სიცხე და პატარ-პატარა რჩევები


გვცხელა,  ვიხრჩობით, ვიწვებით და ვიგუდებით. ჩვენ საინფორმაციოებს თუ დავუჯერებთ, უახლოეს დღეებში ჰაერი კიდევ “გათბება” და 40 გრადუსს მიაღწევსო. როგორ მაინტერესებს, აქამდე 48 რომ იყო, არ იციან ჯერ? 🙂

ეს სხვა დროს. ისე კი ამ ლეღვის ნახარშის მომრავლებამ და გადაჭარბებულმა სიცხემ მაფიქრებინა, რომ რამდენიმე მარტივი რეკომენდაცია არ გვაწყენდა სიცხის თაობაზე.

პირველ რიგში, შეეცადეთ მზეს მოერიდოთ დილის 11-დან საღამოს 5-მდე, როცა მზის აქტიურობა ყველაზე მაღალია. ატარეთ ქუდი და ღია ფერის სამოსი. გაითვალისწინეთ, რომ რაც რია ფერისაა ტანსაცმელი, მით მეტად აირეკლავს მზის სხივებს და თქვენც ნაკლებად გცხელათ ( შეგიძლიათ თქვენით შეამოწმოთ ეს თეორია; მზეზე თუ დადგავთ ორ წყლიან ჭურჟელს- თეთრს და მუქს, მუქში წყალი უფრო მეტად გაცხელდება). აი ქუდი კი მშვენიერ აქსესუარად შეიძლება აქციოთ და, თანაც მზის დაკვრასაც აარიდოთ თავი. მე გადავიტანე ერთხელ და არ გირჩევთ ნამდვილად 🙂

ძაღლები სიცხეში ენაგადმოგდებულები რომ დარბიან, კი არ ეხლალისებათ 🙂 ასე ზრდიან სითხის აორთქლებას სხეულის ზედაპირიდან. ვერ გირჩევთ, თქვენც ენაგამოყოფილებმა იაროთ, ამიტომ მიიღეთ დიდი რაოდენობით სითხე:drinks:. დღიური ნორმა დაახლოებით 4 -5 ლიტრია, საიდანაც ჩვენ ცოცხალი სახით 2-2,5 ლიტრს ვიღებთ, ხოლო დანარჩენს საკვებიდან; სიცხეში უფრო მეტი სითხე გვჭირდება, ვიდრე ნორმალური ტემპერატურისას, რადგანაც აორთქლება სხეულის ზედაპირიდან მეტია.  1 ლიტრი წყლის დაკარგვის შემდეგ ჩნდება წყურვილის შეგრძნება, 2 ლიტრზე ქვეითდება შრომისუნარიანობა, 3 ლიტრზე იწყება ჰალუცინაციები, 4 ლიტრზე კი არ მკითხოთ საეთოდ, რა შეიძლება დაგვემართოს. ორგანიზმის წყლის საერთო შემცველობის 10 %-ს დაკარგვისას წინაპრების მონახულების საშუალებაც მოგეცემათ. მოკლედ, სვით რაც შეიძლება ბევრისითხე, თუმცა, გულით ავადმყოფებმა უნდა გაითვალისწინოთ, რომ წყლის ზედმეტმა სმამ შეიძლება პრობლემებიც შეგიქმნათ.

სითხესთან დაკავშირებით კიდევ ერთი, აღმოსავლური რეკომენდაციაა ცხელი ჩაი. მისი მიღებისას აქტიურდება  ოფლის წაროქმნა და აორთქლება ზედაპირიდან, რაც გადახურებისგან გვიცავს. გეთანხმებით, ცოტა არაესთეტიური, თუმცა ეფექტური მეთოდია. თუმცა ამას ემატება ჩაის არაჩვეულებრივი თვისებები და მისი ვიტამინების შემცველობა. მაგალითად მწვანე ჩაიში შემავალი С, Р და РР ვიტამინები და სხვა კომპლექსები, რომელიც გვიცავს მზის ულტრაიისფერი გამოსხივებისაგანაც ჩაის ცივი სახით მიღების შემთხვევაშიც. სხვათა შორის ჩაი უფრო უკეთ კლავს წყურვილის შეგრძნებას, ვიდრე წყალი, ამიტომ ცივადაც კი სასარგებლოა მისი მიღება.

ქალებისთვის, განსაკუთრებით კი მათთვის, ვისაც მშრალი და ღია ფერის კანი აქვს, აუცილებელია წყლის საჭირო რაოდენობით მიღება, რომ კანი არ გამოშრეს და ნაოჭებსაც დავაღწიოთ თავი.

ნუ გამოიყენებთ ლეღვის ნახარშს, გამოიყენეთ მზისგან დამცავი კრემები და დაიცავით დოზირება რუჯის მიღებისას. ასევე ნუ გამოიყენებთ ტანის ზეთებს მაშინ, როცა მზეზე გიწევთ გასვლა, რადგანაც ასეთ შემთხვევაში იგივე მდგომარეობაში ვარდებით, როგორც ქურაში ცხიმწასმული ქათამი და, რამდენადაც უნდა გაგიკვირდეთ, შედეგიც ანალოგიურია 🙂

დანარჩენ რჩევებს, როგორიცაა კონდენციონერი, ვენტილატორი, ცივი ვანა, სოფლებში და ზღვაზე გაქცევა, არ ჭირდება დიდი განმარტებები. ასე, რომ წარმატებები. გახსოვდეთ, სიხცე ჩვენი გამარჯვებაა 🙂

ბონუსად პროგნოზი 🙂

9 thoughts on “სიცხე და პატარ-პატარა რჩევები

  1. მადლობააა რჩევებისათვის…. 48 გრადუსი რომ იყოო აქამდე ეგ ნამდვილად არ ვიცოდიიი :(:(

    Like

დატოვე კომენტარი: