Sunday morning story


“Write. Write until it stops hurting.”

Six Word Story

როგორც წესი, კვირა დღე დედამიწის მოსახლეობის უმეტესობას ძალიანაც მოსწონს და უყვარს. ალბათ მეც მიყვარს, არ ვიცი. საერთოდ ძალიან უცნაური დამოკიდებულება მაქვს იმ ყველაფრის მიმართ, რაც ძალიან მიყვარს: ვუვლი, ვაპრიალებ, ყველაფერს ვუსრულებ, ვცდილობ, არ გავუბრაზდე  და არ გავაბრაზო… ეტყობა კვირა დილას რაღაც მაინც ეწყინა, შემომწყრა, შენ ეგრე არ გინდაო და ცუდი სიზმარიც მომივლინა.

ცუდი სიზმარი რა, ერთი შეხედვით ცუდი არაფერი, თუ მოქმედ გმირებს არ ჩავთვლით, რომელთა გახსენება სულაც არ მინდოდა ამ მზიან, მშვიდობიან კვირა დღეს.

ჰოდა დამესიზმრა, რომ ისევ ისე დამტოვეს ძალიან რომ მჭირდებოდა, ზუსტად მაშინ. შეგრძნება მახსოვს, რომ ვეძებდი და ვერ ვპოულობდი. ვერც ვერაფერი ვიპოვნე, ისე გამომეღვიძა.

საერთოდაც, ამ ბოლო დროს სულ მგონია, რომ ისევ მიმატოვებენ და თან ისე, რომ არ ამიხსნიან არაფერს. ერთხელაც საკმარისი იყო ეს ყველაფერი, ამიტომაც გადავწყვიტე, რომ აჯობებს, რაღაც საერთოდაც არ მქონდეს, ვიდრე მეგონოს, რომ მქონდა და გამომეცალოს ხელიდან ერთ მშვენიერ და ზარმაცულ კვირა დღეს. ჰოდა გადავწყვიტე, აღარ მეფიქრა ამაზე. tumblr_mugorykRcd1sixtjgo1_500

მაგრამ გინდ იფიქრე, გინდ არა.

ქვეცნობიერი დიდად გათახსირებული პიროვნება გახლავთ და საშუალებას ნამდვილად არ მოგცემს, რამე ადვილად დაგავიწყდეს. ჯერ კარგად უნდა დაიტანჯო, რომ რაღაცეები ისწავლო და შეუშვა დახშულ გონებაში. ეჰ, სხვა რა გზაა, ქვეცნობიერის დონემდეც კი როგორმე უნდა გადავეჩვიო ძველი და კიდევ შეუძლებელი სიუჟეტების შეთხზვასა და ტრიალს გონებაში ძილის წინ.

და აი ეხლა მზე უკვე ჩადის, მე კი მთელი დღე უხასიათოდ გამოვიძინე, პიჟამა და ხალათი არც კი გამიხდია. ის კი არა, თმაც კი ზრდილობის გულისთვის დავივარცხნე.

ყველაზე კარგად ალბათ აქაურობა გამიგებს, არ ვიცი. ასე მგონია, რომ სულ მძინავს, მაგრამ ბოლომდეც არა… ხალისი მჭირდება, ახალი ენერგია, ახალი წყარო, ჩვეულებრივად რომ გავაგრძელო ცხოვრება, ჭამა, ძილი…

არა და, ახლა არც ერთი მინდა, არც მეორე, არც მესამე…

I only dream about…

 

რომელის (მ)ირჩევდით?


მოკლედ, წარმოიდგინეთ, რომ საკონდიტროს ვიტრინაში ორი ქაფქეიქი დევს თქვენ ცხვირწინ. ორი სრულიად განსხვავებული ქაფქეიქი.

პირველი  სწორედ ისაა, რაც ყოველთვის გიყვარდა და გინდოდა: რბილი, არომატული ბისკვიტი, რძიანი და თეთრი შოკოლადის გლაზური, ვანილისა და კარდამონის არომატული ქმნილება, რომლის სუნიც სიმშვიდეს და სიამოვნებას გგვრის…

მეორე კი ცხარე, შავი შოკოლადითაა, ქოქოსის ფანტელებით, რაღაც უცხო და განსხვავებული სურნელით, რომელიც ძველს არაფერს ჰგავს და გაშინებს ცოტათი, რადგან ასეთი არაფერი მოგწონდა ადრე, მაგრამ რომ გაიძულებს კიდეც ეს უცნაურობა, გემო გაუსინჯო…

მაგრამ, რაც მთავარია, საყიდელი გაქვს ის, რომელსაც აირჩევ, კონდიტერი არცთუ კეთილია 😀

რომელის (მ)ირჩევდით?

7 არასამუშაო თვეში დაკლებული 30 კილოგრამი


გვეძღვნება ნაციონალებს, მე, ილიას, მარიამსა და თამუნას

შარშანდელ პოსტში დაგპირდით, დაკლებულ 16 კილოგრამზე მოგიყვებით მეთქი. მაგრამ ქართველი ბლოგერი რისი ბლოგერია, პოსტის დაწერა რამდენიმე თვით არ დააგვიანდეს. ჰოდა, ჩემდა გასახარად, ამ დროში ჩემი 16 კილოგრამი 30-იც გახდა, before/after ფოტოც ვაღირსე ჩემს თავს და მინდა, თქვენც გაგიზიაროთ.

მოკლედ, ასე გამოვიყურებოდი 2012 წლის 31 მაისს. ვინაიდან და რადგანაც, ფოტოების გადაღება დიდად არ მეხალისებოდა გასაგები მიზეზების გამო, სხვა დიეტის წინა ფოტო არ მაქვს.

525885_2903475006134_2127608279_n
დიეტამდე 3 თვით ადრე

თქვენი ნებართვით ამბავს ცოტა შორიდან დავიწყებ.

გამხდარი არ ვყოფილვარ არასდროს. რაც ადრინდელი ჩემი თავი მახსოვს, თვითშეფასება მარიანის ღრმულზე ღრმად მქონდა დაწეული, ლოყები კიდევ – დალურჯებული ნაჩქმეტებისგან. არ ვიცი რა ფენომენია ეს, პუტკუნა ბავშვების დაჩქმეტა…

მოკლედ, როგორც იყო, გავიზარდე, მოვედი გონივრულ ასაკამდე და ერთ დღესაც მოვხვდი, რომ აზრი არ ჰქონდა წონაზე ნერვიულობას, რადგან ცხიმის რაოდენობა არ განსაზღვრავს ადამიანს. ამით ბევრი რამ დამთავრდა და უფრო მეტი დაიწყო. მიუხედავად იმისა, რომ საკუთარი წონა დიდად არ მადარდებდა და თვითშეფასებასთან დაკავშირებული პრობლემებიც დავძლიე, მაინც არასდროს მიხაროდა plus size ადამიანად ყოფნა. არც ერთმა ზედმეტწონიანმა ადამიანმა არ მოგატყუოთ, რომ არ უნდა, გამხდარი იყოს. ყველას აქვს გულის მტვრიან კუთხეში ადგილი, სადაც ის სხვანაირია, გამხდარი, ლამაზი, 90/60/90-ზე…

გგონიათ, შეუძლებელია? არა, თუმცა იმდენი წინააღმდეგობაა ამ 90/60/90-მდე, რომ აი, უბრალოდ, გვეზარება… რადგან გაცილებით ადვილია, ტელევიზორის წინ ნაყინის დიდი ვედროთი მოიკალათო და იოცნებო პრინცებსა და საკუთარ იდეალურ პარამეტრებზე, ვიდრე ადგე და პრესები აკეთო…

რამდენიმე წელი არ ავწონილვარ. ბოლოს 5 წლის წინ სასწორმა რომ 100 კგ მიჩვენა, მაშინ გადავწყვიტე, მსგავს ხელსაწყოებს ახლოს არ გავკარებოდი…

