ER ანუ ზუსტად ისე, როგორც კინოში


ან უფრო უარეასად, მაგრამ ამაზე ქვემოთ.

ცოდვა გამხელილი სჯობს და თავის დროზე მეც სამედიცინო თემატიკის სერიალებმა შემაცდინა. მახსოვს, პატარა რომ ვიყავი, როგორი სიამოვნებით ვუყურებდი ხოლმე ER-ს და სულ მინდოდა, დღესასწაულები  ზუსტად ასე, სამსახურში გამეტარებინა ექიმი როსივით. ეს სურვილი გასაკუთრებით მახსოვს, რადგანაც სახლში გატარებული ყოველი ახალი წელი და დაბადების დღე მეზიზღებოდა ხოლმე. მერე ცოტა გავიზარდე, Doctor House წამომეწია და მეც მივხვდი, რომ Ugly ადამიანების ადგილი სწორედაც ასეთ სამუშაოზეა, სადაც არც პირადი ცხოვრებისთვის გრჩება დრო და არც სხვა არაფრისთვის.

ჰოდა, ბევრი რომ არ გავაგრძელო, ასე, ცოტათი გაუცნობიერებლად აღმოჩნდა ჩემი საბუთები სამედიცინოს სტუდენტთა სიაში. საბოლოოდ ყველაფერზე უარის თქმა არც ისეთი ადვილი აღმოჩნდა, როგორც ერთი შეხედვით ჩანდა, მაგრამ მეოთხე კურსამდე “სხვა დროისთვის” გადადებულმა მორიგეობის ღამეებმა შემახსენა თავი და მეც რესპუბლიკური საავადმყოფოს ER -ის ობსერვაციას მივაკითხე.

პირველი მორიგეობა 28 დეკემბერს ღამით  გვიწევდა. ფეხი არ მქონდა შედგმული ობსერვაციაში, რომ საომარი პოლიგონივით აქტიურ ადგილში გადავეშვი ცხვირით. გარშემომყოფთაც დრო არ დაუკარგავთ, ნემსები მომაჩეჩეს და აბა დავაი, ანალიზი წაიღე ლაბორატორიაშიო, მითხრეს.

თქვენ ვერც კი წარმოგიდგენიათ, რამდენი სიშტერე შეიძლება გააკეთოს ახალმა და უცოდინარმა პრაქტიკანტმა. ახლა დავფიქრდი და ისევ ER-ის გმირი, რეზიდენტი კარტერი და მისი მუდმივი საცოდაობა გამახსენდა. რაღაცით ძალიან წააგავს ჩემს ამბავს. 😀

tumblr_mybgr6uVup1qighn9o1_500

ისე კი, რომ არა ჩემი მეგობარი მარიამი, ვისი ძალისხმევითაც გელაშვილის ცვლაში ამოვყავი თავი, ცუდად იქნებოდა ჩემი საქმე, თანაც არაერთხელ.

წუხელ 5 ქსეროქსი რომ გადავიღე შეცდომით და წაღმა და უკუღმა მხარე ძლივს დავამთხვიე, მაშინ მივხვდი, რომ სხვა გზა არაა, საკუთარ შეცდომებზე უნდა ისწავლო.

ეჰ. სწავლის პროცესი ყოველთვის რთულია, განსაკუთრებით მაშინ, თუ თავიდანვე პრაქტიკულად ითვისებ ყველაფერს. იქ კი, სადაც  სისწრაფე ძალიან მნიშვნელოვანია, წვრილმანების ასახსნელად დრო არავის აქვს… ჰოდა, აი ასე დავიკარგე რამდენიმეჯერ პაციენტიან – ბორბლებიანი სავარძლიანად და პალატების მაგივრად ეხოს კაბინეტში ამოვყავი თავი. მერე ვეღარ ვიპოვნე ლაბორატორია და ერთი გზიდან წასული მეორე გზით ძლივს დავბრუნდი უკან ობსერვაციაში. ბოლოს ძლივს ვისწავლე, რომ  სტრაიკერი საავადმყოფოს საწოლია, ჩიხებს მულტიპროფილური განყოფილების პალატებს ეძახიან, ტრიაჟი ის ადგილია, სადაც ოპერატორი ზის, შესახვევი იგივე საპროცედუროა, მე-11 კი საძილე და საჭმელი ადგილი გახლავთ…

პირველი მორიგეობა მძიმე, მაგრამ საბოლოოდ ძალანაც მხიარული აღმოჩნდა. რამდენიმე მძინარე ადამიანი გაიბინტა, გაისკოჩა და ახლა რეზინის ხელთათმანების ნაძვის ხეც გვაქვს შოკის დარბაზში.

აი დღეს დილით მესამე მორიგეობიდან მოვედი, ლოგინში ჩავეშვი და საღამომდე არც კი გავნძრეულვარ. სიმართლე თუ გინდათ, ძალიან ძნელი და დამღლელი აღმოჩნდა ეს ყველაფერი. არა, იმიტომ არა, რომ მეზარება ან რაიმე მსგავსი, არა. უბრალოდ ეს საქმე მართლა ბევრ დროს, ენერგიასა და დაუფასებელ შრომას მოითხოვს, ესაა და ეს.

თუმცა მე მაინც კმაყოფილი ვარ. არაფერი შეედრება იმ შეგრძნებას, სულ პირველად ვენიდან რომ იღებ სისხლს, პირველივე ცდაზე საჭირო ადგილას მოხვდები და ბოლომდე გააკეთებ საქმეს იმის მიუხედავად, რომ შენი პაციენტი, პირობითად გოჩა, სასტიკადაა მთვრალი და ხელებს იქნევს.

იმედია, მომავალი წლის ამ დროს იმაზე აღარ მომიწევს მარჩიელობა, სისტემის სტოპ-კოკი რომელი მხრიდან იკეტება და ყველაფერი კარგად იქნება. სხვა რა გზაა. სწორედ მომავალი წლის შემაჯამებელ პოსტში მოვყვები, როგორი წითელი ვიყავი პირველ დღეს და რა სასტიკად მეშინოდა ვენის კათეტერის ამოღების. 😀

წარმატება მისურვეთ, ამჯერად ეს მართლაც მჭირდება.

საზამთროიანი მძარცველი, კაფე სამების ეზოში და კიდევ 6 ძალიან სასაცილო ამბავი ჩვენზე


ეს ორი – სამი დღეა, ჩემი FB ნიუსფიდი საშინელ დღეშია.

მთავარი თემები ნინის და ირაკლის სკანდალური დაშორება, გაყალბებული ეროვნული გამოცდები, ფეხებზე შპარგალკაწაწერილი პედაგოგები, ბანკში შევარდნილი საზამთროიანი დამყაჩაღებელი, პუბლიცისტიკა, სამი ექვსიანის გამო გამოცდიდან გაქცეული მასწავლებელი და 1000 ლარით დაჯარიმებული სტუდენტებია. შეიძლება გამომრჩა რამე, არ ვიცი, მაგრამ ერთად რომ კითხულობ, ძალიან უცნაურად და სასაცილოდ ჟღერს. მით უმეტეს, ერთი გადაფურთხება ქვეყანა ვართ. მოიმარჯვეთ რაიმე ცივი და დავიწყოთ:

1003830_636011683078284_2016348409_n
წყაროს სანახავად ჰკლიკეთ ფოტოს 🙂

ამბავი პირველი: ნინის და ირაკლის თემამ მთელი კვირაა დრონი.გე, რეიტინგი და მარაო.გე ააყვავა ვიზიტორებით. იწერება საპატარძლოს კომენტარები, დაქალების გამოძახილები, კუტალაძის ნათესავების კომენტარები, სქრინები იდება პატარძლის Fb-დან და არის ერთი წიოკი. ამ ყველაფრერზე მთელი ინტერნეტ-მოსახლეობა ბჟირდება, ქმრის წარბებზე ჭორაობს და 3 ბანაკად იყოფა: კუტალაძის კამანდა, ნინის ფანკლუბი და პოხუისტები. საბოლოოდ სამივენი ამ ხალხის პირად ცხოვრებაში ვყოფთ ცხვირს. აი ახლა ვზივარ და ვფიქრობ: მამენტ, ვისი რა ტრაკის საქმეა, ვინ ვის რატომ ეყრება და ვისგან აჩენს ბავშვს. ისეთი სიტყვის თავისუფლების დედა ვატირე, სხვის ცხოვრებაში რომ ჩაყოფს ცხვირს, თან ძუნგლიანს და ამოყოფა აღარ უნდა! ერთადერთი გულდასაწყვეტი ამ ყველაფერში ისაა, რომ ძალიან ლამაზი კაბა მოცდა ტყუილად ნინის ქორწილში. ესაა და ეს. თორემ ვინ არ გაყრია ქმარს 9 თვის ორსული 😀
ამ ნაგვის კითხვის მაგივრად Pink.ge იკითხეთ, ხალხნო! ჩვენთან ასეთი ამბები არ ხდება.

მეორე და ჩემი ფავორიტი თემა:  ძარცვა საზამთროთი! აი წარმოიდგინეთ, მშვენიერი მზიანი დილაა. გაიღვიძა ადამიანმა და მოუნდა ბანკის გატანა. ნუ, ვის არ მოსვლია დილით ასეთი აზრი მშიერზე 😀 . ხოდა, ამანაც იპოვნა იარაღი და  მაყუჩად კარტოფილის გამოყენებას აპირებდა, მაგრამ საზამთრო უფრო Fashion – იაო, იფიქრა. შეიძლება, უბრალოდ, ხურდა მიაკლდა საზამთროზე გამყიდველთან ან ყავისფერს წითელი და მწვანე ფერი არჩია სუბიექტურად, რას გაიგებ. მოკლედ, შევარდა ეს ბიჭი დიღმის მასივის BOG-ის ფილიალში, ეს საზამთრო ძარცვის მერე ბანკში დააგდო ეულად, მინიმალური ოდენობის თანხა გაიტაცა და მიიმალა. ჰოლივუდური ფილმის სიუჟეტადაც გამოდგება ეს ისტორია, მე რომ მკითხო. ისე, ცოტა ხანში ეს საზამთრო რომ ამ ბიჭის მამა აღმოჩნდეს, არც ეს გამიკვირდება.

მესამე ამბავი: ვიღაც ზუგდიდელი მასწავლებელი ამტკიდებდა გუშინ, რომ უნარების ამოცანებმა გაჟონა და ბავშვების ნაწილმა იცოდა ტესტებიო. ატყდა ერთი ამბავი და მეორე დღესვე უარყო ამ ქალმა ეს ინფორმაცია. გამოაცხადა, გამომძალეს, ძალით მათქმევინესო.  თუმცა, ზემოთხსენებულმა ამბებმა გადაფარა ეს ისტორია ასე თუ ისე. ბმულს სამწუხაროდ ვეღარ მივაგენი.

ამბავი მეოთხე: პუბლიცისტიკა, რომელიც ყოველდღიურ კულტურაზე მიგვითითებს, კარგია, მაგრამ მითითება რომ გვჭირდება იმაზე, ქუჩაში რომ არ უნდა გადავაფურთხოთ, – უკვე ცუდი. ცუდია ისიც, პუბლიცისტი მწერალი რომ საშინლად გაუმართავად გწერს ამას (ახლანდელი ტექსტი საიტზე ჩასწორდა მილიონჯერ უკვე). ზოგადად, ისიც არაა კარგი, რომ ჩემი პოსტი არ ბრწყინავს ლიტერატურულად, მაგრამ მათგან განსხვავებით ეს პირადი ბლოგია და მე მწერალს არ ვეძახი ჩემს თავს. სხვა მხრივ ნამდვილად ვეთანხმები ამ ადამიანს.

ამბავი მეხუთე:  მიმინოშვილს თუ დავუჯერებთ, ფეხზეც ეწერა რამდენიმე მასწავლებელს შპარგალკა და შემოწმების შემდეგაც ბევრს ჩამოართვეს განსხვავებით აბიტურიენტებისაგან, რომლებთანაც მსგავსი რამ არ მომხდარა. რას იზამ, ჯერ ზედა თაობა გვყავს მისახედი და მერე მათ ქვემოთ ვინცაა, ისინი. არადა,  ასეთ ადამიანებს ხელფასს ვუხდით და საკუთარი შვილების განათლებას ვანდობთ…

ამბავი მეექვსე: მასწავლებელმა სასერთიფიკაციო გამოცდები იმიტომ დატოვა, რომ მეექვსე მაგიდაზე მოხვდა.   თუ არ გჯერათ, ნახეთ ბმული. დიახ, ჩვენ ჯერ კიდევ ბნელ ქვეყანაში ვცხოვრობთ, სადაც 6 – იანის ეშინიათ და 13 – ზე აკანკალებთ. ეს ადამიანიც ბავშვებს ასწავლის და ამასაც ხელფას ჩვენ ვუხდით. დასკვნა თქვენ გამოიტანეთ.

ამბავი მეშვიდე: 1000 ლარით დაჯარიმებული სტუდენტები პლაკატის გაკვრისთვის. დასკვნა: არც წინა მთავრობა გვივარგოდა არაფრად და  არც ახლანდელი უქნია ღმერთს.  ალბათ ხალხი არ ვვარგივართ ზოგადად და ამის ბრალია ყველაფერი, არ ვიცი. კანონი და კონსტიტუცია კი არა, საზამთროს და ქლიავის ყანა გვაქვს ქვეყანაში. აი ასე!

ამბავი მერვე: კაფე სამების ეზოში. ბმულს უკომენტაროდ გათავაზობთ. წასულია იმ ბიჭების საქმე, გოგოს პაემანზე სამებაში რომ იბარებდნენ, იაფად გამოვალთო.

დედაჩემს რომ მოვუყევი ეს ამბები წეღან, ბევრი იცინა. კარგა ხანი დამჭირდა იმისთვის, საზამთროს და კაფეს ისტორია რომ დაეჯერებინა. ბოლოს კი ვისხედით და ვფიქრობდით, რომ ზოგადად სასაცილოა ეს ყველაფერი, სატირიალი რომ არ იყოს. მაგრამ გასაკვირი აღარაა ასეთი რაღაცე(ე)ბი იმ ქვეყანაში, სადაც ტაბურეტიანი მამაოები და  ისეთი ადამიანები ცხოვრობენ, სხვების ლანძღვა ქრისტიანულად, მიღებულად და კეთილ საქმედ რომ მიაჩნიათ. ცუდია ჩვენს ქვეყანაში ცხოვრება და ასე იქამდე იქნება, სანამ საკუთარ შვილებს არ ვასწავლით ნაგვის ურნამდე მიტანას, რომ მიიტანს, მერე შიგნით ჩაგდებას და სხვა რელიგიის, ორიენტაციის, აზრისა თუ მსოფლმხედველობის პატივისცემას.

მანამდე კი ასეთ გასართობებს არ მოგვაკლებს მედია და ხალხი. აბა სხვა რა გვინდა: პურიც გვაქვს და სანახაობაც. საზამთრო და ლაღიძის კაფე გფარავდეთ. მომავალ პოსტამდე.

7 არასამუშაო თვეში დაკლებული 30 კილოგრამი


გვეძღვნება ნაციონალებს, მე, ილიას, მარიამსა და თამუნას

შარშანდელ პოსტში დაგპირდით, დაკლებულ 16 კილოგრამზე მოგიყვებით მეთქი. მაგრამ ქართველი ბლოგერი რისი ბლოგერია, პოსტის დაწერა რამდენიმე თვით არ დააგვიანდეს. ჰოდა, ჩემდა გასახარად, ამ დროში ჩემი 16 კილოგრამი 30-იც გახდა, before/after ფოტოც ვაღირსე ჩემს თავს და მინდა, თქვენც გაგიზიაროთ.

მოკლედ, ასე გამოვიყურებოდი 2012 წლის 31 მაისს. ვინაიდან და რადგანაც, ფოტოების გადაღება დიდად არ მეხალისებოდა გასაგები მიზეზების გამო, სხვა დიეტის წინა ფოტო არ მაქვს.

525885_2903475006134_2127608279_n
დიეტამდე 3 თვით ადრე

თქვენი ნებართვით ამბავს ცოტა შორიდან დავიწყებ.

გამხდარი არ ვყოფილვარ არასდროს. რაც ადრინდელი ჩემი თავი მახსოვს, თვითშეფასება მარიანის ღრმულზე ღრმად მქონდა დაწეული, ლოყები კიდევ – დალურჯებული ნაჩქმეტებისგან. არ ვიცი რა ფენომენია ეს, პუტკუნა ბავშვების დაჩქმეტა…

მოკლედ, როგორც იყო, გავიზარდე, მოვედი გონივრულ ასაკამდე და ერთ დღესაც მოვხვდი, რომ აზრი არ ჰქონდა წონაზე ნერვიულობას, რადგან ცხიმის რაოდენობა არ განსაზღვრავს ადამიანს. ამით ბევრი რამ დამთავრდა და უფრო მეტი დაიწყო. მიუხედავად იმისა, რომ საკუთარი წონა დიდად არ მადარდებდა და თვითშეფასებასთან დაკავშირებული პრობლემებიც დავძლიე, მაინც არასდროს მიხაროდა plus size ადამიანად ყოფნა. არც ერთმა ზედმეტწონიანმა ადამიანმა არ მოგატყუოთ, რომ არ უნდა, გამხდარი იყოს. ყველას აქვს გულის მტვრიან კუთხეში ადგილი, სადაც ის სხვანაირია, გამხდარი, ლამაზი, 90/60/90-ზე…

გგონიათ, შეუძლებელია? არა, თუმცა იმდენი წინააღმდეგობაა ამ 90/60/90-მდე, რომ აი, უბრალოდ, გვეზარება… რადგან გაცილებით ადვილია, ტელევიზორის წინ ნაყინის დიდი ვედროთი მოიკალათო და იოცნებო პრინცებსა და საკუთარ იდეალურ პარამეტრებზე, ვიდრე ადგე და პრესები აკეთო…

რამდენიმე წელი არ ავწონილვარ. ბოლოს 5 წლის წინ სასწორმა რომ 100 კგ მიჩვენა, მაშინ გადავწყვიტე, მსგავს ხელსაწყოებს ახლოს არ გავკარებოდი…

ამასობაში სკოლაც დავამთავრე, უნივერსიტეტის მეორე კურსიც და SummerJob-ის მეშვეობით 400 ლარიც გამოვიმუშავე. კარგა ხანს ვფოქრობდი, რა ჯანდაბა მექნა ამ ფულისთვის. რაც ძალიან მინდოდა, იმაში არ მყოფნიდა, თაჯმაჰალის ნახვასაც არ ყოფნიდა აშკარად…

ერთ ღამეგათეულ დილასაც, მორიგეობის შემდეგ, კარდიოლოგიურში მე და ჩემმა მეწყვილემ “ეული” სასწორი შევნიშნეთ. Why not მეთქი და ავიწონე…

სიმართლე გითხრათ, სულ არაა საუკეთესო გრძნობა, როცა სასწორი 122 კგ-ს გიჩვენებს…

რამდენიმე დღის შემდეგ, ჩემს მეგობარზე, მარიამზე ვეუბნებოდი სხვა მეგობარს, ეგ ილიას თუ შეურიგდება, 50 კილოს დავიკლებ მეთქი. ისე აგიხდათ ყევლაფერი, როგორც მარიამი შეურიგდა ილიას და მეც ყულფში თავგაყოფილი აღმოვჩნდი 😀 .

ამ ყველაფერს დაემატა უკვე დიდი ხნის პრობლემები: ქოშინი მესამე სართულის ზემოთ კიბეზე ასვლისას, ფეხების ტკივილი, ზედმეტი ოფლიანობა (მართლა საშინელ დისკომფორტს ქმნის :/), ტანსაცმლის დეფიციტი, გაოცებული სახეები და კიდევ ბევრი წვრილმანი…

ჰოდა, როგორც კი აგვისტო ჩამთავრდა და ნანატრი ხელფასიც ჩაირიცხა, სიტყვის ასასრულებლად და ენდოკრინოლოგთან ვიზიტისთვის მოვემზადე.

ჩემი პოლიკლინიკის ექიმს მოწინავე პიონერივით პირველ სექტემბერს მივაკითხე და ანალიზებიც გავიკეთე. შედეგად აღმოჩნდა, რომ ქოლესტერინი გაორმაგებული, შაქრის დონე სისხლში- შემცირებული, ფარისებრი ჯირკვლის ფუნქცია კი დაქვეითებული მქონდა. ადამიანურ ენაზე თუ ვიტყვით, დიაბეტი, გულსისხლძარღვთა სისტემის პრობლემები და სხვა ბევრი თავის ტკივილი მემუქრებოდა სულ რამდენიმე წლის პერსპექტივაში.

აქვე ჩემი ანალიზების კალკულაციასაც შემოგთავაზებთ: ვიზიტი, რომელშიც შაქრის გაზომვაც შედის- 10 ლარი, ქოლესტერინის გაზომვა – 10 ლარი, HOMA ინდექსები -40 ლარი და TSH- 15 ლარი.
ჯამში 75 ლარად “ნანატრი” დიეტაც ჩამახუტა ნინო ექიმმა და წამლების მსუყე სიაც. ნაცმოძრაობის გადახდილი ხელფასი კი ჩემზე კარგად, ალბათ, არ გამოუყენებია არავის 😀

ვიცი, ბევრი თქვენგანი ამ სიის გულისთვის კითხულობს პოსტს. ჰოდა, აი ისიც. ასე გამოიყურებოდა ჩემი სამომავლო სამოქმედო გეგმა, ჩემი დიეტა:

ესე იგი:
კვება დღეში 4-ჯერ: 8-12-16-20 სთ.
პური 1 ნაჭერი ჭამაზე, შავი ან რუხი. (იფქლის პური ყველას ჯობია). ჯამში 200 გრამი. ჭადიც შეიძლება.
კარტოფილი, წიწიბურა, მაკარონი, მოშუშული კომბოსტო, გოგრა უპუროდ  ან პურის მაგივრად სხვა საკვებთან.
ღომი არ შეიძლება, არც ლუდი.
ხორცი უნდა იყოს მენიუში კვირაში 3-ჯერ მაინც: საქონლის, თევზის, ქათმის თეთრი ხორცი 200 გრამი, მოხარშული. თევზს მე, პირადად, ვერ ვჭამ მოხარშულს და ვწვავ 🙂
რძის პროდუქტები: რძე 300 მლ, მაწონი-იოგურტი 0.5 ლ, ყველი ნაკლებცხიმიანი 70 გრამი, ხაჭო 200 გრამი, არაჭანი 5-10 გრამი. ყველა ეს დაბალცხიმიანი.
ცხიმი: მცემარეული ზეთი 15-20 გრამი, კარაქი 5-10 გრ. ‘კარაქში’ შედის მდნარი ყველი, მაიონეზი, ზეთის ხილი, ნიგვზები, იოგურტის ცხიმის პროცენტი, ნიგვზები.
კვერცხი 1-2 ცალი ყოველდღე არა ოღონდ.
ბოსტნეული 800 გრამამდე დღეში.
ხილი 500-700 გრამი.
უნდა შეზღუდო ყურძენი, კარალიოკი, ხურმა, ანანასი, თუთა, ლეღვი, ბროწეული, ბანანი, ანანასი, ფინიკი, ქიშმიში. კენკრა უშაქროდ.
მჟავე ღვინო, შამპანიური, კონიაკი იშვიათად.
მინერალური სასმელები წყლის მაგივრად შეიძება, განსაკუთრებით მაშინ, მარილსაც თუ მოუკლებ.
100 გ შავი პური 80 გრამს უდრს თეთრ პურს და ჭადს, 90 გ რუხ პურს, 220 გრამ კარტოფილს, 55 გ მაკარონს (ამიტომ არ ვჭამ საერთოდ 🙂 ).
100 გ ხორცი = 3 კვერცხს, 120 გრ თევზს, 80 გრამ ყველს, 110 გრამ ხაჭოს 🙂

ამ სიის მიხედვით   თვითონ ვადგენ მენიუს, რომელ დღეს რა მირჩევნია ან მიხერხდება.

მოკლედ, კიდევ 100 ლარამდე დავაბანდე დიეტური პროდუქტების მარაგისთვის (არაა ეს აუცილებელი, მაგრამ სანამ ფული მქონდა, ჩემს თავზე ვიზრუნე ) და შევუდექი საქმეს.
Face_anatomy_superficial

დიეტაში პირველი დღეები რთულია. ახალ რეჟიმს ეჩვევი, უნდა გადაეჩვიო ტკბილეულისკენ ხელის გაწვდენას, ღამე ჭამას, ფასტ ფუდის გარეშე ცხოვრებას. თუმცა, ნელ-ნელა ფორმაში მოდიხარ, დღის რეჟიმს ალაგებ. იმ დროს გშივდება, როცა ჭამა გიწევს და არც ისე ცუდ ხასიათზე ხარ, როგორც ელოდი…

აქვე მინდა შეგახსენოთ, რომ თვითნებურად არც ერთი დიეტის გამოყენება არ შეიძლება, რადგან ბევრი ინდივიდუალური მახასიათებელი არსებობს, რაც ამ ჩამონათვალშია გასათვალისწინებელი. მაგალითად, თუ TSH მომატებული გაქვთ (რაც საკმაოდ ხშირია ზედმეტი წონის არსებობისას), თვითნებურ დიეტას წამლის გარეშე არ ექნება შედეგი, სულ რომ შიმშილით მოილათ თავი. შეიძლება პირიქით დაგემართოთ და მოიმატოთ წონაში… ასე რომ, ყველაფერს  ის სჯობს, დასაწყისისთვის გარკვეული ხარჯი გაიღოთ ანალიზებისა და ვიზიტისათვის, რომ მშვიდად შეუდგეთ წონის კლებისა და სიჯანსაღისკენ მიმავალ გრძელ გზას. სურვილის შემთხვევაში მომწერეთ და ჩემი ექიმის კოორდინატებსაც მოგაწვდით, თუ რა თქმა უნდა, აფრიკამდე მოსვლა არ დაგეზარებათ 😀

არ ვიცი, მე მაქვს რკინის ნებისყოფა თუ მართლა არაა დიეტაზე ჯდომა ძნელი, მაგრამ მე არ გამჭირვებია. სულ 2 პრობლემა მქონდა: თავბრუსხვევა და მახსოვრობის გაუარესება პირველ 2 თვეში, რაც, სავარაუდოდ, შაქრის მთლიანად ამოღების ბრალი იყო რაციონიდან. აი 2 თვის თავზე კი სასურველი და სანატრელი შედეგიც მივიღე: სასწორმა 15 კილოგრამით ნაკლები მიჩვენა…

Face_anatomy_superficial

დამიჯერეთ, ამ გრძნობისთვის ყველაფერი ღირს.

ამის შემდეგ კლების ტემპი შენელდა, ერთი პერიოდი შეჩერდა კიდეც, საბოლოოდ კიდევ 5 თვე დამჭრდა დანარჩენი 14 კილოგრამის დასაკლებად. თუმცა წვალება შედეგად ნამდვილად ღირს. ყევლაზე კარგად კი ამას სასწორზე კი არა, საკუთარი გარდერობის დალაგებისას და დიდი ხნის უნახავი ნაცნობების სახეზე არჩევ 😀

საქმე საწუწუნოდ არ მაქვს. მას შემდეგ, რაც სამედიცინოს ეზოში ვიჯექი ჩემი მრგვალი კონტეინერით და წიწიბურას ვჭამდი, აღარ მანერვიულებს დისკომფორტი და სხვისგან არც იმ არგუმენტს ვიღებ, რომ ჭამას ვერ ახერხებენ ვერსად. ვერ ასწრებ საჭმლის კეთებას და წაღებას? იყიდე იოგურტი და დალიე, ან 2 ვაშლი და 1 ნაჭერი შავი პურიც გიშველის 🙂 . ისე, თუ გაინტერესებთ, ჩემი რჩეული ჩუდოს იოგურტია. ყველაზე გემრიელია ქართულ ბაზარზე.

მოკლედ, ისევ ვაგრძელებ დიეტას. ძალიან მინდა, 70 კილო გავხდე. იმედია, დიეტის 1 წლის თავზე ასეც იქნება, თუ არა და, დრო მაინც გადის და სექტემბერში თუ არა, ნოემბერში მივაღწევ სასურველ წონას… თუმცა, ჯერ ჩემს თავს ბოლომდე ვერ ვაჯობე და ინტენსიური ვარჯიში არ დამიწყია. ხოლოდ პრესები და ისიც თებევლიდან. არადა, ვარჯიშით შედეგი ორმაგი იქნბოდა და არც კანის მოშვების პრობლემა მექნებოდა. ასე რომ, თუ რამეს დააპირებთ, ესეც გაითვალისწინეთ.

ბონუსად გიტოვებთ ფოტოს ჩემი და თქვენი მოტივაციისთვის.  რაც ეს before/after-ი Facebook-ზე გამოვაქვეყნე 2 დღის წინ, უკვე სრულიად უცხო ადამიანებისგან ვიღებ მოლოცვებს და რჩევების თხოვნას. 😀 ჰოდა,  იმაზე კარგი რა იქნება, ჩემი შედეგი ვინმესთვის კარგი მოტივატორი თუ გახდება.

Ribbet collage
6 თვისა და 2 კვირის შედეგი
15.03.2013

ისე კი, ვისაც დეტა და წინოს დაკლება გჭირდებათ, ერთ რჩევას კიდევ მოგცემთ: ჯერ საკუთარი თავები შეიყვარეთ ისეთები, როგორებიც ხართ, შეეშვით საკუთარი სხეულის სიძულვილს და მხოლოდ ამის მერე დაიწყეთ ზედმეტისგან გათავისუფლება. წონა ადამიანს არ განსაზღვრავს და plus size-ად ყოფნის დროსაც შეიძლება იყო ბედნიერი, თუ მოისურვებ!

მომავალი 22 კილოს დაკლების ამბებსაც დავწერ ახალ პოსტებში, დაელოდეთ.
წარმატება მისურვეთ 🙂

გამოცდები სამედიცინოში N3


  “ვინც ჩვენთან ხმალამოღებული მოვა, მას ავტომატით ჩააძაღლებენ”.
კათედრების დევიზი

ეძღვნება თორნიკეს

თუ მიწიერ ჯოჯოხეთს ეძებთ და ჯერ ვერ მიაგენით, თუ გინდათ, რომ გამოსცადოთ ერთთვიანი უძილობა, დაღლილობა, ნერვული აშლილობა და დაკარგოთ ცხოვრების ხალისი, აიღეთ თქვენი საბუთები, შეიტანეთ სამედიცინოში და მესამე კურსის გამოცდებს დაელოდეთ.

ვერ მოგატყუებთ, რომ არ ვიცოდი, სად ვაბარებდი თავის დროზე. წინა წლის ბავშვებისაგანაც გაგონილი მქონდა, მესამე კურსი ყველაზე უარესიაო, მაგრამ, ხომ იცით, იმედი ბოლოს კვდება. მეც არ მეგონა, რომ მართლა ასეთი საშინელება იქნებოდა, როგორსაც მავანნი ჰყვებოდნენ, მაგრამ..

ხომ გაგიგით, სტუდენტი ბჭობდა და კათედრის გამგე სიცილით კვდებოდაო.

193780_3591892856150_1774169887_o
მესამე კურსის გამოცდების ცხრილი

სემესტრი მართლაც შრომატევადი გამოდგა. ყველა სტუდენტი იმედიანად რაღაცას მიანც სწავლობდა, მაგრამ  გამოცდებმა ისეთ დღეში ჩაგვყარა, არავის რომ არ ვუსურვებ.

9.01.2013

პირველი პათანატომია გვქონდა. კათერის ხელმძღვანელმა გაგვანაწილა აუდიტორიაში და ფოტოსესიაც მოგვიწყო, საღამოს კი კათედრის ფეისბუქის ფეიჯზეც ჩამოგვამწკრივა 🙂

ვის ჰყავს პათანატომიის კათედრა ჩვენისთანა 😀

აქ მთავარია, ჩათვლებზე გაგიმართლოს, თორემ გამოცდა მშვენიერი გამოდგა.

ფოტო ბატონი რამაზის ფოტოსესიიდან :)
ფოტო ბატონი რამაზის ფოტოსესიიდან
სადღაც მეც უნდა ვიყო 🙂

12.01 2013

შემდეგი პათფიზიოლოგია იყო. ზეპირი გამოცდები არ მიყვარს, არც ისეთი მდგრადი პიროვნება ვარ, გამომცდელის მზერას, ნერვიულობას და იმას გავუმკლავდე, რომ ვერაფერს ვიხსენებ. 2 დღეში როგორღაც გადავიკითხე მთელი მასალა, ბილეთიც კარგი შემხვდა და გამოცდამაც, საბოლოოდ, კარგად ჩაიარა. პათფიზიოლოგიის კათედრასთან პრეტენზიები ნამდვილად არ მაქვს, პედაგოგიც კარგი მყავდა. განსაკუთრებით სასწავლო  წიგნი მომწონს. ბევრი არ გვაქვს მომავალ ექიმებს ისეთი სახელმძღვანელო, რომელიც ადვილად, გასაგებად და თითქმის მხატვრული ლიტერატურასავით იკითხება.

17.01.2013

იმუნოლოგია. ოოო 😀

იცით, არსებობს რაღაცე(ე)ბი, რასაც ალბათ ვერასდროს გავიგებ, ვისწავლი და გამოვიყენებ. პირველი ქიმიაა, მეორე – კაცის შებმა. და აი, მესამე პუნქტიც გამომიჩნდა წელს, – იმუნოლოგია. კათედრის თეორიული სწავლების ხარისხზე ვერაფერს ვიტყვი, მაგრამ იმუნოს არსი მაინც არ მესმის არც მე და არც ჩემი კურსის უმრავლესობას. თანაც, ისეთი საოცარი საგამოცდო “ტესტები” გვქონდა, რომ მტერს… ინტერლეიკინები და ზემგრძნობელობა არ მოუშალოს ღმერთმა ჩიქოვანს, მე აღარ მინდა 😀 .
ისე, მე მაინც ვთვლი, რომ დეკანის კათედრა ასეთი არ უნდა იყოს და გამოცდის საკითხიც ცოტა სხვანაირად უნდა მოგვარდეს, ვიდრე ახლაა “მოგვარებული”.

21.01.2013

ჩემი დაბადების დღე და ფარმაკოლოგიის გამოცდა ისე დაემთხვა და მოუხდა ერთმანეთს, როგორც კარაქიანი პური და ჩაი. იმასაც თუ დავამატებ, რომ ჩაის არასდროს ვატან კარაქიან პურს, მიხვდებით, რა განწყობით ავდექი დილით და წავედი გამოცდაზე. საბოლოო ჯამში, გამოცდა კი ჩავაბრე, მაგრამ ფარმაკოლოგიის ცოდნით ნამდვილად ვერ დავიკვეხნით მთელი მესამე კურსი. ამ კათედრაზე ერთადერთი, ვინც ფარმაკოლოგია იცის და გვასწავლის რამეს, კათედრის ხელმძღვანელია. მაგრამ მიუხედავად ბატონი ნიკოსადმი დიდი პატივისცემისა და სიყვარულისა, მე ჯერ ვერ ვნახე პედაგოგი, რომელიც წიგნში თითის გაყოლების გარეშე მეტყვის რაღაცას, თან სწორს და აქეთ მე არ დამიძახებს დებილს.

24.01.3012

ტოპანატომია უპრობლემოდ ჩავაბარე. ნიშანდობლივი და საინტერესო არ მახსენდება არაფერი ამ გამოცდასთან დაკავშირებით. საგანი დავხურე, კათედრაზეც, მე პირადად, არ მქონია პრობლემები.

29.01.2013

პრობლემები და მთავარი პანიკა 29 რიცხვისა და პროპედევტიკის გამოცდის მოახლოებასთან ერთად გაჩნდა. ცუდად რომ მქონდა საქმე, მაშინ მივხვდი, რამდენჯერმე ზედიზედ ისტერიული სიცილი რომ ამიტყდა და გამოცდის დღეს, დილით, გულმა რომ დამიწყო ჩხვლეტა. ეს საგანი ოსკის სისტემით ბარდება, რაც 8 ოთახიანი გამოცდა სხვადასხვა გამომცდელებით და საკითხებით. ჯამში დაახლოებით ისეთი სიტუაციაა, როგორიც ფორტი ბოიარდის თამაშისას, ოღონდ აქ უფრო მეტი ოთახია გველებითა და ობობებით სავსე 🙂
ოთახში შედიხარ და 5 წუთი გაქვს იმის გადმოსაფრქვევად ან გასაკეთებლად, რაც იცი ან არ იცი… მოკლედ, ფრიად სასაცილო სიტუაციაა, სატირალი რომ არ იყოს… საბოლოო ჯამში არც ეს გამოცდა აღმოჩნდა ჩაუბარებელი, მაგრამ ჩემი ნერვები შეიწირა სანაცვლოდ 🙂

ჰო, მინდა აღვნიშნო, რომ საშინელი წიგნით გვასწავლეს, ეს კი ცალკე ისტორიაა…

1.02.2013

მიკრობიოლოგია… რნმ და დნმ ვირუსების ოჯახები და გვარები ნამდვილად გაგიმწარებთ ცხოვრებას, მაგრამ არ მოკვდებით, ამასაც გადაიტანთ. საერთო ჯამში ბევრი ტესტი გვქონდა, მაგრამ დავძლიეთ 🙂 . როცა პროპედევტიკა ჩაბარებული გაქვს, მიკროზე წუწუნი ნამდვილად არც ღირს და ცოტათი უნამუსობაცაა. 😀

4.02.2013

4 თებერვალი: დეკემბერ-იანვრის სანატრელი თარიღი. როცა ბოლო გამოცდა ქირურგია გაქვს, სადაც არავინ იჭრება ამ სიტყვების პირდაპირი მნიშვნელობით, სანერვიულოც ნაკლებია… ასე რომ, სიმღერით ჩავაბარე ქირურგია და იმედი მაქვს, მეორე სემესტრშიც მექნება გივი კორკელიას ხილვის ბედნერება კვირაში ერთხელ და ცოტა პოზიტივით დატვირთვა…

აბა რა გითხრათ. პოსტად ადვილად იკითხება, მაგრამ  იმდენად დიდი შრომა დამჭირდა ყველა საგნის ჩასაბარებლად, რომ ცოტა მეუცნაურება, ასე ერთ პოსტში რომ მოვაქციე.

იმის შემდეგ, რაც მთელი იანვარი გავათენე, ცოტათი კი შემერყა იმის იმედი და სურვილი, ექიმი ვიყო, მაგრამ, მეორე მხრივ, ასეთი ბარიერები იმის შეგრძნებასაც გიჩენს, რომ მეტი შეგიძლია და უფრო მეტი გაქვს საკუთარი თავისგან მოსათხოვი. განსაკუთრებით მაშინ, როცა ისეთი მეგობრები გყავს,  სკაიპით ღამის თენება რომ არ ეზარებათ შენთან ერთად და გამხნევება თუ არა, ცოტა გამოფხიზლება და ნერვების მოშლა მაინც გამოსდით 😀 …

ჩემი არდადეგები ბოლოსკენ მიდის და მიუხედავად იმისა, რომ დასვენება არ მეყო, უნდა ვაღიარო, ცოტა მომწყინდა სამედიცინო ლიტერატურის გარეშე…

იმედია, მეორე სემესტრის გამოცდებამდეც მივაღწევ და იქიდანაც მოგართმევთ პოსტს.  მომავალ შეხვედრამდე.

.

რას ვუტოვებ 2012 წელს


ჩემმა ერთგულმა მკითხველმა და მეგობარმა წეღან გამანჯღრია, ახალი პოსტი გვაღირსეო და მეც აღარ დავაყოვნებ. ამ დღეს სხვას რას შემოგთავაზებთ, თუ არა 2012 წლის შეჯამებას.

საათი და 15 წუთია დარჩენილი და 2012-იც მიძაღლდება.

მეც ყველაფერი მზად მაქვს: გოზინაყი გავაკეთე, ბებიამ რომ მასწავლა  იმ რეცეპტით (ამ ტრადიციას არ ვარღვევ, ჩაკ ნორისიც რომ წამომადგეს თავზე), კექსი გამოვაცხვე, ყელში ამოსული ოლივიე და ბაჟეც “შევქმენი” და ისღა დამრჩენია, პოსტი დავასრულო და ჩემი ქალად ქცევის პროცესსაც მივხედო. ^_^ თორემ ამწუთს 3 შვილის დიასახლისდედას ვგავარ გაწეწილი თმითა და აწითლებული ლოყებით. 🙂

ამ პოსტში მოგიყვებით, რა მომცა 2012-მა და რას ვუტოვებ მე მას.

საერთო ჯამში, გამორჩეული წელი იყო მიუხედავად იმისა, რომ ნეგატიური მეტი მოხდა, ვიდრე პოზიტიური.

2012-ში დავხურე მეორე კურსი, გადავედი მესამეზე; გამოვიცვალე 2 სრულიად განსხვავებული სამუშაო ადგილი: ვიმუშავე კარდიოლოგიურ კლინიკა “ადაპტში” სამერჯობის ეგიდით, შემდეგ მეცხრე არხზე ვებმარკეტინგის კუთხით და ახლა ისევ უმუშევარი ვარ, თუ არ ჩავთვლით  pink.ge-ს . ❤

TV9-ზე ახალი მეგობრებიც შევიძინე, და ხშირად მენატრება ხოლმე იქაურობა ^_^.

“ადაპტიც” ხშირად მესიზმრება.

პირადი ცხოვრება ისევ არ მაქვს წყობაში. უკვე ვისწავლე ამაში პოზიტივის დანახვაც 🙂 .

ჯგუფხელი გავხდი და ჯგუფში ახალი და საყვარელი ადამიანები შემოვიმატე. ერთი კი გამიფრინდა, მაგრამ სად წამივა ისიც 🙂 .

ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენს ოჯახს კიდევ ერთი წევრი, ლუსი შეემატა.

საზოგადოებაში ლუსი, შინაურებში კუკუნა ^^

2012-ში კონფლიქტებიც მრავლად იყო. პირველად ცხოვებაში შევეწინააღმდეგე ერთ ადამიანს და ჩავერიე მის პირად ცხოვრებაში…

დღემდე არ ვთვლი მის გადაწყვეტილებას მართებულად, თუმცა მეგობრისადმი სიყვარული წონის ამ ფაქტს. ბოლოს და ბოლოს, ეს მისი ცხოვრებაა და არა ჩემი.

რაც მთავარია, 2012 წელს ვუტოვებ ჩემს ზედმეტ 21 კილოგრამს! 4 თვიანმა დიეტამ შედეგიანად ჩაიარა. იმედი მაქვს, 2013 წელს დარჩენილ 30 კილოგრამსაც დავიკლებ და რა ვიცი. კარგი იქნება, 50 კილოგრამით დამსუბუქება, სხვა თუ არაფერი; აქვე მინდა, აღვნიშნო, რომ ეს მოვლენა ილიასა და მარიამს ეძღვნებათ. ეს კი სულ სხვა ისტორიაა, რომელსაც 2013-ში მოგიყვებით;

ჰო, წელს პირველად ვუყურე შერლოკს. ბენედიქტი შემიყვარდა.

მენტალისტსაც პირველად ვუყურე და საიმონიც შემყვარდა. ბოლოს გაორება დამემართა და ვეღარ გადავწყვიტე, რომელი  მირჩევნია :).

რაღაცეები არ იცვლება. მაგალითად ჩემი GPA, რომელიც ისევ უვარგისია, მეგობრები, რომლებიც ისევ ჩემთან არიან, ახალი წელი, რომელიც არ მიყვარს…

იმედი მაქვს, 2013 უფრო უკეთესი იქნება, ვიდრე მისი წინამორბედი.

გილოცავთ. წარმატებებს გისურვებთ.

პ.ს. აქვე მინდა, მადლობა გადავუხადო ჩემს 2 სანტას საჩუქრებისთვის ^_^