რას ვუტოვებ 2012 წელს


ჩემმა ერთგულმა მკითხველმა და მეგობარმა წეღან გამანჯღრია, ახალი პოსტი გვაღირსეო და მეც აღარ დავაყოვნებ. ამ დღეს სხვას რას შემოგთავაზებთ, თუ არა 2012 წლის შეჯამებას.

საათი და 15 წუთია დარჩენილი და 2012-იც მიძაღლდება.

მეც ყველაფერი მზად მაქვს: გოზინაყი გავაკეთე, ბებიამ რომ მასწავლა  იმ რეცეპტით (ამ ტრადიციას არ ვარღვევ, ჩაკ ნორისიც რომ წამომადგეს თავზე), კექსი გამოვაცხვე, ყელში ამოსული ოლივიე და ბაჟეც “შევქმენი” და ისღა დამრჩენია, პოსტი დავასრულო და ჩემი ქალად ქცევის პროცესსაც მივხედო. ^_^ თორემ ამწუთს 3 შვილის დიასახლისდედას ვგავარ გაწეწილი თმითა და აწითლებული ლოყებით. 🙂

ამ პოსტში მოგიყვებით, რა მომცა 2012-მა და რას ვუტოვებ მე მას.

საერთო ჯამში, გამორჩეული წელი იყო მიუხედავად იმისა, რომ ნეგატიური მეტი მოხდა, ვიდრე პოზიტიური.

2012-ში დავხურე მეორე კურსი, გადავედი მესამეზე; გამოვიცვალე 2 სრულიად განსხვავებული სამუშაო ადგილი: ვიმუშავე კარდიოლოგიურ კლინიკა “ადაპტში” სამერჯობის ეგიდით, შემდეგ მეცხრე არხზე ვებმარკეტინგის კუთხით და ახლა ისევ უმუშევარი ვარ, თუ არ ჩავთვლით  pink.ge-ს . ❤

TV9-ზე ახალი მეგობრებიც შევიძინე, და ხშირად მენატრება ხოლმე იქაურობა ^_^.

“ადაპტიც” ხშირად მესიზმრება.

პირადი ცხოვრება ისევ არ მაქვს წყობაში. უკვე ვისწავლე ამაში პოზიტივის დანახვაც 🙂 .

ჯგუფხელი გავხდი და ჯგუფში ახალი და საყვარელი ადამიანები შემოვიმატე. ერთი კი გამიფრინდა, მაგრამ სად წამივა ისიც 🙂 .

ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენს ოჯახს კიდევ ერთი წევრი, ლუსი შეემატა.

საზოგადოებაში ლუსი, შინაურებში კუკუნა ^^

2012-ში კონფლიქტებიც მრავლად იყო. პირველად ცხოვებაში შევეწინააღმდეგე ერთ ადამიანს და ჩავერიე მის პირად ცხოვრებაში…

დღემდე არ ვთვლი მის გადაწყვეტილებას მართებულად, თუმცა მეგობრისადმი სიყვარული წონის ამ ფაქტს. ბოლოს და ბოლოს, ეს მისი ცხოვრებაა და არა ჩემი.

რაც მთავარია, 2012 წელს ვუტოვებ ჩემს ზედმეტ 21 კილოგრამს! 4 თვიანმა დიეტამ შედეგიანად ჩაიარა. იმედი მაქვს, 2013 წელს დარჩენილ 30 კილოგრამსაც დავიკლებ და რა ვიცი. კარგი იქნება, 50 კილოგრამით დამსუბუქება, სხვა თუ არაფერი; აქვე მინდა, აღვნიშნო, რომ ეს მოვლენა ილიასა და მარიამს ეძღვნებათ. ეს კი სულ სხვა ისტორიაა, რომელსაც 2013-ში მოგიყვებით;

ჰო, წელს პირველად ვუყურე შერლოკს. ბენედიქტი შემიყვარდა.

მენტალისტსაც პირველად ვუყურე და საიმონიც შემყვარდა. ბოლოს გაორება დამემართა და ვეღარ გადავწყვიტე, რომელი  მირჩევნია :).

რაღაცეები არ იცვლება. მაგალითად ჩემი GPA, რომელიც ისევ უვარგისია, მეგობრები, რომლებიც ისევ ჩემთან არიან, ახალი წელი, რომელიც არ მიყვარს…

იმედი მაქვს, 2013 უფრო უკეთესი იქნება, ვიდრე მისი წინამორბედი.

გილოცავთ. წარმატებებს გისურვებთ.

პ.ს. აქვე მინდა, მადლობა გადავუხადო ჩემს 2 სანტას საჩუქრებისთვის ^_^

გამოცდები სამედიცინოში N 2


ჩემს ადგილზე….

რას გააკეთებდა სხვა, ჩემს ადგილზე რომ იყოს?

ალბათ გაუხარდებოდა ყველა გამოცდის ჩაბარება და დაისვენებდა.