ამასობაში სკოლაც დავამთავრე, უნივერსიტეტის მეორე კურსიც და SummerJob-ის მეშვეობით 400 ლარიც გამოვიმუშავე. კარგა ხანს ვფოქრობდი, რა ჯანდაბა მექნა ამ ფულისთვის. რაც ძალიან მინდოდა, იმაში არ მყოფნიდა, თაჯმაჰალის ნახვასაც არ ყოფნიდა აშკარად…

ერთ ღამეგათეულ დილასაც, მორიგეობის შემდეგ, კარდიოლოგიურში მე და ჩემმა მეწყვილემ “ეული” სასწორი შევნიშნეთ. Why not მეთქი და ავიწონე…

სიმართლე გითხრათ, სულ არაა საუკეთესო გრძნობა, როცა სასწორი 122 კგ-ს გიჩვენებს…

რამდენიმე დღის შემდეგ, ჩემს მეგობარზე, მარიამზე ვეუბნებოდი სხვა მეგობარს, ეგ ილიას თუ შეურიგდება, 50 კილოს დავიკლებ მეთქი. ისე აგიხდათ ყევლაფერი, როგორც მარიამი შეურიგდა ილიას და მეც ყულფში თავგაყოფილი აღმოვჩნდი 😀 .

ამ ყველაფერს დაემატა უკვე დიდი ხნის პრობლემები: ქოშინი მესამე სართულის ზემოთ კიბეზე ასვლისას, ფეხების ტკივილი, ზედმეტი ოფლიანობა (მართლა საშინელ დისკომფორტს ქმნის :/), ტანსაცმლის დეფიციტი, გაოცებული სახეები და კიდევ ბევრი წვრილმანი…

ჰოდა, როგორც კი აგვისტო ჩამთავრდა და ნანატრი ხელფასიც ჩაირიცხა, სიტყვის ასასრულებლად და ენდოკრინოლოგთან ვიზიტისთვის მოვემზადე.

ჩემი პოლიკლინიკის ექიმს მოწინავე პიონერივით პირველ სექტემბერს მივაკითხე და ანალიზებიც გავიკეთე. შედეგად აღმოჩნდა, რომ ქოლესტერინი გაორმაგებული, შაქრის დონე სისხლში- შემცირებული, ფარისებრი ჯირკვლის ფუნქცია კი დაქვეითებული მქონდა. ადამიანურ ენაზე თუ ვიტყვით, დიაბეტი, გულსისხლძარღვთა სისტემის პრობლემები და სხვა ბევრი თავის ტკივილი მემუქრებოდა სულ რამდენიმე წლის პერსპექტივაში.

აქვე ჩემი ანალიზების კალკულაციასაც შემოგთავაზებთ: ვიზიტი, რომელშიც შაქრის გაზომვაც შედის- 10 ლარი, ქოლესტერინის გაზომვა – 10 ლარი, HOMA ინდექსები -40 ლარი და TSH- 15 ლარი.
ჯამში 75 ლარად “ნანატრი” დიეტაც ჩამახუტა ნინო ექიმმა და წამლების მსუყე სიაც. ნაცმოძრაობის გადახდილი ხელფასი კი ჩემზე კარგად, ალბათ, არ გამოუყენებია არავის 😀

ვიცი, ბევრი თქვენგანი ამ სიის გულისთვის კითხულობს პოსტს. ჰოდა, აი ისიც. ასე გამოიყურებოდა ჩემი სამომავლო სამოქმედო გეგმა, ჩემი დიეტა:

ესე იგი:
კვება დღეში 4-ჯერ: 8-12-16-20 სთ.
პური 1 ნაჭერი ჭამაზე, შავი ან რუხი. (იფქლის პური ყველას ჯობია). ჯამში 200 გრამი. ჭადიც შეიძლება.
კარტოფილი, წიწიბურა, მაკარონი, მოშუშული კომბოსტო, გოგრა უპუროდ  ან პურის მაგივრად სხვა საკვებთან.
ღომი არ შეიძლება, არც ლუდი.
ხორცი უნდა იყოს მენიუში კვირაში 3-ჯერ მაინც: საქონლის, თევზის, ქათმის თეთრი ხორცი 200 გრამი, მოხარშული. თევზს მე, პირადად, ვერ ვჭამ მოხარშულს და ვწვავ 🙂
რძის პროდუქტები: რძე 300 მლ, მაწონი-იოგურტი 0.5 ლ, ყველი ნაკლებცხიმიანი 70 გრამი, ხაჭო 200 გრამი, არაჭანი 5-10 გრამი. ყველა ეს დაბალცხიმიანი.
ცხიმი: მცემარეული ზეთი 15-20 გრამი, კარაქი 5-10 გრ. ‘კარაქში’ შედის მდნარი ყველი, მაიონეზი, ზეთის ხილი, ნიგვზები, იოგურტის ცხიმის პროცენტი, ნიგვზები.
კვერცხი 1-2 ცალი ყოველდღე არა ოღონდ.
ბოსტნეული 800 გრამამდე დღეში.
ხილი 500-700 გრამი.
უნდა შეზღუდო ყურძენი, კარალიოკი, ხურმა, ანანასი, თუთა, ლეღვი, ბროწეული, ბანანი, ანანასი, ფინიკი, ქიშმიში. კენკრა უშაქროდ.
მჟავე ღვინო, შამპანიური, კონიაკი იშვიათად.
მინერალური სასმელები წყლის მაგივრად შეიძება, განსაკუთრებით მაშინ, მარილსაც თუ მოუკლებ.
100 გ შავი პური 80 გრამს უდრს თეთრ პურს და ჭადს, 90 გ რუხ პურს, 220 გრამ კარტოფილს, 55 გ მაკარონს (ამიტომ არ ვჭამ საერთოდ 🙂 ).
100 გ ხორცი = 3 კვერცხს, 120 გრ თევზს, 80 გრამ ყველს, 110 გრამ ხაჭოს 🙂

ამ სიის მიხედვით   თვითონ ვადგენ მენიუს, რომელ დღეს რა მირჩევნია ან მიხერხდება.

მოკლედ, კიდევ 100 ლარამდე დავაბანდე დიეტური პროდუქტების მარაგისთვის (არაა ეს აუცილებელი, მაგრამ სანამ ფული მქონდა, ჩემს თავზე ვიზრუნე ) და შევუდექი საქმეს.
Face_anatomy_superficial

დიეტაში პირველი დღეები რთულია. ახალ რეჟიმს ეჩვევი, უნდა გადაეჩვიო ტკბილეულისკენ ხელის გაწვდენას, ღამე ჭამას, ფასტ ფუდის გარეშე ცხოვრებას. თუმცა, ნელ-ნელა ფორმაში მოდიხარ, დღის რეჟიმს ალაგებ. იმ დროს გშივდება, როცა ჭამა გიწევს და არც ისე ცუდ ხასიათზე ხარ, როგორც ელოდი…

აქვე მინდა შეგახსენოთ, რომ თვითნებურად არც ერთი დიეტის გამოყენება არ შეიძლება, რადგან ბევრი ინდივიდუალური მახასიათებელი არსებობს, რაც ამ ჩამონათვალშია გასათვალისწინებელი. მაგალითად, თუ TSH მომატებული გაქვთ (რაც საკმაოდ ხშირია ზედმეტი წონის არსებობისას), თვითნებურ დიეტას წამლის გარეშე არ ექნება შედეგი, სულ რომ შიმშილით მოილათ თავი. შეიძლება პირიქით დაგემართოთ და მოიმატოთ წონაში… ასე რომ, ყველაფერს  ის სჯობს, დასაწყისისთვის გარკვეული ხარჯი გაიღოთ ანალიზებისა და ვიზიტისათვის, რომ მშვიდად შეუდგეთ წონის კლებისა და სიჯანსაღისკენ მიმავალ გრძელ გზას. სურვილის შემთხვევაში მომწერეთ და ჩემი ექიმის კოორდინატებსაც მოგაწვდით, თუ რა თქმა უნდა, აფრიკამდე მოსვლა არ დაგეზარებათ 😀

არ ვიცი, მე მაქვს რკინის ნებისყოფა თუ მართლა არაა დიეტაზე ჯდომა ძნელი, მაგრამ მე არ გამჭირვებია. სულ 2 პრობლემა მქონდა: თავბრუსხვევა და მახსოვრობის გაუარესება პირველ 2 თვეში, რაც, სავარაუდოდ, შაქრის მთლიანად ამოღების ბრალი იყო რაციონიდან. აი 2 თვის თავზე კი სასურველი და სანატრელი შედეგიც მივიღე: სასწორმა 15 კილოგრამით ნაკლები მიჩვენა…

Face_anatomy_superficial

დამიჯერეთ, ამ გრძნობისთვის ყველაფერი ღირს.

ამის შემდეგ კლების ტემპი შენელდა, ერთი პერიოდი შეჩერდა კიდეც, საბოლოოდ კიდევ 5 თვე დამჭრდა დანარჩენი 14 კილოგრამის დასაკლებად. თუმცა წვალება შედეგად ნამდვილად ღირს. ყევლაზე კარგად კი ამას სასწორზე კი არა, საკუთარი გარდერობის დალაგებისას და დიდი ხნის უნახავი ნაცნობების სახეზე არჩევ 😀

საქმე საწუწუნოდ არ მაქვს. მას შემდეგ, რაც სამედიცინოს ეზოში ვიჯექი ჩემი მრგვალი კონტეინერით და წიწიბურას ვჭამდი, აღარ მანერვიულებს დისკომფორტი და სხვისგან არც იმ არგუმენტს ვიღებ, რომ ჭამას ვერ ახერხებენ ვერსად. ვერ ასწრებ საჭმლის კეთებას და წაღებას? იყიდე იოგურტი და დალიე, ან 2 ვაშლი და 1 ნაჭერი შავი პურიც გიშველის 🙂 . ისე, თუ გაინტერესებთ, ჩემი რჩეული ჩუდოს იოგურტია. ყველაზე გემრიელია ქართულ ბაზარზე.

მოკლედ, ისევ ვაგრძელებ დიეტას. ძალიან მინდა, 70 კილო გავხდე. იმედია, დიეტის 1 წლის თავზე ასეც იქნება, თუ არა და, დრო მაინც გადის და სექტემბერში თუ არა, ნოემბერში მივაღწევ სასურველ წონას… თუმცა, ჯერ ჩემს თავს ბოლომდე ვერ ვაჯობე და ინტენსიური ვარჯიში არ დამიწყია. ხოლოდ პრესები და ისიც თებევლიდან. არადა, ვარჯიშით შედეგი ორმაგი იქნბოდა და არც კანის მოშვების პრობლემა მექნებოდა. ასე რომ, თუ რამეს დააპირებთ, ესეც გაითვალისწინეთ.

ბონუსად გიტოვებთ ფოტოს ჩემი და თქვენი მოტივაციისთვის.  რაც ეს before/after-ი Facebook-ზე გამოვაქვეყნე 2 დღის წინ, უკვე სრულიად უცხო ადამიანებისგან ვიღებ მოლოცვებს და რჩევების თხოვნას. 😀 ჰოდა,  იმაზე კარგი რა იქნება, ჩემი შედეგი ვინმესთვის კარგი მოტივატორი თუ გახდება.

Ribbet collage
6 თვისა და 2 კვირის შედეგი
15.03.2013

ისე კი, ვისაც დეტა და წინოს დაკლება გჭირდებათ, ერთ რჩევას კიდევ მოგცემთ: ჯერ საკუთარი თავები შეიყვარეთ ისეთები, როგორებიც ხართ, შეეშვით საკუთარი სხეულის სიძულვილს და მხოლოდ ამის მერე დაიწყეთ ზედმეტისგან გათავისუფლება. წონა ადამიანს არ განსაზღვრავს და plus size-ად ყოფნის დროსაც შეიძლება იყო ბედნიერი, თუ მოისურვებ!

მომავალი 22 კილოს დაკლების ამბებსაც დავწერ ახალ პოსტებში, დაელოდეთ.
წარმატება მისურვეთ 🙂

გამოცდები სამედიცინოში N3


  “ვინც ჩვენთან ხმალამოღებული მოვა, მას ავტომატით ჩააძაღლებენ”.
კათედრების დევიზი

ეძღვნება თორნიკეს

თუ მიწიერ ჯოჯოხეთს ეძებთ და ჯერ ვერ მიაგენით, თუ გინდათ, რომ გამოსცადოთ ერთთვიანი უძილობა, დაღლილობა, ნერვული აშლილობა და დაკარგოთ ცხოვრების ხალისი, აიღეთ თქვენი საბუთები, შეიტანეთ სამედიცინოში და მესამე კურსის გამოცდებს დაელოდეთ.

ვერ მოგატყუებთ, რომ არ ვიცოდი, სად ვაბარებდი თავის დროზე. წინა წლის ბავშვებისაგანაც გაგონილი მქონდა, მესამე კურსი ყველაზე უარესიაო, მაგრამ, ხომ იცით, იმედი ბოლოს კვდება. მეც არ მეგონა, რომ მართლა ასეთი საშინელება იქნებოდა, როგორსაც მავანნი ჰყვებოდნენ, მაგრამ..

ხომ გაგიგით, სტუდენტი ბჭობდა და კათედრის გამგე სიცილით კვდებოდაო.

193780_3591892856150_1774169887_o
მესამე კურსის გამოცდების ცხრილი

სემესტრი მართლაც შრომატევადი გამოდგა. ყველა სტუდენტი იმედიანად რაღაცას მიანც სწავლობდა, მაგრამ  გამოცდებმა ისეთ დღეში ჩაგვყარა, არავის რომ არ ვუსურვებ.

9.01.2013

პირველი პათანატომია გვქონდა. კათერის ხელმძღვანელმა გაგვანაწილა აუდიტორიაში და ფოტოსესიაც მოგვიწყო, საღამოს კი კათედრის ფეისბუქის ფეიჯზეც ჩამოგვამწკრივა 🙂

ვის ჰყავს პათანატომიის კათედრა ჩვენისთანა 😀

აქ მთავარია, ჩათვლებზე გაგიმართლოს, თორემ გამოცდა მშვენიერი გამოდგა.

ფოტო ბატონი რამაზის ფოტოსესიიდან :)
ფოტო ბატონი რამაზის ფოტოსესიიდან
სადღაც მეც უნდა ვიყო 🙂

12.01 2013

შემდეგი პათფიზიოლოგია იყო. ზეპირი გამოცდები არ მიყვარს, არც ისეთი მდგრადი პიროვნება ვარ, გამომცდელის მზერას, ნერვიულობას და იმას გავუმკლავდე, რომ ვერაფერს ვიხსენებ. 2 დღეში როგორღაც გადავიკითხე მთელი მასალა, ბილეთიც კარგი შემხვდა და გამოცდამაც, საბოლოოდ, კარგად ჩაიარა. პათფიზიოლოგიის კათედრასთან პრეტენზიები ნამდვილად არ მაქვს, პედაგოგიც კარგი მყავდა. განსაკუთრებით სასწავლო  წიგნი მომწონს. ბევრი არ გვაქვს მომავალ ექიმებს ისეთი სახელმძღვანელო, რომელიც ადვილად, გასაგებად და თითქმის მხატვრული ლიტერატურასავით იკითხება.

17.01.2013

იმუნოლოგია. ოოო 😀

იცით, არსებობს რაღაცე(ე)ბი, რასაც ალბათ ვერასდროს გავიგებ, ვისწავლი და გამოვიყენებ. პირველი ქიმიაა, მეორე – კაცის შებმა. და აი, მესამე პუნქტიც გამომიჩნდა წელს, – იმუნოლოგია. კათედრის თეორიული სწავლების ხარისხზე ვერაფერს ვიტყვი, მაგრამ იმუნოს არსი მაინც არ მესმის არც მე და არც ჩემი კურსის უმრავლესობას. თანაც, ისეთი საოცარი საგამოცდო “ტესტები” გვქონდა, რომ მტერს… ინტერლეიკინები და ზემგრძნობელობა არ მოუშალოს ღმერთმა ჩიქოვანს, მე აღარ მინდა 😀 .
ისე, მე მაინც ვთვლი, რომ დეკანის კათედრა ასეთი არ უნდა იყოს და გამოცდის საკითხიც ცოტა სხვანაირად უნდა მოგვარდეს, ვიდრე ახლაა “მოგვარებული”.

21.01.2013

ჩემი დაბადების დღე და ფარმაკოლოგიის გამოცდა ისე დაემთხვა და მოუხდა ერთმანეთს, როგორც კარაქიანი პური და ჩაი. იმასაც თუ დავამატებ, რომ ჩაის არასდროს ვატან კარაქიან პურს, მიხვდებით, რა განწყობით ავდექი დილით და წავედი გამოცდაზე. საბოლოო ჯამში, გამოცდა კი ჩავაბრე, მაგრამ ფარმაკოლოგიის ცოდნით ნამდვილად ვერ დავიკვეხნით მთელი მესამე კურსი. ამ კათედრაზე ერთადერთი, ვინც ფარმაკოლოგია იცის და გვასწავლის რამეს, კათედრის ხელმძღვანელია. მაგრამ მიუხედავად ბატონი ნიკოსადმი დიდი პატივისცემისა და სიყვარულისა, მე ჯერ ვერ ვნახე პედაგოგი, რომელიც წიგნში თითის გაყოლების გარეშე მეტყვის რაღაცას, თან სწორს და აქეთ მე არ დამიძახებს დებილს.

24.01.3012

ტოპანატომია უპრობლემოდ ჩავაბარე. ნიშანდობლივი და საინტერესო არ მახსენდება არაფერი ამ გამოცდასთან დაკავშირებით. საგანი დავხურე, კათედრაზეც, მე პირადად, არ მქონია პრობლემები.

29.01.2013

პრობლემები და მთავარი პანიკა 29 რიცხვისა და პროპედევტიკის გამოცდის მოახლოებასთან ერთად გაჩნდა. ცუდად რომ მქონდა საქმე, მაშინ მივხვდი, რამდენჯერმე ზედიზედ ისტერიული სიცილი რომ ამიტყდა და გამოცდის დღეს, დილით, გულმა რომ დამიწყო ჩხვლეტა. ეს საგანი ოსკის სისტემით ბარდება, რაც 8 ოთახიანი გამოცდა სხვადასხვა გამომცდელებით და საკითხებით. ჯამში დაახლოებით ისეთი სიტუაციაა, როგორიც ფორტი ბოიარდის თამაშისას, ოღონდ აქ უფრო მეტი ოთახია გველებითა და ობობებით სავსე 🙂
ოთახში შედიხარ და 5 წუთი გაქვს იმის გადმოსაფრქვევად ან გასაკეთებლად, რაც იცი ან არ იცი… მოკლედ, ფრიად სასაცილო სიტუაციაა, სატირალი რომ არ იყოს… საბოლოო ჯამში არც ეს გამოცდა აღმოჩნდა ჩაუბარებელი, მაგრამ ჩემი ნერვები შეიწირა სანაცვლოდ 🙂

ჰო, მინდა აღვნიშნო, რომ საშინელი წიგნით გვასწავლეს, ეს კი ცალკე ისტორიაა…

1.02.2013

მიკრობიოლოგია… რნმ და დნმ ვირუსების ოჯახები და გვარები ნამდვილად გაგიმწარებთ ცხოვრებას, მაგრამ არ მოკვდებით, ამასაც გადაიტანთ. საერთო ჯამში ბევრი ტესტი გვქონდა, მაგრამ დავძლიეთ 🙂 . როცა პროპედევტიკა ჩაბარებული გაქვს, მიკროზე წუწუნი ნამდვილად არც ღირს და ცოტათი უნამუსობაცაა. 😀

4.02.2013

4 თებერვალი: დეკემბერ-იანვრის სანატრელი თარიღი. როცა ბოლო გამოცდა ქირურგია გაქვს, სადაც არავინ იჭრება ამ სიტყვების პირდაპირი მნიშვნელობით, სანერვიულოც ნაკლებია… ასე რომ, სიმღერით ჩავაბარე ქირურგია და იმედი მაქვს, მეორე სემესტრშიც მექნება გივი კორკელიას ხილვის ბედნერება კვირაში ერთხელ და ცოტა პოზიტივით დატვირთვა…

აბა რა გითხრათ. პოსტად ადვილად იკითხება, მაგრამ  იმდენად დიდი შრომა დამჭირდა ყველა საგნის ჩასაბარებლად, რომ ცოტა მეუცნაურება, ასე ერთ პოსტში რომ მოვაქციე.

იმის შემდეგ, რაც მთელი იანვარი გავათენე, ცოტათი კი შემერყა იმის იმედი და სურვილი, ექიმი ვიყო, მაგრამ, მეორე მხრივ, ასეთი ბარიერები იმის შეგრძნებასაც გიჩენს, რომ მეტი შეგიძლია და უფრო მეტი გაქვს საკუთარი თავისგან მოსათხოვი. განსაკუთრებით მაშინ, როცა ისეთი მეგობრები გყავს,  სკაიპით ღამის თენება რომ არ ეზარებათ შენთან ერთად და გამხნევება თუ არა, ცოტა გამოფხიზლება და ნერვების მოშლა მაინც გამოსდით 😀 …

ჩემი არდადეგები ბოლოსკენ მიდის და მიუხედავად იმისა, რომ დასვენება არ მეყო, უნდა ვაღიარო, ცოტა მომწყინდა სამედიცინო ლიტერატურის გარეშე…

იმედია, მეორე სემესტრის გამოცდებამდეც მივაღწევ და იქიდანაც მოგართმევთ პოსტს.  მომავალ შეხვედრამდე.

.

სწრაფი პოსტი ანუ 2 სამუშაო და დაკლებული 16 კილოგრამი


რა უნდა გააკეთოს ბლოგერმა, რომელსაც ძალიან უნდა, დაწეროს პოსტი, მაგრამ დროის დეფიციტი, სასწავლი მასალის სიმრავლე და თავის მწვავე, შეტევითი ხასიათის ტკივილი უშლის ხელს?

რა და სწრაფი პოსტი უნდა დაწეროს, პატარა, ლამაზი, საყვარელი და პროდუქტიული პოსტი 🙂 .

მოკლედ, ამ ბოლო 3 თვის განმავლობაში, რაც პოსტი არ დამიწერია, იმდენი რევოლუციური ცვლილება მოხდა ჩემს ცხოვრებაში, ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციას შეშურდება; 🙂 რას იზამთ, ზოგს მეტად უმართლებს, ზოგს ნაკლებად.

ამ 3 თვეში გამოვიცვალე 2 სამუშაო ადგილი, და ახლა ისევ უმუშევარი და უსაქმური სტუდენტი ვარ. სამუშაო ადგილებს აუცილებლად მივუძღვნი პოსტს, გული არ გაიტეხოთ;

ჰო, გადავწყვიტე, რომ უკვე საკმარისი იყო, ჩემი ზედმეტი 124 კილოგრამით დედამიწა დამემძიმებინა და…

არა სუიციდი არა, მაგრამ დიეტაზე დაჯდომა გადავწყვიტე. და რადგანაც მე სიტყვებს ჰაერზე ტყუილად არ ვისვრი, ამ გადაწყვეტილებიდან 2 თვისა და რამდენიმე დღის შემდგომ მიღწეულ შედეგზე: დაკლებულ 16 კილოგრამზეც აუცილებლად მოიყვებით და გასწავლით რაღაც რაღაცეებს, ასე რომ დაელოდეთ 🙂 .

კიდევ რამდენი, რამდენი რამ მოხდა….

მაგრამ ეს ხვალისთვის…

ახლა კი ტკბილი ძილი ჩემო შემთხვევითო მკითხველებო. ძილინებისა;

ლამაზ სიზმრებსა და ბევრ, ბევრ სასიკეთო ცვლილებას გისურვებთ.

სიყვარულით, თქვენი თამრი ^_^