ მოვყვები. წაიკითხეთ, არ ინანებთ. დაინახეთ მთავარი და ნუ გამოეკიდებით ზოგ დეტალს, ნუ გექნებათ ბედნიერი ფინალის იმედი, თუმცა, ისიც საკითხავია, ვინ რას თვლის ბედნიერ ფინალად, ასე რომ…

გვჭირდება ცოცხალი წიგნები?


(ესე, რომელიც აქ არ უნდა ყოფილიყო)

სად ნახავთ წიგნზე უკეთეს ფრეგატს,
ყველა ქვეყანას რომ მოგატარებს,
ან პოეზიის ზღაპრული რაშის
სხვა ვინ მოგაწვდის ოქროს სადავეს?!
არ უჭირს ზღვა და ხმელეთის მოვლა
არც ღარიბ-ღატაკს თუ ქვეყნად გლახას –
რა იაფი და მუქთაა ეტლი,
ადამიანის სული რომ დაჰყავს!
ემილი დიკინსონი.

არსებობენ კი მკვდარი წიგნები? მე ლიტერატურას ისეთივე ცოცხალ მატერიად მივიჩნევ, ორგორც წყალს, მიწას,  პურს ჩვენი არსობისას…

წიგნი არ შეიძლება მკვდარი იყოს; მკვდრები ხომ არ ლაპარაკობენ! მით უმეტეს, ამდენს არ გვიყვებიან იმ უცხო ადგილებზე, რომლებიც, შესაძლოა, ვერც კი ვნახოთ!ეს ქაღალდის ეტლი მართლაც რომ იაფი და ყველაზე მოსახერხებელი საშუალებაა სამოგზაუროდ. არა მგონია, რამე ჯობდეს საყვარელ წიგნს,  რბილ, მოხერხებულ სავარძელს, კარგ სანათს და ფინჯან ცხელ ჩაის… მაშ ასე, ვთავსდებით მოხერხებულად ამ ქაღალდის საოცრებაში და მივდივართ ადგილიდან ფეხმოუცვლელად…

უცებ ვიგებთ, რომ, აი, მაგალითად, “ანა კარენინა” სულაც არ არის ისტორია ერთ სულელ ქალზე, რომელმაც სიცოცხლე მატარებლის რელსებზე დაასრულა ( ასე ამოვიკითხე ერთ-ერთ სტატიაში). ამ წიგნმა დაანახა ეპოქის ქალებს, რომ შეიძლება სხვანაირად იცხოვრო. შეიძლება ებრძოლო იმას, რაც გბოჭავს, თუმცა უნდა იყო მზად იმისთვის, რომ ვარდისფერი სამყაროს ნაცვლად სადღაც ფეხი დაგიცდება და მატარებლის რელსებზე თუ არა, მწარე ცხოვრების პირისპირ დარჩები. ესეც ადამიანური, უფრო ზუსტად ქალური უბედურებაა ბედნიერების ძიებაში….

თუმცა რატომ მხოლოდ ანა კარენინა. თომას მორის “უტოპიას” დაუდია სათავე სოციალიზმის იდეებისთვის, ანნა ფრანკი გვიამბობს მსოფლიოს მეოცე საუკუნის ყველაზე დიდი ბოროტების შესახებ… ზღაპრები გვასწავლის, რომ სამი გზიდან, რომელიც ჩვენს წინაა, სამივეს ბოლოში მოვკვდებით, თუმცა ერთგან უაზროდ, მეორეგან აზრიანად, მესამეგან კი გმირულად; და ჩვენც, მესამეს არჩევა გვიყვარდა ბავშვობაში, ახლა კი ვჭოჭმანობთ… ველოდით პრინცებს, გვიყვარდა მისტერ როჩესტერი, ქარიშხლიან უღელტეხილებში ვიკარგებოდით… ბოლოს, ისიც ვისწავლეთ, რომ გამოვისყიდით ჩვენ ყველა ცოდვას, როგორც ბუენდიების ოჯახმა გამოისყიდა იგი მარტოობის 100 წელიწადით და აღვიგვებით პირისაგან მიწისა; რომ მოვა დღე, როგორც ბიბლია გვასწავლის, გაცხადდება ყოველი და რომ  “ამაოებაა ყოველივე და ამაოთა”… ჩვენ დავინახავთ მზეს, ჩვენ მოვძებნით კატას ბნელ ოთახში მაშინაც კი, როცა იგი იქ არ იმყოფება, დავუსხლტებით აფთრებს, თვით სატანასაც კი ვეწვევით ბალზე და მუხლს გავუწოდებთ მის სტუმრებს სამთხვევად, ამოვიკითხავთ, რომ თურმე ხელნაწერები არ იწვის და რომ ფაუსტმა სული სიყვარულისთვის გაყიდა. თურმე ფაუსტზე ადრე ამ სიყვარულზე პლატონი წერდა თავის “ნადიმში” … ჰამლეტი, დანიის პრინცი კი  მოკვდება ჩვენ წინ განწირული და ღალატით იმედწართმეული; ოთხი მუშკეტერი, რომლებსაც რატომღაც სამი დაარქვა დიუმამ, კვლავ იბრძოლებს მხარდამხარ და მოუწამლავს კარდინალ რიშელიეს, ყველაზე პატივსაცემ მტერს სიცოცხლეს… გაცოცხლდება ზაფხულის უცნაური ღამის სიზმარი და აიძულებს ჯულიეტას, გაჰყვეს რომეოს მარადიულ სამყაროში…

ბოლოს კი აღმოვაჩენთ, რომ გვისწავლია, როგორ ვიბრძოლოთ საკუთარი ბედნიერებისთვის, როგორ გვიყვარდეს სიგიჟემდე, გვიწამია ღმერთის, რადგანაც ეშმაკიც არსებობს, გვიწამია თავისუფალი სამყაროსი, ჯოჯოხეთისა და სამოთხისა, მეგობრობისა და ღალატისა, იმისა, რომ ჩვენი გზა სადღაც დამთავრდება და რადგან არ ვიცით, როდის მოხდება ეს, უნდა ვეცადოთ, შაგრენის ტყავივით არ ჩაგვადნეს ხელში ის… და ეს მხოლოდ რამოდენიმე წიგნია, მხოლოდ რამოდენიმე. წინ კი მთელი ზღვაა, უცხო ადგილების და ადამიანების მთელი ოკიანე…

ადამიანებს ჭირდებათ წიგნები. ჩვენ გვჭირდება ისინი, რადგან დავინახოთ, ვინ ვართ, ვინ ვიქნებით და ვინ შეიძლება ვიყოთ. ცუდი წგნები კი, დამერწმუნეთ, არ არსებობს. ლიტერატურა ხომ არ არის მხოლოდ სასიამოვნოდ გატარებული დრო. ის კვალს ტოვებს ჩვენში, ჩვენს მოაზროვნე ნაწილში, რომელსაც სული დაარქვეს საუკუნეთა წინ…

რაღაა ჩვენი სული ყოველივე ამის შეცნობის გარეშე? მხოლოდ წიგნის ყდაა, სადაც სახელის მეტი არაფერი წერია…

მე და პარფიუმერი


“Изобретательство весьма подозрительно, поскольку оно всегда означает нарушение правил.”

წელიწადზე მეტი მხატვრულ ლიტერატურას აი, რომ იტყვიან, გემრიელად არ ჩავჯდომივარ. არ ვიცი გადაღლილობამ, პირველმა კურსმა, მოუცლელობამ თუ უბრალოდ უსურვილობამ დაახლოებით ამდენ ხანს მომწყვიტა წიგნს. დავიწყე მარტინ იდენი, მოვისროლე, დავიწყე დორიან გრეი, გული შემიღონდა და ისიც მოვისროლე, დონ კიხოტი ერთი გვერდი წავიკითხე, მაგრამ შედეგი_ნული! ერთმა ჩემმა მეგობარმა ისიც კი მითხრა,ადამიანი რაღაც ეტაპზე გარკვეული მიმართულებით განვითარებას წყვეტსო… ცოტა არ იყოს და, შემეშინდა. ყოველთვის მიყვარდა ლიტერატურა და აქტიური მკითხველიც ვიყავი. საბედნიეროდ, ჩემ შემთხვევაში, მისი თეზისი არ გამართლდა. მე კი კიდევ ერთხელ გავიხსენე, რას ნიშნავს, როცა ერთდროულად გინდა, წიგნი მალე ჩაიკითხო და თან არ გემეტება დასამთავრებლად 🙂

თუმცა ლიტერატურისკენ შემობრუნებას ცვლილებების გარეშე არ ჩაუვლია. დავიწყე რუსულად კითხვა როგორც რუსული ლიტერატურის, ასევე უცხოური, რუსულად თარგმნილი ნაწარმოებებისაც და, დამერწმუნეთ, ქართული თარგმანები მათ უმრავლესობასთან, უბრალოდ სასაცილოა 🙂 . ეს ის  შემთხვევაა, როცა ხარისხს გრძნობ ყოველ სიტყვაში, მაგრამ ამაზე სხვა დროს.

პირველი ამ წესს დაქვემდებარებული წიგნი პატრიკ ზიუსკინდის “პარფიუმერი, ერთი მკვლელის ისტორია” იყო. მე ამ წიგნმა კითხვის სურვილი დამიბრუნა. მართალია უმრავლესობა მცენარის სახელი ვერ გავიგე, მაგრამ, საერთო ჯამში ძალიან საინტერესო წიგნი აღმოჩნდა. ეს არის ისტორია ყველაზე უცნაურ, ყველაზე ნიჭიერ და შავი სულის პატრონ ადამიანზე. ჟან-ბატისტ გრენუი პარიზის ყველაზე მყრალ ადგილას იბადება. იგი გადაწყვეტს, იცოცხლოს, მის სასიცოცხლო ძალებს ეს გადაწყვეტილება უბრუნებს. იგი აღიქვამს ყველანაირ, თვით წარმოუდგენელ არომატსაც კი და სათუთად ინახავს გონებაში.

ჟან-ბატისტი ცხოვრობდა ადამიანებში, მათ გარეშეც, საკუთარ სამყაროში და ეძებდა. რას? თავადაც არ იცოდა რას, სანამ პარიზის  ერთ ბნელ ქუჩაზე არ გადაეყარა მას. არომატმა, რომელსაც ახალგაზრდა, ჟღალთმიანი, უჩვეულო სილამაზის გოგონა ასხივებდა, იგი სრულიად მოაჯადოვა და დაჩრდილა ყველაფერი სხვა. ჟან-ბატისტი კლავს გოგონას, მის არომატს კი ითვისებს და სათუთად ინახავს გონებაში. მისთვის ადამიანი არაფრითაა იმ ყვავილზე მეტი, რომლისგანაც არომატს იპარავენ. თუმცა ეს მისთვის არაა საკმარისი. მხოლოდ ფანტაზია და არაფერი ხელშესახები აღარ აკმაყოფილებს. მხოლოდ ამ ღვთაებრივ არომატთან არა… იგი იწყებს პარფიუმერული საქმის შესწავლას მოხუც, გაკოტრების პირას მყოფ პარფიუმერთან და საკუთარი უნარის წყალობით ამდიდრებს მას. თუმცა მისი ინტერესი ფული არ არის. მას მხოლოდ იმის სწავლა სურს, როგორ შეძლოს არარსებულის გონებიდან რეალობაში გადმოტანა. 4 წლის შემდეგ იგი მიდის პარფიუმერისგან და მთელი 7 წელი ხალხისგან ყველაზე მოშორებულ ადგილას ცხოვრობს საკუთარ გამოგონილ იმპერიაში. მას ეზიზღება ადამიანების სუნი, ის გაურბის მას. ბოლოს მის იმპერიაში ნგრევა იწყება. სწორედ მაშინ, როცა ჟან ბატისტი ჟღალთმიანი გოგონას არომატით თვრება, მას თავზე ექცევა ყველაფერი. იგი იგუდება საკუთარ არარსებულ, არარსებულად ამაზრზენ  სუნში. სხეულის იმ არომატში, რომელიც მას არასდროს ჰქონია.