სამედიცინოს გამოცდები მართლაც ძალას გაცლის. ალბათ სხვაგან არსად არაა ამდენი უაზრო, არასაჭირო კათედრა, სწერვა ლექტორები და ძიძგილაობა lvl 99999…

მაშ ასე: ბიოქიმიის კათედრაზე უმეტესად ცხოვრება ეზარებათ. მარგველანის ხალხი ალბათ გამიგებს, რას ნიშნავს რეპლიკა “ამას ჩემი მეზობელი პიანისტკაც გაიგებდა…”.  და მერე იწყება საწყალი ნახშირბადისა და წყალბადის იონების სევდიანი ისტორია, რომელიც რაღაცით გავს სიზიფეს ამბავს. აი ქალბატონ ზოიას რაც შეეხება, მთელი სემესტრი დებილი ვეგონე მგონი. ისე, თბილი ქალია ძალიან.
ტოპანატომია: აქ ჯანდიერი ელის ხალხს სკალპელებით და მომჭერებით ხელში და ვაი მას, ვინც სკალპელსა და კოხერის მომჭერს ვერ გაარჩევს 🙂  მე თუ მკითხავთ, ტოპი საკმაოდ რთული საგანია, მით უმეტეს, თუ საბაზისო ანატომია არ იცი კარგად, მაგრამ თუ ქირურგობა გინდა, ესეც უნდა დაძლიო. მე მინდა საჯაროდ განვაცხადო, რომ არ მინდა, ქირურგი ვიყო და არ მომინდება არასდროს. 🙂მიკრობიოლოგია: აქ თვალს მოგჭრით გონოკოკები, სტაფილოკოკები, “მიკროსკოპთა სიმრავლე” … პედაგოგი კარგი შემხვდა წელს, ვერაფერს ვიტყვი, ზედმეტი პრობლემებიც არავის შექმნია ამ კათედრაზე, როგორც ვიცი…

ფიზიოლოგია: ჩემი საყვარელი საგანია. ქალბატონი ირინას, კათედრის გამგის ლექციებს არ სჯობს არაფერი. თუმცა აქ თუ არ იშრომე, ისე არაფერი გამოვა :). ფრიად საჭირო საგანია, ასე რომ თუ პირველკურსელი ხარ, მიაქციე ყურადღება ფიზიოს :).

ესეც ბელასა და მისი წითელი პომადისადმი მიძღვნილი რეჯი
ესეც ბელასა და მისი წითელი პომადისადმი მიძღვნილი რეჯი

ბიოეთიკა: ოოო, ეს თქვენი თვალით უნდა ნახოთ. თუ თქვენ აქამდე ბელა მამულაშვილზე არაფერი გაგიგიათ, ბედნიერი ადამინი ბრძანდებით. ბელა ალფა და ომეგაა ბიოეთიკის დარგში მთელს საქართველოში. ერთადერთი სპეციალისტი და მონოპოლისტი. ქალი, რომელსაც სტუდენტის აზრი ფეხებზე ჰკიდია და სტუდენტიც დაიკიდებდა მისას, ასეთი უხეში, უტაქტო და უაზრო გამოვლინებები რომ არ აწუხებდეს ბიოეთიკის მეცნიერებათა დოქტორს. თუ დამიჯერებთ, ამ საგანმა უფრო მეტი პრობლემა შეუქმნა სტუდენტებს, ვიდრე ფიზიომ, ტოპმა და ბიოქიმიამ ერთად… და საერთოდაც, ქალბატონ ბელას ეთიკის ნორმების გადახედვა და საკუთარი წიგნის კაი გემოზე დარედაქტირება არ აწყენდა. საგანიც გაცილებით საინტერესო იქნებოდა, ბელა პრიორიტეტებს თუ გადახედავს…

საოჯახო მედიცინა საერთოდ რისთვის არსებობს სამედიცინოში, ამიხსენით ვინმემ, თუ იცით….

საგანგებო: ოო აქ არ მოიწყენთ: ატომური ბომბები, ქიმიური იარაღი და რაც მთავარია, პირველი დახმარება და ბატონი კობა :))) ადამიანი ხოხმა 🙂 მთელ ჯგუფს დედლები გვეძახა წელს, ამისთანა ბიჭები ვის დაუთმეთ ჯგუფშიო.  🙂 .

ბატონი კობას აზრით, საქმე კეთდება 2 წესით: მთვრალი მაიმუნის და კაცური. თუ ნახვევი ცუდადაა დადებული, ესე იგი აქ მთვრალი მაიმუნია გარეული და ხარვეზი სასწრაფოდ უნდა აღმოიფხვრას. 🙂 კობამ გვასწავლა ნახვევის დადება, ყბის გახსნა, გულის მასაჟი და ბევრი საჭირო რამ, თან 2 ლექცია იმდენი გვაცინა, რომ მელატონინის საკმარისი დოზაც გამოგვაყოლა 🙂

როგორც იქნა, ჩავამთავრე მეორე კურსი და მიხაროდეს, თუ მეწყინოს, ვეღარ ვიგებ. იმდენად საშინელი მესამე კურსი მელოდება, ალბათ მოვკვდები, მაგრამ იქიდანაც ვეცდები, მოგიყვეთ ხოლმე ახალი ამბები 🙂 .

შემდეგ პოსტამდე 🙂

ჩემი 2011


საერთო ჯამში, მშვენიერი წელი მქონდა: პირველი კურსი დავხურე, წონა არ დამიკლია, დღეს პირველი სამუშაო დღე მქონდა 🙂

ახალ წლამდე 3 საათზე ნაკლებია დარჩენილი;

გილოცავთ ყველას ვისაც გეხალისებათ და არგეხალისებათ. ბედნიერ წელს გისურვებთ.

happy new year after :D


ჩამთავრდა ეს ღენდერა დღესასწაულიც.

სიმართლე თუ გინდათ, სმის მეტი არც არაფერი გამიკეთებია 🙂

არა, მანამდე 2 სახის სალათი, ბაჟე, გოზინაყი და კექსი “მოვიმოქმედე”. სულ ეს იყო და ეს 🙂

ახლა ნაბახუსევისგან თავი მისკდება და ვარ ასე გაღიმებულ ვითარებაში 🙂

ყველას გილოცავთ, ვისაც გელოცვინებათ 🙂

მჟავე კიტრს და ლუდს გისურვებთ დღევანდელი დილისთვის :*

სად იყო და სად არა, ან იყო და ან_არა :)


მინდა, განვლილი 2010 წლის ქრონიკა შემოგთავაზოთ.

მიუხედავად იმისა, რომ ახალ წლამდე ჯერ კიდევ 2 დღეა დარჩენილი,ვგონებ , რომ აჯობებს, საქმე წინ წავიგდო .

ვერაფერს ვიტყვი 🙂 წელი კი არა, ქარბორბალა მქონდა 🙂

2010 წელს დავამთავრე სკოლა, პირველად მეცვა ქუსლიანი ფეხსაცმელი, კაბა, მაგრამ, უნდა ითქვას, რომ დიდი სიამოვნება არც ბანკეტისგან და არც ექსკურსიისგან მიმიღია.

მიზეზი არ მკითხოთ!

სამაგიეროდ ერთი-ორ ადამიანზე დამწყდა გული, ისე ხშირად ვეღარ ვნახულობ, როგორც მინდა, მაგრამ რას ვიზამთ 🙂

გადავიტანე აბიტურიენტობა, ეროვნული გამოცდები, სადაც, ჩემდა სასირცხვილოდ, ქართულზე მაღალი ქულა რუსულში ავიღე (მადლობა ნარგიზა მასწავლებელს :* ), გადავიტანე(თ) სასწაულად საშინელი სიცხეები, ქულების მოლოდინი, ჩარიცხვის სიამოვნებაც…

მაგრამ

ერთი ის მითხარით, ვერავინ გამაფრთხილეთ, არ ჩააბარო, ან, სადაც აბარებ იქ არ ჩააბაროო? 🙂

ის მაინც გეთქვათ, სადაც აბარებ, იქ ბადრიკო დაგხვდება და სისხლს გაგიშრობსო?

არ მითხარით და ნუ მითხარით, ჩემითაც გავიგე პირველი სემესტრის ბოლოს 🙂

ახალ უნივერსტეტთან და გარემოსთან ერთად ბევრი მეგობარიც შევიძინე, ბევრი რამ შევცვალე, ბევრი დავკარგე და კიდევ უფრო მეტი შემემატა 🙂

მინდა გითხრათ, რომ თეთრი ხალათი ადამიანებს ცვლის 😀

ამასთან ერთად სადღაც დავკარგე კომპლექსების დიდი ხროვა და ახლა ჩემი თავი ძალიან მაკვირვებს. უფრო მეტად, ვიდრე ოდესმე 🙂

განვიცადე პირველი მარცხი სოციალური ურთიერთობის ყველაზე უაზრო საფეხურზე:)  და დავასკვენი, რომ ჩემგან გულმხურვალე შეყვარებული არ გამოვა 🙂 , მაგრამ, არაფერია 🙂 “ისიც” მოვა ჩემთან სამკურნალოდ და მერე მე ვიცი და ჩემმა სკალპელმა 🙂

აი ასე… 🙂 ვინც კითხულობდა ჩემს ბლოგს ალბათ ემახსოვრება წინა ახალ წელს ჩემი ნკანალიზაციის ლუკში ჩავარდნის ამბავი 🙂 წელიც ასეთი არეული გამომივიდა, მაგრამ, მთავარი ისაა, რომ ყველაფერი მაინც კარგად დამთავრდა და 2011 წელს თქვენთან ერთად შევხვდები :*

აბა, მხიარული ახალი წელი მეგობრებო 🙂

P.S.ესეც საახალწლო საჩუქარი ჩემგან: