სწრაფი პოსტი ანუ 2 სამუშაო და დაკლებული 16 კილოგრამი


რა უნდა გააკეთოს ბლოგერმა, რომელსაც ძალიან უნდა, დაწეროს პოსტი, მაგრამ დროის დეფიციტი, სასწავლი მასალის სიმრავლე და თავის მწვავე, შეტევითი ხასიათის ტკივილი უშლის ხელს?

რა და სწრაფი პოსტი უნდა დაწეროს, პატარა, ლამაზი, საყვარელი და პროდუქტიული პოსტი 🙂 .

მოკლედ, ამ ბოლო 3 თვის განმავლობაში, რაც პოსტი არ დამიწერია, იმდენი რევოლუციური ცვლილება მოხდა ჩემს ცხოვრებაში, ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციას შეშურდება; 🙂 რას იზამთ, ზოგს მეტად უმართლებს, ზოგს ნაკლებად.

ამ 3 თვეში გამოვიცვალე 2 სამუშაო ადგილი, და ახლა ისევ უმუშევარი და უსაქმური სტუდენტი ვარ. სამუშაო ადგილებს აუცილებლად მივუძღვნი პოსტს, გული არ გაიტეხოთ;

ჰო, გადავწყვიტე, რომ უკვე საკმარისი იყო, ჩემი ზედმეტი 124 კილოგრამით დედამიწა დამემძიმებინა და…

არა სუიციდი არა, მაგრამ დიეტაზე დაჯდომა გადავწყვიტე. და რადგანაც მე სიტყვებს ჰაერზე ტყუილად არ ვისვრი, ამ გადაწყვეტილებიდან 2 თვისა და რამდენიმე დღის შემდგომ მიღწეულ შედეგზე: დაკლებულ 16 კილოგრამზეც აუცილებლად მოიყვებით და გასწავლით რაღაც რაღაცეებს, ასე რომ დაელოდეთ 🙂 .

კიდევ რამდენი, რამდენი რამ მოხდა….

მაგრამ ეს ხვალისთვის…

ახლა კი ტკბილი ძილი ჩემო შემთხვევითო მკითხველებო. ძილინებისა;

ლამაზ სიზმრებსა და ბევრ, ბევრ სასიკეთო ცვლილებას გისურვებთ.

სიყვარულით, თქვენი თამრი ^_^

გოგონა დრაკონიანი ტრაქტორით.



“საშუალოდ, სტატისტიკური ქალი….”

ბავშვები იზრდებიან; ჩვენ პიტერ პენის ბედის გარდა არავისზე არაფერი ვიცით: ის ნამდვილად არ გაზრდილა, მაგრამ რა დაემართათ ჩვენი ბავშვობის საყვარელ პერსონაჟებს ბოლო გვერდის შემდეგ?

თუ მხედველობაში მივიღებთ ფაქტს, რომ ჩვენი რეალობა მათი ლიტერატურა შეიძლება იყოს, გაზრდილი პეპისთვის ჩვენ, შეიძლება, უსიამოვნო და უვარგისი წიგნებიც კი აღმოვჩენილიყავით. აი მე კი დიდი პეპი ნამდვილად მომეწონა. არა, მოწონება სხვა გრძნობაა. ლიზბეთმა ჩამითრია, როგორც კატა ითრევს თაგვს.

მეც თავით გადავეშვი სკანდინავიურ ნისლიან დეტექტივში.

სიუჟეტი რაღაც ბევრმაგია. ერთი დიდი ისტორიის გარშემო კიდევ იმდენი ჩონჩხია კარადაში…

თუმცა მთავარი თემა ვანგერების ოჯახური დინასტია კი არა ქალთმოძულე კაცები არიან: როგორი შეიძლება იყოს ადამიანი, ვისაც არ შეუძლია შინაგანი ფემინიზაციისა და სადომაზოხისტური პირველყოფილი ვნებების დათრგუნვა… და შინაგანი მხეცი გამოდის სანადიროდ; სანადიროდ უფრო სუსტ არსებაზე, რადგანაც თავადაც სუსტია…

ლიზბეთზე ძლიერი ქალი არც ცხოვრებაში შემხვედრია და არც ლიტერატურაში. მისი მოთმინება მაოცებს, მართლა პირდაღებულს მტოვებს. იყურო წინ, როცა შეუძლებელია წინ გახედვა… ეს მართლაც ფენომენია.

დეტექტივი ჩახლართულია მართლაც მოულოდნელი განვითარებით. ვერ ვიტყვი, რომ ფინალი იყო მოულოდნელი, მაგრამ თავად განვითრება ნამდვილად მშვენიერი არჩევანი იყო ავტორისგან.

ეს დეტექტივი იმ ადამიანებზეა, რომლებიც ბავშვობის წყევლისგან თავისუფლდებიან ჩვენ თვალში და ის ემართებათ, რასაც ათიოდე წლის წინ ვერც კი წარმოვიდგენდით… კალე-ციხეში, პეპი-ჰაკერობასა და უნარშეზღუდულობის წნეხში…

ძლიერ ქალებსაც აქვთ სისუსტეები; ლიზბეთს იმედს უცრუებენ.

რა მაინტერესებს, იცით?

წიგნის მეორე ნაწილი კაცთმოძულე ქალებზე ხომ არ იქნება? გაიხედავს კი ლიზბეთი წინ ისევ?

P.s. იცით, აღარც კი ვაპირებდი ამის დაწერას.  სტიგ ლარსონის “გოგონა დრაკონის ტატუთი”-ს კითხვა კარგა ხნის წინ  დავასრულე და ყველაზე ძალიან, რაც ბოლოში მინდოდა, ტრილოგიის დანარჩენი ნაწილების დათრევაა, თანაც სასწარფოდ. ასე, რომ, მე თქვენს ადგილას წიგნის მაღაზიისკენ მოვძუძგავდი. ეს წიგნი თქვენთვისაა.

როგორ მოვკლათ ყოფილი


ანუ ფიქრები მოცალეობისას 🙂

ალბათ ნებისმიერი ჩვენგანი აღმოჩენილა მიტოვებულ მდგომარეობაში. ყველა მდედრი თავისებურად ვებრძვით ამ ამბავს: ვიჭრით და ვიღებავთ თმას, ვეძებთ ახალ “გასართობს”, დეპრესიულ კვირებს ვაწყობთ ბევრი ტირილით და უფრო ბევრი ყოფილის და მისი ახალი შეყვარებულის ფოტოთი. მერე დიდ ხანს ვფიქრობთ, რა აქვს იმ ჩათლაშკას ისეთი, რაც არ გვაქვს ჩვენ. ცხადია, დასკვნა ვერ გამოგვაქვს, რადგან, როგორც წესი, ჩვენ ვჯობივართ ხოლმე იმ პრასტიტუტკას. 🙂 ამით კმაყოფილები კი ვასკვნით, რომ “ის” მეტის ღირსია, რომ მოხოხდება თავისი ფეხით, დაკოცნის ჩვენ ნაფეხურებს და ა.შ.

ბოლო მოსაზრება, როგორც წესი ამართლებს, მაგრამ ძალიან გვიან. 🙂

მე, პირადად, ბლოგის დიზაინს ვერჩი ხოლმე :). ამასთან ერთად, ჩემი “საყვარელი” გასართობია ახალი ხერხების გამოგონება, თუ როგორ მოვკლა ყოფილი. ცხადია, სიკვდილი სულ ცოტა, დრამატული და მტკივნეული უნდა იყოს. 🙂 თანაც ეს მეთოდი გარკვეული ფსიქოლოგიური ტრეინინგია ორმაგი სიამოვნებით: თან გსიამოვნებს და თან ციხეშიც არ ხვდები 🙂

ფანტაზიის შესავსებად შემოგთავაზებთ რამდენიმე ხერხს:

მაშ ასე: ერთ-ერთი პირველი, რაც მახსენდება, სკალპელის და საძილე არტერიების “მეგობრობაა”. ეს, ჩემ შემთხვევაში,  უფრო პროფესიულია, ვიდრე ფართოდ გავრცელებული. იქნება ბევრი სისხლი და ნაკლები სიამოვნება, რადგანაც მსხვერპლი მომენტალურად კვდება, აგონიის 20 წამი კი არც ერთ ნორმალურად გულნატკენ მდედრს არ ეყოფა.

შემდეგი: ჩემი ფავორიტი ინკვიზიცია. მათ ფანტაზიას, როგორც ყოველთვის, არ აქვს საზღვარი: ბორბლები, ნიღბები და ბევრი, ბეევრი წვეტიანიი და სასტიკი ნივთი, რომელიც თქვენ ყოფილს ასწავლის, ვის უნდა გაუტეხოს გული და ვის_არა.

კიდევ ერთი ფავორიტი ძველი ჩინური მეთოდი,-ბამბუკზე დასმა გახლავთ. ადამიანს სვამდნენ ბამბუკის პატარა ღეროზე. ცნობისთვის, ეს მცენარე ღამეში 2 მეტრამდე იზრდება. ნუ დამაწერინებთ ამ 1 ღამეში რა დღეში ჩავარდება თქვენი ყოფილი მეორე ნახევარი. ამას ფანტაზიისთვის გიტოვებთ. იმაში კი ნამდვილად დარწმუნებულნი იყავით, რომ ეს გრძელი ღამე მას არასდროს დაავიწყდება.

ოკეანე კია ლამაზი, მაგრამ მის სიღრმეებში იმდენი საშიში არსება ცხოვრობს…. მაგალითად ერთი ეული ზვიგენი, რომელიც გაგიჟდება,  ისე მოეწონება თქვენი ყოფილის ჩიჩია. არიან მედუზებიც, რომლებიც სალაპარაკოდ ნამდვილად არ გაგიხდიან ერთი-ორ სასიკვდილო წასუსხვას…

ზოოპარკი. ეს ერთი შეხედვით უწყინარი ადგილია იმდენი შესაძლებლობებიიით… 🙂 ყოველთვის მოიძებნება მშიერი ლომი, დათვი ან მგელი, რომელიც არ გაწყენენინებთ ნამდვილად .

ერთი ჩვეულებრივი აგური, რომელიც მაღლიდან ვარდება და მას ეცემა. აწწწ

უი, საწამლავები! ბეევრი, ფერად და ლაამაზ სითხეში მოქცეული სასიკვდილო სითხე თუ ფხვნილი საქმეს აშკარად გაგიადვილებთ. მთავარია, ყავის ჭიქები არ აგერიოთ, მოწამვლას რომ დააპირებთ. გველის, ტარანტულის საწოლში შეცურებაც არ იქნება ურიგო.

თოკი კისერზე, მჭრელი დანა გულში….

მოკლედ, არჩევანი ზედმეტად ფართოა: ოთხში ამოღებიდან მისი შიშველი ფოტოების ქალაქში გაკვრის ჩათვლით. მთვარია, თქვენ იყოთ ნასიამოვნები. 🙂

აბა თქვენ იცით, მოიშველიეთ ფანტაზია და დატკბით მრაფალფეროვანი სიუჟეტებით: მაგალითდ, როგორ უშვებთ ხელს მეასე საეთულზე გადმოკიდებულ თქვენ ყოფილს ღიმილით, როგორ ჭყლეტთ მანქანით, როგორ უგრეხთ კისერს და ა.შ;

ისიამოვნეთ, მაგრამ ნუ დაგავიწყდებათ, “ის” ცოცხალი უფრო კარგად მოხოხდება, ვიდრე მკვდარი. ასე, რომ აცოცხლეთ რეალობაში და ისიამოვნეთ ხვალინდელი ქათმით.

აბა მდედრებო და არამხოლოდ, ბოროტად ნასიამოვნებ სიზმრებს და უფრო ბოროტად ნასიამოვნებ დღეს გისურვებთ.

მე და პარფიუმერი


“Изобретательство весьма подозрительно, поскольку оно всегда означает нарушение правил.”

წელიწადზე მეტი მხატვრულ ლიტერატურას აი, რომ იტყვიან, გემრიელად არ ჩავჯდომივარ. არ ვიცი გადაღლილობამ, პირველმა კურსმა, მოუცლელობამ თუ უბრალოდ უსურვილობამ დაახლოებით ამდენ ხანს მომწყვიტა წიგნს. დავიწყე მარტინ იდენი, მოვისროლე, დავიწყე დორიან გრეი, გული შემიღონდა და ისიც მოვისროლე, დონ კიხოტი ერთი გვერდი წავიკითხე, მაგრამ შედეგი_ნული! ერთმა ჩემმა მეგობარმა ისიც კი მითხრა,ადამიანი რაღაც ეტაპზე გარკვეული მიმართულებით განვითარებას წყვეტსო… ცოტა არ იყოს და, შემეშინდა. ყოველთვის მიყვარდა ლიტერატურა და აქტიური მკითხველიც ვიყავი. საბედნიეროდ, ჩემ შემთხვევაში, მისი თეზისი არ გამართლდა. მე კი კიდევ ერთხელ გავიხსენე, რას ნიშნავს, როცა ერთდროულად გინდა, წიგნი მალე ჩაიკითხო და თან არ გემეტება დასამთავრებლად 🙂

თუმცა ლიტერატურისკენ შემობრუნებას ცვლილებების გარეშე არ ჩაუვლია. დავიწყე რუსულად კითხვა როგორც რუსული ლიტერატურის, ასევე უცხოური, რუსულად თარგმნილი ნაწარმოებებისაც და, დამერწმუნეთ, ქართული თარგმანები მათ უმრავლესობასთან, უბრალოდ სასაცილოა 🙂 . ეს ის  შემთხვევაა, როცა ხარისხს გრძნობ ყოველ სიტყვაში, მაგრამ ამაზე სხვა დროს.

პირველი ამ წესს დაქვემდებარებული წიგნი პატრიკ ზიუსკინდის “პარფიუმერი, ერთი მკვლელის ისტორია” იყო. მე ამ წიგნმა კითხვის სურვილი დამიბრუნა. მართალია უმრავლესობა მცენარის სახელი ვერ გავიგე, მაგრამ, საერთო ჯამში ძალიან საინტერესო წიგნი აღმოჩნდა. ეს არის ისტორია ყველაზე უცნაურ, ყველაზე ნიჭიერ და შავი სულის პატრონ ადამიანზე. ჟან-ბატისტ გრენუი პარიზის ყველაზე მყრალ ადგილას იბადება. იგი გადაწყვეტს, იცოცხლოს, მის სასიცოცხლო ძალებს ეს გადაწყვეტილება უბრუნებს. იგი აღიქვამს ყველანაირ, თვით წარმოუდგენელ არომატსაც კი და სათუთად ინახავს გონებაში.

ჟან-ბატისტი ცხოვრობდა ადამიანებში, მათ გარეშეც, საკუთარ სამყაროში და ეძებდა. რას? თავადაც არ იცოდა რას, სანამ პარიზის  ერთ ბნელ ქუჩაზე არ გადაეყარა მას. არომატმა, რომელსაც ახალგაზრდა, ჟღალთმიანი, უჩვეულო სილამაზის გოგონა ასხივებდა, იგი სრულიად მოაჯადოვა და დაჩრდილა ყველაფერი სხვა. ჟან-ბატისტი კლავს გოგონას, მის არომატს კი ითვისებს და სათუთად ინახავს გონებაში. მისთვის ადამიანი არაფრითაა იმ ყვავილზე მეტი, რომლისგანაც არომატს იპარავენ. თუმცა ეს მისთვის არაა საკმარისი. მხოლოდ ფანტაზია და არაფერი ხელშესახები აღარ აკმაყოფილებს. მხოლოდ ამ ღვთაებრივ არომატთან არა… იგი იწყებს პარფიუმერული საქმის შესწავლას მოხუც, გაკოტრების პირას მყოფ პარფიუმერთან და საკუთარი უნარის წყალობით ამდიდრებს მას. თუმცა მისი ინტერესი ფული არ არის. მას მხოლოდ იმის სწავლა სურს, როგორ შეძლოს არარსებულის გონებიდან რეალობაში გადმოტანა. 4 წლის შემდეგ იგი მიდის პარფიუმერისგან და მთელი 7 წელი ხალხისგან ყველაზე მოშორებულ ადგილას ცხოვრობს საკუთარ გამოგონილ იმპერიაში. მას ეზიზღება ადამიანების სუნი, ის გაურბის მას. ბოლოს მის იმპერიაში ნგრევა იწყება. სწორედ მაშინ, როცა ჟან ბატისტი ჟღალთმიანი გოგონას არომატით თვრება, მას თავზე ექცევა ყველაფერი. იგი იგუდება საკუთარ არარსებულ, არარსებულად ამაზრზენ  სუნში. სხეულის იმ არომატში, რომელიც მას არასდროს ჰქონია.

ჟან-ბატისტი წარმოსახვითი იმპერიიდან გარბის  და საბოლოოდ გრასში, პარფიუმერიის მექაში ჩადის, სადაც ისევ გრძნობს ძველ, დიდ ხანს ნაძიებ არომატს… ის ელოდება, როდის ამოხეთქავს ჯეროვნად ეს სუნი გოგონაში. მას არ უნახავს ლაურა, თუმცა, ზუსტად იცის, ზუსტად გრძნობს მისი ჟღალი თმის არომატს….

Continue reading

სიცხე და პატარ-პატარა რჩევები


გვცხელა,  ვიხრჩობით, ვიწვებით და ვიგუდებით. ჩვენ საინფორმაციოებს თუ დავუჯერებთ, უახლოეს დღეებში ჰაერი კიდევ “გათბება” და 40 გრადუსს მიაღწევსო. როგორ მაინტერესებს, აქამდე 48 რომ იყო, არ იციან ჯერ? 🙂

ეს სხვა დროს. ისე კი ამ ლეღვის ნახარშის მომრავლებამ და გადაჭარბებულმა სიცხემ მაფიქრებინა, რომ რამდენიმე მარტივი რეკომენდაცია არ გვაწყენდა სიცხის თაობაზე.

პირველ რიგში, შეეცადეთ მზეს მოერიდოთ დილის 11-დან საღამოს 5-მდე, როცა მზის აქტიურობა ყველაზე მაღალია. ატარეთ ქუდი და ღია ფერის სამოსი. გაითვალისწინეთ, რომ რაც რია ფერისაა ტანსაცმელი, მით მეტად აირეკლავს მზის სხივებს და თქვენც ნაკლებად გცხელათ ( შეგიძლიათ თქვენით შეამოწმოთ ეს თეორია; მზეზე თუ დადგავთ ორ წყლიან ჭურჟელს- თეთრს და მუქს, მუქში წყალი უფრო მეტად გაცხელდება). აი ქუდი კი მშვენიერ აქსესუარად შეიძლება აქციოთ და, თანაც მზის დაკვრასაც აარიდოთ თავი. მე გადავიტანე ერთხელ და არ გირჩევთ ნამდვილად 🙂

ძაღლები სიცხეში ენაგადმოგდებულები რომ დარბიან, კი არ ეხლალისებათ 🙂 ასე ზრდიან სითხის აორთქლებას სხეულის ზედაპირიდან. ვერ გირჩევთ, თქვენც ენაგამოყოფილებმა იაროთ, ამიტომ მიიღეთ დიდი რაოდენობით სითხე:drinks:. დღიური ნორმა დაახლოებით 4 -5 ლიტრია, საიდანაც ჩვენ ცოცხალი სახით 2-2,5 ლიტრს ვიღებთ, ხოლო დანარჩენს საკვებიდან; სიცხეში უფრო მეტი სითხე გვჭირდება, ვიდრე ნორმალური ტემპერატურისას, რადგანაც აორთქლება სხეულის ზედაპირიდან მეტია.  1 ლიტრი წყლის დაკარგვის შემდეგ ჩნდება წყურვილის შეგრძნება, 2 ლიტრზე ქვეითდება შრომისუნარიანობა, 3 ლიტრზე იწყება ჰალუცინაციები, 4 ლიტრზე კი არ მკითხოთ საეთოდ, რა შეიძლება დაგვემართოს. ორგანიზმის წყლის საერთო შემცველობის 10 %-ს დაკარგვისას წინაპრების მონახულების საშუალებაც მოგეცემათ. მოკლედ, სვით რაც შეიძლება ბევრისითხე, თუმცა, გულით ავადმყოფებმა უნდა გაითვალისწინოთ, რომ წყლის ზედმეტმა სმამ შეიძლება პრობლემებიც შეგიქმნათ.

სითხესთან დაკავშირებით კიდევ ერთი, აღმოსავლური რეკომენდაციაა ცხელი ჩაი. მისი მიღებისას აქტიურდება  ოფლის წაროქმნა და აორთქლება ზედაპირიდან, რაც გადახურებისგან გვიცავს. გეთანხმებით, ცოტა არაესთეტიური, თუმცა ეფექტური მეთოდია. თუმცა ამას ემატება ჩაის არაჩვეულებრივი თვისებები და მისი ვიტამინების შემცველობა. მაგალითად მწვანე ჩაიში შემავალი С, Р და РР ვიტამინები და სხვა კომპლექსები, რომელიც გვიცავს მზის ულტრაიისფერი გამოსხივებისაგანაც ჩაის ცივი სახით მიღების შემთხვევაშიც. სხვათა შორის ჩაი უფრო უკეთ კლავს წყურვილის შეგრძნებას, ვიდრე წყალი, ამიტომ ცივადაც კი სასარგებლოა მისი მიღება.

ქალებისთვის, განსაკუთრებით კი მათთვის, ვისაც მშრალი და ღია ფერის კანი აქვს, აუცილებელია წყლის საჭირო რაოდენობით მიღება, რომ კანი არ გამოშრეს და ნაოჭებსაც დავაღწიოთ თავი.

ნუ გამოიყენებთ ლეღვის ნახარშს, გამოიყენეთ მზისგან დამცავი კრემები და დაიცავით დოზირება რუჯის მიღებისას. ასევე ნუ გამოიყენებთ ტანის ზეთებს მაშინ, როცა მზეზე გიწევთ გასვლა, რადგანაც ასეთ შემთხვევაში იგივე მდგომარეობაში ვარდებით, როგორც ქურაში ცხიმწასმული ქათამი და, რამდენადაც უნდა გაგიკვირდეთ, შედეგიც ანალოგიურია 🙂

დანარჩენ რჩევებს, როგორიცაა კონდენციონერი, ვენტილატორი, ცივი ვანა, სოფლებში და ზღვაზე გაქცევა, არ ჭირდება დიდი განმარტებები. ასე, რომ წარმატებები. გახსოვდეთ, სიხცე ჩვენი გამარჯვებაა 🙂

ბონუსად პროგნოზი 🙂