ჟან-ბატისტი წარმოსახვითი იმპერიიდან გარბის  და საბოლოოდ გრასში, პარფიუმერიის მექაში ჩადის, სადაც ისევ გრძნობს ძველ, დიდ ხანს ნაძიებ არომატს… ის ელოდება, როდის ამოხეთქავს ჯეროვნად ეს სუნი გოგონაში. მას არ უნახავს ლაურა, თუმცა, ზუსტად იცის, ზუსტად გრძნობს მისი ჟღალი თმის არომატს….

Continue reading

მე, როგორც მეორეკურსელი


ასე და ამგვარად, განსრულდა ესე წელი იგი პირველი საასწავლო სადოხტორო სასწავლებელში. კმაყოფილების რა მოგახსენოთ, სასაწავლო ბარათი თავზე მაქვს გადასახევი, მაგრამ არც ერთი საგანი არ შემტენვია და, თუ ამ კროტერიუმით ვიმსჯელებთ,  წელი, მეტ-ნაკლებად წარმატებული იყო.

არ ვიცი, მარტო სამედიცინოშია პირველი კურსი ასეთი ჯოჯოხეთი, თუ ყველა უნიში ასეა. მე, მაგალითად, ძალიან გამოჭირდა ახალ გარემოსთან შეჩვევა, ლექტორების ენაზე ლაპარაკი. როცა მივხვდი, ვის როგორ უნდა მივდგომოდი, უკვე 3 გადაბარება მქონდა შეტენილი. მაგრამ მე გმირულად გავუძელი, სამივე საგანი ჩავაბარე და ახლა თვისუფლებით ვტკბები.

გუშინდელივით მახსოვს ჩემი პირველი დღე უნიში. სიცხე მქონდა, მწვანე ბუშტი მეჭირა და ქათამივით დავბორიალობდი. არავინ გამიცვნია, რექტორის ლაყლაყს ვუსმინე, ცხრილი და ჯგუფის სია ამოვიწერე დიდი ომის და რიგის ფასად და წამოვედი. მეორე დღეს გავიცანი ჩემი ჯგუფი. ერთი თვის თავზე უკვე ერთად ვსვამდით, მესამე  თვის თავზე ერთმანეთს ვჭამდით, წლის ბოლოს კი შევცხოვრდით :). მიყვარხართ ბავშვებო და მენატრებით :*

კი ვაპირებდი ეხლა რამდენიმე რჩევის მიცემას მომავალი სამედიცინოს სტუდენტებისთვის, მაგრამ ჯობია, თქვენ თავად გაიაროთ ეს გზა. უბრალოდ, იყავით მშრომელები და გახსოვდეთ, რომ ეს წამება თეთრი ხალათის ტარების უფლებამდე მიგიყვანთ. 🙂

ისე კი, ძალიან ვარ დაღლილი. ეხლა მივხვდი, რას ნიშნავს, დაიღალო და დასვენება დაგჭირდეს 🙂 თან, კარგად დასვენება. თუმცა, ალბათ ყველა დამეთანხმება,რომ არაფერია იმაზე ტკბილი, ვიდრე კონსპექტებზე ძილი, აგროვებული კაპიკებით ჭამა და  გაცდენილი ლექცია.

აბა თქვენ იცით, ჩვენ, ყველა მეორეკურსელი ოდესღაც (რაღა ოდესღაც, 4 დღის წინ 🙂  ) პირველკურსელი ღლაპები ვიყავით 🙂 . წარმატებები

პატარა ბაბუაწვერას სიზმარი


ეს არის იური რიბკას პატარა, ფილოსიფიური ზღაპარი
ბაბუაწერაზე, რომელმაც სული გაიღო სხვისი ბედნიერებისთვის.
მე გადავთარგმნე, დედანი ქვემოთ შეგიძლიათ
იხილოთ, პოსტებში.

ცხოვრობდა და იზრდებოდა მდელოზე პატარა ბაბუაწვერა; გულუბრყვილო და ახალგაზრდა, ყვითელი ფერის.
იღვიძებდა დილაობით, თმხიარულად უღიმოდა მზეს და მთრთოლვარე და გულშეკუმშული აკვირდებოდა მას მთელი დღე. მზე ჩადიოდა ჰორიზონტს იქით და ბაბუაწვერაც მშვიდად იძინებდა საკუთარ ფოთლებში გახვეული…
ღამ-ღამობით კი ესიზმრებოდა ყველაზე განსხვავებული და ფერადი სიზმრები: ერთში ის თეთრ ჩიტად გადაიქცეოდა და დაფრინავდა შორს მიწისგან, მეორეში კი გემის კაპიტანი იყო და თამამად დაცურავდა ოკეანეში. ყველაზე ხშირად ბაბუაწვერას ესიზმრებოდა სიზმრები, რომლებშიც ის ვიღაცას გადაარჩენდა ხოლმე.
ასეთი სიზმრების შემდეგ გაღვიძება_ ერთი სიამოვნებაა!
მაგრამ, აი, დაესიზმრა სიზმარი, რომელმაც იგი ააფორიაქა და გააბრაზა:
პატარა გოგონა მოწყენილი იჯდა და უცქერდა ბაბუაწვერების ზღვად ქცეულ მდელოს.
სიხარული არ იყო მის თვალებში; არ უღიმოდა იგი დილის მზეს, რომელსაც უხვად მიმოეფანტა თავისი სხივები მდელოზე.

გაბრაზებულს გაეღვიძა ბაბუაწვერას იმ დილით და ძალიან მოუნდა, მოწყენილ გოგონას დახმარებოდა.
საბედნიეროდ, ამ დროს ქარი დასეირნობდა მათ მდელოზე.
-მითხარი, ბრძენო ქარო, -გაუბედავად დაიწყო ბაბუაწვერამ,- სურვილები სრულდება?..
-სრულდება, უბრალოდ, საჭიროა, ძალიან მოინდომო!-ქარმა მოუსვენრად შემოუქროლა ბაბუაწვერას გარშემო.
-და თუ მე ჩავიფიქრებ, რომ ვიღაც სხვა ბედნიერი იყოს, ახდება?-სუნთქვაშეკრულმა იკითხა ბაბუაწვერამ.
-ახდება, თუმცა ეს ადვილი როდია,- ქარმა მაღლიდან გადმოხედა პატარას,-საჭიროა, რომ შენი სული ჩააქსოვო, ხანდახან კი მთლიანად შენი თავი უნდა გასწირო!!!
….რა თქმა უნდა, თუ შეძლებ,- დაუსტვინა დაუდეგარმა ქარმა და გაქროლდა, ბაბუაწვერა კი დიდ ხანს უყურებდა შორიდან…
-მე შევძლებ!!!- უკვე ჩაძინებისას წაიჩურჩულა ბაბუაწერამ.
დილით კი ბაბუაწვერა გაქრა: თითქოს არც იზრდებოდა მწვანე მინდორზე, თითქოს არ ეკითხებოდა ქარს რთულ კითხვებს…

პატარა გოგონა ტრიალებდა და ცეკვავდა ბაბუაწვერების ზღვაში ბედნიერების მელოდიაზე არაჩვეულებრივი ქოლგით, რომელიც შიგნიდან მწვანე, ხოლო გარედან ყვითელი იყო.
ისე ცეკვავდა, რომ დაუდეგარმა ქარმა ვერ მოითმინა და ჩაიხედა მის ქოლგაში… ჩაიხედა და ყველაფერს მიხვდა…
რადგანაც, ვიღაც რომ გავაბედნიეროთ, საჭიროა რა ცოტა და თანაც, რა ბევრი: ჩააქსოვო შენი სული, ხანდახან კი, შენი თავიც გაწირო…