როცა სიკვდილი მარცხი არ არის


დღეს არც თუ ისე დიდი ჰოსპიტალის არცთუ ისე დიდ მიმღებ განყოფილებაში ვმუშაობ. მორიგე ვარ. უკვე თითქმის 2 თვეა, დღეგამოშვებით ვმორიგეობ ასე და გადავიღალე. ახლა დილის 2 საათი და 48 წუთია. ეთიკა მოითხოვს, არ დასახელდეს ადგილი და მოქმედი გმირები, არ გამოიხატოს პირადი გრძნობანი და არ მოიყოლოს ყველაზე კარგი მოსაყოლი ამბები. რაღაც, უფრო სწორად, უმეტესობა რეგისტრატურის კარს მიღმა უნდა დარჩეს.

3c41a867ec5e1ad4410210bc27addd16

სულ მაინტერესებდა, რა ხდება კულისებში. არა, მარტო თეატრის კულისებში კი არა, მეტროს გვირაბებში, ტელეგადაცემების უკან, საავადმყოფოებში… და აი, დღეს მე თავად ვარ ეს კარისუკანა მედპერსონალი. ერთი შეხედვით, პრივილეგირებული ვარ: შემიძლია ვნახო ადამიანები, რომლებსაც გარეთ ახლობლების არმია საათობით ელის. ჩემი სამუშაოა, ხელი მიმიწვდებოდეს მათ ყველაზე დიდ განძთან – სიცოცხლესთან, მოვუარო მათ, ვუყურო ამ ადამიანების სიკვდილსა თუ გამოჯანმრთელებას…

სიკვდილს, დიახ, სიკვდილს. რაც თავი სამედიცინო სფეროში ამოვყავი, ეს თემა ჯერ მტკივნეული იყო იმდენად, რომ დღემდე მახსოვს პირველი ჩემს თვალწინ გარდაცვლილი პაციენტის გვარი, მერე ზედმეტად ფილოსოფიური გახდა ეს ყველაფერი,  შენდეგ რაღაცნაირად ცივი და ბოლოს, ერთ დღესაც აღმოვაჩინე, რომ ეს ამბავი სადღაც ჩემ იქით, მეზობელი სოფლის მდინარესავით მიედინება. მე სიკვდილს თითქმის ყოველ დღე ვხედავ. ვხედავ ადამიანებს, რომელნიც ცოცხლები არიან, მაგრამ უკვე მკვდრები. ისეთი ადამიანები, რომლებსაც უკვე იცნობ, რადგან თვეობით უვლი, ესაუბრები ათას სისულელეზე, ეუბნები, რომ ყველფერი კარგადაა…

ამ დროს ეს ადამიანები კვდებიან. კვდებიან მარტივად, ჩვეულებრივად, მშვიდად ან დიდი ფორიაქით. თუმცა, საბოლოოდ, ყველაფერი მთავრდება. ყველა გული ჩერდება, რამდენად კარგი და დიდიც უნდა იყოს მისი მფლობელი.

ბევრი კითხულობს, რას გრძნობს ამ დროს ექიმი?

ექიმი ვერფერს იგრძნობს გარდა იმ გარდაუვლობისა, რომ თავადაც მოკვდება. რომ ოდესმე მოკვდება ყველა, ვინც ექიმს უყვარს, ვისაც ის იცნობს. ეს ადამიანები დაგვტოვებენ სრულიად ჩვეულებრივ, ისეთ დროსა და მომავალში, რომლის განჭვრეტაც ჩვენ არ შეგვიძლია.

თითქოს ძნელი ჩანს. ამ დროს ეს აზრი ერთადერთი (და ალბათ სწორიც) გამოსავალია. ჩვენ ბევრს ვსწავლობთ. გვასწავლიან ანატომიას, გვეუბნებიან, რომ მედიცინა ფარმაკოლოგიაზე, დიაგნოსტიკაზე, ქირირგიაზე დგას. ამ დროს კი არავის ახსოვს სულ სულ მარტივი და ყველაზე საჭირო რამის სწავლება: როგორ შევხვდეთ ადამიანის სიკვდილს, მის გარდაცვალებას.

შეიძლება, ეს ყველაზე სწორია, შესაძლბელია, ყველაზე მცდარიც. მაგრამ მთავარი ისაა, რომ სიკვდილი არ არის წაგება. ის სიცოცხლის ლოგიკური დასასრულია.

აბა რატომ მუშაობს ექიმი ამდენს, თუკი ადამიანი მაინც კვდება? ალბათ, იმიტომ, რომ მასაც სურს, მეტი დრო ჰქონდეს იმ ადამიანებთან, ვინც უყვარს, თუმცა ისიც შეუძლია, სხვა ადამიანებსაც აჩუქოს საათები, დღეები, წლები საყვარელ ადამიანებთან ყოფნისთვის. კაცმა არ იცის, სად მთვრდება ამ დროს უმაღლესი ეგოიზმი და იწყება შიში იმისა, რომ შენც მოკვდები; ისე მოკვდები, როგორც შენი ნალოლიავები პაციენტების უმეტესობა კვდება, რომ მერე გაცივდები, ვიღაც მოგხედავს, ვიღაც შენს ახლობელს დაურეკავს ღამის 4 საათზე და ამ ამბავს დანანებით ეტყვის…

კაცმა არ იცის, მეგობრებო, კაცმა არ იცის…

თუ ვინმეს ღრმად მოუნდება ამ თემას ჩასწვდეს, მშვენიერი პუბლიკაცია შეგიძლიათ ნახოთ TED-ზე, მე კი ამავე ბმულზე დაწერილ ერთ ბოლო ჭეშმარიტებას მოგაშველებთ: სიკვდილი მარცხი არ არის, ეს ნორმალურია. სწორედ ასეთია სამყაროს ბუნებრივი წყობა.

დაე, ვიყოთ ბედნიერნი, სანამ გვაქვს დრო.

Advertisements

დატოვე კომენტარი:

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s